x
image
თუთიკო ბერძენა
სტალინური დიდი ტერორის დიდი მსხვერპლი - ივანე ჯავახიშვილი: რატომ?
image

სტალინური ტერორი არ იყო ერთგვაროვანი. ის სხვადასხვა ფორმით ხორციელდებოდა.


სტალინური რეჟიმის მსხვერპლი არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ იმ ადამიანებით, რომლებიც დახვრიტეს ან გააციმბირეს. ეს `დიდი ტერორის მხოლოდ ერთი ფორმა იყო. მათ რიცხვს უნდა მივაკუთვნოთ ის ადამიანები, რომლებიც 30-იან წლებში (2) შიმშილით დაიხოცნენ და რაშიც სტალინის დანაშაული ძალიან დიდი იყო. მას შეეძლო ამ უბედურების თავიდან აცილება, მაგრამ ამისათვის არაფერი გააკეთა! ცინიკურად განაცხადა: „კაპიტალისტური ქვეყნებიდან პურს არ შევიძენთ“.


„დიდი ტერორის“ კიდევ ერთი ფორმა იყო (3) მორალური ტერორი, რომელიც ხშირად სავალალო შედეგით მთავრდებოდა. სამივე შემთხვევაში დასასრული ლეტალური იყო. გამოჩენილი ქართველი მეცნიერი და დიდი მამულიშვილი ივანე ჯავახიშვილი სწორედ მორალური ტერორის მსხვერპლია. სტალინი იყო მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ტირანი, დესპოტი, მონსტრი, „ბოროტების გენია“, რომლის ანალოგი მსოფლიო ისტორიაში ძნელად მოიძებნება (ვ. ი. ლენინი, ა. ჰიტლერი, მაო ძე-დუნი, პოლ პოტი).



სტალინმა შექმნა საბჭოთა კავშირი და ბოლშევიკურ-ტოტალიტარულმა რეჟიმმა წარმოშვა სტალინი. მან საფუძველი ჩაუყარა „ჩინგისხანურ სოციალიზმს“. სტალინის ფენომენის მისი ქართული წარმოშობით ახსნა სუბიექტური და ტენდენციურია. იმის გამო, რომ სტალინი ქართველი იყო, მისი გაღმერთება, სულ მცირე, არაქრისტიანულია . ათუი მცნებიდან გაიხსენეთ : "არა ჰქმნა თავისა შენისა კერპი და არცა ოდესმე მსგავსი".


სტალინის უდიდესი დანაშაული იმაში მდგომარეობდა, რომ მან ხელყო ადამიანის ხელშეუვალი უფლებები: სიცოცხლე, თავისუფლება და ბედნიერებისაკენ სწრაფვა.

* * *

ქართული ისტორიოგრაფიის პატრიარქი, აღიარებული თავკაცი, დიდი ივანე ჯავახიშვილი ( მიხეილ ჯავახიშვილი კიდევ სხვა მსხვერპლია)ტოტალიტარულ-ბოლშევიკური სახელმწიფოსი და მისი ლიდერის – სტალინისათვის – იმთავითვე მიუღებელი იყო. საბჭოთა ხელისუფლების დაარსების პირველი დღიდანვე იწყება აშკარა თუ ფარული ბრძოლა ივანე ჯავახიშვილის წინააღმდეგ. ეს ადვილი გასაგებიცაა. ბოლშევიკებისათვის მენტალურად მიუღებელი იყო ისეთი კოლორიტული ფიგურა, როგორიც ივანე ჯავახიშვილია. ის წინ ეღობებოდა მათ უნივერსიტეტის დანაგვიანებაში, ქართული სულიერების დათრგუნვაში, საქართველოს წარსულის გაყალბებაში. ბოლშევიკებისათვის ივ. ჯავახიშვილი სუვერენული საქართველოს სიმბოლოდ იქცა. საჭირო იყო მისი თავიდან მოშორება.


ბოლშევიკებს ამისათვის საკმაოდ დიდი დრო და ძალისხმევა დასჭირდათ. მათ შესანიშნავად ესმოდათ, რომ ივ. ჯავახიშვილის შევიწროვება სულაც არ იქნებოდა ადვილი საქმე, რადგან ქართველ ხალხს ის ძალიან უყვარდა და დიდი პატივს სცემდა. ილიას საქმის გამგრძელებლად სწორედ ივ. ჯავახიშვილი ესახებოდათ. „მეოცე საუკუნის დასაწყისში ილიას მძიმე ტვირთმა ივ. ჯავახიშვილის მხრებზე გადაინაცვლა. ამ უკანასკნელს წილად ხვდა უაღრესად საპატიო და ამასთან მეტად რთული ხვედრი... ილია ჭავჭავაძეობა გაეწია ერისათვის“.


ბოლშევიკებმა ეს ძალიან კარგად იცოდნენ და ამიტომ იყო, რომ სამკვდროსასიცოცხლო ბრძოლა გამოუცხადეს ძველ ინტელიგენციას და პირველ რიგში დიდ ივანე ჯავახიშვილს.


ივ. ჯავახიშვილის წინააღმდეგ ფრონტალური შეტევის ათვლის წერტილად გვევლინება მისი გათავისუფლება უნივერსიტეტის რექტორობიდან 1926 წლის ივნისში. ამით მათ უნივერსიტეტს ძალიან ძლიერი დარტყმა მიაყენეს. ამით შეეცადნენ, მოეშალათ სულიერებისა და ეროვნულობის სათავე.


დაიწყო ბოლშევიკების მიერ უნივერსიტეტის დანაგვიანების პროცესი. ასე შემოაბიჯებინეს ბოლშევიკებმა უნივერსიტეტში უვიცობას, არაკომპეტენტურობას, უზნეობას, უსინდისობას და მის დამახასიათებელ ატრიბუტებს. ყოველივე ამის შედეგი დღესაც, 21-ე საუკუნის დასაწყისში, აშკარაა.


საბჭოთა პერიოდის ქართულ ისტორიოგრაფიაში ამ ფაქტისადმი გულგრილი დამოკიდებულება პოლიტიკური კონიუნქტურის გამოვლინებას წარმოადგენდა და ძალად თავს მოხვეული იყო. ამიტომ ამის გამო მათი მკაცრად განსჯა, ალბათ, მაინც დიდ სიფრთხილეს მოითხოვდა. განა მათნ ჰქონდათ სხვა არჩევანი? "ეს იყო ჩვენი უბედურება და არა დანაშაული" - ვფიქრობთ, ეს თავისმართლება უფრო ადეკვატურია.


არსებობა შეწყვიტა სახელმწიფო საბჭომ, რომელსაც სათავეში ედგა ივანე ჯავახიშვილი, ხოლო 1927 წელს ის იძულებული შეიქნა დაეტოვებინა საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების თავმჯდომარეობა. ცხადია, ეს არ იყო ფაქტების უბრალო დამთხვევა. აქ აისახა სავსებით რეალური ვითარება. საბჭოთა ხელისუფლებისათვის ის აშკარად "პერსონა ნონ გრატა" გახდა. უსამართლო დევნამ, ცხადია, ძალიან ატკინა გული ივ. ჯავახიშვილს დამძიმე მორალური ტრავმა მიაყენა ღვაწლმოსილ მეცნიერს. ტოტალიტარულმა სისტემამ მოახერხა და აღმართა ბარიერი დიდ მეცნიერსა და საზოგადოებას შორის. ეს ივ. ჯავახიშვილის გამჭრიახ მზერას არ გამოჰპარვია მხედველობიდან.


"მე საზოგადოებაში აღარ გამომესვლება, რადგან ხალხი უხერხულ მდგომარეობაში ვარდება და ვგრძნობ ამავე დროს, ჩემი რცხვენიათ".


"ივანე ჯავახიშვილის რექტორობის პერიოდის საუნივერსიტეტო ორგანიზაციული მოღვაწეობით და ბრძოლით შენარჩუნდა უნივერსიტეტის ეროვნული შინაარსის განმსაზღვრელი მექანიზმი" – აღნიშნავს პროფ. გ. ციციშვილი.


ფაქტობრივად, ბოლშევიკებმა უნივერსიტეტის ავტონომიას გულში მახვილი ჩაარტყეს.



30-იანი წლების დასაწყისში ივ. ჯავახიშვილის დევნა-შევიწროება ახალ ფაზაში შევიდა. ფილიპე მახარაძის უარყოფითი რეცენზია ივანე ჯავახიშვილის წიგნზე "საქართველოს ეკონომიკური ისტორია" ახალი ტალღის აგორების ნიშნად მოგვევლინა. საბჭოთა ხელისუფლება შეეცადა მეორე ძლიერი დარტყმა განეხორციელებინა ქართული ინტელიგენციის საუკეთესო ნაწილზე, რომელსაც სათავეში ედგა ივ. ჯავახიშვილი. 1930 წლის ზაფხულში მთავრობამ განახორციელა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაცია. ფაქტობრივად, ეს იყო უნივერსიტეტის დაშლა სხვადასხვა სასწავლებლად, რასაც საბოლოოდ მოჰყვებოდა უნივერსიტეტის გაუქმება.


საქართველოში "კონდრატიევშჩინის" პირველ დიდ მსხვერპლს ივ. ჯავახიშვილი წარმოდგენს. ამ თვალსაზრისით ყურადღებას იპყრობს 1930 წლის დეკემბერში უნივერსიტეტის ბაზაზე ჩამოყალიბებული საქართველოს სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში ჩატარებული სხდომა. ის მთავრობამ დისპუტის სახელით მონათლა. სხდომის მთავარი ლაიტმოტივი იყო ძველი პროფესურისადმი მტრული დამოკიდებულება. ძველი პროფესურის ლიდერებს შორის მოიაზრებოდა ივ. ჯავახიშვილი და გრ. წერეთელი.


"პროფ. ივ. ჯავახიშვილის ირგვლივ თავს იყრის მემარჯვენე პროფესურა, საბჭოთა ხელისუფლებისადმი მტრულად განწყობილი ხალხი".


ფაქტობრივად, ეს იყო ივ. ჯავახიშვილისადმი წაყენებული პოლიტიკური ბრალდება. რა თქმა უნდა, ივ. ჯავახიშვილი არასოდეს ყოფილა მარქსისტი, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავდა იმას, რომ ის ცუდი ისტორიკოსი იყო. ოპონენტები ასეთი ვიწრო პარტიული პოზიციებიდან ეკამათებიან დიდ მეცნიერს და კარგად არიან ამოფარებული პოლიტიკურ კონიუნქტურას. მათ არ ძალუძთ ივ. ჯავახიშვილთან მეცნიერული პაექრობის გამართვა. ცოტა ხნის შემდეგ ივ. ჯავახიშვილი მის მიერ დაარსებული უნივერსიტეტიდან დაითხოვეს, ხოლო საქართველოს ისტორიის კათედრას სათავეში ჩაუდგა არა დიდი ივანე ჯავახიშვილი, არამედ ფილიპე მახარაძე. სწორედ ამაზეა ნათქვამი "ფარა შემობრუნდა და კოჭლი ცხვარი თავში მოექცაო".


ტოტალიტარულ-ბოლშევიკურმა რეჟიმმა ფეხქვეშ გათელა ბიბლიური პრინციპი "კეისარს კეისრისა".


ივ. ჯავახიშვილის წინააღმდეგ ბრძოლა ამით არ დამთავრებულა. ის მხოლოდ ძალებს იკრებდა და უფრო მეტი გაქანებით გრძელდებოდა. ამ ბრძოლის კულმინაციას წარმოადგენდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.


1935 წლის 23 მარტიდან - 2 აპრილამდე გამართული სხდომა.10 ეს არ იყო მეცნიერული პაექრობა. ეს იყო ივ. ჯავახიშვილისადმი წაყენებული პოლიტიკური ბრალდება. დისკუსია ძალზე პოლიტიზირებული და იდეოლოგიზირებული იყო და ივ. ჯავახიშვილის ნაღვაწზე ადეკვატურ წარმოდგენას როდი გვიქმნიდა. მას "ნაციონალ-შოვინიზმის" გავრცელებაში დებდნენ ბრალს. "ბურჟუაზიულ-ნაციონალისტურ სკოლას" მიაკუთნებენ. ეს იყო ვიწრო კლასობრივი მიდგომა, რომელიც ქართულ ისტორიოგრაფიაში ივ. ჯავახიშვილის დამსახურების რეალური შეფასებისაგან ძალზე შორს იყო და, ეტყობა, მაშინ ამას არც არავინ ისახავდა მიზნად. უნდა ითქვას, რომ ივ. ჯავახიშვილის შემოქმედებისადმი მშრალი სოციოლოგიური სქემებით მიდგომა კრახით დამთავრდა. საფიქრებელია, რომ ამ ბინძური ცილისმწამებლური კამპანიის უკან იდგა არა მხოლოდ ლავრენტი ბერია, არამედ თავად სტალინი.


ივ. ჯავახიშვილის წინააღმდეგ ხანგრძლივი ცილისმწამებლური კამპანია მორალური ტერორის საუკეთესო ნიმუში იყო. ის სამი აქტისაგან შედგებოდა. ბოლშევიკები თანამიმდევრულად მოქმედებენ. პირველს მოჰყვა ივ. ჯავახიშვილის გათავისუფლება უნივერსიტეტის რექტორობიდან. მეორემ გამოიწვია მისი მოკვეთა უნივერსიტეტიდან, მესამეს უნდა მოჰყოლოდა მისი ფიზიკური განადგურება.


1935 წლის განხილვამ 1937 წლის "დიდი ტერორის" უვერტიურადგაიჟღერა, მეცნიერულ განქიქებას უნდა მოჰყოლოდა ფიზიკური განადგურება.


ბოლშევიკებს საქმე სწორედ აქეთ მიჰყავდათ. ამ თვალსაზრისით, ფრიად სიმპტომურია მეორე გამოჩენილი ქართველი მეცნიერის, დიდი ელინისტის, გრ. წერეთელის ხვედრი. არსებობს დიდი ალბათობა, რომ იგივე ბედი ელოდა ივ. ჯავახიშვილს. მაგრამ ეს ასე არ მოხდა. რამ გადაარჩინა ივ. ჯავახიშვილი დახვრეტას?


მკვლევრები მიუთითებენ სამ გარემოებაზე: 1. ეს მოხდა სიმონ ჯანაშიას ლავრენტი ბერიაზე გავლენის წყალობით. 2. ივ. ჯავახიშვილის გადარჩენაში დიდი წვლილი მიუძღვის მისი პირველი ცოლის ძმას, ალექსანდრე სვანიძეს. 3. სტალინი შეეცადა პოლიტიკური ოპონენტებისთვის, პირველ რიგში კი ლ. ტროცკისათვის, დაემტკიცებინა, რომ ქართველმა ერმა თავისი ველურობით არ წარმოშვა ველური სტალინი. სამივე ამ შეხედულებას აქვს არსებობის უფლება, მაგრამ რომელია მათ შორის შედარებით წონადი?


დავიწყოთ პირველით. არ გამოვრიცხავთ, რომ ივ. ჯავახიშვილის გადარჩენის საქმეში ს. ჯანაშიამ იქონია გავლენა ლ. ბერიაზე, მაგრამ მხოლოდ ეს საკმარისი არ იქნებოდა. მარტო ბერია ამ საკითხს ვერ გადაწყვეტდა. რა თქმა უნდა, ერთი წამითაც არ უარვყოფთ ამ საქმეში ალ. სვანიძის მოწადინებას. მან თავისი მოქალაქეობრივი და მამულიშვილური ვალი პირნათლად მოიხადა, მაგრამ ეს არ უნდა ყოფილიყო საკმარისი. ალ. სვანიძე თავად იყო სტალინური ტერორის მსხვერპლი. მან არათუ ივანე ჯავახიშვილის გადარჩენა, საკუთარი თავის გადარჩენა ვერ შეძლო. ამიტომ ივ. ჯავახიშვილის გადარჩენის საქმეში მისი როლის გაზვიადება, ალბათ, მაინც დიდი სიფრთხილეს მოითხოვს. ეს უეჭველად გვერდითი მოვლენებია, მარამ არა ძირითადი; მთავარი, ჩვენი აზრით, სულ სხვა რამ იყო. არის ამის გამომწვევი სხვა, უფრო სერიოზული გარემოება.


გაცილებით უფრო წონადად გვესახება ვერსია, რომლის მიხედვითაც ივ. ჯავახიშვილი იხსნა იმან, რომ სტალინს სურდა მსოფლიოსათვის ეჩვენებინა, ველური სტალინი არ იყო ველური ქართველი ერის წარმომადგენელი, როგორც ამას აღნიშნავდნენ მისი მოწინააღმდეგეები. მიზანშეწონილი იქნებოდა ამ გარემოების უფრო მკაფიოდ ხაზგასმა. მისი მნიშვნელობა, ჩვენი აზრით, შედარებით დამცრობილი ჩანს, რაც სწორი არ უნდა იყოს. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა შოთა რუსთაველის მიერ "ვეფხისტყაოსნის" დაწერის 750 წლისთავის ფართოდ აღნიშვნა. გაიმართა ქართული კულტურის დღეები. მოხდა ილია ჭავჭავაძის სახელის რეანიმაცია. ივ. ჯავახიშვილის გადარჩენა ძალიან კარგად ჯდება ამ კონტექსტში.12 ამგვარად, სტალინს სჭირდებოდა ივ. ჯავახიშვილი. ეს უკანასკნელი 1937 წელს დახვრეტას სწორედ ამან გადაარჩინა. სხვა გარემოებები მხოლოდ გვერდითი ფაქტორები გახლდათ (ამ შემთხვევაში ი. სტალინი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდა და ქართული კულტურის ბედი ნაკლებად ადარდებდა, თუმცა ობიექტურად კარგი საქმე გაკეთდა). ერთი შეხედვით ისე ჩანს, თითქოსდა ივ. ჯავახიშვილი გადაურჩა სტალინის `დიდი ტერორს~, მაგრამ სინამდვილეში ეს მთლად ასე როდია. 1937 წელს არ დახვრიტეს, როგორც ეს ჩაფიქრებული იყო. ეს, ცხადია, ძალიან კარგია. უარესი თავიდან იქნა აცილებული, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ივ. ჯავახიშვილი არ იყო სტალინური ტერორის მსხვერპლი. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ივ. ჯავახიშვილის სახით საქმე გვაქვს მორალური ტერორის მსხვერპლთან, რომელიც სტალინის დიდი ტერორის ერთ-ერთ მთავარ შემადგენელ კომპონენტად გვევლინება. ხანგრძლივმა, უსამართლო დევნამ ლეტალური დასასრული განაპირობა.


1940 წლის 18 ნოემბერს ხელოვნების მუშაკთა სახლში ლექციის ჩატარების დროს ივ. ჯავახიშვილის უეცარი გარდაცვალება, რა თქმა უნდა, შემთხვევითი არ იყო და ის იმ ხანგრძლივი და უსამართლო დევნა-შევიწროების ლოგიკურ შედეგს წარმოადგენდა, რომელიც ხორციელდებოდა მის წინააღმდეგ, საბჭოთა ხელისუფლების დაარსების პირველივე დღეებიდან და მისი მთავარი სულისჩამდგმელი ამხანაგი სტალინი ბრძანდებოდა.13 ერთ-ერთი სერიოზული ფაქტორი, რომელმაც ბოლოს და ბოლოს ლეტალურ შედეგამდე მიგვიყვანა, მორალური ტერორი გახლდათ. 1940 წლის 18 ნოემბერი დიდი ხნის განმავლობაში მზადდებოდა და ივ. ჯავახიშვილის წინააღმდეგ წარმოებული პერმანენტული, უწყვეტი ცილისმწამებლური კამპანიის ლოგიკურ დაგვირგვინებას წარმოადგენდა.


მე-20 საუკუნის გამოჩენილი რუსი მწერლის, მ. ბულგაკოვის, თქმით "შეურაცხყოფა არის საუკეთესო ჯილდო კარგად შესრულებული სამსახურისათვის". ასე გამოხატავდა მადლიერებას ტოტალიტარული ბოლშევიკური სახელმწიფო, სტალინური რეჟიმი. ნ. მაკიაველის თქმით, `პატიოსნების და უანგარობის ერთადერთი საზღაური უმადურება~ ივ. ჯავახიშვილს უმადურების სავსე ფიალის ბოლომდე გამოცლა მოუხდა.



* * *

ამრიგად, ივ. ჯავახიშვილი საბჭოთა ხელისუფლებისათვის და პირადად ამხანაგი სტალინისათვის "პერსონა ნონ გრატა" აღმოჩნდა, რომელსაც სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა გამოუცხადეს. ის პირობითად რამდენიმე ეტაპად შეიძლება დაიყოს. 1920-იანი წლების დასაწყისი, როდესაც თავი იჩინა ივ. ჯავახიშვილის დევნა-შევიწროების პირველმა სიმპტომებმა, ამ მწვავე და ხანგრძლივი დაპირისპირების შესავლად, წინაისტორიად, შეიძლება მივიჩნიოთ. პრაქტიკულად ეს იყო ივ. ჯავახიშვილის წინააღმდეგ ტოტალური შეტევის მოსამზადებელი ეტაპი. სიმპტომატურია, რომ უნივერსიტეტის დაარსების შვიდი წლისთავისადმი მზადების პროცესში ივ. ჯავახიშვილს და ძველ პროფესურას გვერდი აუარეს.


2. 1926-1936 წლები, როდესაც ივ. ჯავახიშვილის წინააღმდეგ აშკარა ბრძოლა მიმდინარეობს და ბოლშევიკები ხისტ პოლიტიკას ახორციელებდნენ დიდი მეცნიერის მიმართ. ის იწყება 1926 წელს ივ. ჯავახიშვილის გათავისუფლებით უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობიდან და თავის კულმინაციას აღწევს 1935 წლის 23 მარტი - 2 აპრილის დისკუსიის დროს. ამ მონაკვეთს პირობითად ივ. ჯავახიშვილის შავბნელი ხანა შეიძლება ვუწოდოთ.


3. 1936-1940 წლები, როდესაც ივ. ჯავახიშვილის წინააღმდეგ ბრძოლა გარეგნულად ლიბერალურ ფორმას იღებს, მაგრამ შინაგანად კვლავ დაძაბული რჩება. საბჭოთა ხელისუფლება ბოლომდე არ ენდობოდა ივ. ჯავახიშვილს და მას თავის მთავარ მოწინააღმდეგედ მოიაზრებდა, რომელიც თურმე სათავეში ედგა საქართველოში ფაშისტურ ორგანიზაციას.14 შეიძლება ითქვას, რომ ამ ხანგრძლივ პოლიტიკურ ზეწოლას უკვალოდ არ ჩაუვლია. 1940 წლის 18 ნოემბერს მისი უეცარი გარდაცვალება ამ დევნისა და უსამართლო შევიწროების ლოგიკური შედეგი იყო. ამიტომ ივ. ჯავახიშვილი არის ი. სტალინის "დიდი ტერორის" პირდაპირი თუ არა, არაპირდაპირი მსხვერპლი. უმადურობამ და უსამართლობამ ნაადრევად მოუსწრაფა სიცოცხლე ღვაწლმოსილ მეცნიერს და ამაში ტოტალიტალურ-ბოლშევიკური რეჟიმისა და ამხანაგ სტალინის ლომის წილი ძევს.


ასეთი უდიერი დამოკიდებულება ფრიად სიმპტომატურია და კიდევ ერთი საუკეთესო ილუსტრაციაა იმისა, თუ რაოდენ მძიმეა ნამდვილი მეცნიერის ბედი ტოტალიტარული რეჟიმის დროს.15 აქ აისახა სავსებით რეალური ვითარება. პროლეტარიატის დიდი ბელადი, ვ. ი. ლენინი, ამბობდა "სახელმწიფო ეს არის საზოგადოების გასრესის მექანიზმი". სავსებით მართლზომიერია, რომ ივ. ჯავახიშვილის წინააღმდეგ კამპანია სრული ფიასკოთი დასრულდა. ივ. ჯავახიშვილის სახელი ოქროს ასოებით ჩაიწერა საქართველოს ისტორიაში.


ივ. ჯავახიშვილი ვერ გადაურჩა სტალინის "დიდ ტერორს" და მისი ერთერთი ყველაზე უფრო გავრცელებული ფორმის – მორალური ტერორის – მსხვერპლს წარმოადგენს. შედეგი ორივე შემთხვევაში ლეტალური იყო. განსხვავება მხოლოდ ფორმაშია, თუმცა ამასაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.


იმ ძნელ დროში, ალბათ, ესეც პროგრესი იყო.

"მამაო! მიუტევე ამათ, რამეთუ არ იციან, რას იქმნიან". როდემდე?

წყაროები:

მ. კალანდაძე. საფრანგეთის დიდი რევოლუციის აგრარული კანონმდებლობის

შესწავლა საქართველოში. თბ. 2006, გვ. 39-40.

სტალინი. ისტორიასა და ისტორიკოსთა შეფასებაში. თბ. 2002; გ. ყორანაშვილი.

სტალინი – შტრიხები პორტრეტისათვის. თბ. 2006; გ. გამრეკელი. `ჩინგისხანურ სოციალიზმს~ გადარჩენილი ქართველები. თბ. 2010; ნ. ქოთორი. ტირანები. თბ.

Э. Радзинский. Сталин. М. 1997.



მ. კალანდაძე. საფრანგეთის დიდი რევოლუციის აგრარული კანონმდებლობის

შესწავლა საქართველოში. თბ. 2006, გვ. 39-40.

ნ. ჯავახიშვილი. რაც მაგონდება. თბ. 1990, გვ. 22.

გ. ციციშვილი. უცნობი ჯავახიშვილი. "სამშობლო – ფრონტე". #12. ივნისი.

გ. ყორანაშვილი. ივ. ჯავახიშვილი (ახლებურად წაკითხვის ცდა). თბ. 1999, გვ.

ს. ჯორბენაძე. ცხოვრება და ღვაწლის ივანე ჯავახიშვილისა. თბ. 1984, გვ. 104;

122-123.

მ. კალანდაძე. ისტორიოგრაფიული ეტიუდები. თბ. 2011, გვ. 297-298.

გ. ციციშვილი, გაუჩინარებული ისტორიის ფურცლები. `ცისკარი~. 1995. #3-4;

დ. ცინცაძე. ეს ჩვენი ისტორიაა. თბ. 2003; ვ. გურული. ჯვარცმული უკვდავება და

ჯვარმცმელთა სირცხვილი. თბ. 2011.


0
187
1-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
187