x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"შავი იანვარი"-საბჭოთა ჯარების მიერ დახვრეტილი 170 მშვიდობიანი მოქალაქე
image

20 იანვარი თანამედროვე აზერბაიჯანის ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ დღედ ითვლება, იანვრის თვეს დღემდე "შავ იანვარს" ან "იანვრის ხოცვას"უწოდებენ.


1989 წლის ბოლოს ბაქოში დაძაბული ვითარება სუფევდა. დედაქალაქის მთავარ მოედანზე ყოველდღიურად მრავალათასიანი მიტინგები იმართებოდა, იგებოდა ბარიკადები, ხალხი ხელისუფლების გადადგომასა და საბჭოთა კავშირიდან გასვლას ითხოვდა, დაძაბულობა იყო მთიან ყარაბაღში – საბჭოთა ხელისუფლებისა და სპეცსამსახურების მიერ ჩადებული "ნაღმები" სომეხ და აზერბაიჯანელ ხალხებს შორის უკვე ამოქმედებული იყო, ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირება და დევნა იყო ბაქოშიც.


1990 წელს, 19-დან 20 იანვრის ღამით, საბჭოთა არმიის რამდენიმე ჯავშანსატანკო ნაწილი ბაქოში შევიდა, რათა კონტროლი დაემყარებინა ვითარებაზე:


image


1990 წლის 20 იანვარს ბაქოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, თუმცა, მოსახლეობის უმრავლესობამ ეს მხოლოდ დილით გაიგო, რადგან ქალაქში ტელეეთერი წინასწარ ჩაახშეს. ტანკები თბილისის მოედნისკენ დაიძრნენ და მიზანმიმართულად ესროდნენ ყველაფერს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანებისა და სამგზავრო ავტობუსების ჩათვლით. იხოცებოდნენ, მათ შორის, ის ადამიანებიც, რომლებიც უბრალოდ აივანზე იდგნენ ან სახლში ისხდნენ. სამხედრო მოსამსახურეები უსწორდებოდნენ ქუჩაში მდგარ მომიტინგეებს, ბტრ-ებითა და ტანკებით მიზანმიმართულად უვლიდნენ ადამიანებსა და მსუბუქ ავტომანქანებს.

image

ბაქოში, თბილისის პროსპექტზე ღამის 3 საათისთვის საპროტესტო მუხტი უკვე აღარ იგრძნობდა, სამარისებური სიჩუმე იდგა, უიარაღო ადამიანების პროტესტი საბჭოთა ჯარისკაცებმა ტანკებით, ავტომატებითა და სამხედრო ნიჩბებით ჩაახშეს.

image


თვითმხილველთა მოგონებიდან:


ტატიანა კოვალიოვა, 1990 წელს 11 წლის იყო:



„მამა რადისტი იყო, სავაჭრო ფლოტში მსახურობდა. 19 იანვრის საღამოს მატარებლით უნდა გამგზავრებულიყო ოდესაში და იქიდან ზღვაში გასულიყო. მაგრამ მანამდე ჩვენი გაფუჭებული ტელევიზორის შეკეთებას აპირებდა. ტელევიზორი ოთახის შუაგულში დადგა, დაშალა, უკირკიტა, ააწყო, ჩართო... ტელევიზორი არ მუშაობდა. დედა აყვირდა: ერთი რაღაც ვერ შეგიკეთებია, ახლა წახვალ, ჩვენ კი რამდენიმე თვე უტელევიზოროდ დავრჩებითო. სკანდალი მოხდა. მამამ აიღო ჩემოდანი და სადგურზე წავიდა, ლამის კარი მოიჯახუნა. დაშლილი ტელევიზორი ასე დარჩა შუა ოთახში. ის უკვე მე ავაწყვე, ალალბედზე. მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდით, რომ მამა არ იყო იმაში დამნაშავე, რომ ტელევიზორი არ ამუშავდა“.



19 იანვარს, საღამოს, ბაქოში მუშაობა შეწყვიტა ტელევიზიამ. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ტელეცენტრში ენერგობლოკი ააფეთქეს. ვინ ააფეთქა, დღემდე გაუგებარია. ყველაზე გავრცელებული ვერსიით, ეს გააკეთეს ან სამხედროებმა, ან სპეცსამსახურებმა.



შაჰბაზ ხუდუოღლუ



„უკვე დაახლოებით შუაღამე იყო, როცა დავინახე, რომ გამზირზე ზემოდან ჩვენკენ ტანკები მოემართებოდნენ, ისმოდა სროლის ხმა, მაგრამ ჩვენ გარშემო ხალხი ამბობდა, რომ ეს არ იყო საბრძოლო ვაზნები, რომ უბრალოდ ჩვენს დაშინებას ცდილობდნენ. და გვჯეროდა, რომ ასე იყო, რომ ეს არ იყო ნამდვილი ტყვიები. ვინაიდან იქ ისეთს არც არაფერს ვაკეთებდით - უბრალოდ შევიკრიბეთ კოცონის გარშემო, უიარაღოები და გადაწყვეტილი გვქონდა, არაფრის დიდებით არ დავშლილიყავით“.

მაგრამ ვაზნები საბრძოლო აღმოჩნდა: „ტანკები ჯერ ზევით ისროდნენ, თავებზე ბევრად უფრო მაღლა, შემდეგ სულ უფრო და უფრო ქვევით. რაც უფრო ახლოს იყო ტანკი, მით უფრო დაშვებული იყო ლულა და ტყვიები უკვე ჩვენ დონეზე მოფრინავდა. ვიღაც მიწაზე დაეცა. ეს რომ დაინახეს, დანარჩენები აღმართისკენ გაიქცნენ და ვერ მოისაზრეს, რომ კიდევ უფრო მეტად ხდებოდნენ ტყვიების სამიზნე. კიდევ ერთი ადამიანი დაეცა, ახლა უკვე ჩემთან მთლად ახლოს. დაჭრილი იყო, ვიღაცასთან ერთად გადავათრიე გვერდზე და ახლომდებარე საავადმყოფოს ღობის იქით გადავაგდეთ. როცა უკან დავბრუნდით, დავინახეთ, რომ რამდენიმე ტანკი უკვე ცენტრალურ გამზირებზე მიემართებოდნენ“.

image


ზამინა ჯაბაროვა



„ცოტა ხანს სალიანის ყაზარმებთან ყოფნის შემდეგ შინ დავბრუნდი. შუაღამით კი ცა განათდა. ხმაურზე ჩემმა ბიჭმა გაიღვიძა. „ალბათ სალუტის პისტოლეტია...“ ვთქვი მე. რაზეც ვაჟმა მომიგო, რომ ახლახან დაბრუნდა ჯარიდან და შეუძლია სალუტის გარჩევა სატრასირებელი ტყვიებისგან.


ჩაიცვა და წავიდა, მე კი რამდენიმე წუთი დამჭირდა იმის გასაცნობიერებლად, რომ ეს ტყვიებია და ჩემი შვილი იქ წავიდა. უკან გავეკიდე. მაშინ ყაზარმების მახლობლად ვცხოვრობდით. ქუჩაში ვირბინე, სანამ გზის პირას დავინახავდი მას. შემოტრიალდა და უცებ დავინახეთ ტანკი, რომელიც ჩვენკენ მოემართებოდა. ლიუკი ღია იყო და იქიდან მოჩანდა უცნაური გარეგნობის კაცი, გრძელთმიანი, უფრო დაქირავებულს ჰგავდა, ვიდრე ჩვეულებრივ სამხედროს. ელდა მეცა, მინდოდა ტანკს მივვარდნოდი, ვყვიროდი: „მკვლელებო! ფაშისტებო!“ მაგრამ შვილმა გზისპირა ბუჩქებისკენ მკრა ხელი და ზემოდან გადამეფარა. მერე კი, როცა საფრთხემ გადაიარა, სახლში წამიყვანა“



მსხვერპლთა რაოდენობა:


19-20 იანვრის ღამეს შეეწირა 131-იდან 170-მდე მშვიდობიანი მოქალაქე, დაიჭრა 745; დაიღუპა 5 მილიციელი და 29 საბჭოთა არმიის ჯარისკაცი.

image


Human Rights Watch-ის დასკვნის თანახმად, „მიუხედავად იმისა, რომ კრემლის სამხედრო ქმედებების სავარაუდო მიზანი იყო სომეხი მოსახლეობის დაცვა, მტკიცებულებების უმეტესი რაოდენობა ამას უბრალოდ არ ადასტურებს. მაგალითად, ბაქოს სამხედრო პროკურატურის დოკუმენტების მიხედვით, რომელიც შეისწავლა Human Rights Watch/Helsinki-მა, მიუთითებს, რომ სამხედრო მოქმედებები იგეგმებოდა ჯერ კიდევ ბაქოში სომხების დარბევამდე, რომელიც დაიწყო 1990 წლის 13 იანვარს.“. 1990 წლის 26 იანვარს სსრკ თავდაცვის მინისტრმა დიმიტრი იაზოვმა „იზვესტიასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ბაქოში არმიის მიზანი იყო იმ სტრუქტურების დაშლა, რომლებსაც ძალაუფლების ხელში სურდათ და ფილიალები ჰქონდათ „ყველგან“. ბაქოში დემონსტრაციების ჩახშობის შემდეგ აზერბაიჯანელები საბოლოოდ აგრესიულად განაწყვნენ როგორც სსრკ-ს, ასევე ადგილობრივი ხელმძღვანელობის მიმართ, ამ მოვლენამ ქვეყნის დამოუკიდებლობისადმი სწრაფვას დიდად შეუწყო ხელი.

image

მსგავსი მოვლენები მანამდე მოხდა ალმა-ატაში (1986), მინსკში (1988), თბილისში (1989), მოგვიანებით დუშანბეში (1990), ვილნიუსსა და რიგაში (1991).

1
162
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
162
  
0 1 1