ძუჰაცუ- რეალობიდან უკვალოდ გაქცევის ფენომენი იაპონიაში, რომელიც წარმოუდგენლად პოპულარულია
ცხოვრების ნულიდან დასაწყებად სხვადასხვა გზა არსებობს. ზოგი იცვლის საცხოვრებელ ადგილს, ზოგი იცვლის პროფესიას, ზოგი კი ხანგრძლივ მოგზაურობაში მიდის. იაპონიაში ცვლილებას რადიკალურად უდგებიან: ადამიანები უბრალოდ უკვალოდ ქრებიან. ქვეყანამ სპეციალური ტერმინიც კი შემოიღო, რომელიც ამ ფენომენს "ძუჰაცუ"-ს უწოდებს. გაუჩინარების მიზეზები ყველასთვის განსხვავებულია: გადაუხდელი ვალები, უბედური ურთიერთობები ან ზეგანაკვეთური სამუშაო. ადამიანები მიზანმიმართულად ქრებიან, ტოვებენ სახლს, ოჯახს და წლების განმავლობაში თავს არ აჩენენ. არსებობს მთელი ორგანიზაციები, რომლებიც ეხმარებიან მათ, ვისაც სურს საიმედოდ დაიმალოს საზოგადოების თვალისგან.
აღსანიშნავია ის კონკრეტული კულტურული ფაქტორები, რომლებიც ამძიმებს ვითარებას იაპონიაში. მაგალითად, ოჯახის ვალით დატვირთვა, განქორწინება ან სამსახურის დაკარგვა ბევრი იაპონელისთვის აუტანელ ტრაგედიად ითვლება. ასეთ შემთხვევებში მათ მხოლოდ რამდენიმე გზა რჩებათ - მოიკლან თავი, რათა არ იცხოვრონ სირცხვილში, იმუშაონ პულსის დაკარგვამდე ან მიმართონ ძუჰაცუს- აორთქლდნენ ჩვეული გარემოდან.
ტერმინი „ძუჰაცუ“-ს გამოყენება 60-იან წლებში დაიწყო. ხალხი მიხვდა, რომ გაუჩინარება იყო საუკეთესო ვარიანტი მათთვის და მათი ოჯახებისთვის რთულ ვითარებაში. პოლიცია, როგორც წესი, არ ერევა, თუ პირის გაუჩინარება არ არის დაკავშირებული დანაშაულთან ან უბედურ შემთხვევასთან. თუ ახლობლებს გაუჩინარებულის პოვნა სურთ, კერძო დეტექტივისთვის დიდი თანხის გადახდა ან უბრალოდ ლოდინი მოუწევთ.
იაპონიაში კონფიდენციალურობა ძალზე მნიშვნელოვანია, ამიტომ ადამიანები, რომლებიც გადაწყვეტენ გახდნენ ძუჰაცუ, ადვილად გაქრებიან მათი პოვნის შიშის გარეშე. ოჯახის უახლოეს წევრებსაც კი არ მიეცემათ წვდომა სათვალთვალო ვიდეოზე ან საბანკო მონაცემების ნახვაზე, ამიტომ დაკარგული ადამიანის თვალყურის დევნება თითქმის შეუძლებელია. ბევრი მშობელი არ ეთანხმება ასეთ კანონებს, რადგან მათ თითქმის არ აქვთ შანსი იპოვონ დაკარგული შვილები.
ძუჰაცუს ფენომენი იმდენად გავრცელებულია იაპონიაში, რომ აქ არის კომპანიებიც კი, რომლებიც ადამიანებს „აორთქლებაში“ ეხმარებიან. მათ უწოდებენ "ღამის გადაადგილების სერვისებს". ისინი აყალიბებენ გაქცევის გეგმას და გვთავაზობენ დროებით საცხოვრებელ ფარულ ადგილებში.
მომსახურების ღირებულება დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ქონება სურს კლიენტს თან წაიღოს, რამდენად შორს სურს დამალვა და როდის მოხდება „გაქრობა“. ფასები მერყეობს 50, 000 იენიდან 300, 000 იენამდე. თუ ადამიანს თან მიჰყავს ბავშვები ან ემალება კრედიტორებს, ღირებულება შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს. საშუალოდ, ერთი კომპანია მალავს 100-დან 150 ძუჰაცუს წელიწადში.
მათთვის, ვისაც არ აქვს საშუალება გადაიხადოს კომპანიის მომსახურებაში, არსებობს სახელმძღვანელოები, რომლებიც ხელმისაწვდომია ინტერნეტში უფასოდ სანახავად. ისინი აღწერენ, დაწვრილებით, თუ როგორ უნდა შეცვალონ გაქცეულებმა ცხოვრება და როგორ უნდა დაიწყონ ყველაფერი სუფთა ფურცლით.