x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138963
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512523
რა ბედი ეწია იუნკერს, რომელმაც ყველას თვალწინ სტალინს თავში ჩაარტყა

image


წლის 7 ნოემბერს, ოქტომბრის რევოლუციის 10 წლისთავზე ლენინის მავზოლეუმში სახელმწიფოს პირველი პირების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სამხედრო აკადემიის იუნკერები გაგზავნეს, მათ შორის იყო იაკოვ ოხოტნიკოვიც, რომელმაც სამხედრო აღლუმის დროს სტალინს მუშტი პირდაპირ თავში ჩაარტყა, იოსებ ბესარიონის ძე მოულოდნელობისგან დაიბნა, თუმცა ახალგაზრდა იუნკერს ხელი ვერ შეუბრუნა. პუბლიკა სულგანაბული აკვირდებოდა როგორ ღებულობდა მომავალი ლიდერი თავში ზუსტად მავზოლეუმის წინ ძლიერ დარტყმას. ვერავინ ხვდებოდა რა ხდებოდა, ვერც - მაყურებელი, ვერც - ბესარიონის ძე, ვერც - დაცვა.


image


იმ მომენტისთვის იაკოვ ოხოტნიკოვი უკვე 30 წლის იყო და რევოლუცია გამოვლილ ჯარისკაცად ითვლებოდა. სამოქალაქო ომი მისთვის დიდებული დრო იყო, ვინაიდან იმ პერიოდში ახალგაზრდა სამეთაურო პოზიციებს იკავებდა. მას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ჩამოყალიბებული შეხედულებები ჰქონდა, რასაც აქტიურად გამოხატავადა კიდეც, იმ დროს კი თავადაც მოგეხსენებათ რომ ქვეყანაში სტალინსა და ტროცკის შორის სერიოზული დაპირისპირება არსებობდა.


image


ოხოტნიკოვი არასოდეს მალავდა იმას, რომ ის ტროცკის მხარეზე იყო. მან აკადემიის ხელმძღვანელობისგან ტროცკიზმის პოპულარიზაციისთვის საყვედურიც კი მიიღო, და მაინც როგორც ჩანს, იაკოვი ერთ-ერთ საუკეთესო იუნკერად ითვლებოდა რახან მას ხელისუფლების წარმომადგენელთა დაცვა ანდეს. ოხოტნიკოვი და ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემიის კიდევ რამდენიმე კურსანტი რევოლუციის 10 წლისთავისადმი მიძღვნილი აღლუმის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მავზოლეუმში მიავლინეს.


image


ისე მოხდა, რომ იუნკერებმა მისვლა დააგვიანეს, რასაც ისიც დაემატა რომ გზად მათ სსრკ-ას სახელმწიფო უსაფრთხოების სპეციალური ორგანოს თანამშრომელი შეხვდათ, რომელმაც კურსანტებს მავზოლეუმისკენ მიმავალი გზა გადაუღობა. სამმა ჯანიანმა ახალგაზრდამ ის განზე გაწია და გზა განაგრძო. ტრიბუნაზე უკვე საბჭოთა ლიდერები იდგნენ. ისინი დაბლა, მოედნისკენ იყურებოდნენ და მათ უკან დაწყებული ჩხუბი ვერ შეამჩნიეს: იაკოვ ოხოტნიკოვსა და მის მეგობრებს ხელჩართული ჩხუბი უსაფრთხოების სპეციალური ორგანოს სხვა თანამშრომლებმა გაუმართეს.




საბედისწერო დარტყმა


image


იოსებ სტალინი და მისი უახლოესი ხელქვეითები ყველაზე ნაკლებად ელოდნენ იმას, რაც შემდეგ მოხდა. შუა ჩხუბიდან თავდაღწეული ოხოტნიკოვი მტკიცე ნაბიჯებით მიუახლოვდა სახელმწიფოს მეთაურს, კეფაში მუშტი ძლიერად ჩაარტყა და გაბრაზებულმა წამოიძახა: "ჩვენ თქვენ უნდა დაგიცვათ და თქვენ?" რატომ გააკეთა მან ეს - ისტორიკოსებს რამდენიმე ვერსია აქვთ. ერთ - ერთის თანახმად, ეს შესაძლოა არასათანდო დახვედრისგან გამოწვეულ წყენას უკავშირდებოდეს, ასევე სავსებით შესაძლებელია საქმე შურისძიებასთან გვქონდეს, მისი კერპის ტროცკის გამო.


image


გარშემომყოფები მომხდარით გაკვირვებულები იყვნენ, ამასობაში იაკოვი უკვე მეორეჯერ მოემზადა სტალინისთვის დასარტყმელად, როცა მისი ხელი წინამძღოლის პირადი დაცვის უფროსმა ივან იუსისმა ოსტატურად ჩაიჭირა და განზე გაწია, რასაც მათ შორის ხანმოკლე ჩხუბიც მოჰყვა. იუსის თან იარაღი რომ ჰქონოდა მას უეჭველად გამოიყენებდა, მაგრამ მავზოლეუმში ცეცხლსასროლი იარაღის მიტანა აკრძალული იყო. ასე რომ, ოხოტნიკოვს დანა მოხვდა - იუსისმა ის მსუბუქად დაჭრა. უცნობია, როგორ დასრულდებოდა ყველაფერი ჩხუბში იქვე მდგომი ვოროშილოვის, ბუდიონისა და სხვების ჩარევა რომ არ მომხდარიყო.




ინციდენტის უხმაუროდ მოგვარება


image


თუკი ფიქრობთ რომ ამის შემდეგ ოხოტნიკოვი დილეგში ჩააგდეს ცდებით. 1927 წელს სტალინური რეპრესიები ჯერ არ იყო დაწყებული, ბესარიონის ძე კი ჯერ კიდევ არ იყო იმ ქვეყნის ლიდერად ქცეული, რომელიც ყველას შიშის ზარს სცემდა და რომელსაც მოგვიანებით ძრწოლვითა და მოწიწებით ყველა "ერის მამას" და "ტირანს" ეძახდა. სკანდალის ჩახშობას საგულდაგულოდ ცდილობდნენ: მისი გამწვავება მომგებიანი არავისთვის იყო. სამხედრო სარდლობა ტუხაჩევსკის ხელმძღვანელობით კურსანტებს შუამდგომლობდა: ბიჭების ნამოქმედარს ამართლებდნენ და აცხადებდნენ რომ მათ საუკეთესო სურდათ, რომ ცოტა გადააჭარბეს, რომ ემოციებს ვერ გაუმკლავდნენ... ბოლოს და ბოლოს, ისინი ხომ ფრონტის გმირები იყვნენ. მათ სერიოზულ დასჯას არც სტალინი ითხოვდა.




პარტიიდან გარიცხვა


image

მეტიც, ამ ინციდენტთან დაკავშირებით ოხოტნიკოვი საერთოდ არ დასაჯეს, მასთან მხოლოდ საუბრით შემოიფარგლნენ, მაგრამ სტალინმა მისი მხრიდან სახალხო დამცირება მაინც ვერ დაივიწყა: მისი სიამაყე ისევე როგორც ღირსება ძლიერ იყო შელახული. ბელადმა მომხდარი, მეხსიერების შორეულ კუნჭულში დროებით შემოინახა, თუმცა არ დაივიწყა. ამასობაში იაკოვმა მშვიდად დაამთავრა სამხედრო აკადემია, ინსტიტუტის ხელმძღვანელიც გახდა, რომელიც თვითმფრინავების ქარხნების პროექტირებით იყო დაკავებული, თუმცა იმ საბედისწერო შემთხვევიდან 5 წლის შემდეგ კვლავ ზღვარზე აღმოჩნდა: ოხოტნიკოვი "კონტრრევოლუციური საქმიანობისთვის" პარტიიდან გარიცხეს, მაშინ ასეთი ბრალდებით ბევრს უპრობლემოდ ხვრეტდნენ, მას კი კვლავ გაუმართლა: ის მხოლოდ მაგადანში გადაასახლეს, სადაც ავტობაზას ხელმძღვანელობდა.




შურისძიება 10 წლის შემდეგ


image


გარკვეული პერიოდის შემდეგ, იაკოვ ოხოტნიკოვი განვითარებული რეპრესიების ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი გახდა. 1936 წლის აგვისტოში ის მაგადანიდან მოსკოვში ჩაიყვანეს და მომავალი წლის გაზაფხულზე დახვრიტეს. რისთვის? რისთვის და "სახელმწიფო ღალატისთვის", სინამდვილეში კი ამხანაგ სტალინზე თავდასხმის გამო, მის კვალდაკვალ დახვრიტეს ისინიც, ვინც მას მფარველობდნენ: ტუხაჩევსკი და სხვა სამხედრო ლიდერები. მათ ბრალი ღალატსა და ჯაშუშობაში დასდეს. ზოგიერთი მკვლევარი დარწმუნებულია, რომ სტალინი იუნკერის მიერ თავდასხმას მთელი ამ წლების განმავლობაში მეხსიერებაში საგულდაგულოდ ინახავდა. ის პატიებას არ აპირებდა მხოლოდ შურისძიებისთვის შესაფერის მომენტს ელოდა, და ეს დროც დადგა, თითქმის 10 წლის შემდეგ.













0
522
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
522