სისხლის სამართალი "არსებობს პირთა წრე, რომელსაც პროკურატურა მფარველობს"-ადვოკატი შემზარავი მკვლელობის ახალ დეტალებზე საუბრობს 2023, 15 სექტემბერი, 15:58 ქობულეთში, ამა წლის მაისში სასტიკად მოკლული 20 წლის გიორგი ალხანიშვილის საქმეზე, ადვოკატი მარიამ ბარსონაძე ახალ დეტალებზე საუბრობს და მოუწოდებს მედიას და ჟურნალისტებს სიმართლის დადგენისთვის მხარში დაუდგნენ. "მოკლული გიორგი ალხანიშვილის საქმეში არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობით დგინდება, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმე არის არასწორი კვალიფიკაციით წარმართული და არსებობს პირთა წრე, რომელსაც პროკურატურა მფარველობს. მათ შორის იმ პირს, რომელიც ფლობს დანაშაულის შესახებ ინფორმაციას, მაგრამ ამ ეტაპამდე მას ბრალი არ აქვს წარდგენილი."-აღნიშნავს მარიამ ბარსონაძე. მე გახლავართ 2023 წლის 18 მაისს ბათუმთან მდებარე სოფელ ლეღვაში მოკლული გიორგი ალხანიშვილის ოჯახის ადვოკატი.
ალბათ გახსოვთ ეს მკვლელობა. მაშინ ყველა შეგვძრა მომხდარმა: ოთხმა მეგობარმა ალექსანდრე ბაჟუნაიშვილმა, ლუკა ჯიბლაძემ, ალექსანდრე ახვლედიანმა და დავით მენაბდემ გიორგი სტუმრად წაიყვანეს ერთ-ერთის, ალექსანდრე ბაჟუნაიშვილის სახლში. იქ სტუმარი დანით დაჩეხეს, 19 ჭრილობა მიაყენეს, გვამი გადამალვის მიზნით მიწაში ჩამარხეს. დადგენილია, რომ მკვლელობის ყველა კვალის გაქრობაზე ახალგაზრდებთან ერთად უფროსებმა იზრუნეს - მკვლელის მამამ და ბიძებმა. მკვლელის მამა, რომელმაც უკვე იცოდა მომხდარის შესახებ, რომ გიორგი აღარ იყო ცოცხალი და ის, სწორედ მისმა შვილმა, ალექსანდრემ მოკლა, მოკლულის დედასთან სახლში მივიდა და ათას ტყუილს უყვებოდა კვალის ასარევად, რომ თითქოს გიორგი შუაღამისას ტაქსით გამოისტუმრეს სოფლიდან, რომ თითქოს თვითონაც წუხდნენ მისი გაუჩინარების გამო... მკვლელის ოჯახი დროს იგებდა. როგორც დაკავებული ახალგაზრდების დაკითხვის მასალებიდან ირკვევა, ბაჟუნაიშვილის მამა მათ გვამის საბოლოო მოშორებაში სთხოვდა დახმარებას, რაც ვერ მოასწრეს, რადგან გიორგის დედის მოთხოვნით პოლიციამ ლეღვანის ტერიტორიებზე დაიწყო გაუჩინარებული გიორგის ძებნა და მიაკვლია კიდეც მის გვამს.
საქმის 7- ტომიანი მასალები თავზარდამცემ სიმართლეს შეიცავს იმაზე, თუ როგორ ცდილობენ, მართლმსაჯულებას აარიდონ თავი ადამიანებმა, რომლებმაც ეს ჩაიდინეს. ხაზგასმით ვამბობ, რომ საქმის მასალებით დასტურდება, რომ მკვლელობა მხოლოდ ერთი ადამიანის მიერ არ არის ჩადენილი, არამედ ჯგუფურ დანაშაულთან გვაქვს საქმე.
პროკურატურა ლოიალურად უდგება იმ ადამიანების ქცევის შეფასებას, რომლებიც საკუთარი პირით ყვებიან, რომ უყურებდნენ, როგორ ჩეხავდა ბაჟუნაიშვილი ალხანიშვილს, მაგრამ არაფერს აკეთებდნენ მის საშველად. პროკურატურა ცალსახად არიდებს თავს, რომ მომხდარი ჯგუფურ მკვლელობად განიხილოს. უფრო მეტიც: დანაშაულის შეუტყობინებლობასაც კი არ ედავება ერთ- ერთ ახალგაზრდას, გოგონას, რომელიც მკვლელობის წუთებში იმავე ჯგუფთან ერთად იყო და თანაც ყველაზე დაახლოებული გახლდათ ალექსანდრე ბაჟუნაიშვილთან.
მოვუწოდებ ჟურნალისტებს, მედიასაშუალებებს: გიორგი ალხანიშვილის საქმეში სიმართლის დადგენისთვის დამიდექით მხარში. გიორგი ჩემზე სულ რამდენიმე წლით იყო უმცროსი, ჩვენ ერთი თაობა ვართ. ჩვენივე ტოლები არიან ის ახალგაზრდები, რომლებმაც გიორგი ასე გაწირეს. მე პირობა მივეცი გიორგის დედას, რომ ბოლომდე ვიბრძოლებ სიმართლის დასადგენად.
სასამართლო პროცესები დაიწყო. მორიგი პროცესი ხვალ იმართება ბათუმის საქალაქო სასამართლოში.
მედიას შეუძლია სასამართლო დარბაზიდან გარეთ გამოიტანოს ყველა ფაქტი, ყველა ადამიანის სახე, სიმართლე, სინამდვილე."-წერს ადვოკატი სოციალურ ქსელში.
315 3-ს მოსწონს 1-ს არა
|