სისხლის სამართალი ძველი ტფილისის დამნაშავენი-კრიმინალური არქივიდან 2023, 4 აპრილი, 12:32 დარჩო მეზვრიშვილი – ქურდი, მძარცველი. ის რამდენიმე ბანდის წევრია, ერთი ბანდაა ოცკაციანი, ბელოვს რომ შეუვარდებიან ვორონცოვის ქუჩაზე და ის ხმლით ხელში ცდილობს თავის დაცვას, თუმცა ძირს იოლად დასცემენ და გაძარცვავენ. დიდი ბანდები ამ დროებაში არ არის იშვიათი რამ, რვა კაცი, ათი კაცი სულ იოლად დაითვლება. იკრიბებიან, იშლებიან, ისევ შეიყრებიან, ისევ დაიშლებიან. ხშირად ეს არის დამატებითი შემოსავლის წყარო. 1873 წელს მექოშეთა რიგში რვაკაციანი ბანდა შევარდება ფურნეში, მეფურნეს ხანჯლით ხელში დაჭრიან და სალარო ყუთს გაიტაცებენ. სისასტიკე ამ ბრბოებს სჩვევია. პელიაევის ქვრივის დაყაჩაღებისას 1 150 მანეთს წაიღებენ, ხოლო იატაკზე დაგდებულ ქვრივზე ავაზაკების თავი დასძახოდა, მიახრჩვეთ ის დროზეო, ოდენ პოლიციის მოვარდნამ იხსნა ის სიკვდილისაგან. მეზვრიშვილის ბრბომ 1875 წელს, კარაპეტ კონდახსაზოვის სახლი გაძარცვა, თუმცა ყვირილზე პოლიცია გამოჩნდა და როცა იქიდან გამორბოდნენ, დარჩო მეზვრიშვილი დაიჭირეს. იან მიუძინსკი და თომა ლისენკო – ვაგზალთან ყიდდნენ დასტად შეკრულ ქაღალდებს, ზედ დაკრული ასიგნაციით, ვითომ და ყალბი ფული ყოფილიყოს. ეს მოძველებული ფანდი იყო. თუმცა დიდი ხანი არ იყო, რაც სოფლის მოსახლეობა მატარებელს გაუშინაურდა, აქამდე ურემსა და ეკიპაჟს ამჯობინებდა და ახლა მათი ოდენობა ტფილისში მატულობდა. იოლ ფულზე დახარბებაც ხშირი იყო. მარხვის დამჭერიც არ იყო ბევრი, ხეირს ხედავდნენ და თანხმდებოდნენ. ამათაც რა უნდოდათ, საუბარი დასწავლილი ჰქონდათ, მსხვერპლი – ამორჩეული. გლეხიც იღებდა ნაჭერში თუ ჩექმაში შენახულ ფულს და ცვლიდა ყალბში. ფიქრობდა ნაწილის აქვე გახარჯვას, ნაწილის შინ მიბრუნებისას გადაცვლას და მოგებასაც უკვე ითვლიდა, ოღონდ ყალბი ფულის მაგიერ ცარიელი ქაღალდები ხვდებოდა. მიუძინსკი და ლისენკო კი თვალსა და ხელს შუა ქრებოდნენ. არ იყო რთული, აქაურობა იმათი იყო. ყოველი საჩაიე და ფაეტონი იცოდნენ. სად რა ამოერჩიათ, იოლად ხვდებოდნენ. გარადავოისაც ერგებოდა რაღაცა. გლეხი გავარდებოდა, გამოვარდებოდა და და ჩერდებოდა. ყალბი ფულის ყიდვაში თვითონაც გამოდიოდა გარეული. ამ საქმეს მისდევდნენ 1890 წლამდე, ვიდრე ბოქაული კრაპივინი ორივეს არ დაიჭერდა. მოხსენ ფატულა ოღლი – სპარსი, სალდათის ბაზრის ქურდი, იპარავდა დახლებიდან. მაშინ ოთხი ბაზარი იყო, სალდათის, თათრის მეიდნისა, ვერისა და ავლაბრის, იქ დაძვრებოდა ყველგან და რასაც ყურადღება დააკლდებოდა, იხელთებდა და იპარავდა, კალსონი, ჩექმა, ვაშლი, ბილიარდის შარი, ნებისმიერ ნივთს იპარავდა. მერე, როცა სამალავი უპოვეს, შიგ ბლომად ისეთი ნივთი იყო, გაყიდვა რომ გაჭირდებოდა. ამას გარდა ბლომად სხვადასხვა სიძველეც აღმოაჩნდა, ყაჯრების დინასტიის რამდენიმე ძველი მონეტა, ძველი სპარსული ხელნაწერებიც, რაშიც თამბაქოს ახვევდა და აბოლებდა. ის დაიჭირეს 1903 წელს, როცა ჩექმა მოიპარა სალდათის ბაზრიდან. გრიბოედოვის ქუჩა აბელა ნონიკაშვილს, მას მერე, რაც ოქროშიძე სასაფლაოზე მოკლა, ეშმაკი არ ასვენებდა. ბაღდადიანცი იცოდა, რომ ტფილისელი ვაჭარი იყო, მაგრამ ამ სასაფლაოზე მოარულს მის საფლავზე რა უნდოდა, ვეღარ გაეგო. ასე რად აკვირდებოდა? განა იყო რამე? მარა გულს ჭია უღრღნიდა. გული უგრძნობდა, რომ რაღაცა იყო იმ სასაფლაოზე მოხეტიალე კაცის თავს. ეგრე ტყუილა და გიჟის სიარული არ ყოფილა. ჰოდა, ადგა და გაიარა გრიბოედოვის ქუჩაზე, სადაც მოკლული ბაღდადიანცის სახლი იყო. ერთხელ, მეორედ. გავიდოდა და თავისი ნავსი თვალით გახედავდა, ჰამ გაივლიდა, ჰამ თვალს შეავლებდა, ეგებ რაიმე გამოეჩინა განგებას. ერთხელაც, მერძევეს სარდაფთან რომ იდგა და თავისას ფიქრობდა, მას თვალში სამი სპარსელი მოხვდა, აქეთ იქიდან, სწორედ, ბაღდადიანცის სახლს რომ უტრიალებდნენ. ქურდი ქურდს ვერ იცნობს? – ამათ რაღა უნდათ? – აბელას გულში რაღაც აუთამაშდა. თანაც აქაურ სპარსელებს არ ჰგავდნენ, ჩანდა, რომ არ გასჩვეოდნენ ქუჩას, თუმცა კი მეტად სხარტად და საქმის ცოდნით ათვალიერებდნენ. აბელა მოეფარა კედელს, თითქოს თავის საქმეს მისდევდა და სარძევეში ჩაიხედა, გამოიხედა და თან ხარობდა იმის ამოცნობით, ეს სპარსელები რა კოხტად სწავლობდნენ იქაურობას. იმათ მოქმედებაში ბევრ რასმეს ხვდებოდა და წინასწარაც ამოიცნობდა, აბა ეხა რას იზამენ, და ასეც გამოდიოდა. აბელა კაი ხნის ქურდი იყო, იცოდა მიდგომისა და ათვალიერების ხერხი. ესე იდგა და პირზე ღიმილი დასთამაშებდა, როცა უეცრად გიგო დაინახა. გიგო სპარსელებს აკვირდებოდა. – ნერსესოვის გოშია? და აბელა კიდევ უფრო მოეფარა სახლს, ისე, რომ ვერც გიგოს შეენიშნა. თავად კი კარგად ხედავდა, როგორ უთვალთვალებდა ის სპარსელებს. აბელა ხან მას შეხედავდა, ხან იმათ, და თვალებიც მოჭუტა. – აქ რაღაც ფაფა თუხთუხებს, – ჩაილაპარაკა მან თავისთვის. რა უნდა ყოფილიყო ეს ყველაფერი? სპარსელები იქაურები არ იყვნენ და ბაღდადიანცის სახლს სინჯავდნენ. ის სასაფლაოზე მოკლულიც ბაღდადიანცის საფლავს უტრიალებდა. ახლა ეს გიგო ამათ რომ მწყემსავს, ეს ყველაფერი ერთი მეორესთან კავშირი იყო თუ არ იყო? მიხეილ ჟღენტი – 1905 წლის არეულობების დროს ფულის გამოძალვა და წართმევა დაიწყო, შემდეგ შეეკრა მოლარე მუდრეცოვზე თავდასხმის მონაწილე მესხს, მეტსახელად „რიჟას“, ვისაც ბინა ავჭალის ქუჩაზე ეჭირა და მასთან ერთად ყალბი ფულის გაყიდვა დაიწყო. ყალბი ფულის მომჭრელები მაშინ იყვნენ სამუილ პეტროსოვი და კასუმ მოლა ოღლი, ვინც მანამდე ყალბი ფულის გამსაღებელი იყო და შემდეგ თავადაც დაიწყო ოქროს ხუთმანეთიანების მოჭრა. ჟღენტს მიემხრო ასევე სოსია ბიწკინაშვილი, ტერორისტი და კასრების მკეთებელი ხელობით და სიკო მეზვრიშვილი, რამდენჯერმე ნასამართლევი, „რიჟას“ კიდევ ერთი დამქაში იყო ენოქ დანდუროვი, პორუჩიკ გააზეს მკვლელი, ვინც ასევე მონაწილეობდა წინანდლის მამულის მოლარე მუდრეცოვზე თავდასხმაში. დანაშაული ამ დროს მეტად მატულობს. გაუხსნელი საქმეების ოდენობა ძალიან დიდია. დავთრები გადავსებულია, აღარც უბნის ბოქაულები ჩანან, აქამდე იოლად რომ აუდიოდნენ დანაშაულს და ნაქურდსა და ნაძარცვს მიაგნებდნენ. ყოველივე აირია. აგენტურაც სულ უფრო ქრება. მათაც ხოცავენ. პოლიციელთა მკვლელობაც გაჩაღებულია მეტად ფართედ. 1906 წელს მოკლულ გარადავოების შორის არიან კალკუტინი, სალტიკოვი, კუჩერენკო. ქუჩაში სროლა მეტად ხშირია, მკვლელობაც – ყოველდღიური. ბორის დოქტოროვიჩი – 90-იანი წლების ქურდი, ჯიბგირი, სტავროპოლის მკვიდრი. ტფილისისკენ მოიწევდნენ ბლომად და სხვადასხვა გუბერნიებიდან. ქალაქში შესვლა, გამოსვლა იყო ფართო და დაუთვლელი, აღრიცხვა გაჭირდებოდა. ყალბი პასპორტების ოდენობაც მეტად დიდი იყო. აქ იმალებოდნენ. აქ სხვადასხვა საქმეს მისდევდნენ. ტფილისზე გადიოდა სავაჭრო გზა თეირანსა და ოსმალეთზე და ასეთი მსუყე ლუკმის ჩაგდებას ბევრი ცდილობდა. სტუმრიანობაც ტფილისს არ აკლდა, სხვადასხვა მგზავრი სპარსეთში მიმავლები, აქ ჩერდებოდნენ. ეს, თავის მხრივ, ძარცვის ცდუნებას აჩენდა. სასტუმროებში შეძვრომა და იქიდან სხვადასხვას გამოტაცება ცალკე ხელობად იქცა. მეხუთე ნაწილის გოროდოვოი ბოსოვმა დააკავა დოქტოროვიჩი სალდათის ბაზარზე 1900 წელს, მოპარული ვერცხლის პორტსიგარით, რომლის გაყიდვას ის 3 მანეთად ცდილობდა. სპარსელი კონდიტერი არტემ გასპარიანცს სპარსეთის ქვეშევრდომის ქაღალდი ჰქონდა და სადარბაზო ბარათზე ფრანგულად ეწერა Confiseur, რაც კონდიტერად მოითარგმნება და მთელი დასტა ჰქონდა ჟილეტის ჯიბეში. სერთუკი ეცვა, შლაპა ეხურა და ხელის ჯოხიც დაეკავებია. ის სპარსეთში ევროპული ტკბილეულობის შეტანას აპირებდა. ამ ტკბილეულობასთან ერთად კი – ევროპის ცივილიზაციისაც. ეს იყო კრემ-ბრულე, კრაფტის შოკოლადი და მონპასე, აბრიკოსის კანფეტი, კონსერვის ატამი და ბლოკერისა და ჟორჟი ბორმალოს კაკაო. ამით აპირებდა ის სპარსეთის დაპყრობას. ის სტუმრობდა ტფილისის სხვადასხვა საშაქარლამოსა და მაღაზიას, იარალოვის ტკბილეულობის ქარხანას კათოლიკეთა ქუჩაზე, დიუფურას საკანდიტეროს ველიამინოვზე და მურადოვის საკანდიტეროს ბულვარზე. ცოტ-ცოტას ყიდულობდა ყველაფერს, თითქოს სინჯად და საფიქრად. – ეს შუა ბაზრის პიროჟნი არ გეგონოთ, – ამბობდა პრიალათმიანი მედახლე, როცა გასპარიანცმა ნამცხვარზე თითი დააჭირა და შემდეგ ზედ აყოლილი შაქრის პუდრა ცხვირსახოცით გაიწმინდა, – ეს არის ადესის ფქვილზე დამზადილი საუკეთესო ტკბილეული. – ესეც მაჩვენეთ, – ბეჭდიანი თითი სულ სხვა მხარეს გაიშვირა შაჰის ქვეშევრდომმა. – აი, ინებეთ, – აქეთაც გაჩნდა დახლიდარი, – ეს რომით არის, ნამდვილი ვესტ-ინდიური რომი გახლავთ. მარსელიდან ცეცხლის გემით ჩამოაქვთ. ამას ყავა უხდება – ისარგებლა პრიალათმიანმა და თუნუქის კოლოფიც გადმოიღო, – ეს „ეინენის“ ყავაა, აი, შეხედეთ ეტიკეტს. ასეთს ვერ დაბეჭდავს ყალბი ტიპოგრაფია. – კაკაო მირჩევნია, – გაიკეთა კომერსანტმა მონოკლი და ერთ სხვა ყუთზე მიკრულ ქაღალდს დააცქერდა. – კაი გემოვნება გქონიათ, ეს ვან გუტენის კაკაოა, ამის გარეშე მალე დილა აღარ იქნება ტფილისში, – თითქოს კოლოფზე დახატულ ნიკაპზე წამოზრდილწვერიანი კაცივით არიგებდა ნოქარი მეშაქარლამეს. – იყოს ერთი გირვანქა, – თვალებით გააცილა გასპარიანცმა კოლოფიდან გადმოყრილი ყოველი უნცია. – ამის მოსმა მხოლოდ აცტეკების იმპერატორს შეეძლო, ვიდრე ხრისტოფორე კოლუმბი თავს დაატყდებოდათ, – გამოაჩინა ცოდნა დახლიდარმა პროფესიულ ღიმილთან ერთად. არომატი მართლაც გასაოცარი ჰქონდა. გასპარიანცი ენის წვერით სინჯავდა და ყურადღებით უსმენდა კონსისტენციისა და შიგ შემავალ ინგრედიენტების შესახებ. ტარიელ დუგვაძეშვილი – ქურდი, 1903 წელს გაქურდა ვაჭარი შარაბაბჩევი და მოიპარა ზანდუკი შიგ ათასი მანეთის ოქროსა და ვერცხლის ნივთებით და ხუთი ათასის თამასუქებით. ეს ყველაფერი მან ალექსანდრეს ბაღში დაფლო, თითქოსდა გამოქვაბულში, თითქოსდა არსენა ყაჩაღი ყოფილიყო. ტფილისში მართლაც დაიარებოდა არსენა ოძელაშვილი, ჯიბის ქურდი. იმავე ხანებში ის ტრამვაიში ჯიბგირობდა. ზემელის აფთიაქთან, ტრამვაიში შემხტარმა, მან ქალბატონ ბეკს გაუხსნა რიდიკული და იქიდან პორტმონე მოჰპარა შიგ ოცდაათი მანეთით. ერნესტ ეპელბაუმი – იყო მეათე ნაწილში გაჩენილი ბანდის წევრი, რომელიც სულ უფრო დათარეშობდა და შემდეგ წლებში იქაურობა აკლებული ჰყავდა. ის არ ერიდებოდა გარადავოების დაყაჩაღებასა და მკვლელობას. ეპელბაუმმა 1905 წლის არეულობის დროს დაიწყო თავის ბრბოსთან ერთად მედუქნეებისგან ფულის გამოძალვა. ამავე წელს ელისაბედისა და ფეიერვერკის ქუჩის კუთხეში, ის აგალო ავეტიკოვის დუქანში შევიდა სამ ნასვამ დამქაშთან ერთად, იქ მადერთან მომუშავე გიორგი მაისურაძე რევოლვერით მოკლა და ამაზე დაიჭირეს. ებრაელი შაითან ბაზარში აბრამ მოშიკაშვილი პატარა სირაჯხანის შესახვევში, ხეროდინოვის ქარვასლის წინ იდგა, საცა ებრაელები მანუფაქტურით ბითუმად ვაჭრობენ. თუმცა მას გილდის ნებართვა არ ჰქონდა და არც კომერციას მისდევდა. ის სპარსელი ურია იყო. მისი ნაბიჯი იყო ფრთხილი, წონასწორი. მას ბინა გამოეცვალა და ქირით სხვა ალაგას გასულიყო. თოთხმეტი მანეთი უჯდებოდა ეს ახალი სადგომი, სამი მანეთით მეტი, ვიდრე წინა. თვლა აბრამ მოშიკაშვილს ემარჯვებოდა და არა მარტო ამ იმპერიის ფულისა, სხვებისაც და მათი ერთმანეთთან მიმართებაც და ნიხრიც სცოდნოდა კარგად. ერთ თურქულ ლირაში ასი პიასტრია, ყოველი პიასტრი იყოფა ორმოც ფარად. სპარსული ოქროს თუმანი ათი ყრანია, თითო ყრანში ოცი შაჰია, ერთი ყრანი ერთი აბაზია, ერთი ტალერი – ოთხმოცდათორმეტი კაპიკი, ფრანგული ფრანკი – ოცდაჩვიდმეტი კაპიკი, ხოლო ეგვიპტური ლირა და ინგლისური გირვანქა, ორთავე – ცხრა მანეთი. ბაზარში სხვადასხვა ფულის ოდენობა აბრამ მოშიკაშვილის ანგარიშს არ ართულებდა, არც აუარება სხვადასხვა გამვლელი და მოარული. თუ ოსმალეთში ამ ბაზრის ხმაურს, მუშტარს, ყარიბსა და ხალიჩობას შეგიძლია, ყავახანიდან უცქირო, სპარსეთი ასეთ ყავახანებს არ ცნობს და იქ თაღებს ქვეშ დაიარები და სიარულში იცვლი არეს და გარემოს. ტფილისში კი, გარდა იმისა, რომ ევროპასა და აზიას მოენახა ერთმანეთი, ეს ორთავე აზიაც შეყრილიყო და მათი მეჩეთებიც ხელის გაწვდენაზე იყო ერთი მეორისაგან. თუ რაიმე დუქნის აყალმაყალი არ იყო, სუნიტი და შიიტი არას ერჩოდა ერთიმეორეს. ჩაისაც ერთი ვინ უსხავდა. მირზოევის აბანოს ჩაის დამტარებელნი გამვლელთ წყურვილს უკლავდნენ, მაჰმადიანებისათვის მათი რჯულის კაცი დადიოდა, ქრისტანებისათივს – ქრისტიანი. დახლებს შუა კი ბრმა აშუღების საზანდარი იდგა, დაირა, თარი, ჭიანური და დიპლიპიტო ეკავა და ქორ-ოღლიზე მღეროდა. ამათ რომ ჩაუარა, აბრამს ვიღაც დაეჯახა და გასცდა, მან კი უმალ უბეზე იკრა ხელი და რაკი იქ საფულე ვეღარ მონახა, მობრუნდა და ამ მხრის გამკვრელს გაედევნა, ყვირილიც დააპირა, თუმცა თვალი გარადავოის მოჰკრა და ერთიანად შეკრთა. ბაზარში პოლიცია დაიარებოდა. ჯავრი კი ჰკლავდა დაკარგული ფულის გამო, მაგრამ ხმაური არ აუტეხავს. ალი ალახპერ მამედოვი – იაპარავდა ძვირიან ხალიჩებსა და ამას შემდეგ ჰყიდდა პირველი გილდის ვაჭარ სეროპ გიულბენკიანს, თავისი მაღაზია რომ გაეხსნა მანთაშევის რიგებში. მასთან აღმოაჩინეს მასკუბ რასულოვთან მოპარული ხალიჩები, თუმცა გიულბენკიანი დაუძვრა სასამართლოს. მამედოვი კი ჩასვეს ციხეში. მოკლეს 1905 წელს ენფიანჯიანცის თამბაქოს ფაბრიკასთან, ვაგზლის ქუჩაზე, ჯარისკაცებსა და გაფიცულთა შორის ატეხილი სროლისას. მას ამ არეულობაში მოეპარა ხალიჩა და თან მიჰქონდა. ბერდანის თოფიდან გამოვარდნილმა ტყვიამ კი ადგილზევე მოკლა. მისი გვარი წერია ამ შეტაკებისას მოკლულ 38 ადამიანს შორის. (ამონარიდები წიგნიდან "ძველი ტფილისის დამნაშავენი") 1796 5-ს მოსწონს
|