საქართველო
"რომ ეცით ყველა, ჯერ გაერკვიეთ და მერე ლანძღეთ…"- ვისზე საუბრობს გია ხუხაშვილი
2023, 7 სექტემბერი, 16:05
პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის შვილთან ერთად, აშშ-ში ჩარტერული რეისით გამგზავრებას სოციალურ ქსელში ირონიული პოსტით ეხმაურება და წერს:
"ამ ღარიბაშვილს რომ ეცით ყველა აშშ-ში ჩარტერით რატომ წავიდაო? იქნებ FBI-მ დაუქირავა ის თვითმფრინავი ბიძინაზე ჩვენებების მისაცემად. შვილის ამბავი კი მასთან ალიბის შესაქმნელად გამოიყენა.
ჯერ გაერკვიეთ და მერე ლანძღეთ…"- ვკითხულობთ ექსპერტ, გია ხუხაშვილის ფეისბუქპოსტში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის სტრატკომის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის ერთ-ერთ ქალაქში ჩარტერული რეისით ჩაფრინდა, ხოლო იქიდან აშშ-ში რეგულარული რეისით გაემგზავრა:
"საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით, მიზანმიმართულად ვრცელდება ცრუ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შვილთან ერთად აშშ-ში თითქოსდა ჩარტერული რეისით გაემგზავრა. საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ პრემიერ-მინისტრი როგორც ოფიციალური და სამუშაო, ისე კერძო ვიზიტების დროს აშშ-ში მგზავრობს სამგზავრო თვითმფრინავით, სხვადასხვა ავიაკომპანიის რეგულარული, კომერციული რეისებით.
კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ საუბარი იყო ჩარტერულ ფრენაზე, რომელიც განხორციელდა თბილისიდან ევროპის ერთ-ერთი ქალაქის მიმართულებით, ხოლო აშშ-ის მიმართულებით პრემიერ-მინისტრი რეგულარული რეისით გაემგზავრა. კერძო ვიზიტისას პრემიერ-მინისტრის მგზავრობის, ასევე ჩარტერული (კომერციული) რეისის თუ ნებისმიერი სხვა ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა", - ნათქვამია სტრატკომის განცხადებაში.
ცნობისთვის, გუშინ, 6 სექტემბერს, სტრატკომის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა ფეისბუქგვერდზე დაწერა, რომ ღარიბაშვილი აშშ-ში საკუთარ შვილთან ერთად გაემგზავრა, რომელსაც ახალი სასწავლო წელი ეწყებოდა პენსილვანიის უნივერსიტეტში. მისი სიტყვებით, “კონკრეტული მედიასაშუალებები ცდილობენ სკანდალის აგორებას”, თუმცა “სკანდალური არაფერია”.