საქართველო
"დავუშვათ ასეა… არ მესმის, რა არის ამაში ცუდი?!"- რას წერს გია ხუხაშვილი
2023, 2 სექტემბერი, 21:34
პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ევროპის ქვეყნებში ვიზიტს "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება და მის ამ გადაწყვეტილებაში ბიძინა ივანიშვილის როლს ვერ ხედავას. ხუხაშვილის თქმით, გავრცელებული მოსაზრების თანახმად, რომ თითქოს ზურაბიშვლი ევროპაში "ქართული ოცნების" დამფუძნებელთან შეთანხმების შედეგად გაემგზავრა მხოლოდ შეთქმულების თეორიაა და სხვა არაფერი:
"ორი სიტყვა შეთქმულების თეორიაზე იმის თაობაზე, რომ სალომეს ნაბიჯები ბიძინასთან არის შეთანხმებული.
დავუშვათ ასეა…
თუ ამ საკითხს შევხედავთ არა პოლიტიკური დაპირისპირების, არამედ სახელმწიფო ინტერესების პრიზმაში და თუ ამ თამაშის შედეგი მიუხედავად ქართული ოცნების საბოტაჟისა, იქნება ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭება, არ მესმის, რა არის ამაში ცუდი?!
ჩვენ შეიძლება გვქონდეს ბიძინას მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება. დამერწმუნეთ, მე ამის ყველა თქვენთაგანზე ბევრად მეტი მიზეზი მაქვს. მაგრამ, თუ მის თუნდაც ამ მეთოდებით ქმედებებს საქართველოს გრძელვადიანი ინტერესებისთვის რაიმე კარგის მოტანა კიდევ შეუძლია, ამას მხოლოდ მივესალმები.
ჩვენ ყველამ უნდა ვისწავლოთ საკუთარ პოლიტიკურ შეხედულებებზე და ემოციებზე მაღლა სახელმწიფო ინტერესის დაყენება.
P.S. სხვა საკითხია, რომ მე პირადად არ მჯერა ამ შეთქმულების თეორიის… "- წერს ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის უარის მიუხედავად, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბერლინში მაინც ჩავიდა, გერმანიის დედაქალაქში ჩასვლის კადრები პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში თავადვე გაავრცელა. სალომე ზურაბიშვილი ბერლინში გერმანიის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა, რის შემდეგაც უკვე ბრიუსელში გაემგზავრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან შესახვედრად.
30 აგვისტოს, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, რომ სალომე ზურაბიშვილი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებს. აღნიშნული განცხადების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტისთვის მთავრობას ევროპაში ვიზიტებზე თანხმობა არ მიუცია.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებიდან ირკვევა, პრეზიდენტს ევროპის ქვეყნების გარდა, უარი უთხრეს უკრაინაში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ისრაელში ვიზიტებზეც.
"ქართულ ოცნებაში" კი აცხადებენ, რომ პრეზიდენტი მთავრობის თანხმობის გარეშე ვიზიტებით კონსტიტუციას არღვევს. როგორც „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, პრეზიდენტისთვის ევროპაში ვიზიტებზე მთავრობის უარი „საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებასთან დაკავშირებულ რისკებთან არის დაკავშირებული“.