პოეზია "რუსს უნდა დააკვრევინოთ როზგები, თორემ ქართველი ხომ მოგეხსენებათ, მაგისთანებშიაც ქალაჩუნა არის, ისე ვერ დაკრავს, როგორც ზაკონი და კანონია" 2023, 26 აგვისტო, 21:31 ვინაა ის სირაქლემების ჯოგი, რომელიც ქართული პოეზიისა და მწერლობის უდიდეს წარმომადგენლებს არ იცნობს და ნამდვილი ერისკაცების დანაბარევით არ სუნთქავს?! ადამიანები, რომლებიც თავიდან ბოლომდე ფიზიონომიან-სიტყვიან-ქცევებიანად კარიკატურებს ჰგვანან?! ვინ გვიწყვეტს ქვეყნის ბედს ილიაზე, აკაკიზე, ტატოზე, ვაჟაზე უკეთესი და უფრო ჭკვიანი? სიმულაკრი "ერისკაცები"? რა უკბინეს ერს ასეთი, რომ ლეთარგიული ძილით დააძინეს და დაავიწყეს ყველა ზემოჩამოთვლილი დიდებული ქართველის ნაწარმოები, სიტყვა და დანაბარევი?!
ცნობიერების მთლიანობას მოკლებული ადამიანები ორი კულტურის შეჯახების დროს იბადებიან. მით უმეტეს, თუ ერთი კულტურა მეორეს ჩაგრავს პოლიტიკურად, სამხედრო და სახელმწიფო ძლიერების მხრივ.
ცნობიერების მთლიანობას მოკლებული ადამიანების სამყაროში არ არსებობს ამაღლებული. მათი სულიერი მიდრეკილებები შეზღუდულია და არ სცილდება ქონებრივ ინტერესს!! ამის არაერთი მაგალითია ცნობილი კაცობრიობის ისტორიიდან! მათ სამყაროში იღუპებიან ისინი, ვისი სულიც იღვიძებს, მაგრამ გამოღვიძებულისთვის აღარაფერია თავისუფლებისთვის სიკვდილი!
ცნობიერების მთლიანობას მოკლებული ადამიანებისთვის კიუ ცხოა თავისუფლების წყურვილი. სულერთია, გულით ამბობენ თუ ორპირობენ, ისინი ელაქუცებიან ძლიერს, მბრძანებელს, ბოლომდე ავლენენ ლაქიურ ერთგულებას.
წელიწადზე მეტია, ვფიქრობ, ვინც რუსისკენ ილტვის, იმ ხალხს სკოლაშიც არ უვლია? ან თუ უვლია, რას სწავლობდნენ? ვინ არიან და საიდან აღმოცენდნენ ისინი??? პასუხი ცალსახაა: მამონასგან - ფულის და ქონებრივი სტატუსის ძალუმი წყურვილისგან! დიახ, მამონას მონები მერე ცდილობენ ჩვენც მიგვაყიდონ (როგორც გვყიდდნენ ჩვენი შადიმანები) და გვაქციონ სხვა ქვეყნისა თუ ერის მონებად, ოღონდაც მაგათი გაუმაძღარი მუცლები დასკდეს და!
თავისუფალი კაცობრიობა თავისუფალი ერებისა და პიროვნებებისაგან ყალიბდება და ეს ჩვენზე მაგრად იცოდა ტატომ!
საქართველოს ბედი „დიდი ხანია გარდუწყვეტია გულს ირაკლისა" (ერეკლეს), მაგრამ ის, რასაც „ბედი ქართლისაში“ სოფიო ამბობს, პოეტის გულის დაუფარავი ამოძახილია:
რა ხელ-ჰყრის პატივს ნაზი ბულბული, გალიაშია დატყვევებული!
და ველად იგი, ამხანაგთ შორის, ჭირსა, ვით ლხინსა, ერთგვარ დამღერის!
ესრეთ რას არგებს კაცსაც დიდება, თუ მოაკლდება თავისუფლება?
როგორც პიროვნების, ისე ერის მონობა სამყაროს მთლიანობასა და ჰარმონიას არღვევს, იმ უხილავ, მისტიკურ კავშირს წყვეტს, რომლითაც ყველაფერი ერთმანეთს ებმის და ერთიანი ხდება და რა კავშირსაც ბარათაშვილი მთელი არსებით გრძნობდა და სულის თვალებით ხედავდა:
სად დამიღამდეს, იქ გამითენდეს, იქ იყოს ჩემი მიწა სამშობლო;
მხოლოდ ვარსკვლავთა, თანამავალთა, ვამცნო გულისა მე საიდუმლო!“
რა არის ეს გულის საიდუმლო?
„რომ გათენდება დილა მზიანი და ყოველს ბინდსა ის განანათლებს!“
ქართული მე-19 საუკუნე ამ მზიანი დილის მოლოდინი იყო.
მოლოდინი მოლოდინად, სურვილი სურვილად, ოცნება ოცნებად დარჩა. იმდროინდელ ქართულ მწერლობაში ზნეობრივად ამაღლებული და სპეტაკი ყველა პროტაგონისტი იღუპება.
დააკვირდით:
ზვინიდან გადმოვარდნილი გიორგი ურმის ჭალს ზედ დაეგო და დაიღუპა. ოთარაანთ ქვრივი შვილის დარდს გადაჰყვა.
ჰაჯი-უსუბმა თავი მოიკლა, რაკი მისმა აღზრდილმა ზნეობასა და კეთილშობილებას უღალატა.
ბეთლემს შეხიზნულმა ბერმა ცდუნებას ვერ გაუძლო და შეიშალა .
რაკი ონისემ მამის იმედი ვერ გაამართლა, გოჩამ შვილი მოკლა და საზარელი დანაშაულით შეძრწუნებული შეირყა.
ალუდა ქეთელაური - მტრის ვაჟკაცობით აღტაცებულმა, მარჯვენის მოკვეთის ადათი რომ არ შეასრულა და მოსისხლეს მსხვერპლიც შესწირა- თემმა მოკვეთა და გააძევა.
მოძღვარი ონოფრე კატორღაში ჩაკვდა, რაკი უსამართლო და უკანონო ქვეყანაში უდანაშაულობა ვერ დაამტკიცა .
ზებუნებრივი ნიჭი დაკარგა და გველისმჭამელმა მინდიამ თავი მოიკლა.
ასე ტოვებდნენ აქ არსებობის ასპარეზს ისინი, ვინც ღვთის მადლით იყვნენ ცხებულნი...
ერეკლეს გადაწყვეტილების შემდეგ მთელი მე-19 საუკუნის მანძილზე ქართულ აზროვნებაში ორი ნაკადი ებრძოდა ერთმანეთს ზუსტად ისე, როგორც დღეს, 21-ე საუკუნეში – იმედი და ნიჰილიზმი. ყველაზე უფრო მტკივნეული ის იყო, რომ ნიჰილისტებს არ სწამდათ საქართველოს ეროვნული ენერგია! ამიტომ სხვის იმედად ყოფნა ერჩივნათ. ურწმუნოება კი გამოწვეული იყო ხანგრძლივი ეროვნული ჩაგვრით. ეს მკაფიოდ განმარტა გენერალმა ივანე აფხაზმა გრიგოლ ორბელიანთან საუბარში:
„აწინდელი ჩვენი საზოგადოება არის მკვდარი მამულისათვის. ჰსცხოვნებენ უსაგნოდ, დაეხეტებიან უგზოდ… ყოველი ფიქრობს საკუთარი თავისასა სარგებლობისათვის, რომელისა მისაღებად არა მიხედვენ არცა სირცხვილსა, არცა უპატიურსა გზასა, ანგარება არის მათვის თაყვანსაცემი კერპი, რომლითაც გვეკარგება პატიოსნება. გარნა ნუ გგონია რომელ ესე იყოს ბუნებითი თვისება ქართველთა. არა! ესე არს მხოლოდ ნაყოფი ოცდაათის წლის მორჩილებისა“.
მორჩილებას თავი შეიძლება დააღწიო მხოლოდ თავისუფლების მოპოვებით!!! ამიტომ იკითხა ბარათაშვილის პირით გაგულისებულმა მე-19 საუკუნემ:
- მაგრამ შენ, მეფევ, ვინ მოგცა ნება – სხვას განუბოძო შენთ ყმათ ცხოვრება, მისდევდე შენსა გულისკვეთებას და უთურგვნიდე თავისუფლებას?
კითხვა დაგვიანებული იყო! იგი, თუ უფრო ადრე არა, მე-18 საუკუნეში მაინც უნდა დასმულიყო. მაგრამ, რაც მოხდა, მოხდა: ისტორიის შემობრუნება შეუძლებელია. წინ აღარ უნდა დავუშვათ იგივე შცდომები!!! ახლა დავსვათ ეს კითხვა, ვიდრე გვიან არ არის!
კი, ახლა, რადგან მე-19 საუკუნეს ისღა დარჩენოდა, წარსულის შეცდომა მომავლისათვის - ჩვენთვის გამოესწორებინა. განაცხადა კიდეც:
„მოვიკლათ წარსულ დროებზედ დარდი…
ჩვენ უნდა ვსდიოთ ეხლა სხვა ვარსკვლავს,
ჩვენ უნდა ჩვენი ვშვათ მყოობადი,
ჩვენ უნდა მივსცეთ მომავალი ხალხს…“
ილიას ამ სიტყვებით მე-19 საუკუნე სახავდა იმ გზას, საითაც უნდა ევლო ქართველ ხალხს!!! და საითაც უნდა ვიაროთ ჩვენ, რადგან ჯერჯერობით არავინაა ილიაზე, ტატოზე, აკაკიზე, ვაჟაზე ჭკვიანი და ერის ნაღდი, გულწრფელი გულშემატკივარი დღეს!
1832 წელს სოლომონ დოდაშვილმა მოუწოდა ქართველებს – „…აწ ხედავთა დამხობასა და არარაობასა მამულისა ჩვენისასა? ჰგრძნობათა შეიწროებასა ყოველისა კაცისასა? რაჲსთვის არის ესე ესრეთ? ნუ უკვე ჩვენ არა გვაქვს სიმხნე და ძალი ესოდენი, რაოდენიც ჩვენს მამათა ანუ სხვათა მსგავსთა კაცთა?! მაშა რაჲსთვის ვცოცხალვართ?!“ ეს იყო ხელის განძრევა ზუსტად ისე, როგორც ჩვენ ვანძრევთ აქ, ამ ფეისბუკში და რომელიც სხვა არაფერია თუ არა უკმაყოფილების პორციებად ამოშვება (კათარზისი), რომ არ დაგროვდეს და ერთბაშად არ იხუვლოს!
ალექსანდრე ორბელიანი გაუბედავად მაინც ფიქრობდა – „მე რუსები საქართველოში არ მიყვარან, მინდა აქედან ისე გადაიკარგნენ, რომ საქართველოს სუნიც იმათ ვეღარ მიედინოს და რუსეთში კი ბედნიერად იყვნენ“
დოდაშვილისა არ იყოს, მართლა რაისთვის ვცოცხლობთ? ხელფასიდან ხელფასამდე მოლოდინისთვის, რომ ოვერდრაფტები და სესხები დავისტუმროთ და კუჭი ამოვივსოთ???მართლა რისთვის ვცოცხლობთ, თუ ჩვენი ნიჰილიზმით კისერს ვუშვერთ ისევ მონობას?? ისევ ვუღებთ "დარიალის კარს" ბატონს?
სულმნათმა აკაკიმ ხომ დაგიბარათ:
„მონას რად უნდა კრული სიცოცხლე?
ვისთვის აანთოს წმინდა ლამპარი?
სჯობს მონობაში გადიდკაცებულს
თავისუფლების ძებნაში მკვდარი!“
ზოგი ძლიერი ამა ქვეყნისა ზუსტად ისე მიმარტავს დღეს რუსეთს, როგორც ილიას „გლეხთა განთავისუფლების პირველ-დროების სცენებშია“:
"აი, მუხლმოდრეკითა გთხოვთ – ნუ გადააჭარბებთ. ეს კია, რომ რუსს უნდა დააკვრევინოთ როზგები, თორემ ქართველი ხომ მოგეხსენებათ, მაგისთანებშიაც ქალაჩუნა არის, ისე ვერ დაკრავს, როგორც ზაკონი და კანონია!"
39 2-ს მოსწონს
|