პოეზია ვინ ვარ და შენა ვარ! 2021, 13 მაისი, 23:56 მე "მე" ვინც დამარქვა,
მერე კი მაუღლა,
ვინც სულად შემქმნა და
სხეულს შემაუღლა,
ის კითხვა დამისვა,
იმ კითხვით დამმესრა,
წესით და რიგით რომ
მე უნდა დამესვა....
და ვიკვლევ, ვინა ვარ?
რისთვის და რატომ ვარ,
აქ, ახლა რომ შემქმნა,
კითხვით რად დამტოვა?...
ვფიქრობ და...
ფიქრებში ავტეხე განგაში...
შენც მინდა იცოდე:
ფერი ვარ ნახატში,
მუსიკის ბგერა ვარ...
ლექსების ენა ვარ,
ხანდახან მაგრად ვარ,
ხანდახან ვერა ვარ...
ყველგან ვარ,
ყველა ვარ,
ვინ ვარ და ...
...შენა ვარ!
მე შენ ვარ საწყისში...
შენ კი მეს ნაწილში
მიყურებ, ვერ მხედავ..
რად გინდა შეხება?
დრო მოვა,
ისედაც მიგრძნობ და შემხედავ!
შედგება შეხვედრა...
...
სულები
სხვადასხვა სხეულით მორთულნი,
ერთმანეთს უხილავ ძაფებით მობმულნი
ურთიერთს გზას ვაძლევთ,
ან კიდევ - გზას ვუკრავთ,
ერთურთის კლავიშზე
ბედ-იღბლის მარშს ვუკრავთ..
მე შენით ვშენდები
და შენ თუ დამაქცევ,
ამ ჩემი დაცემით
ისევ შენ წაგაქცევ,
ძაფებს თუ ვერ ხედავ,
მიგრძენი, მიფიქრე,
შენს სულში აცივდა?
მე გადავიფიფქე..
მე შენმა არევამ ამრია- დამრია..
ერთი ვართ,
ჩვენ ირგვლივ ერთი ჟღერს არია,
სამყაროს ექო ვართ,
სამყაროს ბგერები,
მოზიდე ნერვები,
იგრძენი ველები...
თუ ვინმე არ მოგვწონს,
ჩვენ თვითონ შევქმენით:
შენ - ზიზღით,
სხვამ - შურით,
მე კიდევ - შექებით...
როდის ხარ - მაშინ ვარ!
სადაც ხარ - იქა ვარ!
ძაფების ქსელიდან გავძრები?
ვიკარგავ -
სრულყოფილ კავშირს და
ერთობას ღვთიურთან...
ვერასდროს მოვხვდები
ციურთან,
მზიურთან...
მახსოვს და გახსოვდეს,
რაც მხიბლავს, ისა ვარ...
რაც გიყვარს, ისა ხარ....
თუ მიზანს ისახავ
მიზანთან მიხვალ და
მერწმუნე, იქ მნახავ!
მე მე ვარ,
მე შენ ვარ,
მე ის ვარ,
მე ჩვენ ვარ,
მე თქვენ ვარ...
და მე ვარ... და მე ვარ ისინი!
თუ ტირი, მეც ვტირი...
იცინი - ვიცინი!..
როცა ამ ერთობას სისრულით შევიგრძნობთ,
სამყაროს სულის ხმას მოვისმენთ, შევიცნობთ:
ჩვენა ვართ ყველაში,
ეს ყველა - ჩვენშია,
ყველა - ყველაფერში
და ყველა ფერშია.
უსასრულეთიდან მოვდივართ ყველანი-
ჩვენ მარადისობის სიცოცხლით მკვლევარნი,
სიკვდილით სიკვდილის დათრგუნვის მძევალნი..
მონანი, მხევალნი...
...
ჩვენ ნაწილები ვართ,
მთელი კი - ერთია!!
რაც ჩემი გგონიათ,
ის ისევ თქვენია ..
იმათიც - თქვენია,
თქვენი კი - ჩემია...
სხვას რაც დაუკარგავს,
არც მე დამრჩენია!
თან ვერას წავიღებთ,
მხარზე ვერ გავიდებთ,
აქედან ნაფიქრალს
და განცდილს ავიკრებთ,
როდესაც სამიწედ
ხელს გულზე დავიკრეფთ.
მე შენში ვვლინდები,
შენ ჩემი განძი ხარ,
მძიმედ ან მსუბუქად მხარზე თუ მაზიხარ,
ამ მხარზე ადგილი არ რჩება ეშმაკის...
წინ თუ ხარ,
მე შენი ჩრდილი ვარ,
შენ - სარკის...
უკან თუ მიდგახარ,
ძალას გგრძნობ მისაყრდნობს...
მე სხვისთვის ვიტაძრებ,
მან კი - შენ გისაყდროს.
გულისხმას უსმინე,
თვალს დახვდი დასახვედრს,
ერთურთში ასარკვით
საკუთარ თავს და ღმერთს
შევიცნობთ,
შევიგრძნობთ!
დავასკვნით -
ერთი ვართ...
ყველანი ერთ ველად შეკრული ღმერთი ვართ!
ინლაკეშ*!
/მარიკა ბერძენაძე/
ინლაკეშ - მაიას ტომების ადამიანები ასე ესალმებოდნენ ერთმანეთს, რაც ნიშნავდა " მე შენ ვარ, შენ მე ხარ" 211 9-ს მოსწონს
|