x
მეტი
  • 04.05.2024
  • სტატია:134617
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508756
რით იყო დაკავებული ოდრი ჰეპბერნი მეორე მსოფლიო ომის დროს: ჰოლივუდის ვარსკვლავის საიდუმლო ცხოვრება

image


ეს გახლავთ ჰოლანდიელი არისტოკრატის ცხოვრების საოცარი ისტორია, რომელიც საკამათო პოლიტიკური მიდრეკილებების მქონე მშობლების ოჯახში აღიზრდილ გოგონაზე მოგვითხრობს. მსახიობი საკუთარ ქვეყანას ნაცისტებთან ბრძოლაში თავდაუზოგავად ეხმარებოდა, მან ომისა და შიმშილის ყველა საშინელება საკუთარ თავზე გადაიტანა. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ოდრი ჰეპბერნი გახდა მეგავარსკვლავი, უცხოელი, რომელმაც ჰოლივუდი დაიპყრო. ცოტამ თუ იცის, რომ კინოლეგენდა ორმაგ ცხოვრებას ეწეოდა. მისი საიდუმლო კი იმაში მდგომარეობდა, რომ ის მეორე მსოფლიო ომის დროს ჰოლანდიის წინააღმდეგობის აქტივისტი გახლდათ. ჰეპბერნი თავისი არაჩვეულებრივი ნიჭის წყალობით იატაკქვეშელებისთვის დახმარების აღმოჩენას ყველანაირად ცდილობდა.




ჰეპბერნების ოჯახის ისტორია


image


პატარა ოდრი დედასთან, ელა ვან ჰეემსტასთან და მამასთან, ჯოსეფ ენთონთან ერთად

ოდრი ჰეპბერნი 1929 წლის 4 მაისს დაიბადა. დაბადებისას გოგონას ოდრი კეთლინ რასტონი დაარქვეს. ის ორივე მხრიდან არისტოკრატული წარმოშობის გახლდათ. ოდრის ჰოლანდიელი ბაბუა, ბარონ ვან ჰეემსტრა, სურინამის სამხრეთ ამერიკის კოლონიის ყოფილი გუბერნატორი და არნემის ყოფილი მერი იყო. მომავალი ვარსკვლავის მამა კი ინგლისელი გახლდათ და სამეფო სახლთან ნათესაობაზე პრეტენზიას თავისი წინაპრის, შოტლანდიის დედოფლის მარიამ სტიუარტის მესამე ქმრის, ჯეიმს ჰეპბერნის მეშვებოთ აცხადებდა. ოჯახი საცხოვრებელ ადგილს ხშირად იცვლიდა და გამუდმებით ბელგიიდან ინგლისში, ინგლისიდან კი ნიდერლანდებში გადადიოდა, ასე იზრდებოდა პატარა ოდრი ან იგივე ადრიაანტიე, როგორც მას ოჯახის წევრები ეძახდნენ.



image


ჰეპბერნები გერმანიას 1930-იან წლებში ეწვივნენ. ისინი იქ არა მხოლოდ ცნობილ ბრიტანელ ფაშისტებს (მათ შორის სერ ოსვალდ მოსლის), არამედ თავად ჰიტლერსაც შეხვდნენ. ამის შემდეგ, ოდრის დედა, ელა ნაცისტური პარტიის კონგრესსაც დაესწრო. ინგლისში დაბრუნების შემდეგ ჰიტლერით მოხიბლული ის ფიურერს ბრიტანულ ფაშისტურ გამოცემებშიც კი აქებდა, როდესაც ელა ნაცისტებით იყო აღფრთოვანებული, ოდრი იმ მოკლე დროის დავიწყებას მთელი ცხოვრება ცდილობდა.


image


ბარონესამ 1940 წელს ნიდერლანდების სასტიკი ნაცისტური ოკუპაციის დროს აზრი რადიკალურად შეიცვალა. მან ჰოლანდიური წინააღმდეგობის მოძრაობის დახმარება დაიწყო. მას შემდეგ კი, რაც ნაცისტებმა ოდრის საყვარელი ბიძა ოტო ერნსტ გელდერი, გრაფი ვან ლიმბურგ-შტირუმი სიკვდილით დასაჯეს, ოჯახის მწუხარებას საზღვარი არ ჰქონდა. მისი დაკარგვის ტკივილი იმდენად ძლიერი იყო, რომ ჰეპბერნი ცდილობდა ბიძის სახელი არასოდეს ეხსენებინა.




ოდრიმ ბავშვობის უმეტესი ნაწილი ოკუპაციაში გაატარა


image


ხალხი ნიდერლანდების გათავისუფლებას აღნიშნავს

კინოსა და მოდის მომავალი "ხატი" ერთი შეხედვით ზედმეტად მყიფე იყო, იმისთვის რომ გერმანულ ჯარებს დაპირისპირებოდა. ოდრი ჰეპბერნი არისტოკრატი გახლდათ. ჯერ კიდევ ბავშვობაში ის ბალეტით იყო გატაცებული და პრიმა ბალერინობაზე ოცნებობდა, თუმცა გოგონას ამბიციურ გეგმებში მეორე მსოფლიო ომი უხეშად ჩაერია. ომმა ადამიანებს არა მხოლოდ ცხოვრებისეული გეგმები გაუნადგურა, არამედ მრავალი ადამიანის სიცოცხლეც შეიწირა. ტრაგედია ჰეპბერნების ოჯახსაც შეეხო.


image


საყვარელი ბიძის ოტოს სიკვდილმა ოდრი ჰეპბერნი მორალურად გატეხა

ოდრი ბრიუსელში დაიბადა. მოგვიანებით ოჯახი საცხოვრებლად ჰოლანდიაში გადავიდა. მომავალი მსახიობის დედას, ელას სჯეროდა, რომ ეს ნეიტრალური ტერიტორია იყო, თუმცა ის ისევე როგორც ბევრი სხვა მწარედ ცდებოდა. 1940 წელს ქვეყანაში გერმანელები შეიჭრნენ და სულ სხვა ცხოვრება დაიწყო. ოდრის სახლთან ადგილობრივი ბანკის ფილიალი იყო, სადაც ნაცისტებმა ციხე მოაწყეს. ახალგაზრდა გოგონას წამების მსხვერპლთა საშინელი ყვირილი გამუდმებით ესმოდა, რამაც მასზე ძალიან ძლიერი გავლენა იქონია. ელა ნაცისტების მხარდაჭერას აგრძელებდა. მან რომანი გერმანელ ჩინოვნიკთანაც კი გააბა. 1941 წლის ბოლოს ქალმა არნემში გერმანელთა მიერ დამტკიცებული მუსიკალური საღამო მოაწყო, სადაც ოდრი და მისი ძმა, იანიც გამოდიოდნენ.


image


ბედის ირონიით, ჰეპბერნის ბალეტის მასწავლებელი ვინა მაროვა ებრაელი იყო. რა თქმა უნდა, ქალი ამ ფაქტს ოკუპანტებისგან გულდასმით მალავდა. სხვების მსგავსად, ასევე ოდრიც თვლიდა, რომ დედამისი ნაცისტებს მხარს ამ პერიოდში სწორედ მისი და მისი ძმების გამო უჭერდა. ელას ეს მინიმალური წინააღმდეგობის გზად მიაჩნდა, თუმცა მათ ვერც ამან უშველა. მისი ვაჟი ალექსი იატაკქვეშელი გახდა, ისევე როგორც იანიც, მალევე ორივე მათგანი დააპატიმრეს და საკონცენტრაციო ბანაკში გაგზავნეს. ნაცისტების პოლიტიკასთან შეუთანხმებლობის გამო ოდრის ბიძა, პროკურორი ოტო კი სიკვდილით დასაჯეს, რაც ყველასთვის ბოლო წვეთი აღმოჩნდა. ქალაქ არნემის მახლობლად მდებარე სოფელ ველპში ადგილობრივ მოსახლეობას საკვები არ ჰქონდა, ვინაიდან მათ ყველაფერს გერმანელები ართმევდნენ, შიმშილით მთელი ოჯახები იღუპებოდნენ.


image


ოდრი ტიტების ბოლქვების წყალობით გადარჩა, რასაც ის საკვებად იყენებდა. დაბომბვას გოგონა დედასთან ერთად სარდაფში ემალებოდა. ჯურღმულები ამ ადგილებში საბედნიეროდ ბევრი იყო, რაც წინააღმდეგობრივ მოძრაობას ძალიან ეხმარებოდა, ვინაიდან იქ დამალვა უსაფრთხოდ შეიძლებოდა. ერთხელ ჯგუფმა იქ ჩამოგდებული ბრიტანელი მფრინავი, მეტსახელად "წითელი ეშმაკიც" კი დამალა.



როგორ მუშაობდა ოდრი ჰეპბერნი ჰოლანდიური წინააღმდეგობის მოძრაობისთვის


image


დამწყები ბალერინა ოდრი ჰეპბერნი

სოფლის ყველაზე ცნობილ მოქალაქეებს, სადაც ოდრის ოჯახი ცხოვრობდა ან სიკვდილით სჯიდდნენ ან ბანაკებში აგზავნიდნენ. ადგილობრივ იატაკქვეშელებს დოქტორი ჰენდრიკ ვისერტ ჰუფტი ხელმძღვანელობდა, რომელიც წარმოუდგენლად სასოწარკვეთილი ადამიანი გახლდათ. იატაკქვეშა ორგანიზაციაში ოდრი ჰეპბერნის მონაწილეობის დეტალები ზუსტად არის აღწერილი რობერტ მაცენის წიგნში "ჰოლანდიელი გოგონა: ოდრი ჰეპბერნი და მეორე მსოფლიო ომი". მწერალი მისხალ - მისხალ აგროვებდა ღირებულ ინფორმაციას, რისთვისაც ის ნიდერლანდებს არაერთხელ ეწვია. მან ბევრი ინფორმაცია შეიტყო არქივიდან, აიღო ინტერვიუები ადამიანებისგან, რომლებმაც ომის დროს ჰეპბერნის ცხოვრების შესახებ იცოდნენ. წიგნმა ვარსკვლავი სრულიად ახლებურად, სულ სხვა კუთხით წარმოაჩინა და მისი სამხედრო წარსულის შესახებაც ბევრ ადამიანს თვალი აუხილა.


image


ოდრიმ ყველასგან მოულოდნელად წარმატებას ბალეტის ნაცვლად კინოში მიაღწია


ოდრი ჰეპბერნი დოქტორ ჰუფტს ეხმარებოდა. ის მისი ასისტენტი გახდა, რაც გარედან მხოლოდ მედდის საქმიანობას ჰგავდა, სინამდვილეში კი ყველაფერი გაცილებით დრამატულად იყო – ოდრი კურიერისა და შიკრიკის ფუნქციას ასრულებდა. ახალგაზრდა გოგონა იატაკქვეშელებსა და ამ ტერიტორიაზე ჩამოგდებულ პილოტებს შეტყობინებებს აწვდიდა. ერთხელ ის დამსჯელთა რაზმს პირისპირ გადააწყდა, რომელთაც თავი ოდრიმ გულუბრყვილო სულელად მოაჩვენა, ყვავილების თაიგული შეუგროვა და უსახსოვრა, რითიც ყველა მათგანი მოხიბლა. ჰეპბერნმა ბრწყინვალედ შეასრულა თავისი როლი, და მას დაუჯერეს. ეს სამსახიობო თვისებები მას მომავალში ჰოლივუდის დაპყრობაშიც დაეხმარა.



image


ოდრის შემდგომში ჰოლივუდის დაპყრობაში თავისი საოცარი ნიჭი დაეხმარა

დოქტორმა ვისერტ ჰუფტმა და სხვა იატაკქვეშელებმა ახალგაზრდები მაქსიმალურად გამოიყენეს. მათ ძალიან ბევრის გარისკვა მოუწიათ. ოდრი, რომელმაც განათლება კენტიში მიიღო და ინგლისურ ენას თავისუფლად ფლობდა, ფასდაუდებელი შუამავალი იყო. გოგონამ ჰუფტის გეგმების განხორციელებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა.


image


ამასობაში ჰეპბერნი ცეკვას აგრძელებდა. ის არნემის მუნიციპალურ თეატრში გამოდიოდა, რომელსაც "zwarte avonden"-ი ერქვა, რაც თარგმანში "შავ საღამოებს" ნიშნავდა. ასე კი იმიტომ უწოდებდნენ, რომ დარბაზების ფანჯრები ჩაბნელებული ან დახურული იყო, რათა ის გარეშე თვალისგან შეუმჩნეველი დარჩენილიყო. მაყურებელს ტაშის დაკვრისაც კი ეშინოდა იმის შიშით, რომ ახალგაზრდა ბალერინას დააკავებდნენ. ამგვარად ცდილობდა ოდრი ოკუპაციის ქვეშ მყოფი ხალხის სულისკვეთების ამაღლებას. ყველაფერთან ერთად, მომავალი კინოლეგენდა ცეკვის საშუალებით წინააღმდეგობის მოძრაობისთვის ფულის გამომუშავებას და იატაკქვეშელების მიერ გადამალული ებრაელების გამოკვებასაც ახერხებდა, თუმცა ერთხელ ამან მორიგე ნაცისტების ყურადღება მაინც მიიპყრო, საბედნიეროდ ჰეპბერნმა ამ შემთხვევაშიც თავისი ბრწყინვალე სამსახიობო ნიჭი წარმატებით გამოიყენა.



image


ოდრი ჰეპბერნი მის პატივსაცემად გამართულ ქუჩის გახსნაზე



ომმა ოდრის ცხოვრებაზე ბევრი ნაიარევი დატოვა


image


ის უღრუბლო წარსულის მქონე უდარდელი გოგოს შთაბეჭდილებას ტოვებდა

მას შემდეგ, რაც ჰოლანდია მოკავშირეთა ძალების მიერ იქნა გათავისუფლებული, აღდგენილი ხელისუფლება ყველა კოლაბორაციონისტის დასჯას ცდილობდა. ელა ჰეპბერნი დაკითხვაზე დაიბარეს. ხანგრძლივი პროცესის შემდეგ, ოჯახს ყველა ბრალდება მოეხსნა. დედა-შვილი ინგლისში გაემგზავრა. შიმშილისა და ნერვული ცხოვრებით შელახული ჯანმრთელობის გამო ოდრის ბალერინის კარიერის დასრულება მოუწია. ანგელოზის გარეგნობის მქონე გოგონამ ჰოლივუდის ყურადღება მიიპყრო. ფილმ "რომაულ არდადეგებში" შესრულებული პირველი კინოროლის შემდეგ მან ვარსკვლავად გაიღვიძა. უდარდელი პრინცესას თამაში ჰეპბერნისთვის ძალიან ბუნებრივი და ორგანული აღმოჩნდა.



image



ოდრი ჰეპბერნი და გრეგორი პეკი ფილმში "რომაული არდადეგები"

ამის შემდეგ იყო ბევრი ფილმი და არაერთი დასამახსოვრებელი კინოროლი, თუმცა ერთადერთ როლზე, რომელზეც ოდრიმ უარი თქვა იყო ანა ფრანკი. მას აღნიშნულ როლს იმიტომ სთავაზობდნენ რომ ორივე გოგონა ნიდერლანდებში ომგამოვლილი და დაახლოებით ერთნაირი ასაკის იყო, თუმცა ჰეპბერნმა როგორც კი სცენარი წაიკითხა მის თამაშზე მაშინვე უარი თქვა. მოგვიანებით, ის ღიარებს, რომ არ სურდა რომ დედის წარსული მთელი მისი "სიდიადით" წარმოჩენილიყო. ფილმის მოვლენების ფონზე, ბევრს გაუჩნდებოდა მის წარსულში კიდევ უფრო მეტად ჩაღრმავების სურვილი. ოდრის ყოველთვის უჭირდა ომის გახსენება. მის კინოკარიერაში არ არის როლები მეორე მსოფლიო ომის შესახებ. ის ყოველთვის ცდილობდა ამ თემისთვის გვერდი აევლო.


image


ოდრი ჰეპბერნი არა მხოლოდ ჰოლივუდის ვარსკვლავი, არამედ შესანიშნავი დედაც გახდა

ჰეპბერნმა მილიონობით კინომაყურებლისთვის სილამაზის ახალი იდეალის წარმოჩენით მთლიანად დაამსხვრია მანამდე არსებული დიდმკერდიანი, ჰოლივუდელი ქერათმიანი ვარსკვლავის იმიჯი. ოდრი წარმოუდგენლად სუსტი და გამხდარი იყო, მაგრამ ცოტამ თუ იცოდა რომ მისი ასეთი სიგამხდრე ომის დროს არასრულფასოვანი კვებითა და შიმშილით იყო განპირობებული. თავად ოდრი და ჰოლივუდის ავტორიტეტებიც საიდუმლოდ ინახავდნენ ისეთ დეტალებს, როგორიცაა ომის დასაწყისში ელა ჰეპბერნის მიერ ნაცისტების მხარდაჭერა და მის მიერ ოკუპანტების წინაშე ცეკვა, მაგრამ რა არჩევანი ჰქონდა მას?


image


ოდრი ჰეპბერნმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დედის მიერ ნაცისტური რეჟიმის ხანმოკლე მხარდაჭერა მეხსიერებიდან საბოლოოდ წაეშალა

ოდრი ჰეპბერნს კინოში არაერთი შესანიშნავი როლი აქვს შესრულებული, თუმცა მის საუკეთესო წარმოდგენას, ადგილი ალბათ, უფრო მანამდე ჰქონდა, სანამ ის ჰოლივუდის სამყაროში ადგილს დაიმკვიდრებდა.





ჰეპბერნმა საბოლოოდ მოახერხა წარსულთან შეგუება. წლების შემდეგ, რაც ოდრი მეგავარსკვლავი გახდა მან მონაწილეობა მიიღო "ანა ფრანკის დღიურის" საჯარო კითხვაში, მოგვიანებით კი "იუნისეფის" კეთილი ნების ელჩიც გახდა. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ოდრი ომისგან განადგურებულ სომალისაც სტუმრობდა.


image











0
276
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
276