x
მეტი
  • 26.12.2024
  • სტატია:139069
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512603
,,ნაცრისფერი აღსარება"

image
ზაზა – 35 წელს გადაცილებული კაცი.
ქალი – ზაზას საყვარელი.
მოქმედება საძინებელში
ზაზა: იცი, ზოგჯერ ჩემი თავი მწერალი მგონია. ისეთი მწერალი, რომელსაც სხვა წერს, ანუ მწერალი და ამავდროულად პერსონაჟი. თან რაღაც არასწორად დაწყებული რომანის. ძალიან, ძალიან იდიოტური რომანის. მე ცოცხალი პერსონაჟი ვარ. თითქოს ვიღაც იძულებით მწერს ასეთად და სინამდვილეში სულ სხვანაირი ვარ. იცი, მართლა მწერალი რომ ვიყო, ახლავე დავანებებდი წერას თავს იმიტომ, რომ არ მინდა სხვა პერსონაჟებიც ასეთ დღეში ჩავაგდო. რომ ვფიქრობ, კმაყოფილი პერსონაჟი არსად მეგულება. იცი, მიყვარს როცა ისე წერს ვინმე, რომ არც გაგრძელება იცის და არც ფინალი. წერს და მიჰყვება სამ ლოგიკურ თუ მეტალოგიკურ დინებას, თავის, პერსონაჟების და სიტუაციის. მიყვარს, როცა მწერალი მათთან ცხოვრობს, როცა არ ახასიათებს ცალმხრივად მხოლოდ დადებითს ან უარყოფითს. მიყვარს იმის შეყვარება, ვინც უნდა მძულდეს, აუტსაიდერების გულშემატკივრობა მიყვარს და გულწრფელი რეალობა. მე ჩემი თავი მიყვარს. შენ, შენ თუ გიყვარვარ? შენ ძილი უფრო გიყვარს. იმიტომ, რომ ის უფრო გაკლია. სამაგიეროდ მე არ გაკლივართ არავის. ეს იმიტომ, რომ მე ფანტაზია მაკლია. ერთი უბრალო, არაჩვეულებრივი რეალისტი ვარ. უბრალო? თუ პერსონაჟი ვარ – კი. თუ მწერალი პერსონაჟი, მაშინ არც ისე და თუ ამოუცნობი უფრთო ობიექტი, მაშინ გვარიანად ბრალიანი. მდაა... სამაგიეროდ ვიცი ის, რომ ადამიანი ვარ. ვიცი ის, რომ რაც ვიცი – ვიცი. აბა, ყველა სოკრატესავით ჭკვიანი ხომ არ იქნება... კიდევ ის ვიცი, რომ ცხოვრებაში მთავარი რწმენაა. როგორც გწამს, ისეც ცხოვრობ. ვა, ვინ რეკავს ნეტავ?
ქალი: აუუ, დროზე უპასუხე რა! ვინ რეკავს ასეთ დროს...
ზაზა: გისმენთ... არა! ხვალ, უფრო სწორედ დღეს. რატომ? ბაზარი არაა, ხომ გითხარი, ნურაფერზე ნერვიულობ. არაფრის, კარგი.
ქალი: რა ტკბილად ჩამძინებია. თან თითქოს გაუთავებლად რაღაცას მელაპარაკებოდი. ნეტავ რას მეუბნებოდი...
ზაზა: ისეთს არაფერს, აღსარებას გაბარებდი.
ქალი: ჰმ, დამცინი ხო?
ზაზა: არა, რატომ დაგცინი?
ქალი: აბა მე რომელი მღვდელი მნახე?
ზაზა: მერე რა, არ შეიძლება?
ქალი: ვის, ვის და მე აღსარება? აუ, სულ გამოვფხიზლდი.
ზაზა: ხო, ზუსტად შენ, თანაც მძინარს. მერე რა მოხდა?
ქალი: შენ რა, სერიოზულად მეკითხები, თუ გინდა რომ მე მათქმევინო მაინცადამაინც? კარგი, ბაზარი არაა! იმიტომ, რომ მე ბოზი ვარ.
ზაზა: ხოდა მძინარ ბოზს ვაბარებდი აღსარებას. მიუგო უდარდელად და სიგარეტს გაუკიდა.
ქალი: მოიცა, ეს “მიუგო უდარდელად და გაუკიდა” რა პონტია, მთხრობელი ხარ? ვეღარ გცნობ ზაზა.
ზაზა: შენს თავს ცნობ? ჯერ შენს თავს უნდა ცნობდე.
ქალი: კი, ჩემს თავს ვცნობ. მეც ერთი უკმაყოფილო პერსონაჟი ვარ.
ზაზა: გესმოდა? აკი მეძინაო?
ქალი: მეძინა, რომ მეძინა იმიტომ მესმოდა და ახლაც მძინავს. როცა გავიღვიძებ, ეს კოშმარიც დამთავრდება. შენ არ თქვი – როგორც გწამს, ისეც ცხოვრობო?
ზაზა: არ დამთავრდება, უარესი დაგეწყება. თუ სიზმარში ჩემთან გულაობ, ცხოვრობ ისეთი ცხოვრებით, რომ კოშმარად აქციე, მაშინ რომ გამოფხიზლდები გულში მაინც მოგინდება ჩემთან ან სხვასთან იგივე თავგადასავლები და ყველაფრის აწეწვა. ეს შენს ბუნებაში ზის, თორემ ასეთ სიზმარს არ ნახავდი. ხოდა თავისუფალი ცხოვრების კოშმარით შეშინებული აღარ გააკეთებ ცხადში იგივეს, სურვილებს გულში ჩაიკლავ, გულჩათხრობილი და უბედური იქნები.
ქალი: ზაზა, მართლა მაშინებ. ისე, თუ პერსონაჟები ვართ და ასეთად გვწერენ, მაშინ მეც სხვანაირი ვარ და რომ გავიღვიძებთ, ცხადში ასე არ იქნება, ხომ?
ზაზა: აი, შეხედე, ახლა შენ თავის გადასარჩენად შენი და ჩემი რწმენა ერთმანეთს შეუერთე და იმედი გამოძერწე, მაგრამ მე ისიც ვთქვი, ზოგჯერ მწერალი პერსონაჟების ცხოვრებას მიჰყვება და უბრალოდ აღწერს მეთქი, ანუ თავისუფალი ნება და თან უამრავი შეზღუდვა. მაგრამ ჩვენ რომ ვთვლით, რომ სხვანაირები ვართ... მე რომ ყველაფერი ბანალური მეჯავრება და მთელი ჩემი ცხოვრება სულ ბანალია...
ქალი: ცხოვრება ისედაც ბანალურია, ზაზა. თუ მწერალი თავისუფალი ნების არჩევანს გვაძლევს, ჩვენ კი ჩვენს სწორ და სრულ თვითრეალიზებას არ ვახდენთ, ეგ ჩვენი ბრალია, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩემი გამოძერწილი იმედიც კვდება. ანუ შენ გამოდიხარ მართალი, რომ რაც ჩემს ბუნებაშია, გაღვიძების შემდეგ ის დამტანჯავს.
ზაზა: ჰოპ, იმედი ბოლოს კვდება! ბოლო, ბოლო, ჩვენ ხომ ცოცხალი არსებები ვართ?! ესეიგი შეგვიძლია ვიმოქმედოთ, რამე მაინც შევცვალოთ...
ქალი: ცოცხალი არსებები? ეს აქ, ამ რეალობაში. თანაც თვითონ თქვი – თავისუფალი ნება უამრავი შეზღუდვებით. ანუ მისი ნების გარეშე რა უნდა შევცვალოთ?
ზაზა: ჯერ ერთი, ამ რეალობაში და იმ რეალობაში მე არ მესმის. რეალობა ერთია. ჩვენ ცოცხალი არსებები ვართ და აი, არსებობს თუ არა მწერალი, ეგ სადაოა. მეორეც ის, თუ გვწერს და გვქმნის ვინმე, მაშინ რატომ ფიქრობ რომ ცუდადაა ჩვენს მიმართ განწყობილი და არ ექნება ნება ჩვენ ჩვენი ბანალური კოშმარი შევცვალოთ?
ქალი: მაგდენი აღარ ვიცი ზაზა, უკვე დამაბნიე. დანარჩენს მაშინ გეტყვი, რომ გავიღვიძებთ.
ზაზა: და რომ გავიღვიძებთ იქაც ასე ვიქნებით ერთად?
ქალი: ეგ უკვე იმან იცის, ზევით.
ზაზა: ვინ?
ქალი: მწერალმა.
ზაზა: რატომ მაინცადამაინც ზევით?
ქალი: იმიტომ, რომ ქვევიდან ზევით არავინ წერს და კითხულობს.
ზაზა: იცი, მეც ავიბენი ჩემს თავში. განა პერსონაჟს ან მარიონეტს როგორ შეუძლია ჰქონდეს თავისი ნება?
ქალი: შენ ხომ რეალისტი ხარ ზაზა? ხოდა რეალობაც ესაა! შენ ხომ გაქვს სურვილები, პრეტენზიები, ისიც კი არ იცი პერსონაჟი ხარ თუ არა, სამაგიეროდ დარწმუნებული ხარ, რომ ცოცხალი არსება ხარ. ხოდა ისევ შენ ხარ მართალი! შეგიძლია იმოქმედო და იმოქმედე! მიდი, შეცვალე შენი ბანალური კოშმარი! საქმე იმაშია, თვითონ თუ ვერ შეიცვლები, ცხოვრებას რა შეგიცვლის? ეს თუ შენს ბუნებაშია, უარესად ხომ არ გაუბედურდები? მიდი, იმოქმედე რასაც მე მეუბნებოდი შენი შეხედულებებით. იცნობ შენს თავს? ჯერ შენს თავს უნდა იცნობდე ხომ თურმე, სხვისი ბუნება რომ შეაფასო? თუ თვლი, რომ სხვანაირი ხარ და თან იმასაც ამბობ – “აკეთებ იმას, რაც შენს ბუნებაშიაო", მაშ რატომ იბნევი? მაპატიე, ასე ვიცი ხოლმე ერთიანად ამოხეთქვა.
ზაზა: გარკვეულწილად შენ მართალი ხარ თუმცა, მე შემიძლია ვიმოქმედო შეძლებისდაგვარად. შემიძლია შევეცადო, რომ რაიმე შევცვალო და მთავარი ისაა, რომ ამ ჩემს ბანალურ კოშმარში ყველაფერი ისე არ ყოფილა, როგორც ეს ჩემს ბუნებაშია. მთლად ყველაფერი ასე არ იყო და ზუსტად მაგიტომ ვარ სხვანაირი.
ქალი: იმაზე ამბობ ხომ? მიდი, თქვი, ზაზა! ჩემთანაც ხომ მაგიტომ წევხარ, რომ შენს ყოფილ ძმაკაცს ვერ პატიობ და სამაგიეროს უხდი? სულელი არ ვარ და ვხვდები, თუმცა მკიდია, მთავარია მეც მომწონს ეს. მარტო ერთს გთხოვ, რახან ზუსტად მაგ წერტილამდე მივედით, მომიყევი რაც არასდროს მოგიყოლია. მოყევი და შევეცადოთ ერთად ავაწყოთ ჩვენი არეული...
ზაზა: შემეშვი რა! რა უნდა მოგიყვე...
ქალი: ჩემთვის არასოდეს არაფერი მოგიყოლია, შენს წარსულზე არასოდეს ლაპარაკობ. ახლა მაინც მომიყევი რამე.
ზაზა: კარგი, თუ ასე გინდა, თავიდან დავიწყებ. მშობლები ავარიაში დამეღუპა. მე და ჩემი უფროსი ძმა უპატრონოდ დავრჩით. პატარები ვიყავით. მშობლების პანაშვიდებზევე ჩვენს თავს ნათესავები ერთმანეთს აჩეჩებდნენ. ბოლოს მამიდაჩემმა ჩვენი ბინა გაყიდა, ჩვენ კი უპატრონო ბავშვთა სახლში ჩაგვაბარა. იქ ჩემი ძმა ჩემთვის ყველაფერი იყო. ღამით მის საწოლში გადავძვრებოდი, მთელი ძალით ჩავეკვრებოდი ხოლმე და ვთხოვდი დედასავით ემღერა, რომ დამძინებოდა. ისიც მიმღეროდა ხოლმე ცრემლიანი:
- ცაზე მთვარე ამოსულა, იავნანინაო,
დაიძინეთ პატარებო, იავნანინაო,
ჩემი ხუჭუჭა ბიჭები, იავნანინაო,
თქვენ გენაცვალოთ დედიკო, იავნანინაო...
ქალი: ზაზა, მეტირება...
ზაზა: ხოდა გეყოფა, მოვრჩეთ ამაზე!
ქალი: არა, გააგრძელე, გთხოვ...
ზაზა: რა გითხრა... მერე ერთმა კაცმა გვიყიდა. ჩვენნაირად სხვა ბავშვებიც ჰყავდა ნაყიდი. სულ სხვა მიზნებისთვის გვზრდიდა და ამიტომ როგორც შეეძლო გვაბოროტებდა, სასტიკად გვექცეოდა.
ქალი: რა მიზნებისთვის?
ზაზა: სხვა მიზნებისთვის. მოკლედ, მე და ჩემმა ძმამ გაქცევა გადავწყვიტეთ. ასეც მოხდა, მაგრამ ერთმა ბავშვმა შეგვნიშნა და ყვირილი მორთო. ეს კაციც გამოვარდა იარაღით და... ბოლო რაც დავინახე, ჩემი ძმის წაქცევა იყო. იცი, მე ვერ მივბრუნდი. მე შემეშინდა. მე...
ქალი: დამშვიდდი ზაზა. ნახე, რა სწრაფად გიცემს გული? მაპატიე, არ მინდოდა ასე...
ზაზა: მერე დავდიოდი ქუჩებში ფეხშიშველი და მშიერი პიჟამას ამარა. შემდეგ კი იცი ვინც მიშვილა. ცხონებული, კარგი მხატვარი იყო, მაგრამ რა დონის ნარკომანი, ვინც იცნობდა ყველამ იცის. სულ ამას მიმეორებდა: - ჩვენ ნუ გვიყურებ, ხატე! - მეც ვხატავდი... ვხატავდი მშობლებს, ჩემს ძმას... სულ ეს იყო ჩემი ცხოვრება. ბოლოს მივაწერდი ხოლმე ჩემს ფსევდონიმს და გამქონდა ძია მიშასთან გასაყიდად. ჩემს ნახატებს მხოლოდ ერთი ბერი ყიდულობდა. მიშას სთხოვდა ჩემს კოორდინატებს, ჩემი ნამდვილი სახელის და გვარის გაგება უნდოდა. მე რათქმაუნდა მიშას სასტიკად ავუკრძალე. დღეს კარგს ვისგან უნდა ელოდო... ასე გაიარა წლებმა. ერთხელაც მივსეირნობ ქუჩაში ჩაფიქრებული და ვხედავ ის ახვარი ბებერი მიტასაობს ჩემს წინ.
ქალი: ვინ, ზაზა?
ზაზა: აი ის, ჩემს ძმას რომ ესროლა. უკან მივყევი. სხვას ვეღარავის და ვეღარაფერს ვამჩნევდი. არც ის ვიცი, რამდენ ხანს მივყვებოდი. ბოლოს ამოვიღე დაწყევლილი მაკაროვი. შენ არ იცი, როგორ მეზიზღება ის მაკაროვი! ამოვიღე და... ვიღაც ბერი მეცა ხელში: - ზაზა, რას აკეთებო! - მე, მე ალბათ უკვე გამოკრული მქონდა სასხლეტზე.
ქალი: ვაი, იმ ბერს გაარტყი ზაზა?
ზაზა: ბერი? ის ბერი ჩემი ძმა იყო. ახლა აღარაფერი მითხრა, გთხოვ! საერთოდ გაჩუმდი! მას შემდეგ ვარ ასეთი. ხან გიჟი, ხან ნორმალური. ახლა მინდა ყველაფერი გაჩერდეს, გაჩუმდეს. აი ისიც, ჩვენ რომ გვწერს ყველას. უბრალოდ სიჩუმე მინდა, მეტი არაფერი.

0
73
2-ს მოსწონს
ავტორი:Mystery Gryphon
Mystery Gryphon
73
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0