სხვა რაც არ უნდა გავაკეთოთ, ყველას წინასწარ განსაზღვრული სიცოცხლის ხანგრძლივობა გაგვაჩნია... 2023, 9 აგვისტო, 8:34 1953 წ. 25 აპრილს ბრიტანელმა ბიოლოგებმა, ჯეიმს უოტსონმა (James Watson) და ფრენსის კრიკმა (Francis Crick), დნმ-ის მოლეკულის ქიმიური სტრუქტურა აღმოაჩინეს, რომელსაც ჩვენ ორმაგი სპირალის სახელით ვიცნობთ. მას შემდეგ, 25 აპრილი «დნმ-ის საერთაშორისო დღედ» ითვლება. დნმ-ი, ანუ დეზოქსირიბონუკლეინის მჟავა ცოცხალი ორგანიზმის გენეტიკური კოდია, ანუ მისი განვითარების და ფუნქციონირების გენეტიკური ინსტრუქცია. დნმ-ის შესახებ უამრავი ფაქტი არსებობს, რომელიც გაკვირვებას იწვევს. აქ კი, მხოლოდ რამდენიმეს წარმოგიდგენთ. გენები სიცოცხლის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ბიოლოგები თვლიან, რომ არსებობს ჩვენი სიცოცხლის ხანგრძლივობის ზღვარი. მათი მტკიცებით, ყველა ბიოლოგიურ სახეობას, ადამიანის ჩათვლით, წინასწარ განსაზღვრული სიცოცხლის ხანგრძლივობა გააჩნია და მნიშვნელობა არა აქვს, ცხოვრების პირობები კარგია, თუ ცუდი. ჯანსაღმა ცხოვრების წესმა და ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე წვდომამ, ჩვენი სიცოცხლე, შეიძლება, რამდენიმე წლით გაახანგრძლივოს, მაგრამ, როგორც ამბობენ, «ბუნებას ვერ მოატყუებ»*... მეცნიერების ვარაუდით, უშუალოდ, დაბერების პროცესს, შეიძლება, დნმ-ის შეუქცევად დაზიანებასთან ჰქონდეს კავშირი. თუმცა, ეს მხოლოდ მოსაზრებაა და შესაბამისად, ჯერ მკურნალობის მეთოდებიც არ არსებობს. არსებობს საფუძვლიანი მიზეზი, რის გამოც, ადამიანს შეიძლება კომბოსტო არ უყვარდეს მეცნიერებმა როგორც იქნა დაადგინეს, თუ რატომ არ უყვარს ზოგიერთ ადამიანს კომბოსტო და ბროკოლი, რომელიც კომბოსტოს გვარის წარმომადგენელია. კომბოსტოს გვარის (Brassica) ყველა მცენარე ისეთ ქიმიურ ნივთიერებას შეიცავს, როგორიც ფენილთიოკარბამიდია. ამ ნივთიერებამ, ადამიანის გენეტიკური მიდრეკილების და გემოვნების რეცეპტორების თვისებების მიხედვით, შეიძლება საკვების გემოს სხვადასხვა აღქმა გამოიწვიოს. ამიტომ, ზოგიერთი ადამიანისთვის ეს ბოსტნეული შეიძლება უსიამოვნო ან მწარე იყოს. ტყუპებს ერთნაირი გენეტიკური კოდი აქვთ, თუმცა, შეიძლება, ერთმანეთისგან განსხვავდებოდნენ ერთკვერცხისეულ ანუ იდენტურ ტყუპებს, ერთნაირი დნმ-ი გააჩნიათ, რაც იმას ნიშნავს, რომ ასეთი ტყუპები, ფაქტობრივად – ერთმანეთის ასლები არიან. თუმცა, ამის მიუხედავად, ძალიან ხშირად, ტყუპები ერთმანეთისგან განსხვავდებიან. როგორ შეიძლება ასეთი რამე ხდებოდეს, თუ მათ ერთნაირი დნმ-ის ჯაჭვი აქვთ? საქმე იმაშია, რომ ჯერ კიდევ მუცლად ყოფნის დროს, ბავშვებმა შეიძლება განსხვავებული რაოდენობის საკვები ნივთიერებები მიიღონ. ამიტომ, დაბადებისას, ისინი გარეგნობით იდენტურები არიან. თუმცა, წონით და სიმაღლით განსხვავდებიან. ხოლო, დაბადების შემდეგ, ბავშვების განვითარება, გარეგანი ფაქტორების ზეგავლენით, შეიძლება, განსხვავებული მიმართულებით წავიდეს. ადამიანის შემოქმედებითი ნიჭი შეიძლება დნმ-ს უკავშირდებოდეს მეცნიერების აზრით, შემოქმედებითობა, შეიძლება გენებით განსაზღვრულ, გარკვეულ პირად თვისებებს უკავშირდებოდეს. მათ აღმოაჩინეს, რომ ხელოვნებისადმი მიდრეკილ ადამიანებს, თავის ტვინის მსგავსი ფუნქციები გააჩნიათ და მათ საკუთარი გრძნობების და ემოციების გამოხატვა უკეთესად შეუძლიათ. ადამიანები ერთმანეთს ძალიან ჰგვანან შეიძლება, დაუჯერებლად ჟღერდეს, მაგრამ ყველა ადამიანი ერთმანეთს ძალიან ჰგავს. მაგ., ჩვენი დნმ-ის 99, 9% იდენტურია. ეს შეიძლება იმ ფაქტით აიხსნას, რომ ჩვენი სხეული იდენტურია და იდენტურად ფუნქციონირებს. ხოლო, დარჩენილი 0, 1% პროცენტი ჩვენს კანის, თმის და თვალის ფერს, გარკვეული დაავადებებისადმი მიდრეკილებას... განსაზღვრავს. ასე რომ, ის, რაც ჩვენ უნიკალურს გვხდის, ჩვენი გენომის მხოლოდ მცირე ნაწილია. შესაძლებელია, ადამიანს დნმ-ის 2 თანამიმდევრობა (რიგითობა) ერთდროულად ჰქონდეს ორგანიზმი დნმ-ის ორი თანმიმდევრობით, მართალია იშვიათად, მაგრამ მართლაც არსებობს. ძველბერძნულ მითოლოგიაში ასეთი არსებები ქიმერებად არიან მოხსენიებულნი. რაც შეეხება ჩვენს დროს, ასეთი რამ, შეიძლება, ჩანასახის განვითარების პროცესში ჩამოყალიბდეს და შედეგად არასტანდარტული გარეგნობის ადამიანი დაიბადოს. «ორსახოვანი» გენეტიკური მუტაციის ყველაზე გავრცელებული დარღვევა, ადამიანის შემთხვევაში, სხვადასხვა ფერის თვალები არის. ასეთი გენეტიკური დარღვევებით, დღეს მსოფლიო, მოსახლეობის 1%-ზე მეტი (70-100 მლნ.) ცხოვრობს. ჩვენს დნმ-ში არის ძველი ვირუსების ნაშთები, რომლითაც ჩვენი წინაპრები ათასწლეულების წინ ავადობდნენ დნმ-ის 5-8% დნმ–ვირუსებისგან შედგება. ამ ვირუსების ერთი ნაწილი, ჩვენი ორგანიზმის მიერ, გარემო პირობებისადმი ან ვირუსებისგან თავდაცვისთვის არის ადაპტირებული. დარჩენილი ნაწილი კი, წინაპრების მიერ გადატანილი, ძველი ინფექციების შედეგია. ჩვენი დნმ სხვა ცოცხალი ორგანიზმების გენომის მსგავსია ცოცხალი ორგანიზმების გენებს შორის დიდი მსგავსება არსებობს და უნდა ითქვას, რომ საუბარი აქ მხოლოდ ფაუნის კი არა, ფლორის წარმომადგენლებზეც არის. მეცნიერები თვლიან, რომ ამის მიზეზი ჩვენი საწყისი ე. წ. მატერიაა, რომლიდანაც მთელი სამყარო და მათ შორის, ბიოსფერო წარმოიქმნა. გენეტიკურად, ჩვენ ყველაზე ახლოს შიმპანზესთან ვდგავართ. მსგავსება ჩვენსა და ამ სახეობის პრიმატებს შორის 96%–ია. ამავდროულად, 90% – კატას ვგავართ, 80% – ძროხას, დაახლოებით, 60% – ბანანებს... ცხოვრების მანძილზე, ჩვენს ორგანიზმში, მილიონობით გენური მუტაცია ხდება ცხოვრების მანძილზე, დნმ-ის 10 000-ზე მეტი მუტაცია ხდება. თუმცა, ორგანიზმი ისეა მოწყობილი, რომ მათი უმრავლესობის აღმოფხვრას ახერხებს. მაგრამ, ხან ეს საკმარისი არ არის... მაგ., თუ დნმ-ის დაზიანება ხანგრძლივი დროის მანძილზე გროვდება და ორგანიზმს ხარვეზის გამოსწორება არ შეუძლია, ეს შეიძლება, გენების ფუნქციის ცვლილების და გარკვეული დაავადების, მათ შორის, სიმსივნის, მიზეზი გახდეს. ასეთი მუტაციების ძირითადი მიზეზები, გარემო ფაქტორებია, – მაგ., ულტრაიისფერი სხივები, ქიმიური ნივთიერებები ატმოსფეროში და საკვებში, გარემოს დაბინძურება და ვირუსები. * საუკუნეების წინ, უკვდავება იგივე დონით აღაფრთოვანებდა ადამიანებს, როგორც ჩვენ სიკვდილის გვეშინია. მარადიულად რომ ეცოცხლათ, იაპონელი ბერები მუმიფიკაციას მიმართავდნენ, ხოლო ევროპელი ალქიმიკოსები სიცოცხლის ელექსირებს ქმნიდნენ. აქ ყველაზე გახმაურებულ ისტორიებს წარმოგიდგენთ, იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც მარადიული სიცოცხლის მოსაპოვებლად, მხოლოდ სახსრებს კი არა, საკუთარ ჯანმრთელობასაც კი არ ზოგავდნენ. გაგრძელება >>> არხის სხვა სიახლეები:* ყველაზე იდუმალი ცივილიზაცია, რომელიც ევროპაში რომის იმპერიამდე არსებობდა* ზვიგენი, პირანია, თუ დელფინი? როგორ ფიქრობთ, ჩვენთვის რომელი უფრო სახიფათოა?* ყველაზე საშინელი მოვლენა ევროპის ისტორიაში* რა შეუძლია რწმენას? – ამერიკელი გენეტიკოსი ბრუს ლიპტონი467 3-ს მოსწონს
|