x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
ეკა ხოფერია მინისტრის თანამდებობიდან გადადგა და მედიაში მიდის - გამოჩნდება თუ არა ეკრანზე?
image


ჟურნალისტმა ეკა ხოფერიამ რამდენიმე საათის წინ განაცხადა, რომ დღეს მისთვის ბოლო სამუშაო დღე იყო და მან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების მინისტრის თანამდებობა დატოვა. გამოსამშვიდობებელ ცერემონიაზე მას სიგელიც გადასცეს. მოგვიანებით ხოფერიამ სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ასევე წერსმ რომ ცოტას დაისვენებს და სულ მალე მედიაში გააგრძელებს მუშაობას. მას ჯერ არ დაუკონკრეტებია, ტელეეკრანებზე გამოჩნდება თუ არა.


"1 აგვისტოდან ჩემი ცხოვრების კიდევ ერთი ახალი ეტაპი იწყება. ვასრულებ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვან სამსახურს-არ ვიქნები ჩვენი საყვარელი აფხაზეთის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი.


ეს გადაწყვეტილება მე მივიღე, ვფიქრობ, ორწელიწადნახევარში გუნდთან ერთად შევძელით ბევრის გაკეთება და ახლა დროა ახალი ეტაპი დაიწყოს, ახალი ძალებით, ახალი ენერგიით.



პირველ რიგში, მადლობა ახლა უკვე ჩემს ძვირფას მეგობარს, ძალიან მაგარ მენეჯერს სრულიად ახალი ხედვითა და მართლა წესიერ და სამშობლოს სამსახურში მყოფ რუსლან აბაშიძეს.


მადლობა, რუსლან, ეს დიდი ამბავი რომ მაჩუქე და დიდი პატივი იყო ჩემთვის თქვენს გვერდით ყოფნა და საქმის კეთება.


მადლობა ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, საელჩოს, სამთავრობო, არასამათავრობო სტრუქტურებს ასე გვერდში რომ დაგვიდექით და დაიჯერეთ ჩვენი ზოგჯერ თითქოს შეუსრულებელი პროექტების. მადლობა კერძო სექტორს ულაპარაკოდ და დიდი სიყვარულით რომ გვედექით მხარში ჩვენი მომავალი თაობის განათლებისთვის. ჟურნალისტებს, ჩემს კოლეგებს, ისეთ მხარდაჭერას ვგრძნობდი, ასი ათასი მადლობა!


ყველაზე დიდი მადლობა კი ჩემს უმაგრეს გუნდს. რომ ვიწყებდი, მამასთან ვლაპარაკობდი მომავალ საქმეებზე. შენ მაგარი იქნები, იმ გუნდთან თუ გააკეთებ საქმეებს, ვინც იქ დაგხვდებაო. ასეც მოხდა. რამდენი რამ მასწავლეს და როგორ გავიზარდეთ ერთად. საუკეთესოები ხართ, საქმისა და აფხაზეთის ერთგულები.


ყველა მაგრად მომენატრებით. განსაკუთრებით ბავშვები აქედან და იქიდან. მაგრამ ახლა ბევრად მეტი ენერგიით ვიდგები თქვენს გვერდით. იქნება ეს კომპიუტერების კამპანია, ბიბლიოთეკების აღჭურვა.... პროექტები, ჩვენი საყვარელი მანდარინები თუ სხვა რამ.


ჰო, პირველად ცხოვრებაში სიგელი მივიღე! და რას გეტყვით, იცით? ამაზე ძვირფასი არაფერი გამაჩნია ცხოვრებაში.


და ერთიც-მე ასეთი სიყვარული და თანადგომა, როგორიც ჩვენი აფხაზეთისგან, ჩვენი ხალხისგან, გუნდისგან მივიღე, არ მიგვრძნია არასდროს. სხვა გვერდში დგომა და სიყვარული ვიცით, ფაქტია! და ამას უნდა გავუფრთხილდეთ.


ახლა ცოტას დავისვენებ, ახალ პროექტებს მოვიფიქრებ, ჩემს მედია საქმიანობას განვაგრძობ, რომ კიდევ უფრო დიდი რესურსით და თანადგომით მეტი საქმე გავაკეთო აფხაზეთისთვის.


სამინისტროს ჩემი კოლეგა ნანა გაბელია უხელმძღვანელებს, ბრწყინვალე მენეჯერი და ბევრი კარგი პროექტის ავტორი. წარმატებებს ვუსურვებ მას მთელი გულით.


მადლობა ჩემს კოლეგა-მინისტრებს, თქვენს გვერდით მიგულეთ, მეგობრებო!

აბა, დროებით და როგორც რუსლანმა იხუმრა, ეს სიგელი აფხაზეთში ჩამოვკიდოთო ან კაბინეტში ან სახლში

დიდი სიყვარულით, ეკა ხოფერია

2023 წელი, 31 ივლისი"...


* * *

.

ამ პოსტს საპასუხო განცხადება მიუძღვნა თავად რუსლან აბაშიძემაც და გამოსამშვიდობებელი ტექსტი გამოაქვეყნა.


"აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახელით მინდა მადლობა გადავუხადო ქალბატონ ეკა ხოფერიას აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის რანგში დაუღალავი შრომისათვის, მთავრობის წევრებთან ეფექტური თანამშრომლობისათვის.


ქალბატონი ეკას ხელმძღვანელობით სამინისტროს მიერ განხორციელებული ინიციატივები, განათლების ხარისხის გაუმჯობესების კუთხით გადადგმული ყველა რეფორმატორული ნაბიჯი ორიენტირებული იყო ხარისხიანი, თანასწორი, ინკლუზიური და მრავალფეროვანი განათლებისა და კულტურის სისტემის უზრუნველყოფაზე. მისი მინისტრობის პერიოდში კვლავ აქტუალური რჩებოდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოზარდებისათვის განათლების მშობლიურ ენაზე მიღების შესაძლებლობა. ქალბატონ ეკას და მისი გუნდის მიერ ამ მიმართულებით განხორციელებულმა არაერთმა ქმედებამ, როგორც თვისობრივად, ასევე, ხარისხობრივად, ახალ დონეზე აიყვანა ზოგადად განათლების პოლიტიკაში არსებული ეს მტკივნეული საკითხი. კერძოდ, აქტუალური გახდა ოკუპირებული გალის რაიონის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგთა პროფესიული განვითარება/გადამზადება. ამასთან, ქალბატონი ეკას მინისტრობის პერიოდში საგრძნობლად გაიზარდა სკოლამდელი აღზრდისა და სახელოვნებო სკოლების პედაგოგთა და ადმინისტრაციულ-ტექნიკურ პერსონალთა ფინანსური მხარდაჭერა. მის უშუალო დამსახურებად შეიძლება ჩაითვალოს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და თვალსაჩინო პროექტი „ონლაინ საკვირაო სკოლის“ სახელწოდებით, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ინტენსიური კომუნიკაციითა და ჩართულობით განხორციელდა.


სამინისტრო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა ინოვაციურ, შედეგზე ორიენტირებულ პროექტებს. აღსანიშნავია მის მიერ გადადგმული ნაბიჯები არაფორმალური და პროფესიული განათლების შემოღების, STEM განათლების ხელშეწყობის მიმართულებით, რაც დევნილ მოზარდებში მზარდი და ინოვაციური გონების განვითარებას გულისხმობს.


ეკა ხოფერიას მინისტრობის პირველივე დღეებიდანვე აქტუალურ თემად იქცა აფხაზეთის საგანმანათლებლო სივრცის, არსებული სასკოლო ნაგებობების რეაბილიტაცია/განახლებისა თუ კეთილმოწყობის საკითხი. ამ მიმართულებით აღსანიშნავია მინისტრის ინტენსიური კომუნიკაცია და თანამშრომლობა ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან. საბოლოო ჯამში ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით რეაბილიტირებული და კეთილმოწყობილია აფხაზეთის 6 საჯარო სკოლის ნაგებობა, მასში შემავალი საგანმანათლებლო სივრცეებითა და სპორტული დარბაზებით. ცენტრალური ხელისუფლების ჩართულობით უნდა აშენდეს ევროპული სტანდარტის შესაბამისი შენობა აფხაზეთის ილია ვეკუას სახელობის მე-11 საჯარო სკოლისთვის ქ. ზუგდიდში, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით - აფხაზეთის მე-10 საჯარო სკოლა ჩხოროწყუში.


თვალსაჩინოა ქალბატონი ეკას მინისტრობის პერიოდში აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული შემოქმედებითი კოლექტივების წარმატებები და მიღწევები, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ.


განსაკუთრებით საყურადღებოა ქალბატონი ეკას წვლილი და დამსახურება ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის სფეროებში მოპოვებულ წარმატებებში. დევნილ ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისა და პროფესიული სპორტის განვითარებისათვის. სამინისტროს კონტროლსდაქვემდებარებულ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოსთან ერთად, თვალსაჩინო შედეგებია მიღწეული აფხაზეთის სახელით მოასპარეზე და დევნილი სპორტსმენების ხელშეწყობის მიმართულებით. ხშირია მათი მონაწილეობა, როგორც ადგილობრივ, ასევე, საერთაშორისო შეჯიბრებებსა და ტურნირებში.


თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეკა ხოფერიას მინისტრობის პერიოდში ჩვენ დავნერგეთ ურთიერთთანამშრომლობის ახალი სტანდარტი, მრავალი მნიშვნელოვანი სიახლე და ინიციატივა ჩვენი საზოგადოების გაერთიანების, აფხაზური ეთნოსის კულტურისა და ენის დასაცავად.


აფხაზეთის მთავრობის სახელით მინდა, კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა ქალბატონ ეკას გამოჩენილი პროფესიონალიზმის, მაღალი პასუხისმგებლობისთვის და ვუსურვო წარმატებები მომავალ საქმიანობაში". - წერს აბაშიძე.


* * *


ამაზე ეკა ხოფერიამ პასუხის პასუხი გამოაქვეყნა, სადაც წერს:


"ეს ურთიერთთანამშრომლობის მართლაც ახალი სტანდარტი იყო და დიდი პატივია ეს ყველაფერი ჩემთვის.


დიდი მადლობა, დაფასებისთვის! გაასმაგებული ენერგია და მოტივაციაა ყოველივე ეს ჩემთვის!"


0
236
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
236
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0