ეს წებოვანი ლენტით პირ და ხელფეხშეკრული მამაკაცი ფილმის გმირი არ გეგონოთ, ისლანდიელი მგზავრია
საზოგადოებაში ქცევის ნორმები ბევრს ეშლება და აქ მთავარ როლს არასდროს თამაშობს ეროვნება ან რელიგიური აღმსარებლობა.
ეს მამაკაცი, რომელსაც პირი წებოვანი ლენტით აქვს აკრული და ხელფეხიც მყარად აქვს შეკრული, ასევე წებოვანი ლენტით რეიკიავიკ-ნიუ-იორკის ავიარეისის შემსრულებელი თვითმფრინავის მგზავრია.
სურათი გადაღებულია 2013 წლის 4 იანვარს. სურათის წინა ისტორია კი ასეთია:
მამაკაცი, რომელიც საკმაოდ დიდი დროით ფრენის გატარებას სულაც არ აპირებდა ფხიზელ მდგომარეობაში, მიეძალა ალკოჰოლურ სასმელს, რომელიც მან აეროპორტშივე იყიდა.
აეროპორტის სუპერმარკეტში, ფასდაკლებით შეძენილი ორი ბოთლი მაგარი ალკოჰოლური სასმელი საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ მგზავრ მამაკაცს თავში "ჭანჭიკები მოშვებოდა".
მამაკაცი ჯერ ორ ბორტგამცილებელ გოგონას დაუპირისპირდა სიტყვიერად, როცა მათ მამაკაცს ბოთლები გამოართვეს, მერე კი გვერდითა სავარძელში მოკალათებულ მგზავრ ახალგაზრდა ქალს დაუწყო ხელების ფათური, შემდეგ კი წინა სავარძელზე მჯდარ ქალსაც გადასწვდა.
მამაკაცი ბორტგამცილებელი გოგონების გაფრთხილებამაც ვერ მოიყვანა საღ ჭკუაზე, ჯერ გასასვლელში გამვლელებს დაუწყო შეფურთხება, მერე ერთ ქალს ეცა ყელში, თან გაჰყვიროდა თვითმფრინავი ვარდებაო.
ყოველივე ამან მგზავრების ნაწილის გულისწყრომა გამოიწვია და რამდენიმე ჯანიანმა მამაკაცმა შარიანი მგზავრი თავისი სავარძლიდან სალონის გასასვლელში გამოათრია, ბორტგამცილებლის მიერ მიწოდებული წებოვანი ლენტით ჯერ პირი აუკრეს, მერე კი ხელფეხი და ასეთ მდგომარეობაში ჩასვეს სავარძელში.
თვითმფრინავის დაჯდომისთანავე მამაკაცი პოლიციამ დააკავა, ის აღმოჩნდა 46 წლის ისლანდიელი გუდმუნდურ კარლ არტორსონი, რომელიც ტრინიდადში მუშაობს ინჟინერ მშენებლად და იამაიკაში მიფრინავდა ნიუ-იორკის გავლით საცოლესთან შესახვედრად.
ალკოჰოლის მოყვარული ისლანდიელის წინაამდეგ საჩივარი არავის შეუტანია, თვითმფრინავის მფლობელი კომპანიის წარმომადგენლის თქმით, რადგან აღნიშნულ მგზავრს უსაფრთხო ფრენისათვის დაწესებული ნორმები არ დაურღვევია, მას ადმინისტრაციული სასჯელით დასჯიან ამერიკაში.