საზოგადოება მსოფლიო მნიშვნელობის 4 აღმოჩენა საქართველოში, რომლებიც ყველამ უნდა იცოდეს 2023, 29 ივლისი, 16:45
მსოფლიო მნიშვნელობის 4 აღმოჩენა საქართველოში, რომლებიც ყველამ უნდა იცოდეს
1.თბილისის განვითარების ფონდმა გუდიაშვილის ქუჩაზე აღდგენითი-სარესტავრაციო სამუშაოები დაიწყო. სამუშაოების ფარგლებში, სარდაფების გაწმენდის დროს ძველი ნაგებობები აღმოაჩინეს.ნაგებობების ზუსტად დათარიღება არქეოლოგებს ჯერჯერობით უჭირთ, თუმცა სპეციალისტები ზურაბ გიორგაძე და თამარ ნინიაშვილი აღნიშნავენ, რომ შესაძლოა, მე-13 საუკუნიდან გვიან შუა საუკუნეებამდე პერიოდის ნანგრევებსა და ნივთებს მიაგნეს. გათხრებისას სხვადასხვა ტიპის სამოსახლო დაწესებულება და სარდაფი აღმოაჩინეს. ასევე, სარდაფში ნაპოვნია რამდენიმე ქვევრი, ერთ-ერთში კი თიხის დოქები, ღვინის ამოსაღები აზარფეშა (სპილენძის ჭურჭელი) და პატარა კოჭები იყო მოთავსებული. არქეოლოგების ვარაუდით, აღნიშნული ნივთები ქვევრში გადამალეს და სავარაუდოდ, მტრისგან გადაარჩინეს. გუდიაშვილის ქუჩაზე არქეოლოგიური გათხრები დღემდე გრძელდება. აღმოჩენილია 4 საძირკველი და ერთი ხარო ანუ სამაცივრე სივრცე. გათხრების პროცესში ძალიან ღრმად, ორ მეტრამდე ჩავედით, თუმცა მერე უკვე წყალმა ზემოთ ამოიწია და სამუშაოების გაგრძელება ვეღარ მოვახერხეთ“, - აღნიშნა თამარ ნინიაშვილმა. არქეოლოგის თქმით, ყველაფერი, რაც გუდიაშვილის ქუჩაზე აღმოაჩინეს, აღირიცხა, დაკონსერვდა, მეთოდურად დაიფარა და აღნიშნულ ადგილზე ღია მუზეუმის მოწყობა იგეგმება, რაც დედაქალაქის ამ მონაკვეთს ტურისტებისთვის უფრო მიმზიდველს გახდის. 2.დიდნაურის ნაქალაქარი რამდენიმე წლის წინ არქეოლოგებმა დედოფლისწყაროდან აღმოსავლეთით, 9 კილომეტრში, ნაქალაქარი აღმოაჩინეს, რომელიც სამეცნიერო ლიტერატურაში „დიდნაურის“ სახელწოდებით შევიდა. ნაქალაქარში არქეოლოგიური სამუშაოები 4 წლის წინ დაიწყო (ექსპედიციის ხელმძღვანელი კონსტანტინე (კიაზო) ფიცხელაური). კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში განგვიმარტეს, რომ ნაქალაქარი ძვ.წ. მე-13 საუკუნით თარიღდება და 15 ჰექტარზეა გაშენებული. მისი მასშტაბების გამო სპეციალისტებს დიდნაური სრულად არ შეუსწავლიათ, თუმცა წლიდან წლამდე ახალ აღმოჩენებამდე მიდიან. ნაქალაქარი შირაქის ველზე ანუ დაბლობზე იყო გაშენებული. სპეციალისტებმა აღმოაჩინეს, რომ დიდნაურის გარშემო, მთის წვერსა და ბორცვებზე პატარ-პატარა ნაქალაქარებია შემორჩენილი. სწორედ ამიტომ, არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა დიდნაური ცენტრალური ქალაქი იყო, რომელსაც გარშემო თავდაცვითი ნაგებობები ჰქონდა. აღმოჩნდა, რომ თავდაცვითი კედლის სიგანე 4, 5 მეტრია, გარს კი 22 მეტრის სიგანის თავდაცვითი თხრილი აქვს შემორტყმული. ამავე ქალაქის ჩრდილოეთით, არქეოლოგებმა ძვ.წ მე-13 საუკუნის სამაროვანი ანუ სასაფლაო გათხარეს. ყველაზე საინტერესო მოვლენები სწორედ აქედან დაიწყო. სამაროვანში დაახლოებით, 50-მდე სამარხია შესწავლილი, სადაც ბრინჯაოს უამრავი ნივთი აღმოვაჩინეთ. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო აღმოჩენა არის რომ, ამ პერიოდის სამარხებსა და ძეგლებში საბრძოლო მახვილი მიცვალებულს წელის არეში აქვს, დიდნაურის სამაროვანში აღმოჩენილი მიცვალებულების უმეტესობას კი ზურგის არეში. შესაძლოა, მახვილის ტარების წესზე მიუთითებდეს“, - აღნიშნა კონსტანტინე ფიცხელაურმა. გარდა ამისა, დიდნაურის სამაროვანის ერთ-ერთ სამარხში, რომელიც სავარაუდოდ, დიდგვაროვანს ეკუთვნის, არქეოლოგებმა საინტერესო ბრინჯაოს მასალა და სავარაუდოდ, აღმოსავლური წარმოშობის ოთხწახნაგა ისრის პირი იპოვნეს, რომელიც ბრძოლასა და ომზე მიუთითებს. „გარდაცვლილს თავზე ბრინჯაოს დიადემა ჰქონდა, რომელიც ალბათ, მისი დიდგვაროვნების დამადასტურებელი ნიშანია; მუცლის არეში აღმოაჩნდა ოთხწახნაგა ისრის პირი, რომლითაც სავარაუდოდ, გარდაიცვალა. ეს ისარი კავკასიურს არ ჰგავს, უფრო აღმოსავლურია. შეგვიძლია ვივარაუდოთ ის, რომ ეს დიდგვაროვანი ბრძოლაში დაიღუპა მომხვდურთან, რომელიც ადგილობრივი არ არის. შესაბამისად, ბრძოლა მოხდა. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ მეორე ისრის პირი თავდაცვითი გალავნის გარეთა კედელში შერჭობილი ვიპოვნეთ. შეიძლება ვარაუდის გამოთქმა, რომ ბრძოლაში დიდნაურის მცხოვრებლებმა გაიმარჯვეს. ასე რომ არ მომხდარიყო, დიდგვაროვანი მსგავსი პატივით არ დაიკრძალებოდა, მაგრამ ვინ იყო და რა მოხდა, ამაზე საუბარი რთულია“ - აღნიშნა მან. „სამაროვანში“ აღმოჩენილი გარდაცვლილების დნმ-ს ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ დიდნაურის მცხოვრებლები კავკასიურ რასას ეკუთვნიან. „ეს მიცვალებულები ძალიან დიდი ზომის ხალხი იყო. რამდენი სამარხიც გაგვითხრია, ძირითადად, მომცრო ტანის ხალხი აღმოგვიჩენია. ამ სამარხში აღმოჩენილი მიცვალებულები კი 180 სანტიმეტრამდე სიმაღლის არიან“, - განმარტა სპეციალისტმა. არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ დიდნაურში მცხოვრებლები განვითარების მაღალ საფეხურზე იყვნენ, რადგან გათხრების დროს კენჭებით მოკირწყლული ქუჩა აღმოაჩინეს. „ძვ.წ მე-13 საუკუნეში ასეთ ნაქალაქარს ფაქტობრივად, ანალოგი არ გააჩნია. წარმოიდგინეთ, რა დონეზე უნდა იყვნენ ადამიანები განვითარებულები, რომ თავიანთ კომფორტზე იფიქრონ. აქ სახელმწიფოებრიობის პირველი ნიშნები ჩანს, ეს ქალაქ-სახელმწიფოა და არა ნამოსახლარი“, - აღნიშნავს კონსტანტინე ფიცხელაური. ნაქალაქარში არქეოლოგებმა ე.წ. „შესაწირი მაგიდაც“ იპოვნეს, რომლის ანალოგიც ხეთებთან ფიქსირდება. ამასთან, დიდნაურის ცოტა მოშორებით აღმოჩენილია ბრინჯაოს ცხენებშებმული საბრძოლო ეტლი. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს სახელმწიფოს რეგულარული არმიის დამადასტურებელი ნიშანია. რამ გაანადგურა ასეთი განვითარებული, 15 ჰექტარ ფართობზე გაშენებული სახელმწიფო? - სეისმოლოგებმა დაადგინეს, რომ მიზეზი მიწისძვრა უნდა ყოფილიყო. ამასთან, გათხრების შედეგად აღმოჩნდა, რომ პირვანდელი სახე ქალაქს ფაქტობრივად, შენარჩუნებული აქვს. 3.სამშვილდის ნუმიზმატიკური განძი გასულ წელს „საქართველოს უნივერსიტეტის“ სამშვილდის არქეოლოგიური ექსპედიცია ქვემო ქართლში, სამშვილდის ნაქალაქარის ციტადელსა და სიონის უბანზე კვლევებს აწარმოებდა (ექსპედიციის ხელმძღვანელი დავით ბერიკაშვილი). კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ციტადელში მიმდინარე არქეოლოგიური სამუშაოებისას, ერთ-ერთი თხრილის სათავსოს გაწმენდის დროს, აღმოჩნდა ოქროს მონეტების განძი, რომელშიც სხვადასხვა ზომა-წონის 200-მდე ნომინალია გაერთიანებული. მკვლევარები ვარაუდობენ, რომ განძი თამარ მეფის პერიოდისაა. 4.გრაკლიანი გორა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის ივლისში კასპის მუნიციპალიტეტში, გრაკლიან გორაზე ვახტანგ ლიჩელის ხელმძღვანლობით არქეოლოგიური სამუშაოები ჩაატარა (ექსპედიციის ხელმძღვანელი პროფ. ვახტანგ ლიჩელი). ძეგლზე, რომელიც ჯერჯერობით მიკვლეული ხუთი ტერასისგან შედგება, დადასტურებულია 11 სხვადასხვა პერიოდის კულტურული ფენა - ქვის ხანიდან გვიან ანტიკური ეპოქის ჩათვლით, ქრისტიანობამდე. მკვლევარების ინფორმაციით, ამ პერიოდის ყველა არქეოლოგიურ მასალაში გამოვლენილია განსაკუთრებული არქეოლოგიური ნაშთები, რომლებიც ამ ძეგლს სრულიად განსხვავებულ სტატუსსა და სამეცნიერო მნიშვნელობას ანიჭებს. ამჟამად, მე-5 ტერასაზე მუშაობა მიმდინარეობს, ამავდროულად, ღია ცის ქვეშ ღია მუზეუმი მოეწყო. 321 2-ს მოსწონს
|