x
სამანიშვილის დედინაცვალი – განხილვა
სამანიშვილის დედინაცვალი – განხილვა

სამანიშვილის დედინაცვალი – განხილვა


“სამანიშვილის დედინაცვალი” ჟანრობრივად ტრაგი-კომიკური ნაწარმოებია. ტრაგიზმის საფუძველი, ერთი შეხედვით, საერთო გაჭირვება და სიღარიბეა.

ცხოვრების ამ გაუსაძლის პირობებს, ფორმაციათა ცვლილებისა და ქონების ხელახალი გადანაწილების პირობებში, ადამიანთა “სოციალური დაბნეულობა” და “დროში გაურკვევლობაც” ემატება.

თავისთავად, ეპოქალური ცვლილებებით გამოწვეული სოციალური სიდუხჭირე ლოკალური მნიშვნელობისა რომ არ იყო, ამას კარგად გრძნობდა ავტორი. ფეოდალური კარჩაკეტილი ცხოვრებიდან კაპიტალიზმში გადასვლის მტკივნეული პროცესი სხვადასხვა დროს, თითქმის ყველა ქვეყანას შეეხო და იმერეთიც (საქართველო) ვერ იქნებოდა გამონაკლისი. აქ მრავლად შეგვიძლია მოვიყვანოთ პარალელები ესპანური, რუსული ლიტერატურიდან, საიდანაც შევიტყობთ, რომ სამანაშვილები, ბრეგაძეები, ქვათაძეები, ქამუშაძეები თითქმის ყველა ქვეყანაში, ყველა კულტურაში ხასიათის ერთსა და იმავე თვისებებს ამჟღავნებენ.


მართლაც, თუ “სამანიშვილის დედინაცვალს” სიძე-ცოლისძმის მოგზაურობის სცენას (დროებით) ჩამოვაცილებთ, ნაწარმოებში თითქმის აღარაფერი დარჩება იმ ყბადაღებული კომიზმისა. გვრჩება მხოლოდ ტრაგიკული საგა მამა-შვილის ურთიერთობისა, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში (იქ, სადაც ღარიბი ადამიანები ჯერ კიდევ ცხოვრობენ) თანაბარი წარმატებით შეიძლება მომხდარიყო.

დავით კლდიაშვილმა სწორედ ამოიცნო ამ პრობლემის ზოგადსაკაცობრიო ხასიათი და ამის გამო მისი ინტერესი იმ სოციალურ-პოლიტიკური თეორიებსადმი გაღვივდა, რომლებიც მეცნიერების “ახალ სიტყვად” ითვლებოდა პრობლემების გადაწყვეტის გზაზე.

მომავლის შიში

მშრომელი, პატიოსანი, მოხუცებულ მამაზე მზრუნველი, თავშეკავებული, ზრდილი – ასე ახასიათებს ავტორი პლატონს და ამ თვისებების გამო, პერსონაჟზე თავსადატეხილ უბედურებაში თითქოს მკითხველის თანაზიარობასაც ითხოვს.

პლატონის ეს თვისებები მთლიანად აკმაყოფილებს გარემოს და იმ მდორე ცხოვრებას, რომელშიც ისინი ცხოვრობენ, მაგრამ ის, რაც საკმარისი იყო ჩვეულებრივი ცხოვრებისათვის, სრულიად უსარგებლო გამოდგა იმ განსაკუთრებულ შემთხვევაში, რომელიც ცხოვრებამ სამანიშვილების ოჯახს მოუწყო.

როცა დედინაცვლის მოსაკლავად გამხეცებულ პლატონს ვხედავთ, უნებურად (დაეჭვებულნი) ვუბრუნდებით რომანის პირველ თავებს, რათა პლატონში ჩაბუდებული მხეცის ნიშანი აღმოვაჩინოთ.

არაფერი, ან თითქმის არაფერი იძლევა იმის საფუძველს, რომ ეს პატიოსანი და ზრდილი “აზნოურიშვილი” ამგვარი სისასტიკეს მალავდეს საკუთარ თავში. გარეგნულად მაინც, პლატონიც ისეთივე უვნებელი ჩანს, როგორც დავით კლდიაშვილის ყველა პერსონაჟი, მის თითქმის ყველა ნაწარმოებში.

ისინი თავისუფალი ადამიანები არიან. ბუნებით ყველა თანასწორია. აქ ვერ ვხედავთ, ვერც პოლიტიკური და ვერც სოციალური ჩაგვრის კვალს… ამ საზოგადოებაში დაცულია აზროვნების თავისუფლება, იდეათა თავისუფალი გაცვლა…

მართალია, მათ უკვე დაუთრგუნავთ ღვთის შიში, მაგრამ ისინი უფრო დიდ შიშს შეუპყრია, რომლის წინაშეც ისეთივე უძლურნი არიან და მტანჯველ მოლოდინშიც ისევე განილევიან, როგორც მათი შორეული წინაპარნი…

ეს არის მომავლის შიში. მომავლისა, რომლისადმი წინააღმდეგობის ერთადერთი ბერკეტი – რწმენა, მათ უკვე ხელიდან გაუშვიათ და ახლა წონასწორობადაკარგულნი, ათასნაირ საყრდენს ეპოტინებიან, რათა თავი შეიკავონ დაცემისაგან…

მათში რაციონალური აზროვნება უფრო სჭარბობს.

ისინი დარწმუნებულნი არიან ადამიანის გონების უსაზღვრო ძალაში და სწორედ ამ გონების კარნახით, მიდიან იმ დასკვნამდე (პლატონისა და გვერდევანიძის საუბარი), რომ ომია საჭირო (“ჩხუბით თუ გაიწმინდება ცოტაზე ქვეყანა, თვარა……”), რათა მოსახლეობა შემცირდეს და დარჩენილმა ნაწილმა ბედნიერად იცხოვროს.

პლატონისა და გვერდევანიძის საუბარში პირდაპირა ციტირებული მალთუსის აზრები (ინგლისელი ბერის გვარი ამ ნაწარმოებთან მიმართებაში პირველად ბეჟან ბარდაველიძემ ახსენა), რომელიც საკვების რაოდენობის მოსალოდნელი სიმცირის გამო, მოსახლეობის ზრდის ტემპის შესაჩერებლად მათზე “პოზიტიური კონტროლის” დაწესებას ემხრობოდა.

ამ თეორიის მქადაგებლად პლატონი და განსაკუთრებით კი, ეს “კაციჭამია” გვერდევანიძე გვევლინება: ..” ი დალოცვილი ღმერთიც ჩვენზე მოწყალებას ძველებური წესით გვიცხადებს: ხალხს ამრავლებს და ყოველ ოჯახს შვილებით ავსებს…- მადლიანს თითო-ოროლა შვილი დაეკლო, ამათ მაგიერათ სარჩო მოემატებინა. ის არ აჯობებდა, შენი ჭირიმე? ა? “

“სამანიშვილის დედინაცვალში” დავით კლდიაშვილმა თავისი პერსონაჟები სწორედ ამ თეორიის ცდისპირებად აქცია და ისედაც ყოველმხრივ “გაღატაკებულ” აზნაურობას, მძიმე ტვირთად ახალი მსოფლიოს სევდა აჰკიდა.

საინტერესო ეს იყო, სად მიიყვანდა მალთუსის გზა პლატონს და გაუძლებდა თუ არა ჩვენებური იმერელი (ქართველი) გლეხკაცის მხრები პრობლემებით დამძიმებული ზოგადსაკაცობრიო ლიტერატურული ტიპაჟის ტვირთს?

ეს კითხვა საშინაო დავალებასავით გაჰყვა დავით კლდიაშვილის მთელ შემოქმედებას.

პლატონის მანქანება

მეცხრამეტე საუკუნის ქართულ ლიტერატურა ადამიანის საქციელში ჯერ კიდევ განარჩევს ღვთის საამებელ მოქმედებას _ განმგებლობას და ადამიანური სიბრძნის ნაღვაწს _ მანქანებას (განმგებლობა კეთილი, ხოლო მანქანება _ არა. სულხან-საბა).

მანქანება არს საქმისა კაცობრივისა სიბრძნით ბრუნება საძლევლად სხვათათვის _ განმარტავს გრიგოლ ღვთისმეტყველი.

იმ დღიდან, როდესაც პლატონმა მამის გადაწყვეტილების შესახებ შეიტყო და ცხადად იგრძნო მოსალოდნელი საშიშროება, სწორედ თავის კაცობრივ სიბრძნეს მოუხმო საშველად.

მისი ტვინი წისქვილის ბორბალივით (ჭახრაკივით) დაბრუნდა და ცოლსაც აიძულებდა რაიმე ხერხი მოეგონებინა:

“_ იფიქრე, ქალო, იფიქრე, ეგებ შენც მოიგონო რამე… ე ოხერი თავი აღარ მუშაობს! ბრუ მესხმის მხოლოდ…”

თურმე, პლატონს წარმოდგენაც კი არ ჰქონდა თავის გონებრივ შესაძლებლობაზე.

ავტორი მკითხველს ქართული ანდაზას: “გაჭირვება მიჩვენე და გაქცევას განახვებო, ” ახსენებს და დასძენს, პლატონ სამანიშვილი კი ქართველი კაცი იყო…

გაჭირვებული ქართველი კაცის გონებამ კი ისეთი რამ მოიფიქრა, რომ ბეკინაც, რომელსაც ეჭვიც არ ეპარებოდა შვილის სიმარჯვესა და მოხერხებულობაში, გაოცებული დარჩა:

“_ მამაშვილობას მითხარი! ა! შენს ცოლ-შვილს გაფიცებ!… რა მოიგონე ახლა შენ?”

პლატონიც ხვდება, რომ მისმა კაცობრივმა სიბრძნემ, ამჯერადაც საეჭვო ღირებულების ნაყოფი დაბადა. ამიტომაც, თავის საიდუმლოს, რომ სადედინაცვლოდ ორნაქმარევ, უშვილო ქალს დაეძებს, საგანგებოდ მალავს. თუმცა, ეს სიფრთხილე სრულიად ზედმეტი ჩანს, რადგან საზოგადოებას კარგად ესმის მისი. სალობერიძეებთანაც განსაკუთრებული “გაგებით” ეკიდებიან პლატონის გადაწყვეტილებას (მათ არ უკვირთ პლატონის მანქანება, რადგან თვითონ ამ ოჯახის უფროსს, დღემდე იმავე მანქანებით შეუნარჩუნებია ქონება…), არისტო კი უთქმელადაც ხვდება მის სურვილს.

როგორც ჩანს, ამგვარი მცდელობები არცთუ იშვიათი იყო იმდროინდელ საზოგადოებაში. ერთადერთი, ვისაც სასაცილოდაც კი არ ყოფნის პლატონის ეს გადაწყვეტილება, კირილეა (ვეთანხმები მაკა ჯოხაძეს, რომელმაც კირილეს ჯანყში მისი გაუცნობიერებელი სურვილი, მოძრაობისკენ ლტოლვა დაინახა), რომლისგანაც, მიუხედავად მისი ქცევისა, ბევრად მეტი სიკეთე მოდის, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს.

ეშმაკი თხრიდა მის გულს

მას შემდეგ, რაც პლატონი დარწმუნდა, რომ ელენე ფეხმძიმედ იყო (მკითხველსაც არ ჰქონდა იმედი, რომ ის ამ ამბავს შეეგუებოდა) და ნიადაგიც მომზადდა, მისი ბოროტი განზრახვის შესასრულებლად, პლატონს მხოლოდ ერთი ნაბიჯიღა აშორებდა კაენობამდე. თუმცა, ავტორმა აქ უკანასკნელ საშუალებას მიმართა და პერონაჟს სინდისთან გამამრთლებელი რამდენიმე ქმედების ჩატარება კიდევ დავალა.

პირველი და უმთავრესი, პლატონისთვის მსხვერპთშეწირვის რიტუალია, რომელსაც ის მორწმუნის გულმოდგინეობით ასრულებს.

პლატონმა რომ მიუსაფრად იგრძნო თავი, დაფიქრდა იმის შესახებ, თუ რატომ მოუვლინა ღმერთმა ამგვარი სასჯელი.

მან გადახედა თავისი ცხოვრების გზას და ვერაფერი ნახა იქ ისეთი, რასაც შეეძლო ღვთის რისხვა გამოეწვია:

“კაცი არ მოულავს, არ დაუჩეხია, არ უეშმაკნია ჯერეთ, ჯერეთ არ უქურდნია, არაფერი მოუპარავს, არავისთვის არაფერი წაურთმევია…”

აქ პლატონს ახსენდება, რომ ბრეგაძეებს ართმევს.. დაირწმუნებს თავს, რომ ესაა მიზეზი მის თავზე დატრიალებული უბედურებისა და გადაწყვეტს ეს სადავო საქმე მოსპოს…

პლატონმა თვითონ გადაუხადა გვერდევანიძეს გასამრჯელო, რათა ბრეგაძეები ზედმეტი ხარჯისგან გაეთავისუფლებინა… ეს იყო ის მსხვერპლი, რომლის გაღებაც პლატონმა შეძლო, რათა უზენაესისთვის გული მოელბო. Aამის შემდეგ, პლატონს გაეღვიძა იმედი, რომ მის მსხვერპლს ღმერთი შეიწირავდა და დედინაცვალს მისთვის თავზარდამცემი მოზიარის ჩანასახი მუცელში გაუწყალდებოდა…

ღმერთთან ურთიერთობაში პლატონიც ლუარსაბ თათქარიძის მაგალითს იმეორებს. თუმცა, მათი სურვილები განსხვავდება ერთმანერთისგან. ლუარსაბი შვილს სთხოვს ღმერთს, ხოლო პლატონი ნაყოფის მოსაშორებლად სწირავს მსხვერპლს…

(დროის იმ მცირე მონაკვეთში, რომელიც ამ ორი ნაწარმოებს აშორებს ერთმანერთისგან, ქართველ საზოგადოებას მართლაც არნახული ნახტომი გაუკეთებია.)

მაგრამ ღმერთმა არ მოხედა პლატონის შესაწირს და ისიც იძულებული გახდა ისევ საკუთარ გონებას მინდობოდა.

გონებამ უკარნახა, რომ ბეკინასთან მისულიყო და ეთხოვა ცოლისთვის მუცელი მოეშლევინებინა.…

პლატონისთვის ეს ნაბიჯი უფრო სახიფათო გამოდგა, ვიდრე უზენაესთან ურთიერთობა. რადგან, თუ ყოვლისმპყრობელმა მამამ უპასუხოდ დატოვა პლატონის თხოვნა, ხორციელმა მშობელმა ლამის ცა დააქცია თავზე:

“_ ღმერთი დეივიწყე, შე უბედურო?…

ღმერთი აღარ გაგახსენდა, მაგისთანა აზრები რომ თავში მოგივიდა?! მოხუცებულ კაცს მაძალებ სულის წასაწყმედი საქმე ჩევიდინო?… ღვთის ჩასახული კაცი მოვკლა?… გაგიჟდი, შე ღმერთგამწყრალო? რავა მეუბნები დედაკაცს მუცელი მოვაშლევინო?! რამ გაფიქრებია ამნაირი უღვთო საქმე, რამ?…”

მართალია, უღვთო საქმე განიზრახა პლატონმა, მაგრამ ღმერთი როდი დავიწყნია? პირიქით, მას არ უთქვამს ბეკინასთვის, რომ მას შემდეგ, რაც ეს თავზარდამცემი ამბავი შეიტყო, მსხვერპლიც კი შესწირა ღმერთს… არ უთხრა, თორემ რომ ეთქვა, იქნებ ბეკინაც მიეხვედრებინა, რომ მისი პასუხი პლატონის თხოვნაზე, უფლის სიტყვადაც შეეძლო ჩავთვალა, ისევე როგორც ის ხელი, რომელმაც ელენე პლატონის თავდასხმისგან იხსნა.…

უნებური მამა

ბეკინა უნებური მამაა. ის მხოლოდ შესაფერი ამხანაგს დაეძებდა, სიბერე რომ ტკბილად გაეტარებინა, მაგრამ ბუნებამ სხვაგვარად ინება და თამაში სინამდვილედ უქცია.

ბეკინა გულწრფელადაა შეწუხებული თავისი ახირების გამო:

“_შევცდი, შვილო, შევცდი – აღარ მეპატივება?! ნუ მომიძულებ, შე კაცო, საბოლოოდ! მინდოდა ასე რომ მომხდარიყო? მეგონა?

შემაცდინა ეშმაკმა…

თუმცა, იქვე, თითქოს სურს თავისი როყიოდ წამოსროლილი სიტყვები უკანვე დაიბრუნოსო, დასძენს:

– ღმერთმა ასე ინება, … ჩვენ რა გაგვეწყობა! _

გულსაკლავია დაბეჩავებული მოხუცის ხვეწნა-მუდარა საკუთარი შვილის მიმართ. თუმცა, ასეთად რომ არ დარჩეს ის ჩვენს მეხსიერებაში, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყოველთვის ასეთი როდი იყო ბეკინა სამანიშვილი. ერთ დროს ერთობ გადაპრანჭული და მაინც ბატონკაცურად ყაბალახით მხარდამშვენებული მოხუცი, თუმცა ოდნავ ფერმკრთალი და შელახული (არა სიბერის გამო), მაგრამ მაინც გვირგვინია ბუნებისა და ბუნებამაც სწორედ ის აირჩია (ღმერთმა ასე ინება) მომავლის მამად…

ის და არა შეუბრალებელი, სისხლისმსელი მხეცი, რომელმაც პლატონში დაიბუდა.

ლიტერატურული საიდუმლო

ლიტერატურაში მოულოდნელად არაფერი ხდება. მხატვრული სინამდვილე შემთხვითობას არ ცნობს. ტექსტში სასწაულებს არ ელის მკითხველი, აქ ყველა ქმედებას მოტივაცია სჭირდება. მაგრამ არსებობს ისეთი მოვლენები, რომლებიც ლოგიკურ ახსნას არ ექვემდებარება და მკითხველიც ამაოდ დაიწყებს მასში რაციონალური მარცვალის ძებნას.

სწორედ ასეთ ლიტერტურულ საიდუმლოდ მეჩვენება ელენეს დაფეხმძიმების ამბავი, რომელიც თავისი ხასიათით აშკარად დაუჯერებელია და ისეთივე მრავლისმეტყველ ღიმილს იწვევს მკითხველში, რომელსაც მხოლოდ ბიბლიური სარას გაოცებული სახე თუ შეედრება, როდესაც მან თავისი მომავალი დედობის შესახებ შეიტყო.

არა, არისტოს ამ შემთხვევაში ნამდვილად არ მოუტყუებია პლატონი. ელენე თხუთმეტი წელიწადი უცნობილაძეს ჰყავდა ცოლად, რვა წელიწადი ბრეგაძეს, შვილი კი არცერთთან არ ჰყოლია. ბეკინას ხელში კი სწორედ საოცრება მოხდა. ტყუილად კი არ ამბობს არისტო ქვაშავაძე, მართლაც უცნაური კაცი ყოფილა ბეკინა სამანიშვილი…

ამიტომაც გაუჭირდა მისი ცნობა მკითხველს.

ის მაინც დაიბადა

“და სწუხდა საშინლად, თვალები სისხლით ევსებოდა, მთელის ტანით, ბოროტ-მღელვარებისა გამო, თრთოდა…

მაშ უნდა დაიბადოს? არ შეიძლება განა ჩავშალო განკარგულება ღვთისა? _ ამბობდა იგი დაჟინებით, ეკითხებოდა თავის თავს…”

პლატონსაც მოუხდებოდა ასეთი ტექსტი, მაგრამ ეს არაა პლატონი. თუმცა ბოროტი ძალის გამძვინვარებული სახე, რომელიც ახალი ადამის დაბადებითაა გამოწვეული (ვაჟა-ფშაველა “ეშმაკი”), ისევე ზუსტად მიესადაგება მის გარეგნულ და სულიერ მდგომარეობას, როგორც ბოროტზე არანაკლებ გაბოროტებული მისი ქცევა და სიტყვები:

“არ მოკვდები! არ მოკვდები! ახლაც არ მოკვდები! _ და ელენე მარჯვედ გადმოისროლა კარებისკენ.”

არ მოკვდა. დაიბადა და ოთხი- ხუთი წლის წლის პატარა შავთვალა მალხაზი ბავშვი, ჩითის ბლუზით, წითელი წუღებით, კიზიროკიანი ქუდით თავზე, რომელიც სასამართლოს კარზე იზრდება, ერთადერთი ლიტერატურული მემკვიდრეა მეცხრამეტე საუკუნისა, რომელიც ამანათივით გადმოეცა ჩვენს მხატვრულ სინამდვილეს.

მან ჯერ არ იცის, თუ რამდენი უსიამოვნება მოიტანა მისმა გაჩენამ და რომ არა ის, ეს ქვეყანა მთლიანად პლატონ-კაენის შთამომავლობას დარჩებოდა.

ამიტომაც იცქირება ასე ხალისიანად და მომავალსაც ჯერ კიდევ იმედით შეჰყურებს…

****

ნაწარმოების ფინალში, პესონაჟები, რომლებიც აქამდე ერთგვარად “არბილებდნენ” სიტუაციას და ტრაგედიისთვის უჩვეულო თეატრალიზებულ, სანახაობით მხარეს ქმნიდნენ, სადღაც გაუჩინარდნენ. კირილე, არისტო, დარიკო, რომელთაც შეეძლოთ ხალისი თუ არა, მეტ-ნაკლები ნუგეში მაინც შემოეტანათ სამანიშვილების ოჯახში, უკვალოდ გაქრნენ. ისინი ლანდებივით გადაცვივდნენ სცენიდან, მოშალეს დეკორაცია, თან წაიღეს რეკვიზიტი და რაც მთავარია, მათი წასვლის შემდეგ სრულიად დაიკარგა იმერული დიალექტის ის სიმსუბუქე (ვიღაცამ ფონოგრამა გამორთო), რომელიც ერთგვარად, თითქოს ძალას აცლიდა სისასტიკეს.

სცენაზე კი, მხოლოდ სამყაროს უამური ფერები და ხმები გაბატონდა.

მთლიანად გაშიშვლდა შესახედავადაც კი უსიამოვნო ჩონჩხი ბიბლიური სქემისა, რომელიც მთელი ამ ხნის მანძილზე კარგად იფარავდა თავს.

ამ გაუსაძლის გარემოს ახლა მხოლოდ მელანო დაჰფუსფუსებს და მარადიული დედის მზრუნველობით ცდილობს მომავლის გადარჩენას.

0
138
შეფასება არ არის
ავტორი:თეკლა 123
თეკლა 123
138
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0