საქართველო ყველაზე ცნობილი მოღალატეები საქართველოს ისტორიაში 2023, 14 ივლისი, 18:59 მოღალატეები ყველა ხალხში და ყველა დროში იყვნენ, ყველას აზარალებდნენ, ზოგჯერ იმათაც კი ვისზეც ისინი მუშაობდნენ, თუმცა არის ისტორიაში რთული შემთხვევები, როდესაც ჩვენ დანამდვილებით არ შეგვიძლია ვთქვათ, იყო თუ არა ის ადამიანი დამნაშავე კონკრეტულ შემთხვევაში, მაგრამ არიან ადამიანები, რომელთა ღალატი ეჭვის ნატამალსაც არ იწვევს, ქართულ რეალობაში ვიცნობთ ისეთ მოღალატეებს, რომლის სახელიც (შადიმანი) და გვარიც (ორჯონიკიძე) ღალატის სინონიმებად იქცა .მოდით გავეცნოთ საქართველოს ისტორიაში ყველაზე ცნობილ მოღალატეებს. კახაბერ ყორღანიშვილი 1569 წელს ქართველთა და ყიზილბაშთა ლაშქარს შორის ფარცხისთან ბრძოლა გაიმართა. ირანის შაჰმა განჯაში შაქისა და ყარაბაღის ლაშქარი შეკრიბა, დაიქირავა საშამხლოს რაზმები და საქართველოში გაგზავნა ქართლის მეფის სვიმონ I-ის წინააღმდეგ. მოღალატე აზნაური კახაბერ ყორღანაშვილი მტერს გზაზე მიეგება და მეგზურად წაუძღვა. მიუხედავად მტრის სიჭარბისა, ქართველებმა მტერი დაამარცხეს, თუმცა ბრძოლის დროს სვიმონ მეფე მოწყდა პირად დაცვას, რაც არ გამოეპარა კახაბერ ყორღანაშვილს და ყიზილბაშებს მეფის ვინაობა ამცნო, მათ კი სვიმონ მეფე შეიპყრეს. დატყვევებული სვიმონი, საკუთარმა ძმამ, დაუდ-ხანმა შაჰ-თამაზთან გააგზავნა და შემდგომ მთელი 10 წელი ალამუთის ციხეში ტყვეობაში გაატარა. . ქართველი მამულიშვილები კი ბრძოლას განაგრძობდნენ. ქვეყნისა და სვიმონ მეფის მოღალატეებს სადაც მოიხელთებდნენ უწყალოდ ჟლეტდნენ. ერთხელ სვიმონ მეფის ერთგული თანამებრძოლი, ქართლის სპასპეტი საჩინო ბარათაშვილი კოჯრის გზაზე მიდიოდა და უცბად მოღალატე კახაბერ ყორღანაშვილს გადაეყარა. ...ელვასავით დაეძგერა ბარათაშვილი, ცხენიდან დაითრია, მიწას განართხო და მისივე ცხენის მოსართავებით შეუკრა ხელ-ფეხი მოღალატეს. ენა ამოიდგა ყორღამაშვილმა და ცრემლის ამოანთხია თვალთაგან. - ნუ მომკლავ, საჩინო ბარათაშვილო, ნუ დაიდებ ჩემი ცოლ-შვილის ცოდვასო, ყრმად დაგიდგები, შენს ფერხთა მტვრად ვიქცევი, გინდა სულ გადავიკარგებიო. ბარათაშვილს არაფერი ესმოდა, მხოლოდ ერთი რამ სწამდა შეურყევლად: მტრის მეგზური და ქვეყნის მოღალატე ისევე არ უნდა დაინდო, როგორც ცოფიანი ძაღლი, მორჩა და გათავდა!... მაშინვე ცხენზე შემოიგდო და გელიყარის კლდისკენ გააქანა, თვალჩაუღწეველ უფსკრულზე გადააყენა “ახლა იხილე როგორია ქვეყნისა და მეფის ღალატი!" - შესძახა საჩინომ. გველივით აწივლდა გულდედალი ყორღანაშვილი. უსაზღვრო ზიზღმა მოიცვა ბარათაშვილის გული, ხელი შემებილწებაო გაუელვა და წიხლი აძგერა მოღალატეს, კივილთან ერთად ჩაინთქა და გადაქარდა ერთი ბოროტი ყორღანაშვილი. ხალხმა აღტაცებით აიტაცა მოღალატის სიკვდილის ამბავი, ვიღაცამ სიმღერაც შეთხზა და მღეროდენ: “ყორღან-ოღლი ქარაფიდან, ხელი ჰკრეს და გადაფრინდა!" შადიმან ბარათაშვილი ქართლის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე XVI საუკუნის ბოლოსა და XVII საუკუნის I მესამედში. მეფის სუფრაჯი, ლუარსაბ II-ის მამამძუძუ, დიდ ფეოდალთა დაჯგუფების ერთ-ერთი ხელმძღვანელი, გიორგი სააკაძის წინააღმდეგ მოწყობილი შეთქმულების (1612) ორგანიზატორი. ირანელთა 1614 შემოსევის დროს შაჰ-აბას I-ის სამსახურში ჩადგა, იმერეთიდან გადმოიყვანა ლუარსაბ II და შაჰს მიჰგვარა, რასაც ლუარსაბის მოწამეობრივი სიკვდილი მოჰყვა. შადიმანობა დღესაც გამოიყენება ტერმინად, რაც ქვეყნის ღალატს აღნიშნავს. უკანასკნელ ხანებში ქართველი მწერლები და ისტორიკოსები მის რეაბილიტაციას შეეცადნენ. „მის გაიდეალებას კი არავინ მოითხოვს, მაგრამ ხალხოსნურ–საბჭოურ კლიშეს ადევნებულნი ქვეყნის ორგულადაც ნუღა დავსახავთ“ შადიმან ბარათაშვილის მოღალატური პორტრეტი წარმოისახება კინოფილმში გიორგი სააკაძე, სადაც ის ეროვნული გმირის – გიორგი სააკაძის დაუძინებელი მტერი და ქვეყნის და მეფე ლუარსაბ II–ის ორგულია. ფილმში შადიმან ბარათაშვილი გიორგი სააკაძის დისა და ლუარსაბ მეფის თანამეცხედრეს წამლავს, რაც ისტორიული წყაროებით არ დასტურდება. შადიმან ბარათაშვილი ასევე შემდეგი ნაწარმოებების პერსონაჟია, სადაც ის, ძირითადად, უარყოფით პერსონაჟად არის გამოყვანილი: ვასილ ბარნოვის „განგების გრკალის“, სადაც პერსონაჟ შადიმანს სააკაძის სახლ–კარის აკლებისას უნებლიეთ შემოაკვდება მოხუცებული ქალი. ანა ანტონოვსკაიას „დიდი მოურავის“, სადაც ავტორი მას ირანელთა რაზმის ფარულად შემოყვანას მიაწერს ქართლში, რაც ისტორიული წყაროებით არ დასტურდება. სიმონ ქვარიანის „დიდი მოურავის“, ანტონ ფურცელაძის მონოგრაფიისა „გიორგი სააკაძე და მისი დრო“, და პიესისა „დიდი მოურავი“, სანდრო შანშიაშვილის დრამის „უგვირგვინო მეფენი“ და სხვა არაერთის ისტორიკოსის ნაშრომების. შანშიაშვილი და ანტონოვსკაია თავიანთ ნაწარმოებში მას ლუარსაბ II-ის დაღუპვის ცოდვასაც ჰკიდებენ. ერთადერთი ისტორიული წყარო, რომელიც შადიმანს ქვეყნის მოღალატედ წარმოაჩენს, იოსებ თბილელის დიდმოურავიანია, რომელიც გიორგი სააკაძის ნათესავია. შადიმანის საპირისპიროდ, მისი მოწინააღმდეგენი ქართლის ცხოვრების ამ ნაწყვეტს იშველიებენ: „მაშინ თავადთა და დიდებულთა ქართლისათა და რომელიცა არ იყო მოურავის მოყუარე, იწყინეს და დაუწყეს ბეზღობა მოურავსა... და უმეტესად სუფრაჯმან შადიმან ბარათაშვილმან დაუცადებლად დაუწყო ბეზღობა მოურავსა“ იოსებ სააკაძე გვამცნობს, შადიმანი სააკაძეს მტრად იმიტომ მოეკიდა, რომ მან მეფის აღმზრდელს მამაცობა და ხმლის კვეთება დაუწუნაო: „შადიმან ამად დამქიშვდა, აქვს მამაცობის ზრახვანი, ჰერთხელ ეს ვუთხარ: შენს ხმალსა არ აქვს კვეთა ახვანი“. იესე ფალავანდიშვილი 1832 წლის შეთქმულების გამცემი, თავადი. რუსეთში ცნობილი იყო, როგორც ევსევი ოსიპოვიჩ ფალავანდოვი (Евсевий Осипович Палавандов). 1832 წლის შეთქმულება გასცა, რაც მეცხრამეტე საუკუნის ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში მნიშვნელოვანი მოვლენა იყო. პეტერბურგსა და მოსკოვში იძულებით გადასახლებული ქართველ ბატონიშვილთა ოჯახები ვერ შეურიგდნენ თავიანთ ხვედრს და ბაგრატიონთა სამეფო ტახტის აღდგენისათვის დაიწყეს ბრძოლა. შეთქმულების ხელმძღვანელ ბირთვს სოლომონ დოდაშვილი, ელიზბარ ერისთავი, ალექსანდრე ორბელიანი და იასე ფალავანდიშვილი წარმოადგენდნენ. შეთქმულება დიდხანს და საფუძვლიანად მზადდებოდა. აჯანყება 1832 წლის დეკემბერში უნდა დაწყებულიყო.1832 წლის შეთქმულების მზადების დროს ფალავანდიშვილმა მოინდომა თავისი ძმის, თბილისის სამოქალაქო გუბერნატორის, ნიკოლოზ ფალავანდიშვილის ჩაბმა შეთქმულებაში, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია. ძმის გავლენით თვითონვე გასცა შეთქმულება. რუსეთის მაშინდელმა იმპერატორმა ნიკოლოზ პირველმა შეთქმულებს სიკვდილით დასჯა გადაუწყვიტა, მაგრამ შემდეგ გადაწყვეტილება შეცვალა და ისინი რუსეთის შორეულ მხარეებში გადაასახლა. თავად იასე ფალკავნდიშვილი გადაასახლეს ფინეთში, შემდეგ ასტრახანში, სადაც იძულებით სამხედრო სამსახურს გადიოდა. შემდეგ მსახურობდა ტყეების ადმინისტრატორად პეჩორის ოლქში, სადაც თავისი მოღვაწეობითა და ეკოლოგიაზე ზრუნვით ადგილობრივი მოსახლეობის პატივისცემა დაიმსახურა. ყირიმის ომის (1853-1856) დროს მონაწილეობდა სანაპიროების გამაგრებაში, რისთვისაც წმ. სტანისლავის III ხარისხის ორდენი მიიღო. გარდაიცვალა პეჩორის ოლქში, სოფელ უსტ-ცილმაში; დაკრძალულია იქვე. სერგო ორჯონიკიძე ბოლშევიკი რევოლუციონერი, საბჭოთა სახელმწიფო და პარტიული მოღვაწე, 1921 წელს იგი ხელმძღვანლობდა ბოლშევიკთა შემოჭრას საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. სერგო ორჯონიკიძემ მოსკოვს ახარა: „თბილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებს, გაუმარჯოს საბჭოთა საქართველოს!“ ორჯონიკიძემ 1937 წელს თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.მანამდე, პლენუმზე ორჯონიკიძე სტალინის დაგმობას აპირებდა საკუთარ გამოსვლაში. ორჯონიკიძეს სიტყვით გამოსვლა არ დასცალდა, ის პლენუმამდე მცირე ხნით ადრე მკვდარი იპოვეს. მისი გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად დასახელდა ინფარქტი. ხრუშჩოვის მემუარების მიხედვით, ორჯონიკიძეს ანასტას მიქოიანისთვის გაუმხელია თვითმკვლელობამდე ერთი დღით ადრე, რომ მას უკვე აღარ შეეძლო იმის ატანა, თუ რა ხდებოდა პარტიაში (განსაკუთრებით პარტიის წევრების დახვრეტები). გიგლა ბერბიჭაშვილი და მისი ბანდა გამოძიების, გადმოცემით და მოწმეების ჩვენებებით, ის ილია ჭავჭავაძის მკვლელობის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე იყო. 1907 წლის 30 აგვისტოს ილია თავის მეუღლე ოლღა გურამიშვილთან ერთად თბილისიდან საგურამოში ეტლით მიემგზავრებოდა. წიწამურთან მას გიგლა ბერბიჭაშვილის ბანდა(გიორგი ხიზანიშვილი, პავლე აფციაური, ივანე ინაშვილი, "ვინმე იმერელი") დახვდა, რომელთაც იარაღის მიშვერით შეაჩერეს ეტლი. გადმოცემის თანახმად, ილია ფეხზე წამოდგა და ბანდას მიმართა "ილია ვარ არ მესროლოთ". გიგლას პასუხი კი ასეთი იყო: "ილია რომ ხარ, იმიტომ უნდა გესროლოთ", და უცბად გაისმა რამდენიმე გასროლის ხმა გაისმა. ილია წიწამურთან მოკლეს, მას ტყვია გულმკერდის არეში ჰქონდა ნასროლი. 1941 წლის მაისში ბერბიჭაშვილი დააპატიმრეს. იმავე წლის დეკემბერში დაიწყო სასამართლო პროცესი, რომელზეც ბერბიჭაშვილმა მკვლელობა არ აღიარა. საბჭოთა სასამართლომ ბერბიჭაშვილი დამნაშავედ ცნო, მისი რევოლუციური წარსული კი ტყუილად მიიჩნია, მკვლელობის შემკვეთად მეფის საიდუმლო პოლიცია („ოხრანკა“) დაასახელა, უშუალო ორგანიზატორად კი ილიას მოურავი — დიმიტრი ჯაში. 1942 წლის 5 იანვარს ბერბიჭაშვილს დახვრეტა მიუსაჯეს, მაგრამ ხანდაზმულობის გამო სასჯელი მალევე 10-წლიანი პატიმრობით შეუცვალეს. გარდაიცვალა ციხის საავადმყოფოში. 2601 5-ს მოსწონს 1-ს არა
|