სხვა ცნობილი ქართველების სახალისო კურიოზები (ნაწილი 4) 2023, 14 ივლისი, 16:39 დღეს ორი დიდი ქართველი მწერლის დაბადების დღეა, ვაჟა ფშაველასი და ნოდარ დუმბაძესი, სწორედ მათით დავიწყებთ. ****"იმ ხანად თბილისში სტუმრობდა „ახალ ერმაკად” მონათლული კაზაკთა ატამანი აშინოვი, რომელსაც იმდროინდელი რუსული პრესა ხოტბას ასხამდა და გმირად სახავდა.არა და იგი იყო ერთი ავანტურისტი, რომელიც ხელმწიფის კარამდე მივიდა და ამბობდა, რომ აბისინია უნდა შემოვუერთო რუსეთს, როგორც ერმაკმა შემოუერთა ციმბირიო. „ივერიას” კი თავის პუბლიკაციაში საცინლად აუგდია ეს აშინოვი. ხანჯალმოღერებული აშინოვი სწორედ იმ დროს შეჭრია კაბინეტში „ივერიას” თანარედაქტორს სერგი მესხს (რედაქტორი ილია ჭავჭავაძე იყო), როცა მასთან აკაკი და ვაჟა იმყოფებოდნენ სტუმრად და მოუთხოვია ბოდიში და უარყოფა კრიტიკისა, რაზეც სერგი მესხს უარით უპასუხნია. ამაზე ოფიცერი აშინოვი დამუქრებია, ნახავ, რაც მოგივაო. ვაჟა ფშაველა დინჯად წამომდგარა და უთქვამს: "სანამ შენი გვინახია, ერთი ჩვენიცა ნახეო. ჩაუვლია კისერში ხელი, გამოუყვანია კიბესთან და ისეთი პანღური დაუზელია, რომ თავკერძას გორვით ჩაუთავებია კიბე და ქვაფენილზე გაშხლართულა. შერცხვენილ ატამანს იმავ დღეს აუკრეფია გუდა-ნაბადი საქართველოდან.” ***აკაკის გარდაცვალების მერე ვაჟა წერილს სწერს გამომცემლობას, სადაც ამბობს: „გავიგე, აკაკი დიდი ამბით დაგიკრძალავთ. მჯერა, რომ ეგრე იქნებოდა. ისიც ვიცი, რომ ჩემი სიკვდილის შემდგომ ჩემთვის კარგი ადგილი გაქვთ შერჩეული და დიდის პატივით მიპირებთ დასაფლავებას. მაგრამ სანამ მოვკვდები, იქნება ჩემი ჰონორარი გამომიგზავნოთ, თორემ სრულიად მშიერი ვარ და საჭმლის ფული აღარ მაქვსო..“ 1915 წელი. ***81 წელს როდესაც დინამომ თასი აიღო, ბუნებრივია დაიწყო ტრიუმფატორი გუნდის შეხვედრები სხვადასხვა ორგანიზაციებთან. ერთერთი შეხვედრა ჩატარდა საქართველოს მწერალთა კავშირის წევრებთან. ახალკაცმა მიიყვანა დუბლშემადგენლობა შეხვედრაზე და მოიბოდიშა, "ასტნავნოი" გუნდი დაღლილია და მნიშვნელოვანი შეხვედრა აქვს ხვალ, ამიტომ დუბლები მოვიყვანეო.იმ დროს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე იყო ნოდარ დუმბაძე, რომელმაც უპასუხა: ეგ არაფერი, ჩვენც დუბლები ვართ "ასტნავნოი" მთაწმინდაზე წევს ძამა. ***მოსკოვშია ნოდარ დუმბაძე ცოლთან ნანული გეგენავასთან ერთად. მაღაზიებში სიარულისას ქალბატონ ნანულის ძალიან მოწონებია 12 კაციანი ჩაის სერვიზი და დაუჟინებია ვიყიდოთო, ნოდარი მიხვდა რომ არაფერი გამოუვიდოდა და, - კაი ვიყიდოთ, ვიყოდოთ მარა იმ კაცის რა ვუთხრა, სახლში 12 კაცს რო მიიყვანს და ჩაის დაალევინებსო.. *** ნოდარ დუმბაძე:“ალგებრის მასწავლებელი უსაზღვროდ კრეტინს მეძახდა. წარმოიდგინე, უსაზღვროდ კრეტინი – საზღვარი არ გაქვს, ე.ი. შენი კრეტინიზმი გადაჭიმულია დედამიწის ერთი კიდიდან მეორემდე, არც შლაგბაუმი ადევს შენს კრეტინობას, არც საბუთს უსინჯავენ, არც ღობეს უშენებენ, მიდის და მიდის მდინარესავით, უერთდება ზღვას, მერე მეორეს სრუტეებით, არხებით, მერე მესამეს, შედის ოკეანეში, ორთქლდება, მერე წვიმად მოდის, ბალახად ამოდის, ხედ მოდის, ღრუბლად დაქანაობს ცაში, ჭექს, ქუხს, მოკლედ, შენია მთელი მსოფლიო, შენ ხარ მთელი სამყარო. უსაზღვროდ კრეტინი, აუ, რამხელა რამეა. ალგებრის მასწავლებლის ოჯახს ააშენებს ღმერთი. როგორ მაფასებდა, როგორი წარმოდგენა ჰქონია ჩემზე, მე კი მლანძღავდა მეგონა…“ * * *კომპოზიტორი რეზო ლაღიძე და დირიჟორი ვახტანგ ფალიაშვილი ერთ წვეულებაზე ყოფილან. პირველი თურმე, ვერ მოაშორეს ჭიქას, მეორე კი ვერ მიაკარეს... - პარადოქსებითაა ეს ქვეყანა სავსე - უთქვამს ბატონ ვახტანგს რეზოსათვის - ფალიაშვილი მე ვარ და მუსიკას შენ წერ... - რას იზამ, ლაღიძე მე ვარ და ლიმონათს შენ სვამო - უპასუხია რეზოს * * *თემურ ჭკუასელი ჰყვებოდა, ადრე ყველა უბანში იყვნენ ისეთი ბიჭები, ყველგან რომ იცნობდნენ და პატივს სცემდნენ. დაბადების დღეებზე ერთს რომ დაპატიჟებდნენ, მას მთელი საძმაკაცო მიჰყავდა... მოკლედ, ერთხელ მოვხვდი სუფრაზე და წარმოდგენა არ მქონდა, ვის დაბადების დღეზე ვიყავი. ბიჭები რომ შეზარხოშდნენ, სიტუაცია ცოტა დაიძაბა. ეს არ მომეწონა და ვიფიქრე, აქედან გავერიდები-მეთქი. ძმაკაცებისთვის რომ მეთქვა, ვიცოდი არ გამომყვებოდნენ. ერთი ჩემი ნაცნობი უბნელი ბიჭი გამოვიჭირე, რომელიც ჩემს მისვლამდე მისულიყო იქ. ვუთხარი, წამოდი ბიჭო, ხომ ხედავ, უაზრო სიტუაციაა და გავერიდოთ-მეთქი. მითხრა, ვერ წამოვალო. დავუწყე ახსნა, ხომ ხედავ, თავს კომფორტულად ვერ ვგრძნობთ, სანამ ერთი ამბავი ატყდა წავიდეთ-მეთქი. შემომიტრიალდა და მითხრა, ვერ წამოვალ, ძმაო, ჩემი დაბადების დღეაო ***მანუჩარ მაჩაიძე„ზამთარში, როდესაც ჩემპიონატში შესვენება იყო, ფეხბურთელებს სათამაშო ფორმა რომ არ დაეკარგათ, გუნდები საზღვარგარეთ მიემგზავრებოდნენ და ამხანაგურ თამაშებს მართავდნენ. ერთ ზამთარს „დინამო“ ინდონეზიაში გაემგზავრა. მაშინ იმ ქვეყანას დიქტატორი სუჰარტო მართავდა, რომელიც კომუნისტებს ქუჩაში ხოცავდა და მილიონი ადამიანი შეიწირა. ჩავატარეთ 3 თამაში. მოვუგეთ ინდონეზიის ეროვნულ ნაკრებს, დანიურ „კოპენჰაგენს“, ხოლო ბრაზილიურ „კრუზეიროსთან“ კი წავაგეთ. იქ ტოსტაო და ბრაზილიის ნაკრების კიდევ 5 წევრი თამაშობდა. მეორე დღეს მთელი ინდონეზიური პრესა წერდა: „დინამომ“ როგორ წააგო ისეთ ცუდ გუნდთან, როგორიც „კრუზეიროაო“. მიგვიღო სუჰარტომ, ყველას ხელი ჩამოგვართვა და გვთხოვა, კიდევ ერთხელ ითამაშეთო. დავრეკეთ მოსკოვში და თამაშის ნებართვა ვითხოვეთ, მაგრამ გვითხრეს: „ნე პალოჟენაო“ (არ შეიძლებაო). სუჰარტომ კი ფულით სავსე ჩემოდანი გამოგვიტანა – იქ 500 ათასი ამერიკული დოლარი იყო. ავტობუსით აეროპორტში რომ მივემგზავრებოდით, ჩვენმა მწვრთნელმა გავრილ კაჩალინმა თქვა: მაჩაიძე „გეპეიში“ სწავლობს, მათემატიკა კარგად იცის და ფული მაგან დათვალოსო. ჩემოდანში 1-2-5- დოლარიანები იყო. დავჯექი, ბიჭები შემომეხვივნენ. დავიწყე თვლა და როგორც იქნა, მოვრჩი, მაგრამ 10 დოლარი დამაკლდა, ალბათ, გაიბნა, ან ვინმემ აწაპნა. ფულიანი ჩემოდანი გუნდის უფროსს ჩავაბარეთ და მან „კაგებეში“ წაიღო, იქ კი ჰკითხეს, 10 დოლარი რა უყავიო და რამდენიმე თვე ხელფასიდან უკავებდნენ თანხას.” ***სვეტიცხოვლის აღმშენებლის, კონსტანტინე არსაკიძის როლის ბრწყინვალედ შესრულების შემდეგ, უკვე საქვეყნოდ აღიარებული მსახიობი ბატონი თენგიზ არჩვაძე მცხეთაში, ბიზნესმენ ელგუჯა ბუბუტეიშვილთან სტუმრობდა. სუფრაზე საპატიო სტუმარს ღვინით სავსე ყანწი მიართვეს, რომელიც მარცხენა ხელით ჩამოართვა მასპინძელს. შემდეგ სუფრის წევრებს გადახედა და თქვა: „ბოდიშს გიხდით, ყანწი მარცხენა ხელით მიჭირავს, რა ვქნა, მარჯვენა სვეტიცხოველში დავტოვე…“ "ცნობილი ქართველების სახალისო კურიოზების" წინა ნაწილები იხილეთ ამ ბმულზე1196 3-ს მოსწონს
|