სხვა ცნობილი ქართველების სახალისო კურიოზები (ნაწილი 5) 2023, 2 ოქტომბერი, 11:07 ***ტრისტან სალარიძე ჰყვება: „ერთხელ ერთმა ჩემმა უსაყვარლესმა მეგობარმა დასალევად დამპატიჟა. ტაქსით წავედი. ტაქსისტი შემომხედავს, გაიხედავს. მე სერიოზული სახით ვზივარ. მან კი ასე რამდენიმეჯერ რომ გაიმეორა, ბოლოს მკითხა: თქვენ მსახიობი ხომ არ ხართო, ვიფიქრე, სიმართლე რომ ვუთხრა, ტვინს გამიბურღავს-მეთქი და ვუპასუხე. არა, ძმაო, მოსამართლე ვარ. ჩემი ტყუპისცალია მსახიობი და ხომ სული ამომხადეს ამის კითხვით-მეთქი. ტაქსისტი კი მეუბნება: ჰო, თქვენ სერიოზული კაცი ჩანხართ, ის კი მოსულელო ტიპიაო“. ***ოთარ რამიშვილი მიდის მანქანით, მაშინ „გაი“ იყო და „გაიშნიკმა“ ანიშნა ხელჯოხით, გააჩერეო. ოთარმა შეანელა, თავი გადმოყო და გასძახა, რამიშვილი ვარო. მისკენ მიმავალმა „გაიშნიკმა“ მიაძახა, რომელი რამიშვილიო? ოთარის პასუხი: რომელი რამიშვილი და ილიკო სუხიშვილის ცოლი ნინოო. ***დიდი ქართველი ფეხბურთელი იყო მურთაზ ხურცილავა, თბილისის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ნაკრებში თამაშობდა. ჩილეში რომ მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატი გაიმართა, საბჭოთა ნაკრები იქ 6 თვით ადრე გაუშვეს, მაღალმთიანი ქვეყანაა და ფეხბურთელებმა აკლიმატიზაცია კარგად გაიარონო, მაგრამ ამდენ ხანს იქ ყოფნა მაინც ნამეტანი იყო. მოკლედ, ჩემპიონატიდან გამოცვივდნენ და ვადაზე ადრე გამობრუნდნენ უკან. მურთაზი იხსენებდა, მოსკოვში რომ ჩავფრინდით, ერთი დღით სასტუმრო „როსიაში“ დავბინავდით. ვიგრძენი, რომ ჩემი ქართული ენა ძალიან მომნატრებოდა. ნომრიდან გამოვედი, ეგებ ვინმე ჩვენებური გამომეჭირა და ფოიეშიო მთლად მელიტონ ქანთარია არ დავინახეო... ეს ორი გამოჩენილი ქართველი, ორივე მეგრელი, შეხვდა ერთმანეთს. შესულან რესტორანში. ასე, მეხუთე-მეექვსე ჭიქაზე ლაპარაკი ბედისწერის რაობაზე ჩამოვარდნილა. მურთაზს უთქვამს, ამდენ ხანს ვიყავი წასული საზღვარგარეთ და ხედავ, რა არის ბედისწერა? კარგად რომ არ მეთამაშა ცხაკაიაში (დღევანდელ სენაკში), მაინცდამაინც ჩემს თამაშს რომ არ დასწრებოდა „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი ჟორდანია, ახლა ხომ ვერ მევივლიდი მსოფლიოსო? ხურცილავას ჰგონებია, ამის თქმით მელიტონი გააკვირვა და დააბნია, მაგრამ... მელიტონმა, – ხოხ, უარესი არ მითხრაო! ხომ დევიღუპებოდი, ჰიტლერს ომი რომ არ დეეთმოო... იმ ამბის შემდეგ ქანთარია დეპუტატი გახდა, მოსკოვში ცხოვრობდა“ *** როცა „დათა თუთაშხიას” ბუმი იყო, ყველა ცდილობდა, ავტორისთვის პატივი ეცა. ბათუმში ჩატარებული პრემიერის შემდეგ, ბ-ნი ჭაბუა ინტურისტის რესტორანში დაპატიჟა ქალაქის, ასე ვთქვათ, მაშინდელმა ელიტამ. დაიღალა, ეტყობა ამ ბრტყელ-ბრტყელი სადღეგრძელოებით და სუფრიდან გამოიპარა. სასტუმროს წინ მილიციის მანქანა პატრულირებდა. ჭაბუაც მივიდა მანქანასთან და სთხოვა, - ბიჭებო, კაცურად, წამიყვანეთ სახლშიო. დარწმუნებული იყო მიცნესო. იმათ კი სად წაიყვანეს, მგონი, გასაგებია. სუფრაზე რომ არ დაბრუნდა, თანამეინახეებმა მოძებნეს. რომ ვერ იპოვეს, ვიღაცას აზრად მოუვიდა და შს მინისტრს ჰკითხეს, - შემთხვევით შენმა ბიჭებმა ხომ არ აიყვანესო. მივიდნენ, ნახეს კარგად შელამაზებულია, - ეს რა ჩაიდინეთო? - არ გვითხრა ვინ იყოო, გვითხრა კარაპეტიანი ვარო. - ვთქვათ და არ ვარ ჭაბუა ამირეჯიბი, კარაპეტიანი ვარ, ამიტომ ცემაში უნდა მომკლათო… "ცნობილი ქართველების სახალისო კურიოზების" წინა ნაწილები იხილეთ ამ ბმულზე 888 2-ს მოსწონს
|