პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი გუშინ, ჰომოფობი რადიკალების მიერ ფესტივალ "Tbilisi Pride"-ის ჩაშლას და ორგანიზატორების მიერ "ლისი ვანდერლენდის" ტერიტორიაზე ფესტივალის სტუმრებისთვის განკუთვნილი გამაგრილებელი სასმელების მითვისებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:
"მე რამდენადაც ვიცი, იქ მიტანილ სასმელებში გეიობის ვირუსი იყო გარეული…." - ვკითხულობთ ექსპერტ გია ხუხაშვილის ფეისბუქპოსტში.
შეგახსენებთ, რომ ფესტივალი "Tbilisi Pride", რომელიც თბილისში 8 ივლისს უნდა გამართულიყო ჩაიშალა. ღონისძიება ჰომოფობიურმა ჯგუფებმა ჩაშალეს, რომლებიც სპეციალურად ფესტივალის დასარბევად ხალხმრავალ აქციაზე შეიკრიბნენ. ფესტივალის ორგანიზატორებს ლისის ტერიტორიაზე გამზადებული ჰქონდათ საფესტივალო სივრცე ღია ცის ქვეშ, სადაც ძირს ელაგა იოგას სავარჯიშო ხალიჩები ბალახზე კომფორტულად მოსათავსებლად, ასევე გამაგრილებელი სასმელები ფესტივალის სტუმრებისთვის.
რადიკალებს შორის ბევრი სასულიერო პირი იყო. აქციის ზოგიერთ მონაწილეს თეთრჯვრიანი შავი მაისური ემოსა. ძალადობრივმა ჯგუფებმა ფესტივალის ტერიტორია დაარბიეს, ლგბტ დროშები კი სხვა სიმბოლოებთან ერთად დაწვეს, დაწვეს ასევე უკრაინის დროშაც, რადიკალურმა ჯგუფებმა მიითვისეს "პრაიდისთვის" განკუთვნილი ნივთებიც, მათ შორის იოგას ვარდისფერი ხალიჩები და გამაგრილებელი სასმელები.
P.S. ყველაფერი მართლაც სევდიანი სანახავი იყო, განსაკუთრებით კი გაზიან სასმელს დახამებული მამრების ხილვა, რომლებიც "კოკა-კოლას" ბოთლებს ზოგი შარვლის უკანა ჯიბეებით, ზოგიც კი პოლიეთილენის პარკებით ეზიდებოდა.