ისტორია ცუტომუ იამაგუჩი — ადამიანი, რომელმაც ორ ატომურ ბომბს გაუძლო და გადარჩა 2023, 1 ივლისი, 21:17 1945 წელი იდგა — წელი რომელიც ისტორიაში შევიდა. მეორე მსოფლიო ომი ევროპაში უკვე დამთავრებული იყო, თუმცა აზიაში ის ჯერ კიდევ მძვინვარებდა. იმისათვის, რათა იაპონიისთვის კაპიტულაციის აქტზე ხელმოწერა ეიძულებინა, ამერიკას ორი ატომური ბომბის გამოყენება დასჭირდა.
ცუტომუ იამაგუჩიმ — კაცმა, რომელზეც ამ სტატიაში უნდა გესაუბროთ, ორივე ატომური ბომბის აფეთქებას გაუძლო. გაუძლო და გადარჩა. პირველი დარტყმა: ჰიროშიმა დღე, როდესაც Little Boy (ასე უწოდეს ამერიკელებმა მათ მიერ ბრძოლაში გამოყენებულ პირველ ატომურ ბომბს) ჰიროშიმას თავზე აფეთქდა, არასოდეს წაშლილა ცუტომუს მეხსიერებიდან. 6 აგვისტო თენდებოდა. იამაგუჩის თითქმის დასრულებული ჰქონდა თავისი ვიზიტი ჰიროშიმაში. კომპანია “მიცუბიშის” 29 წლის თანამშრომელს დაემთავრებინა ქალაქში თავისი სამთვიანი მივლინება, თუმცა რაღაც საქმესთან დაკავშირებით მას ბიუროში ხელახლა გამოუძახეს. არადა, მისი თანამშრომლები, აკირა ივანაგა და კუნიოში სატო, რომლებთან ერთადაც მამაკაცი ჰიროშიმაში გაემგზავრა, უკვე მშობლიურ ნაგასაკიში ბრუნდებოდნენ. თუმცა ცუტომუს თავისი კომპანიის ბიუროში დაბრუნება აღარ დასცალდა: 8 საათსა და 16 წუთზე, დედამიწის ზედაპირიდან 600 მეტრის სიმაღლეზე ცა მოულოდნელად ენითაუწერელი შუქით განათდა. თითქოს ვიღაცას მზე კოსმოსის სიღრმიდან ამოეგლიჯოს და ჰიროშიმაში ჩამოეტანოს. 80, 000 ადამიანი მეყსეულად დაიღუპა — იმდენად სწრაფად, რომ ვერავინ გაფიქრებაც კი ვერ მოასწრო, თუ რა მოხდა. მოგვიანებით კი — მომდევნო თვეებსა და კვირებში, კიდევ ათიათასობით ადამიანი გამოსხივების შედეგად გარდაიცვალა. როცა ქალაქზე ბირთვული შეტევა განხორციელდა, ცუტომუ ის-ის იყო ტრამვაიდან გახლდათ გადმოსული, აფეთქების ეპიცენტრიდან 3 კილომეტრის დაშორებით. თვალისმომჭრელმა შუქმა დააბრმავა, აუტანელმა სიმხურვალემ მის კანზე უმძიმესი დამწვრობები გამოიწვია, ხოლო დარტყმითმა ტალღამ ყურების ბარაბანები გაუხეთქა, თუმცა მძიმედ დაშავებული მამაკაცი ნავსადგურისკენ მაინც გაემართა, სადაც თავის ორ თანამშრომელს შეხვდა, რომლებთან ერთადაც დილით აპირებდა ნაგასაკიში გამგზავრებას. საბედნიეროდ ისინიც გადარჩენილიყვნენ. ის ჯოჯოხეთური ღამე მათ ბომბსაწინააღმდეგო თავშესაფარში გაატარეს, ოღონდ ისე, რომ აზრზეც ვერ მოვიდნენ, თუ რა შეემთხვათ. დილით იამაგუჩი სხვა ათასობით დამწვარ ადამიანთან ერთად რკინიგზის სადგურისკენ გაემგზავრა, რათა ნაგასაკიში დაბრუნებულიყო, მიუხედავად იმისა, რომ მისი უცნაური დამწვრობა მატულობდა და მატულობდა… მეორე დარტყმა: ნაგასაკი 8 აგვისტოს დილას ცუტომუმ როგორც იქნა, მიაღწია მშობლიურ ნაგასაკის. მას წარმოდგენაც კი არ შეძლო, რომ მალე ხელმეორედ მიუწევდა იგივეს გადატანა, რაც ჰიროშიმაში უკვე გადაიტანა. თავდაპირველად უახლოეს კლინიკაში დამწვრობები დაიმუშავა, ხოლო შემდეგ თვეების მანძილზე უნახავ საკუთარ ოჯახს — ვაჟს და ცოლს მიაკითხა. მომდევნო დღეს, 1945 წლის 9 აგვისტოს, იამაგუჩი გაემგზავრა “მიცუბიშის” ადგილობრივ ოფისში, რათა ხელმძღვანელისთვის ეამბნა, თუ რა გადახდა. და სწორედ იმ დროს, როცა მამაკაცი გზაში იყო, ზუსტად 11 საათსა და 02 წუთზე ნაგასაკის თავზე მეორე ბომბი ჩამოვარდა. ცუტომუ კვლავაც 3 კილომეტრის მანძილზე იმყოფებოდა აფეთქების ეპიცენტრიდან. მან მიწაზე დაწოლილმა აიცილა თავიდან დარტყმითი ტალღა, თუმცა დასხივებას ვერც აქ გადაურჩა. ცუტომუს წლების მანძილზე “ორგზის ჰიბაკუშას” უწოდებდნენ — ის იყო ერთადერთი ადამიანი მთელ იაპონიაში, რომელმაც ორ ბირთვულ დარტყმას გაუძლო. ის დიდხანს დასხივების შედეგებით იტანჯებოდა, თუმცა მაინც არ დაღუპულა. გადარჩნენ ასევე მისი ცოლი და ვაჟიც. იამაგუჩის კიდევ ორი შვილი ეყოლა. ის ნაგასაკიში დარჩა საცხოვრებლად. ღრმა სიბერემდე იცოცხლა და 2010 წელს, 93 წლის ასაკში, კუჭის სიმსივნით გარდაიცვალა. 140 1-ს მოსწონს
|