ისტორია სისხლიანი მატიანე: რის გამო აჯანყდა კახეთი 1812 წელს? 2023, 8 ივნისი, 21:24 რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები თავიდანვე შემზარავი და სისხლიანი მოვლენებით იყო სავსე. რუსეთმა უამრავი ავბედითი თავი ჩაწერა ჩვენი ბედკრული ქვეყნის მატიანეში. ერთ-ერთი ასეთი თავი 1812 წლის აჯანყება გახლავთ, რომლის გულგრილად გახსენება 210 წელზე მეტი ხნის შემდეგაც კი შეუძლებელია.
1812 წელს საქართველოს სახელმწიფოებრიობა უკვე 12 წლის დაკარგული ჰქონდა. თანდათან რუსეთის საოკუპაციო რეჟიმს გაუჩნდა განცდა, რომ ქართველი ერი საკმარისად იყო დამორჩილებული საიმისოდ, რათა მისთვის ეკონომიკური და სოციალური ჩაგვრის უმძიმესი უღელი დაედგა კისერზე. სწორედ ამ მიზნით საქართველოში შემოყვანილ იქნა საეგზეკუციო რაზმები. ეს რაზმები გაიგზავნა სიღნაღის მაზრაში, რომელიც მაშინდელი საქართველოს ბეღელი გახლდათ. რუსულმა საოკუპაციო ხელისუფლებამ 40 ათასი კოდი (ერთი კოდი მე-19 საუკუნეში 50 კილოგრამს უდრიდა) ხორბალი შეაწერა სიღნაღს. სიღნაღელ გლეხებს თითო კოდი 6 აბაზად უნდა ჩაებარებინათ, და ეს მაშინ, როცა კოდი ხორბლის საბაზრო ღირებულება 6 მანეთს აღემატებოდა. ვინ ჩააბარებს საკუთარ პროდუქციას ხუთჯერ უფრო დაბალ ფასად? ამიტომ საოკუპაციო რეჟიმმა ხორბლის ამოღება მოსახლეობიდან იარაღის ძალით სცადა. აჯანყება პირველებმა ახმეტელებმა დაიწყეს. ეს 1812 წლის 31 იანვარს მოხდა. აჯანყების მეთაურები იყვნენ ოთარ ქობულაშვილი, ნინია ანდრონიკაშვილი, სიმონ და ადამ ბებურიშვილები და ივანე მაყაშვილი. მათ 16 ოფიცერი და 300 ჯარისკაცი გაანადგურეს და თელავი და სიღნაღი დაიკავეს. პარალელურად აჯანყებულებმა თიანეთში გაწყვიტეს რუსი ოფიცრები, რომლებმაც იქ ადგილობრივი ქალები გააუპატიურეს. კახელებმა რუსეთის არმია ბოდბისხევთანაც დაამარცხეს. აქ 212 რუსი ჯარისკაცი და ოფიცერი შეეწირა კახურ ხმლებს და თოფებს. კახეთის სამხედრო ოლქის უფროსი, გენერალი პორტნიაგინი თბილისში გაიხიზნა. მოგვიანებით კახელ აჯანყებულებს ფშავ-ხევსურთა 1000-კაციანი რაზმიც შეუერთდა. მათი მეთაური იოსებ სიდამონიშვილი გახლდათ. ფშავ-ხევსურებმა დუშეთი და ფასანაური აიღეს, ანანური ალყაში მოაქციეს და სამხედრო გზა გადაკეტეს. საბჭოთა ისტორიოგრაფია ცდილობდა, ეს აჯანყება წარმოეჩინა სოციალურ ნიადაგზე დაწყებულ გლეხთა აჯანყებად თვითმპყრობელობის და თავად-აზნაურთა წინააღმდეგ, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. აჯანყებულები, რომელთა შორის თავადები და აზნაურებიც მრავლად იყვნენ, კარგად აცნობიერებდნენ, რომ ქართველი ერის სოციალური ჩაგვრის სათავე თავსმოხვეული და მისთვის სრულიად უცხო რუსული საოკუპაციო რეჟიმი იყო. ამიტომ აჯანყების წარმატების პარალელურად თავი იჩინა საქართველოს რუსეთისგან გამოყოფის და დამოუკიდებლობის აღდგენის იდეამ. სწორედ ამიტომ აჯანყებულებმა მეფობა გრიგოლ ბაგრატიონს შესთავაზეს. აჯანყება იმდენად გაფართოვდა, რომ მის ჩასახშობად რუსეთ-ირანის ფრონტიდან საქართველოს მთავარმართებელი, გენერალი პაულუჩი დაბრუნდა. ალექსანდრე ბატონიშვილი ქართველ ერს მოღალატეები საუბედუროდ არც დღეს გვაკლია და არც მაშინ გვაკლდა. პაულუჩს მხარი დაუჭირეს კონსტანტინე მუხრანბატონმა, გაბრიელ ყაზბეგმა, იოსებ ბებუთაშვილმა, არქიმანდრიტმა ელეფთერ ზუკაკიშვილმა და ნინია ერასტიშვილმა. 1812 წლის მარტის ბრძოლაში სოფელ ჩუმლაყთან აჯანყებულები დამარცხდნენ. მეფედ დასახელებულ გრიგოლ ბაგრატიონს დაღესტანში მოუხდა გაქცევა, რომელსაც რუსეთი მაშინ ჯერ კიდევ ვერ აკონტროლებდა. რუსეთმა 1812 მარტშიც იგივე ტაქტიკა გამოიყენა, რომელსაც 2023 წლის 7-9 მარტის აქციების დროს მიმართა ჩვენმა რუსეთის მარიონეტმა და ვასალმა ხელისუფლებამ, დიდი ალბათობით ისევ და ისევ რუსული სპეცსამსახურების მითითებით და რჩევით. პაულუჩმა სასწრაფოდ განახორციელა ზოგიერთი დათმობა. გაუქმდა კაპიტან-ისპრავნიკების თანამდებობა და აღდგა მოურავობა, დროებით აიკრძალა ეგზეკუციები, ხოლო მმართველობით სისტემაში ქართველი თავად-აზნაურები უფრო აქტიურად ჩართეს. გარდა ამისა, აღდგა სამოქალაქო საქმეთა წარმოება ქართული სამართლით. რუსული საოკუპაციო ადმინისტრაციის ამ ვერაგულმა დათმობებმა, რომელთა უდიდეს ნაწილს დროებითი, სიტუაციაზე მორგებული ხასიათი ჰქონდა, ქართველი ერის ნაწილში გააჩინა გულუბრყვილო ილუზია, რომ სოციალური ჩაგვრის ტვირთის შემსუბუქება დამოუკიდებლობის აღდგენის გარეშეც იყო შესაძლებელი. სწორედ ამიტომ ირანიდან საქართველოში არალეგალურად ჩამოსულმა ალექსანდრე ბატონიშვილმა თიანეთში მხოლოდ რამდენიმე ასეული კაცის მობილიზება შეძლო. 26 ნოემბერს ეს მცირერიცხოვანი ძალები საიმპერიო ჯარებმა სისხლში ჩაახრჩეს. მოგვიანებით, 1813 წლის მაისში, რუსების 3000-კაციანმა ჯარმა ბარისახო, შატილი და ოცამდე სოფელიც დაიკავა, რომელსაც მანამდე ალექსანდრე ბატონიშვილი აკონტროლებდა. ამის შედეგად ალექსანდრე ბაგრატიონსაც თავისუფალ დაღესტანში მოუხდა გაქცევა. საბოლოოდ აჯანყების უკანასკნელი კერები 1813 წელს განადგურდა, რაც მასიური რეპრესიებით დასრულდა. 80-ზე მეტი თავად-აზნაური ციმბირში გაამწესეს. მათი მიწები მეფის ხაზინას გადაეცა. დაუბეგრავი არ დარჩა გლეხობაც: მას დაეკისრა რუსეთის არმიის მიერ აჯანყების ჩასაქრობად გაწეული ხარჯების ანაზღაურება, რაც ოჯახზე 200 კილოგრამამდე ხორბალს და დამატებით ფულადი სახით 3 მანეთს შეადგენდა. მოგვიანებით რუსეთის საიმპერიო ადმინისტრაციამ ეგზეკუციაც აღადგინა და ჩაგვრის ყველა ის ფორმებიც, რასაც მანამდე იყენებდა. რუსეთის არმიამ გადაწვა კახეთის სოფლები და ბაღ-ვენახებიც. რუსები არავის ინდობდნენ, ვისზეც ეჭვი ჰქონდათ, რომ აჯანყებაში მონაწილეობას იღებდა ან აჯანყებულებს უთანაგრძნობდა. მოსახლეობას ჩაგრავდნენ და აბუჩად იგდებდნენ და ოდნავი ეჭვის საფუძველზეც კი ადამიანებს ციმბირში გზავნიდნენ. სამაგიეროდ რუსეთის ერთგული თავადაზნაურობა წამოვიდა წინა პლანზე და თანდათან საიმპერიო რეჟიმს შეერწყა კიდეც. რუსეთის მომხრე ქართველი თავადაზნაურობისთვის დიდ ამბად იქცა ის ჩინები და მედლები, რასაც მათ ოკუპანტები მონური მორჩილების და ერთგულების სანაცვლოდ ურიგებდნენ. ჰქონდა თუ არა 1812-1813 წლების აჯანყებას წარმატების შანსი? რასაკვირველია, ჰქონდა, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქართველები ისეთივე ერთიანები ვიქნებოდით, როგორც მაგალითად 1990 წლის რეფერენდუმის დროს ვიყავით, როცა ჩვენი მოსახლეობის 99 %-ზე მეტმა დამოუკიდებლობის აღდგენას დაუჭირა მხარი. სამწუხაროდ 1812-1813 წლებში ჩვენი მოსახლეობის ნაწილი ვერ აცნობიერებდა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის უდიდეს მნიშვნელობას. ამიტომ საუბედუროდ იმ წლებში საქართველო იოლად დამარცხდა კიდეც. 628 1-ს მოსწონს
|