x
image
დავითი ჩუთლაშვილი
არსენ ტურაბელიძე: გმირი, რომელიც არ უნდა დაგვავიწყდეს
ნებისმიერი ერის სიდიადე იმით განისაზღვრება, თუ როგორ ეპყრობა ის სამშობლოსთვის თავდადებულ ადამიანებს და მათ ხსოვნას. ქართველებს ყოველთვის ბევრი გმირი გვყავდა. ჩვენ გმირთა სიმრავლით განებივრებული ერი ვართ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ ხსოვნას პატივი არ უნდა ვცეთ.


ერთ-ერთ ასეთ გმირს წარმოადგენს არსენ ტურაბელიძე, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე საქართველოს დამოუკიდებლობის და ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების სამსხვერპლოზე ზვარაკად მიიტანა. ის მედგრად ებრძოდა ბოლშევიკებს და ქართველ მოღალატეებს. ბოლოს ამ ბრძოლაში გმირულად დაეცა კიდეც.


საქართველოში ბევრმა ადამიანმა არ იცის, რომ ბოლშევიკური რუსეთი დაარსების დღიდან გაშმაგებით ცდილობდა ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას. ეს მტაცებელი სახელმწიფო გამუდმებით აწარმოებდა შემოტევებს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ სხვადასხვა მხრიდან. 1921 წლის 25 თებერვალი მხოლოდ ამ შემოტევათა საბოლოო, დამაგვირგვინებელი აკორდი გახლდათ. არც მანამდე გვაკლებდნენ ბოლშევიკები ხელს და ჩვენც გამუდმებით ბრძოლა გვიწევდა არსებობის შესანარჩუნებლად.


სწორედ ერთ-ერთი ასეთი ბრძოლა გაიმართა აფხაზეთში 1918 წლის 17 ივნისს. ამ დღეს რუსი კომუნისტი ოკუპანტების მრავალრიცხოვანმა ჯარმა გუდაუთას შემოარტყა ალყა. მათ წინააღმდეგ საბრძოლველად იარაღი ხელში აიღო შორაპნის მკვიდრმა არსენ ტურაბელიძემ, რომელიც საქართველოს ეროვნული გვარდიის რიგებში მისი დაარსების დღიდანვე ჩაეწერა და აქვე მსახურობდა სიცოცხლის აღსასრულამდე.



არსენმა თავისი 200-კაციანი რაზმით საოცრად მედგარი წინააღმდეგობა გაუწია რუსულ “წითელ ჭირს, ” რომელიც საქართველოს დამონებას ლამობდა. მან ხოცა და ხოცა ბოლშევიკები თავისი ტყვიამფრქვევით. ბოლოს, როცა გურიის და მესხეთის ფრონტებზე, თურქულ არმიასთან ბრძოლებში გამოცდილი გვარდიელი მიხვდა, რომ მდგომარეობა სრულიად უიმედო იყო და თავისი 200 მეომრით რუსთა ურდოების შეკავებას ვერ შეძლებდა, ალყის გარღვევა სცადა, რათა სოხუმის მიმართულებით მიმავალი თანამებრძოლებისთვის გზა გაეკაფა.


არსენმა ტყვიამრქვევი მოიმარჯვა და რაზმს ჩამორჩა. ის განუწყვეტლივ ესროდა ბოლშევიკებს, რათა შეტევა საკუთარ თავზე აეღო და ქართველი ჯარისკაცები გადაერჩინა. და მიუხედავად იმისა, რომ თვალში დაიჭრა, წინააღმდეგობა არ შეუწყვეტია არცერთი წამით.


ბოლშევიკები არასოდეს გამოირჩეოდნენ დიდსულოვნებით და გმირულად წინააღმდეგობის გამწევი მტრის დანდობით. მათთვის მთავარი მხოლოდ გამარჯვება და დაპყრობილ ტერიტორიებზე საკუთარი კონტროლის დამყარება იყო. ადამიანური მომენტები არასოდეს აღელვებდათ. ამიტომ არსენ ტურაბელიძე შეიპყრეს და იქვე წამებით მოკლეს.


გმირი

0
244
1-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
244
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0