სხვა რუსეთი დღეს: საზარელი სიღატაკე, რომელიც ენითუთქმელ მასშტაბებს აღწევს 2023, 12 ივნისი, 19:26
რუსეთი ბუნებრივი რესურსებით ძალიან მდიდარი ქვეყანაა, მაგრამ ამის მიუხედავად აქ იმ დონის და იმ მასშტაბების სიღატაკე მეფობს, რომ 21-ე საუკუნეში მსგავსის დაჯერებაც კი გიჭირს ადამიანს.
შვეიცარიული Credit-Suisse-ს სტატისტიკის თანახმად, რუსეთის მოსახლეობის 1 %-მდე ფლობს მთელი ქვეყნის სიმდიდრეთა 58, 6 %-ს. ეს არის უზარმაზარი უთანასწორობა, რომელიც ყოველდღიურად სულ უფრო ღრმავდება. რუსეთის მოსახლეობის დაახლოებით ნახევარს საკუთარი შემოსავლებით მხოლოდ საკვების და ტანსაცმლის ყიდვა შეუძლია. მოსახლეობის 63, 5 %-ს არ შეუძლია ისეთი ტექნიკური საშუალებების შეძენა, როგორიც ახალი კომპიუტერი ან სარეცხი მანქანაა. ამაზე საკუთრივ რუსეთის სტატისტიკის სამსახურის, “როსსტატის” მიერ 2019 წელს გამოქვეყნებული მონაცემები მეტყველებს. მაგრამ განსაკუთრებით მძიმე სიტუაცია რუსეთის არაევროპულ ნაწილშია. ციმბირში ენითუთქმელი სიღატაკეა გამეფებული და მილიონობით რუსი სრულიად არაადამიანურ პირობებში ცხოვრობს. აქ ოჯახები სისტემატურად განიცდიან ელემენტარული საკვების ნაკლებობასაც კი. განსაკუთრებით შემზარავ სიღატაკეში ცხოვრობენ პენსიონერები, მრავალშვილიანი ოჯახები და ის ადამიანები, რომლებსაც ძალიან დაბალი შემოსავლები აქვთ. სახელმწიფო მათ არაფრით არ ეხმარება. მდგომარეობას კიდევ უფრო ამწვავებს რუსეთისთვის უკრაინის ომის გამო დაწესებული დასავლური სანქციები, რომელთა გამო ეკონომიკური განვითარება დრამატულად შენელდა. რუსეთის ბიუჯეტის დეფიციტი მეორე კვარტალში უკვე 3, 5 ტრილიონ რუბლს აღწევს. რუსეთის ეროვნული ვალუტა კი ყოველდღიურად უფასურდება. გარდა ამისა, ფასები სხვადასხვა მომსახურებებსა და საქონელზე სულ უფრო იზრდება, რაც პირველ ყოვლისა მოსახლეობის უღარიბეს ფენებს აწვება კისერზე. მძიმე შედეგები ბავშვებისთვის UNICEF-ის უახლესი მონაცემების თანახმად, რომელიც 22 სახელმწიფოში ჩატარებულ კვლევას ასახავს, ომის შედეგებმა განსაკუთრებით დააზიანა რუსი და უკრაინელი ბავშვების ინტერესები. გაეროს ბავშვთა ორგანიზაციის დასკვნით, რუსი ბავშვების 3/4 სიღატაკეში ცხოვრობს. ომმა სიღატაკეში მყოფი რუსი ბავშვების რიცხვი 2, 8 მილიონამდე გაზარდა. რაც უფრო ღარიბია ოჯახი, საკუთარი შემოსავლების მით უფრო დიდ წილს ხარჯავს ის საკვებსა და საწვავზე. ხოლო როცა ეს ხარჯები სწრაფად იზრდება — როგორც ეს ხდება დღეს, დასავლური სანქციების ზეგავლენით, ბავშვების განათლებისა და ჯანდაცვისთვის სულ უფრო ნაკლები ფული რჩება. ეს განსაკუთრებით მძიმედ ეხება ბავშვებს, რომლებიც სოფლად ცხოვრობენ. რუსეთში სოფლად სახელმწიფო სტრუქტურები პრაქტიკულად არც კი მუშაობენ. ბევრ ადგილას სკოლები დაკეტილია, ხოლო სოციალური სამსახური და პოლიცია ფინანსური პრობლემების გამო ვერ ფუნქციონირებენ. ამ მხრივ განსაკუთრებით მძიმე სიტუაცია ციმბირშია. აქ ძალიან ბევრი ბავშვი იზრდება ოჯახებში, სადაც ძალადობა, ალკოჰოლიზმი, ნარკოდამოკიდებულება და პროსტიტუცია ჩვეულებრივი მოვლენებია. ასეთ ოჯახებში მყოფ ბავშვებს ვერავინ ეხმარება, რადგან პედაგოგებს ტრავმირებულ ბავშვებთან მუშაობის კვალიფიკაცია არ გააჩნიათ. ასეთია რუსეთი დღეს — სახელმწიფო, სადაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილის დოვლათს კორუმპირებული ჩინოვნიკები ჭამენ, რომლებიც მათ მიერ წამოწყებულ უსასრულო ომებში გაღატაკებულ ადამიანებს მიერეკებიან. 491 1-ს მოსწონს 1-ს არა
|