კონფლიქტები აჭარა: რუსული ოკუპაციის მომდევნო სამიზნე? 2023, 30 მაისი, 17:56 მე შინაგანად ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ “ქართული ოცნების” ლიდერებსა და რუსეთის ხელისუფლებას შორის არსებობს გარკვეული ფარული გარიგება იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა ჩამოშორდეს მომდევნო წლებში აჭარა დანარჩენ საქართველოს.
საქართველოს მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც მოწამლულია “ქართულ ოცნებად” წოდებული რუსული საოკუპაციო რეჟიმის მიერ წარმოებული კრემლისტური პროპაგანდით, ალბათ ფიქრობს, რომ საქართველო გახდება რუსეთის გავლენის სფერო და ამით ქართველი ერის ტანჯვას ასე თუ ისე ბოლო მოეღება. ეს ძალიან გულუბრყვილო მოსაზრებაა, რადგან საქართველო რუსეთის გავლენის სფერო თუ საბოლოოდ გახდა, ამით დაიწყება არა მშვიდობიანი და წყნარი პერიოდი, არამედ ტანჯვის და ვაების ისეთი პერიოდი, რასაც აქამდე ანალოგი არ ჰქონია ჩვენს ისტორიაში. რასაკვირველია, რუსეთი ბოლომდე არასოდეს ენდობა ქართულ საზოგადოებას და ამიტომ ყოველთვის ეცდება, შეიქმნას მისი გავლენების სიმყარის დამატებითი გარანტიები აქ. ამ გარანტიებად შეიძლება იქცეს საქართველოსთვის ზღვასთან გასასვლელის და თურქეთთან არსებული საზღვრის საბოლოოდ წართმევა - ის, რისკენაც რუსეთი საქართველოში მიისწრაფვოდა ყოველთვის და რაც აქამდე ჯერჯერობით ვერ შეძლო. დღეს ამას ის ახორციელებს “ქართულ ოცნებად” წოდებული საკუთარი კოლონიური ადმინისტრაციის ფარული თანხმობით და ხელშეწყობით. სწორედ ამ მიზანს ემსახურება რუსეთის მოქალაქეთა რაოდენობის ყოველდღიური ზრდა აჭარის რეგიონში. რუსები ყოველდღიურად სახლდებიან ბათუმში, ყიდულობენ ბინებს და სრულიად იოლი წარმოსადგენია, რომ ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი ქვეყნის მოქალაქეები რამდენიმე წელიწადში აჭარაში უმრავლესობაში აღმოჩნდებიან. ამის შემდეგ მოეწყობა გამოსვლები ”აჭარის სახალხო რესპუბლიკის” გამოცხადების მოთხოვნით. ამ მოთხოვნის ავტორებს კი რუსეთიდან აქტიურად დაეხმარებიან იარაღითა და ტყვია-წამლით. ამას საქართველოს ხელისუფლება ან საერთოდ არ გაუწევს წინააღმდეგობას, ან თუ გაუწევს, მხოლოდ მოჩვენებითად. ძვირფასო მკითხველებო, ალბათ იკითხავთ, თუ რაში დასჭირდება რუსეთს აჭარაში სიტუაციის არევა, თუ თბილისში უკვე იქნება პრორუსული რეჟიმი. დღევანდელი პრორუსული რეჟიმის არსებობის პირიბებში უახლოეს წლებში დიდი ალბათობით “აჭარის სახალხო რესპუბლიკა” არ გამოცხადდება. მაგრამ სამაგიეროდ ყველაფერი გაკეთდება საიმისოდ, რათა საჭირო მომენტში ეს უსწრაფესად მოხდეს, როგორც ამას ადგილი ჰქონდა უკრაინაში იანუკოვიჩის რეჟიმის დამხობის შემდეგ, როცა დაუყოვნებლივ გამოცხადდა ეგრეთ წოდებული “სახალხო რესპუბლიკები” უკრაინის აღმოსავლეთით. მაგრამ მეორე ვერსიაც დასაშვებია: სულაც არ არის გამორიცხული, რუსეთი არ ენდოს საკუთარ თბილისელ მარიონეტებს და მათი არსებობის პარალელურად მაინც შექმნას “აჭარის სახალხო რესპუბლიკის” საოკუპაციო რეჟიმი. რატომ? იმიტომ, რომ რუსეთს ყოველთვის ერჩივნა და ახლაც ურჩევნია ორი, სამი ან თუნდაც ათი პატარა საქართველოს არსებობა, ვიდრე ერთის, თუნდაც ამ ერთის სათავეში მის მიმართ ძალიან ლოიალურად განწყობილი რეჟიმი ყოფილიყო. “დაყავი და იბატონე” - ასე ეწოდება გამოთქმას, რომელსაც რუსეთი საკუთარ კოლონიებსა და ვასალურ ქვეყნებში აქტიურად იყენებს. მართლაც ყველა ასეთ ქვეყანაში სისხლიანი სამოქალაქო დაპირისპირებები და ტერიტორიული განხეთქილებები ყოველდღიურ რუტინას წარმოადგენს. 218 შეფასება არ არის
|