საზოგადოება 3 ძალიან საინტერესო ფაქტი კახეთზე 2023, 20 მაისი, 14:46 1.კახეთი აღმოსავლეთ საქართველოში მდებარე მხარეა, რომელიც ისტორიულ–გეოგრაფიული პროვინციების კახეთის, ჰერეთის (ნაწილობრივ) და თუშეთის ტერიტორიებს მოიცავს. ეს მხარე მდიდარია სხვადასხვა პერიოდის ძეგლებითა და მრავალფეროვანი ბუნებით. აქ ნახავთ უძველეს ნამოსახლარებს, გამორჩეულ ტაძრებს, ციხე-კოშკებს, ულამაზეს ტყეებს, ჩანჩქერებს, ალპურ ტბებს, ვრცელ ველებსა და აფერადებულ უდაბნოსაც კი. უძველესი ისტორია, საინტერესო კულტურა, შთამბეჭდავი ბუნება და კურორტები კახეთს ძალიან მიმზიდველს ხდის სასიამოვნო დასვენების მსურველთათვის და მოგზაურობის მოყვარულთათვის. 2. კახეთში ადამიანის ცხოვრების კვალი ჯერ კიდევ ქვის ხანიდან იწყება. აღმოჩენილი მასალის მიხედვით, კახეთის ტერიტორიაზე ქვის ხანაში ადამიანი მუდმივად სახლობდა. აქ მისი ცხოვრების კვალი დაახლოებით ძვ. წ. 2 მილიონ 300 ათას წელსა და 10.000 წელს შორის უნდა განისაზღვროს. ძვ. წ. IV ათასწლეულის II და III ათასწლეულებში (ადრეული ბრინჯაოს ხანა) კახეთის ტერიტორიაზე, ისევე როგორც სამხრეთ კავკასიის მთელ ცენტრალურ ნაწილში გავრცელებული იყო მტკვარ-არაქსის კულტურა. კახეთი იყო შუა ბრინჯაოს ხანაში თრიალეთური კულტურის გავრცელების ერთ-ერთი ძირითადი მხარე. 3.კახეთი საინტერესო მხარეა თავისი კულტურისა და წეს-ჩვეულებების მხრივ. აღსანიშნავია კახური ფოლკლორი. ცნობილია კახური მრავალჟამიერი, წინწყარო, ურმული, მაყრული, და სხვა. „ჩაკრულო“ კი სამყარომ გაიცნო. როგორც მოგეხსენებათ ქართული ფოლკლორის ეს მნიშვნელოვანი ნიმუში კოსმოსში გაიგზავნა. კახეთის მხარის მრავალფეროვნების ნაწილია თუშური ფოლკლორიც. კახეთში მრავალ სახალხო თუ რელიგიურ დღესასწაულს აღნიშნავენ, როგორიცაა: ალავერდობა, ილიაობა, გრემქალაქობა, ერეკლეობა, ფიროსმანობა და სხვა. ალავერდობა უძველესი და ძალიან მნიშვნელოვანი დღესასწაულია. იგი ცალკეული ღირსშესანიშნავი დღეებისგან შედგებოდა, ჯვართამაღლების მომდევნო დღეს იწყებოდა და სამ კვირას გრძელდებოდა. ეს დღესასწაული გარკვეულწილად წინარექრისტიანულ რწმენა-წარმოდგენებსაც უკავშირდება. ალავერდობას იმართებოდა ღონისძიებები, ბაზრობა, ალავერდის ტაძარს სტუმრობდა სხვადასხვა კუთხისა და რწმენის ადამიანები. დღესასწაულს თავისი სპეციფიური რიტუალური დასასრული ჰქონდა. ალავერდის ეზოში 200–300 ცხენოსანი თუში იკრიბებოდა და ომში დაღუპულთა სულებისათვის დალაის სიმღერით გარს უვლიდა ალავერდის ტაძარს. ასევე უნდა აღინიშნოს თუშური დღეობები, სადაც უგემრიელესი ტრადიციული სამზარეულოს დაგემოვნებას და საინტერესო ტრადიციების გაცნობას შეძლებთ. 72 1-ს მოსწონს
|