აწ უკვე ჩვენი ქვეყნისგან მოგლეჯილ, მოწყვეტილ, სილამაზით გამორჩეულ ქალაქ სოხუმში, 1949 წლის 25 სექტემბერს დაიბადა თემურ ნინუა. 1964-66 წლებში იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში ისწავლა და 1973 წელს კი თბილისის სამხატვრო აკადემია დაამთავრა.
იგი გამოირჩევა საკუთარი წვლილით თეატრალურ მხატვრობაში.
თემურ ნინუას გაფორმებული აქვს სპექტაკლები სხვადასხვა თეატრებში, მათ შორის - თბილისის ოპერისა და ბალეტის, მარჯანიშვილის, რუსთაველის, ახმეტელის, მოზარდმაყურებელთა, მეტეხის, სოხუმის, ბათუმის, ქუთაისის, თელავის, ბრატისლავის და ვილნიუსის თეატრებშიც კი.
თუმცა, პირველი სპექტაკლი რომელიც მან გააფორმა, ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის რუსულ დრამატულ თეატრში დადგმული "კომბლე" გახლდათ. სწორედ აქ დაიწყო მისი დაინტერესება თეატრის მხატვრობით, 1979-83 წლებში კი იგი უკვე გახდა მოზარდმაყურებელთა ქართული სახელმწიფო თეატრის მთავარი მხატვარი, ხოლო 1983 წლიდან კი რუსთაველის თეატრის - დამდგმელი მხატვარი.
მის სახელს უკავშირდება მრავალი ჯილდო, მათ შორის საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირის მიერ სხვადასხვა წლებში მინიჭებული პრემია - წლის საუკეთესო მხატვარი და 1979 წელს თეატრალურ მხატვართა პრაღის საერთაშორისო კვადრინალეზე მიღებული ჯილდო - ოქროს მედალი, საუკეთესო ნამუშევრისთვის.
რუსთაველის თეატრში, მის მიერ გაფორმებული სპექტაკლებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია: "დაკრძალვა კალიფორნიაში" (1983), "ას ეგრასის დღე" (1985), "კონცერტი ორი ვიოლინოსთვის აღმოსავლური საკრავების თანხმებით" (1986), "სამანიშვილის დედინაცვალი" (1987), "ამაღამ მგონი იქნება ქარი" (1987), "ლეონსი და ლენა" (1989), "ჰამლეტი" (1991), "პალატა N6" (1993), "სტიქსი" (2003წ), "ჯარისკაცი, სიყვარული, დაცვის ბიჭი და .... პრეზიდენტი" (2005წ), "12 განრისხებული მამაკაცი" (2006წ), "ჭალას ჩიტი მომკვდარიყო" (2007წ), "გედის სიმღერა" (2009წ), "დაბოლილი მთვარე" (2010წ), "შეშლილი სამყარო" (2011წ), "ნადირობის სეზონი" (2011წ) და სხვები.
სწორედ, სპექტაკლ "ნადირობის სეზონის" გაფორმებისთვის გადაევა "გრან პრი" საუკეთესო სცენოგრაფიისათვის, 2012 წელს, 2013 წელს კი - დაჯილდოვდა პეტრე ოცხელის პრემიით.