x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ისე დატოვა წუთისოფელი , რომ „ფესვები“ არ უნახავს - 3 ისტორია დოდო აბაშიძის ცხოვრებიდან და შემოქმედებიდან
image


1 მაისს ყველასთვის საყვარელი მსახიობის, დოდო აბაშიძის დაბადების დღეა, რომელმაც თეატრსა თუ კინოში მრავალი დასამახსოვრებელი როლები შეასრულა, მათ შორის რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში პეპო (გ. სუნდუკიანის "პეპო"), როლერი (ფ. შილერის "ყაჩაღები"), გიორგი (ი. ჭავჭავაძის "ოთარაანთ ქვრივის" მიხედვით), გოდუნი (ბ. ლავრენიევის "რღვევა") და სხვა.


კინოში როლები საკულტო ფილმებში, მათ შორის : ბიჭიკო ("ჭრიჭინა", 1954), აბდუშაჰილი ("ბაში–აჩუკი", 1956), სოსანა ("დიდი მწვანე ველი", 1967)იასონი ("პირველი მერცხალი", 1975)


სეთური ("დათა თუთაშხია", 1977), ყვარყვარე ("ყვარყვარე", 1978) და გიორგი ("ფესვები"1987 ), რომელიც უკანასკნელი აღმოჩნდა მის შემოქმედებაში.



გთავაზობთ სამ საინტერესო ისტორიას დოდო აბაშიძის ცხოვრებიდან.






***1947 წელია. დოდო აბაშიძე თეატრალურის სტუდენტი იყო და მეგობრებთან ერთად ფუნიკულიორის რესტორანში ქეიფობდა. იქვე ისხდნენ სამხედროები, რომლებმაც გვერდით მაგიდასთან მჯდომი ერთი გოგონა ძალიან შეაწუხეს. ბევრჯერ გაიწვიეს საცეკვაოდ და ლაზღანდარობაც დაუწყეს. დოდომ ვერ მოითმინა, მივიდა ერთ-ერთთან და უთხრა: თავი დაანებე, ნუ აწუხებო. – შენ ვინ გეკითხებაო, – იყო პასუხი. მამამ ეგრევე მუშტი სთხლიშა და მაგიდის ქვეშ შეაგორა. მილიციამ დოდო და მისი მეგობრები დააკავა და მართალია, დანარჩენები მერე გაუშვეს, მაგრამ დოდო დატოვეს. გალახული მელიტონ ქანთარია აღმოჩნდა, რომელმაც ქვა ააგდო და თავი შეუშვირა – სასტიკი უარი განაცხადა მამაჩემის გამოშვებაზე. ციმბირში უნდა ჩავალპოო, – ამბობდა. აკაკი ხორავათი დაწყებული ვინ არ მიუგზავნეს – კონსტანტინე გამსახურდია, დემნა შენგელაია, გიორგი ჩიტაია. შალვა დადიანი, მაგრამ მელიტონი მაინც თავისაზე იდგა. ერთადერთი იმედი დარჩა ჟორჟიკა მდივანი, რომელიც მოსკოვიდან უნდა ჩამოსულიყო. მას ბერლინის დაცემის სცენარი ჰქონდა დაწერილი, სადაც ქანთარიაც იყო და მელიტონი მას პატივს სცემდა. მდივანი თბილისში ჩამოვიდა და ქანთარიასთან სასტუმრო „ინტურისტში“ მივიდა, სადაც მას უფასო ნომერი ჰქონდა. ჟორჟიკა მეორე სართულზე ავიდა და მელიტონის ნომრის კარზე უნდა დააკაკუნოს, რომ კარი გაიღო, მელიტონი გამოვიდა და კიბეებისკენ გაიქცა, რომელზედაც წვერგაუპარსავი დოდო ამორბოდა და მელიტონს გადაეხვია. – ბიჭო ყვა-ყვას ახლობელი თუ იყავი ვერ მითხარიო, – უთხრა ქანთარიამ მამას. ყვა-ყვა, თურმე, ზუგდიდელი „ბუფეტჩიკი“ ყოფილა, ახალგაზრდობაში ძველი ბიჭი და მელიტონ ქანთარიამ მამაჩემი მისი თხოვნით გამოაშვებინა მილიციიდან. დოდოს ძმაკაცებმა მიაგნეს იმ ყვა-ყვას ზუგდიდში და წერილი დააწერინეს მელიტონთან. აი, ასე გაიჩარხა ეს საქმე.(ზაზა აბაშიძის მოგონებიდან)

image


***

ფილმში, ”როცა აყვავდა ნუში”, როდესაც დოდო აბაშიძის გმირი მიდის ლექსოს ბებიასთან – სესილია თაყაიშვილთან თხოვნით, რომ ვითომ ლექსო იჯდა საჭესთან, დოდო აბაშიძემ ამ სცენაში გადაღებაზე უარი თქვა – ასეთი არაკაცის როლს ვერ შევასრულებო.


რამდენი დავიწყეთ გადაღება, იმდენი ჩაიშალა დოდოს გამო, სანამ სესილია თაყაიშვილმა სილა არ გააწნა დოდო აბაშიძეს: აბა, რისი მსახიობი ხარ, თუ ნებისმიერი როლი ვერ შეასრულეო…(რეჟისორ ლანა ღოღობერიძის მოგონებიდან)


image





***დოდო აბაშიძემ გიორგი ზაქარეიშვილის როლში ყოველგვარი “თამაშის” გარეშე გამოხატა თავისი გულისწუხილი... საფრანგეთში 11 დღე დავყავით. ერთხელაც, პარიზის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე ვიღებდით სცენას, როცა ბაბუას შვილიშვილი მანქანით სკოლაში მიჰყავს. მაგრამ, მანქანების უწყვეტი ნაკადი გვიშლიდა ხელს. გადაღება რომ უნდა დაგვეწყო, დოდომ კატეგორიულად განაცხადა: “ასეთ მოძრაობაში მანქანას ნიკი ლაუდა ვერ წაიყვანს და მე როგორ ვატაროო…” თანაც ბაბუასა და შვილიშვილს კრიმანჭული უნდა ემღერათ და ეს უფრო ართულებდა საქმეს. ჩვენს ოპერატორს, ცხონებულ აბიკო მაისურაძეს ერთი სომხის ასისტენტი ჰყავდა, პატარა ტანის კაცი. მივიდა დოდოსთან და ეუბნება - “დოდოჯან, სამშობლოზე ფილმს ვიღებთ და შენ რას შვები?! რას აკეთებ, სირცხვილია, ახლავე ჩაჯექი მანქანაში! რისთვის წამოვედით ამდენი ხალხი პარიზში?!” დოდომ დაუჯერა, ჩაჯდა მანქანაში, გვერდით მოისვა შვილიშვილი, რომლის როლსაც 7 წლის ნიაზ დიასამიძე ასრულებდა და ისე რიხიანად ატარა დოდომ მანქანა… ისეთი სიმღერა დასჭექეს ზაქარეიშვილებმა, რომ…


არ ვიცოდი, რომ გადაღების პერიოდში დოდო ავადმყოფობდა და რომ თურმე სიკვდილას პირას იყო მისული. “ფესვები” მისი ბოლო ფილმია. დოდო საავადმყოფოში იწვა, როცა ფილმის პრემიერა დაინიშნა. პრემიერის მსვლელობისას, დროის ზუსტად იმ მონაკვეთში გარდაიცვალა, როცა ფილმში დოდოს გმირი კვდება... პალატიდან გამოუშვა მომსახურე პერსონალი, ყველა, ვინც გარს ეხვია და ასე დალია სული…(გუგული მგელაძის მოგონებიდან)

image


1
805
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
805
  
2023, 2 მაისი, 22:47
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1