x
image
არჩილ ვერულიძე
კონსტანტინოპოლის აღება ჯვაროსნების მიერ (1204)

image
1204 წელს შუა საუკუნეების სამყარო შეძრა ჯვაროსნების მიერ კონსტანტინოპოლის აღებამ. დასავლელი ფეოდალების არმია აღმოსავლეთით ერთი მიზნისთვის მიემართებოდა - გამოეხსნა იერუსალიმი მუსლიმთაგან, მაგრამ საბოლოოდ ბიზანტიის იმპერიის დედაქალაქი დაიკავა. რაინდებმა არნახული სიხარბითა და სისასტიკით გაძარცვეს უმდიდრესი ქალაქი და პრაქტიკულად გაანადგურეს სახელმწიფო...
image
კონსტანტინოპოლის აღება 1204 წელს, მოხდა მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობის ფარგლებში, რომელიც ორგანიზებული იყო პაპ ინოკენტი III-ის მიერ და მას მეთაურობდა ფეოდალი ბონიფაციუს მონფერატელი. ქალაქი აიღეს არა მუსლიმებმა, რომლებთანაც ბიზანტიის იმპერიას დიდი ხნის მტრობა აკავშირებდა, არამედ დასავლელმა რაინდებმა. რამ აიძულა ისინი თავს დასხმოდნენ შუა საუკუნეების ქრისტიანულ მეტროპოლიას? XI საუკუნის ბოლოს ჯვაროსნები პირველად გაემართნენ აღმოსავლეთით და არაბთაგან წმინდა ქალაქი იერუსალიმი "გაათავისუფლეს." რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში პალესტინაში არსებობდა კათოლიკური სამეფოები, რომლებიც ასე თუ ისე თანამშრომლობდნენ ბიზანტიის იმპერიასთან.

1187 წელს ეს ერა წარსულს ჩაბარდა. მუსლიმებმა იერუსალიმი დაიბრუნეს. მესამე ჯვაროსნული ლაშქრობა (1189-1192) მოეწყო დასავლეთ ევროპაში, მაგრამ იგი წარუმატებლად დასრულდა. ამ მარცხმა ვერ გატეხა ქრისტიანები. რომის პაპმა ინოკენტი III-მ დაიწყო ახალი მეოთხე კამპანიის ორგანიზება, რომელთანაც არის დაკავშირებული კონსტანტინოპოლის აღება ჯვაროსნების მიერ 1204 წელს.

თავდაპირველად რაინდები წმინდა მიწაზე ხმელთაშუა ზღვის გავლით აპირებდნენ ჩასვლას. მათ იმედი ჰქონდათ, რომ ვენეციელთა გემების დახმარებით პალესტინაში აღმოჩნდებოდნენ, რისთვისაც წინასწარი შეთანხმება მოხდა. 12 000-კაციანი არმია, რომელიც ძირითადად ფრანგი მეომრებისაგან შედგებოდა, ჩავიდა იტალიის დამოუკიდებელი სავაჭრო რესპუბლიკის დედაქალაქში. მაშინ ვენეციას მართავდა ასაკოვანი და უსინათლო დოჟი ენრიკო დანდოლო. მიუხედავად ფიზიკური სისუსტისა ის გამჭრიახი და წინდახედული მმართველი გახლდათ. გემებისა და აღჭურვილობის სანაცვლოდ დოჟმა ჯვაროსნებს წარმოუდგენელი საფასური - 20 ათასი ტონა ვერცხლი მოსთხოვა. ფრანგებს არ ჰქონდათ ასეთი თანხა, რაც იმას ნიშნავდა, რომ კამპანია შეიძლება დასრულებულიყო მის დაწყებამდე. თუმცა, დანდოლოს არ ჰქონდა განზრახული ჯვაროსნების განდევნა. მან უპრეცედენტო გარიგება შესთავაზა ბრძოლას მოწყურებულ მეომრებს.
image
უდავოა, რომ 1204 წელს ჯვაროსნების მიერ კონსტანტინოპოლის აღება არ მოხდებოდა, რომ არა ბიზანტიის იმპერიისა და ვენეციას შერის მეტოქეობა. ხმელთაშუა ზღვის ორი სახელმწიფო იბრძოდა რეგიონში საზღვაო და პოლიტიკური დომინირებისთვის. იტალიელ და ბერძენ ვაჭრებს შორის არსებული წინააღმდეგობები მშვიდობიანად ვერ გადაწყდა - მხოლოდ ფართომასშტაბიანმა ომმა შეძლო ამ დიდი ხნის კვანძის გაწყვეტა. ვენეციას არასოდეს ჰყოლია დიდი ჯარი, მაგრამ მას მართავდნენ მზაკვარი პოლიტიკოსები, რომლებმაც მოახერხეს და ჯვაროსნების მეშვეობით მიზღწიეს მიზანს.

პირველ რიგში, ენრიკო დანდოლომ შესთავაზა დასავლელ რაინდებს თავდასხმა უნგრეთის ადრიატიკის პორტ ზადარზე. დახმარების სანაცვლოდ დოჟმა პირობა დადო, რომ ჯვრის მეომრებს პალესტინაში გაგზავნიდა. ამ გაბედული შეთანხმების შესახებ რომ გაიგო, პაპმა ინოკენტი III-მ კამპანიის შეჩერება ბრძანა და ურჩებს განკვეთით დაემუქრა.

მაგრამ ამან ვერ მოახდინა გავლენა ჯვაროსნებზე. მთავრების უმეტესობა დათანხმდა რესპუბლიკის პირობებს, თუმცა იყვნენ ისეთებიც, ვინც უარს ამბობდა ქრისტიანების წინააღმდეგ იარაღის აღებაზე (მაგალითად, გრაფი სიმონ დე მონფორტი, რომელიც მოგვიანებით ხელმძღვანელობდა ჯვაროსნულ ლაშქრობას ალბიგენების წინააღმდეგ). 1202 წელს, სისხლიანი შტურმის შემდეგ, რაინდთა არმიამ აიღო ზადარი. ეს იყო რეპეტიცია, რასაც მოჰყვა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი კონსტანტინოპოლის აღება. ზადარის დარბევის შემდეგ ინოკენტი III-მ მცირე ხნით განკვეთა ჯვაროსნები ეკლესიიდან. თუმცა, მალე, პოლიტიკური მიზეზების გამო, მან გადაიფიქრა და ანათემაში მხოლოდ ვენეციელები დატოვა. ქრისტიანული არმია კვლავ მოემზადა აღმოსავლეთისკენ წასასვლელად.
image
შემდეგი კამპანიის ორგანიზებით, ინოკენტი III ცდილობდა ბიზანტიის იმპერატორისგან მიეღო არა მხოლოდ მხარდაჭერა კამპანიისთვის, არამედ ეკლესიის კავშირისთვისაც. რომის ეკლესია დიდი ხანია ცდილობდა დაემორჩილებინა ბერძნული, მაგრამ მისი მცდელობები უშედეგო გახლდათ. შემდეგ კი ბიზანტიაშიც თქვეს უარი ლათინებთან კავშირზე. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც მოხდა ჯვაროსნების მიერ კონსტანტინოპოლის აღება, გახდა კონფლიქტი პაპსა და იმპერატორს შორის.

დასავლელი რაინდების სიხარბემაც იქონია გავლენა. ზადარში ძარცვებით გახელებული ფეოდალების მადამ იმატა და მათ ამ სასტიკი დარბევის განმეორება მოისურვეს უკვე ბიზანტიის დედაქალაქში - შუა საუკუნეების ერთ-ერთ უმდიდრეს ქალაქში. საუკუნეების მანძილზე დაგროვილმა ლეგენდებმა მის საგანძურზე გააღვიძა მომავალი მძარცველების მადა. თუმცა იმპერიაზე თავდასხმა საჭიროებდა იდეოლოგიურ ახსნას, რომელიც ჯვაროსანთა ქმედებებს გაამართლებდა. მიზეზი მალევე მოიძებნა. ჯვაროსნებმა კონსტანტინოპოლის მომავალი აღება იმით ახსნეს, რომ ბიზანტიამ არ გაუწია მათ სათანადო დახმარება მუსლმთა წინააღმდეგ ბრძოლაში და დადო ხელშეკრულებები თურქ-სელჩუკებთან, რომლებიც ზიანს აყენებდნენ პალესტინის კათოლიკური სამეფოებს.

დამპყრობლების მთავარი არგუმენტი „ლათინების ხოცვა-ჟლეტის“ შეხსენება გახლდათ. ამ სახელწოდებით გაიხსენეს ფრანკების ხოცვა-ჟლეტა კონსტანტინოპოლში 1182 წელს. მაშინდელი იმპერატორი ალექსი II კომნენოსი პატარა ბავშვი იყო, რომლის ნაცვლად სახელმწიფოს მართავდა დედა-რეგენტი მარია ანტიოქიელი. ის იყო პალესტინის ერთ-ერთი კათოლიკე მმართველის და, რის გამოც მფარველობდა დასავლეთ ევროპელებს და ავიწროებდა ბერძნების უფლებებს. ადგილობრივი მოსახლეობა აჯანყდა და დაარბია უცხოური კვარტლები. რამდენიმე ათასი ევროპელი დაიღუპა. ბრბოს ყველაზე საშინელი რისხვა დაატყდა თავს პიზელებსა და გენუელებს. ბევრი უცხოელი, რომელიც გადაურჩა ხოცვა-ჟლეტას, მონებად მიჰყიდეს მუსლიმებს. დასავლეთში ლათინების ხოცვა-ჟლეტის ეს ეპიზოდი ოცი წლის შემდეგ გაიხსენეს, რა თქმა უნდა, ასეთმა მოგონებებმა კიდევ უფრო დაძაბა ურთიერთობა იმპერიასა და ჯვაროსნებს შორის.
image
რაც არ უნდა ძლიერი ყოფილიყო კათოლიკეების ზიზღი ბიზანტიის მიმართ, ეს საკმარისი არ გახლდათ კონსტანტინოპოლის ასაღებად. წლებისა და საუკუნეების განმავლობაში იმპერია ითვლებოდა აღმოსავლეთის უკანასკნელ ქრისტიანულ დასაყრდენად, რომელიც იცავდა ევროპას სხვადასხვა საფრთხეებისგან, მათ შორის სელჩუკი თურქებისა და არაბებისგან. ბიზანტიაზე თავდასხმა ნიშნავდა საკუთარი რწმენის წინააღმდეგ წასვლას, მიუხედავად იმისა, რომ ბერძნული ეკლესია რომაულისგან გამოყოფილი იყო.

ჯვაროსნების მიერ კონსტანტინოპოლის აღება საბოლოოდ განპირობებული იყო რამდენიმე გარემოების ერთობლიობით. 1203 წელს, ზადარის გაძარცვიდან მალევე, დასავლელმა მთავრებმა და გრაფებმა საბოლოოდ იპოვეს საბაბი იმპერიაზე თავდასხმისთვის. მიზეზი ტახტიდან ჩამოგდებული იმპერატორის ისააკ II-ის შვილის ალექსი ანგელოსის დახმარების თხოვნა გახდა. მამამისი ციხეში იტანჯებოდა, თავად მემკვიდრე კი ევროპაში დახეტიალობდა და ცდილობდა დაეყოლიებინა კათოლიკეები, დაებრუნებინათ მისთვის კანონიერი ტახტი.

1203 წელს ალექსი შეხვდა დასავლელ ელჩებს კუნძულ კორფუზე და დადო შეთანხმება მათთან. ხელისუფლებაში დაბრუნების სანაცვლოდ ის რაინდებს მნიშვნელოვან ჯილდოს დაჰპირდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, სწორედ ეს შეთანხმება გახდა საფუძველი, რის გამოც მოხდა 1204 წელს კონსტანტინოპოლის აღება, რამაც იმდროინდელი მსოფლიო განცვიფრა.
image

ისააკ II ანგელოსი 1195 წელს ტახტიდან ჩამოაგდო მისმა ძმამ ალექსი III-მ. სწორედ ეს იმპერატორი გახლდათ კონფლიქტში რომის პაპთან ეკლესიების გაერთიანების საკითხთან დაკავშირებით და იმპერატორს ბევრი სადაო საკითხი ჰქონდა ვენეციელ ვაჭრებთან. მისი რვაწლიანი მმათველობა აღინიშნა ბიზანტიის თანდათანობითი დასუსტებით. ქვეყნის სიმდიდრე გავლენიან არისტოკრატებს შორის გაიყო და უბრალო ხალხი სულ უფრო და უფრო ძლიერ უკმაყოფილებას განიცდიდა.

თუმცა, როდესაც 1203 წლის ივნისში ჯვაროსანთა და ვენეციელთა ფლოტი მიუახლოვდა კონსტანტინოპოლს, მოსახლეობა მაინც წამოდგა ხელისუფლების დასაცავად. ჩვეულებრივ ბერძნებს არ მოსწონდათ ფრანკები ისევე, როგორც ლათინებს არ მოსწონდათ ბერძნები. ამრიგად, ომი ჯვაროსნებსა და იმპერიას შორის არა მხოლოდ ზემოდან, არამედ ქვემოდანაც გაღვივდა.

ბიზანტიის დედაქალაქის ალყა უკიდურესად სარისკო წამოწყებას წარმოადგენდა. რამდენიმე საუკუნის მანძილზე ვერც ერთმა არმიამ ვერ დაიპყრო იგი, არაბები, თურქები თუ სლავები.

ქალაქზე შეტევის წინ რაინდებმა მოამზადეს თავიანთი მოქმედებების დეტალური გეგმა. მათ თავიანთი მთავარი უპირატესობა იმპერიასთან რაიმე კიონფლიქტამდეც მიიღეს. 1187 წელს ბიზანტიელებმა გააფორმეს შეთანხმება ვენეციელებთან, თავიანთი ფლოტის შემცირების შესახებ, იმ იმედით, რომ მათ ევროპელი მოკავშირეები დაეხმარებოდნენ მუსლიმებთან ომის შემთხვევაში. ამან განაპირობა ჯვაროსნების მიერ კონსტანტინოპოლის აღება. ფლოტზე ხელშეკრულების გაფორმების თარიღი საბედისწერო აღმოჩნდა დედაქალაქისთვის. ამ ალყამდე კონსტანტინოპოლი ყოველ ჯერზე გამარჯვებული რჩებოდა ეს კი სწორედ ფლოტის დამსახურება გახლდათ.
image
ვენეციური ხომალდები თითქმის წინააღმდეგობის გარეშე შევიდნენ ოქროს რქის ყურეში. რაინდთა არმია გადმოსხდა ნაპირზე, ბლაკერნის სასახლის გვერდით, ქალაქის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. ამას მოჰყვა სიმაგრეთა კედლების შტურმი, უცხოელებმა რამდენიმე საკვანძო კოშკი აიღეს. 17 ივლისს, ალყის დაწყებიდან ოთხი კვირის შემდეგ, ალექსი III-ის არმიამ კაპიტულაცია გამოაცხადა. იმპერატორი გაიქცა და დარჩენილი დღეები გადასახლებაში გაატარა.

დაპატიმრებული ისააკ II გაათავისუფლეს და ახალ მმართველად გამოაცხადეს. თუმცა, თავად ჯვაროსნები მალე ჩაერივნენ პოლიტიკურ ცვლილებებში. ისინი უკმაყოფილონი იყვნენ - არმიამ ვერ მიიღო დაპირებული ჯილდო. დასავლელი მთავრების ზეწოლით (ლუი დე ბლუას და ბონიფაციუს მონფერატის კამპანიის ლიდერების ჩათვლით), იმპერატორის ვაჟი ალექსი გახდა ბიზანტიის კიდევ ერთი მმართველი, რომელმაც ტახტზე ასვლის შემდეგ მიიღო სახელი ალექსი IV. ამრიგად, ქვეყანაში რამდენიმე თვით ორი იმპერატორის ძალაუფლება დამყარდა.

image
ჯვაროსნების მიერ ტახტზე აყვანილი ალექსი ყველანაირად ცდილობდა უცხოელებისთვის გადასახდელი თანხის შეგროვებას. როდესაც ხაზინაში ფული ამოიწურა, დაიწყო ფართომასშტაბიანი გამოძალვა უბრალო მოსახლეობისგან. ქალაქში ვითარება სულ უფრო და უფრო იძაბებოდა. ხალხი უკმაყოფილო იყო იმპერატორებით და აშკარად სძულდა ლათინები. ჯვაროსნები კონსტანტინოპოლის გარეუბნებს არ ტოვებდნენ რამდენიმე თვის განმავლობაში. პერიოდულად მათი რაზმები სტუმრობდნენ დედაქალაქს, სადაც მოროდიორები ღიად ძარცვავდნენ მდიდარ ტაძრებსა და მაღაზიებს. ჯვაროსნების წინაშე უპრეცედენტო სიმდიდრე გადაიშალა: ძვირადღირებული ხატები, ძვირფასი ლითონებისგან დამზადებული ჭურჭელი, ძვირფასი ქვები.

1204 წლის დასაწყისში უბრალო ხალხის უკმაყოფილო ბრბომ მოითხოვა სხვა იმპერატორის არჩევა. შეშინებულმა ისააკ II-მ გადაწყვიტა ფრანკებისთვის დახმარება ეთხოვა. ამ გეგმების შესახებ ხალხმა შეიტყო მას შემდეგ, რაც მმართველის ერთ-ერთმა ახლო ჩინოვნიკმა ალექსი მურზუფალმა გათქვა იმპერატორის მოსაზრებები. ისაკის ღალატის ამბავმა მყისიერი აჯანყება გამოიწვია. 25 იანვარს ორივე თანამმართველი (მამაც და შვილიც) გადააყენეს. ალექსი IV-მ სცადა ჯვაროსანთა რაზმის შეყვანა თავის სასახლეში, მაგრამ ტყვედ ჩავარდა და სიკვდილით დასაჯეს ახალი იმპერატორის ალექსი მურზუფალის - ალექსი V-ის ბრძანებით. ისააკი, როგორც მატიანეები ამბობენ, რამდენიმე დღის შემდეგ, შვილის სიკვდილი ვერ გადიტანა.
image
კონსტანტინოპოლში გადატრიალებამ აიძულა ჯვაროსნები გადაეხედათ თავიანთი გეგმები. ახლა ბიზანტიის დედაქალაქს აკონტროლებდნენ ძალები, რომლებიც უკიდურესად უარყოფითად ეპყრობოდნენ ლათინებს, რაც ნიშნავდა ყოფილი დინასტიის მიერ დაპირებული გადახდების შეწყვეტას. თუმცა, რაინდებს აღარ სხელოდათ გრძელვადიანი შეთანხმებებისთვის. რამდენიმე თვეში ევროპელებმა მოახერხეს ქალაქისა და მისი უთვალავი სიმდიდრის გაცნობა. ახლა მათ სურდათ ნამდვილი ძარცვის მოწყობა და არა გამოსასყიდი.

ისტორიაში 1453 წელს ოსმალების მიერ კონსტანტინოპოლის აღება გაცილებით მეტადაა ცნობილი, ვიდრე ბიზანტიის დედაქალაქის დაცემა 1204 წელს, მაგრამ კატასტროფა, რომელიც იმპერიას დაატყდა თავს XIII საუკუნის დასაწყისში, არანაკლებ საშინელი იყო მისი მაცხოვრებლებისთვის. დაპირისპირება გარდაუვალი გახდა, როდესაც განდევნილმა ჯვაროსნებმა გააფორმეს შეთანხმება ვენეციელებთან საბერძნეთის ტერიტორიების გაყოფის შესახებ. კამპანიის თავდაპირველი მიზანი, პალესტინაში მუსლიმების წინააღმდეგ ბრძოლა, დავიწყებას მიეცა. 1204 წლის გაზაფხულზე ლათინებმა დაიწყეს თავდასხმის ორგანიზება ოქროს რქის ყურიდან. კათოლიკე მღვდლები თავდასხმაში მონაწილეობისთვის ევროპელებს ცოდვებისგან გათავისუფლებას დაჰპირდნენ და ამას ღვთისთვის მოსაწონი საქციელი უწოდეს. სანამ კონსტანტინოპოლის აღების საბედისწერო თარიღი დადგებოდა, რაინდები გულმოდგინედ ავსებდნენ თხრილებს თავდაცვითი კედლების გარშემო. 9 აპრილს ისინი შეიჭრნენ ქალაქში, მაგრამ ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ დაბრუნდნენ თავიანთ ბანაკში.

შეტევა სამი დღის შემდეგ განახლდა. 12 აპრილს ჯვაროსანთა ავანგარდი საშტურმო კიბეების მეშვეობით ციხესიმაგრის კედლებზე ავიდა, ხოლო მეორე რაზმმა შეაღწია თავდაცვით სიმაგრეებში. ოსმალეთის მიერ კონსტანტინოპოლის აღებაც კი, რაც მოხდა ორნახევარი საუკუნის შემდეგ, არ დასრულებულა არქიტექტურის ისეთი მნიშვნელოვანი განადგურებით, რაც ჯვაროსნებთან ბრძოლას მოჰყვა. მიზეზი კი დიდი ხანძარი გახდა, რომელიც დაიწყო 12 რიცხვში და გაანადგურა ქალაქის შენობების ორი მესამედი.

image
ბერძნების წინააღმდეგობა გადალახული იქნა. ალექსი V გაიქცა, რამდენიმე თვის შემდეგ ლათინებმა იპოვეს და სიკვდილით დასაჯეს.13 აპრილს მოხდა კონსტანტინოპოლის საბოლოო აღება. 1453 წელი ითვლება ბიზანტიის იმპერიის დასასრულად, მაგრამ სწორედ 1204 წელს მიაყენეს მას საბედისწერო დარტყმა, რამაც გამოიწვია ოსმალების შემდგომი ექსპანსია.

შტურმში 20 000-მდე ჯვაროსანი მონაწილეობდა. ეს საკამოდ მოკრძალებული რაოდენობაა ავარების, სლავების, სპარსელებისა და არაბების იმ ლაშქართან შედარებით, რომელსაც იმპერია მრავალი საუკუნის განმავლობაში იგერიებდა. თუმცა, ამჯერად ისტორიის ქანქარა არ დატრიალებულა ბიზანტიელების სასარგებლოდ. ეს გამოიწვია სახელმწიფოს ხანგრძლივმა ეკონომიკურმა, პოლიტიკურმა და სოციალურმა კრიზისმა. სწორედ ამიტომ 1204 წელს, ისტორიაში პირველად, ბიზანტიის დედაქალაქი დაეცა.

ჯვაროსნების მიერ კონსტანტინოპოლის აღება ახალი ეპოქის დასაწყისი გახდა. ძველი ბიზანტიის იმპერია გაუქმდა და მის ადგილას ახალი ლათინური გაჩნდა. მისი პირველი მმართველი გახდა ფლადრიელი გრაფი ბალდუინ I, ჯვაროსნული ლაშქრობის მონაწილე, რომლის არჩევა ცნობილ აია სოფიაში გაიმართა. ახალი სახელმწიფო ძველისგან განსხვავდებოდა ელიტის შემადგენლობით. ადმინისტრაციულ მანქანაში საკვანძო ადგილები ფრანგ ფეოდალებს ეჭირათ.

ლათინურმა იმპერიამ სრულად ვერ მიიღო ის ტერიტორია, რომელიც ბიზინტიას ეკუთვნოდა. ბალდუინმა და მისმა მემკვიდრეებმა, დედაქალაქის გარდა, მიიღეს თრაკია, საბერძნეთის უმეტესი ნაწილი და ეგეოსის ზღვის კუნძულები. მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობის სამხედრო ლიდერმა, იტალიელმა ბონიფაციუს მონფერატმა მიიღო მაკედონია, თესალია და მისი ახალი ვასალური სამეფო, იმპერატორთან მიმართებაში, ცნობილი გახდა, როგორც სალონიკის სამეფო. ვენეციელებმა მიიღეს იონიის კუნძულები, კიკლადები, ადრიანოპოლი და კონსტანტინოპოლის ნაწილიც კი. ყველა მათი შენაძენი შეირჩა კომერციული ინტერესების მიხედვით. კამპანიის დასაწყისშივე დოჟი ენრიკო დანდოლო აპირებდა კონტროლის დამყარებას ხმელთაშუა ზღვაში ვაჭრობაზე, საბოლოოდ მან მოახერხა დასახული მიზნის მიღწევა.
image
საშუალო მემამულეებმა და რაინდებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ კამპანიაში, მიიღეს მცირე ქვეყნები და სხვა მიწის ნაკვეთები. ფაქტობრივად, ბიზანტიაში დასახლების შემდეგ, დასავლეთ ევროპელებმა მასში ჩვეულებრივი ფეოდალური წყობილება შეიტანეს. თუმცა, მშობლიური ბერძენი მოსახლეობა შეუცვლელი დარჩა. ჯვაროსანთა მმართველობის რამდენიმე ათწლეულის მანძილზე მას პრაქტიკულად არ შეუცვლია ცხოვრების წესი, კულტურა და რელიგია. ამიტომაც ბიზანტიის ნანგრევებზე ლათინურმა სახელმწიფოებმა მხოლოდ რამდენიმე თაობას გაუძლეს.

ყოფილმა ბიზანტიურმა არისტოკრატიამ, რომელსაც არ სურდა ახალ ხელისუფლებასთან თანამშრომლობა, მოახერხა მცირე აზიაში დამკვიდრება. ნახევარკუნძულზე გაჩნდა ორი დიდი სახელმწიფო - ტრაპიზონისა და ნიკეის იმპერიები. მათში ძალაუფლება ეკუთვნოდა ბერძნულ დინასტიებს, მათ შორის კომნენოსებს, რომლებიც ცოტა ხნით ადრე ჩამოაგდეს ბიზანტიაში. გარდა ამისა, ლათინური იმპერიის ჩრდილოეთით ჩამოყალიბდა ბულგარეთის სამეფო. სლავები, რომლებმაც მოიპოვეს დამოუკიდებლობა, სერიოზული პრობლემა შეუქმნეს ევროპელ ფეოდალებს.

ლათინების ძალაუფლებამ მათთვის უცხო გარემოში ვერ შეძლო დამკვიდრება. მრავალი სამოქალაქო დაპირისპირების და 1261 წელს ჯვაროსნული ლაშქრობებისადმი ევროპული ინტერესის დაკარგვის გამო მოხდა კონსტანტინოპოლის კიდევ ერთი აღება. იმდროინდელ დასავლურ წყაროებში აღნიშნულია, თუ როგორ შეძლეს ბერძნებმა თავიანთი ქალაქის დაბრუნება პრაქტიკულად წინააღმდეგობის გარეშე. კონსტანტინოპოლში დამკვიდრდა პალეოლოგოსთა დინასტია. თითქმის ორასი წლის შემდეგ, 1453 წელს, ქალაქი ოსმალებმა აიღეს, რის შემდეგაც იმპერია საბოლოოდ ჩაიძირა წარსულში.



6
236
4-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
236
  
2023, 4 მაისი, 23:17
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 3 მაისი, 23:12
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 2 მაისი, 22:53
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 28 აპრილი, 22:37
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 27 აპრილი, 23:03
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 27 აპრილი, 19:27
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 6