x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
მეცნიერებმა უზარმაზარი მატყუარა ობობა აღმოაჩინეს, რომელიც თითქოს ღამის კოშმარებიდან მოევლინა ქვეყნიერებას
თუ ღამღამობით საკმარისად საზარელ სიზმრებს ვერ ხედავთ, მაშინ მატყუარა ობობა დაგეხმარებათ, რათა პირდაპირ საშინელებათა ფილმის პერსონაჟად იგრძნოთ თავი.


ობობა, რომელიც ახლახანს ქვინსლენდის მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომლებმა აღმოაჩინეს, აქამდე ნანახ ბევრ ობობას ზომით მკვეთრად აჭარბებს. ახალ სახეობას მკვლევარებმა Euoplos dignitas-ი უწოდეს.


ალბათ გასაკვირი სულაც არ არის, რომ ეს აღმოჩენა ავსტრალიაში გაკეთდა. მწვანე კონტინენტი ხომ განსაკუთრებით შხამიანი და განსაკუთრებით უზარმაზარი ზომის მწერების და ქვეწარმავლების სამშობლოა.


Euoplos dignitas-ისთვის დამახასიათებელი ყველაზე არსებითი ნიშან-თვისება უზარმაზარი ზომების გარდა ასევე იმის უნარიც არის, რომ ძალიან უცნაური მეთოდით ინადიროს. ეს ობობა მიწაში აკეთებს ღრმულებს, რომელთა ზემოთ საკუთარი ქსელისგან ამზადებს მატყუარა კარს, რათა უნებლიე მსხვერპლი მასში გახვიოს და შესანსლოს.



ავსტრალია უზარმაზარი ობობების ნამდვილი ჰაბია. მათ შორის აღსანიშნავია მეგა ობობა, რომელიც 2021 წელს აღმოაჩინეს. მაშინაც ისევე, როგორც სულ ცოტა ხნის წინ, მეცნიერები გააოცა ობობას სხეულის უზარმაზარმა ზომებმა. ისინი გახარებულები არიან, რომ დღეს დედამიწაზე ამხელა ობობები ბინადრობენ, რაც სულ რამდენიმე ათეული წლის წინ წარმოუდგენლადაც კი იყო მიჩნეული.


მდედრი მატყუარა ობობა 5 სანტიმეტრამდე თავისუფლად აღწევს და ველურ ბუნებაში 20 წელიწადზე მეტს ცოცხლობს. მამრი შედარებით მომცრო ზომისაა და 3 სანტიმეტრამდე ძლივს იზრდება. ეს ობობა აქტიური მონადირეა და მსხვერპლს დიდხანს და დაჟინებით უთვალთვალებს, სანამ საკუთარ ბადეში გახვევდეს.


აღსანიშნავია, რომ შეწყვილების შემდეგ მდედრი მატყუარა ობობაც სხვა მდედრი ობობების მსგავსად თავს ესხმის საკუთარ “მეორე ნახევარს, ” კლავს მას და მის დანაწევრებულ სხეულს სიამოვნებით შეექცევა, რათა საჭირო ცილების მარაგი შეივსოს და თავისი ნაშიერები გამოკვებოს.


რას ვიზამთ, ბუნება ხშირად ულმობელია ცალკეული ინდივიდების მიმართ.


ობობა

0
182
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
182
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0