x
4 ფაქტი მიხეილ ჯავახიშვილზე
4 ფაქტი მიხეილ ჯავახიშვილზე


1.მიხეილ ჯავახიშვილი ბავშვობიდანვე განსხვავებული ბავშვი იყო. შეუპოვარი და უშიშარი ხასიათი ჰქონდა. ღამე ტყეში უშიშრად გაათენებდა. მისი შემოქმედება, მისი გამოსვლები ყოველთვის უკავშირდება მის ბუნებას. თითოეული ნაწარმოები მის ბიოგრაფიასთან არის დაკავშირებული. მისი შვილები ხშირად იგონებდნენ, რომ მწერალს შეეძლო საათობით ჩაფიქრებული და გარინდული მჯდარიყო. რაზე ფიქრობდა ან რა აწვალებდა, არავინ იცოდა. ყველაფერს გულში იხვევდა. წუხდა თავისი ერის გამო. ერთხელ, სახლიდან ფეხით მიდიოდა მწერალთა კავშირში, ზამთარი იყო და ციოდა. მას გზაზე დაუთვლია, რამდენი ადამიანი იყო უპალტოოდ ქუჩაში მოსიარულე. ის არ იყო განდგომილი მწერალი, რომელიც მხოლოდ წერს. ის ქვეყნის ავ-კარგზეც ფიქრობდა. ოჯახში თავის დარდზე არ საუბრობდა. მწერალი ოჯახში მხიარული და მოსიყვარულე იყო. არ შეეძლო ის არ ეთქვა, რაც ხდებოდა, რასაც ხედავდა და რაც აწუხებდა. ციხეში, თავის საკანში უთქვამს: ჩემმა პირდაპირობამ და პოპულარობამ დამღუპაო.


2.მიხეილ ჯავახიშვილს და ლავრენტი ბერიას არასოდეს ჰქონდათ კარგი ურთიერთობა. მწერალი ახლოს არ იკარებდა სისხლისმსმელ ჩეკისტს. მან ბევრი უდანაშაულო ადამიანი გაწირა. მწერალი ჩეკისტთან შეუპოვარი იყო. თავად ბერია ყველანაირად ცდილობდა, რომ ჯავახიშვილი მასთან მისულიყო და დაახლოებოდა. ერთხელ, ნინო გეგეჭკორი შეხვედრია მწერალს და უთქვამს, “ბატონო მიხეილ, ჩვენ არ გვკადრულობთ? იქნებ მობრძანდეთ ჩვენთან სახლში. თქვენ ლავრენტი პავლოვიჩი დიდ პატივს გცემთ. სამსახურიდან დაღლილი რომ მოდის, თქვენს “არსენა მარაბდელს” ვუკითხავო…” ასეთი მიპატიჟების მიუხედავად, მიხეილ ჯავახიშვილი მათთან სტუმარად არ მივიდა. თავისი მეუღლისთვის მწერალს ბევრჯერ უთქვამს: “მე მასთან ვერ მივალ და გუნდრუკს ვერ ვუკმევ”. თუმცა, მეუღლე სთხოვდა: “მიდი, ცუდი პერიოდია, იქნებ გადარჩე დაჭერას ან გადასახლებასო”. ის კი ჯიუტად იდგა უარზე.


3.ბერიამ ჯავახიშვილს სიამაყე ვერ აპატია. მას უყვარდა მლიქვნელი ხალხი. ბერიასთან მისული ბევრი მწერალი გადარჩა. მასთან მისვლით ყველამ ქედი მოიხარა. მიხეილ ჯავახიშვილი კი არ აპირებდა ქედის მოხრას ამ უვიც ჩეკისტთან. რადგან მწერალი ვერ დაიმორჩილა, გადაემტერა. მას ჩამოუყალიბდა აზრი, რომ ჯავახიშვილი მისთვის საშიში პიროვნებაა. სამწუხაროდ, ამ აზრის ჩამოყალიბებაში ბერიას “დაეხმარნენ” ის დამსმენები, რომლებიც ჯავახიშვილის გამოსვლებს, აზრებს და სიტყვებს ბერიას მოახსენებდნენ. ერთხელ, მწერალს გზაზე თავისი კოლეგა მწერალი შეხვედრია. გამოტეხვის მიზნით, მამასთვის უთქვამს: “ბატონო მიხეილ, ნახეთ, რა კარგი დრო დაგვიდგა”. მამას კი პირდაპირ მიუხლია: “რა კარგი დრო არის, ჩეკისტი გვაზის თავზე!” როდესაც ბერიამ მწერალი აწამა, წამების და ცემის შედეგად ის იატაკზე დაეცა. ბერიამ მწერალს გულზე დაადგა ფეხი და უთხრა: “აი, ახლა გაზის ჩეკისტი თავზე”. ალბათ, მიხეილ ჯავახიშვილს იმ წუთში გაახსენდა ის მწერალი, რომელსაც ეს სიტყვები უთხრა, მაგრამ საზოგადოებისთვის დღემდე უცნობია მისი ვინაობა.



4.მიხეილ ჯავახიშვილი ბევრ კოლეგას არ უყვარდა, რადგან ის გამორჩეული იყო. ამიტომაც ებრძოდნენ მწერლები. პროლეტარი მწერლები საშინელ დღეში აგდებდნენ. მასთან სახლში მწერლები ხშირად მიდიოდნენ და პრეფერანსს თამაშობდნენ. მიხეილ ჯავახიშვილი კარტს კარგად თამაშობდა, ხშირად უგებდა კიდეც. ერთხელ, ერთ-ერთმა მოთამაშემ ვეღარ მოითმინა და ამოხეთქა: “რა არის ბატონო მიხეილ, მწერლობაშიც გვჯობნით და კარტის თამაშშიცო”. იყო რამდენიმე მწერალი, რომლებსაც არ ავალებდნენ ჯავახიშვილის დასმენას, ისინი თავად იჩენდნენ ინიციატივას “კეთილი” საქმის გასაკეთებლად. ამით კი ცდილობდნენ, ხელისუფლების მხრიდან პატივისცემა დაემსახურებინათ.


0
118
1-ს მოსწონს
ავტორი:თეკლა 123
თეკლა 123
118
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0