პოეზია "პაოლო მაინც მკვდარია, აღარაფერი დაუშავდება, შენ კი ცოლ-შვილი გყავს, დაწერე, რომ გერმანიის აგენტი იყოო" 2023, 2 აპრილი, 10:42 ამბობენ ბერიამ თავის კაბინეტში დაიბარა ტიციან ტაბიძე, დააბრალა რუს მწერლებთან მეგობრობა და მოსთხოვა ცილი დაეწამა პოეტ პაოლო იაშვილისთვის, რომელიც ორი თვით ადრე ტიციანის დაპატიმრებამდე სწორედ ბერიამ მიიყვანა თვითმკვლელობამდე.
"პაოლო მაინც მკვდარია, აღარაფერი დაუშავდება, შენ კი ცოლ-შვილი გყავს, დაწერე, რომ გერმანიის აგენტი იყოო" როცა ტიციანმა უარი განაცხადა მეგობრის ხსოვნის შეურაცხყოფაზე, ბერიამ მისი დაპატიმრების განკარგულება გასცა. შეიძლება ეს ამბავი ლამაზად შეფუთული ლეგენდა იყოს, თუმცა ფაქტი ისაა, რომ 2 აპრილი "ცისფერყანწელთა" ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლის სიკვდილის დღეა.ის 42 წლის იყო. 1937 წელს ის ანტისაბჭოთა მოღვაწეობის ბრალდებით დააპატიმრეს და დახვრიტეს. თუმცა არსებობს სხვა ვერსიაც, გადასახლებამისჯილი პოეტი ციმბირის ტრამალზე ჩამოსვეს და თოვლიან ქარბუქში მიატოვეს. ყოველ შემთხვევაში მისი საფლავი არ არსებობს. ფოტოზე: ტიციან ტაბიძე, პაოლო იაშვილი და ვალერიან გაფრინდაშვილი ამბობდენ კიდევ როცა ტიციან ტაბიძე დააპატიმრეს, აწამებდნენ და მოსთხოვეს, შეთქმულთა რაზმის უფროსის სახელი გვითხარიო, მან გიორგი სააკაძე ჩააწერინა და მერე კარგა ხანს ეძებდნენ ქართველ სარდალს რეპრესიებიდან გადარჩენილ მწერალთა რიგებშიო. თუმცა არსებობს ოფიციალური დოკუმენტები, რომელიც არქივშია დაცული. საქმე N10. 817.რომელიც ტიციანის "მავნებლურ საქმიანობასზეა" საუბარი. შინსახკომის დადგენილებით, რომელიც დაამტკიცა სახალხო კომისარმა გოგლიძემ, გაიცა ტიციან ტაბიძის (მცხოვრები გრიბოედოვის ქ. N18) დაპატიმრების ორდერი N1.344. პოეტი დამნაშავედ იქნა მიჩნეული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58/10 და 11 მუხლით. განესაზღვრა ცალკე საკანში ყოფნა. ორდერი მიიღო ლეიტენანტმა კრიმიანმა, მე-2 ქვეგანყოფილების უფროსის თანაშემწემ. მანვე ჩაატარა პოეტის ბინის ჩხრეკა. დადგენილებას ხელს აწერს მე-4 განყოფილების უფროსი ქობულოვი, ერთვის "სპრავკა" გრიფით "სოვერშენო სეკრეტნო" - ამბობს სოსო სიგუა. პოეტის ქალიშვილი ნიტა ტაბიძე იგონებს, რომ ღამის ორ საათზე მანქანის ხმა მოესმა. დედას და მამას არაფერი გაუგიათ. მკვდარივით ეძინათ. კარი გავაღე, ოთხნი იყვნენ, ტიციან ტაბიძე აქ ცხოვრობსო? მკითხეს და ქაღალდი მაჩვენეს - დაკითხვაზე უნდა წავიყვანოთო. მამა გავაღვიძე, მახსოვს, სავარძელში იჯდა, ხელები უთრთოდა, სიგარეტს ვერაფრით მოუკიდა. ისინი სახლს ჩხრეკდნენ. წაიღეს ფიროსმანის მიერ დახატული რუსთაველი, მამას პორტრეტი და ანდრეი ბელის ნაჩუქარი "დრევა ჟიზნი". 3 საათზე სახლის ჩხრეკას მორჩნენ. ფოტოზე: ტიციანი ქალიშვილ ნიტასთან ერთად პოეტი ორთაჭალის ციხეში მოათავსეს. მეორე დღეს, 10 ოქტომბერს ტიციანმა წითელი მელნით შეავსო პატიმრის ანკეტა და ხელი მოაწერა. ამის შემდეგ 10 დეკემბრამდე საქმე N10.817 დუმს, არაფერი ვიცით, როგორ მიდიოდა ძიება, ან თუ გრძელდებოდა საერთოდ. პოეტი ცალკე საკანში იყო მოთავსებული. როგორც 1954 წლის ივნისში დაკითხვის დროს აღიარა ჩეკისტმა ვახტანგ არზანოვმა, კრიმიანი სასტიკად აწამებდა ტიციანს, რათა იგი გამოტეხილიყო, როგორც რომელიღაცა ორგანიზაციის წევრი. ორთვიანი წამების შემდეგ, 10 დეკემბერს გაფორმდა ტიციან ტაბიძის დაკითხვის ერთადერთი ოქმი, რომელსაც ხელს აწერდნენ შინსახკომის მე-4 განყოფილების მე-6 ქვეგანყოფილების უფროსი ქადაგიშვილი და ოპერრწმუნებული პანკოვი. ყველა ფურცელს ხელს აწერს ტიციანი. 1937 წლის 15 მაისს საქართველოს კომუნისტთა მე-10 ყრილობაზე მოხსენებით გამოვიდა ლავრენტი ბერია. ერთი მხრივ, იგი ლაპარაკობდა საბჭოთა საქართველოს არნახულ მიღწევებზე, მეორე მხრივ - მთელ რისხვას თავს ატეხდა ტროცკისტებს, მავნებლებს, სხვადასხვა ჯურის ბანდიტებს - ძირითადად ინტელიგენციას, მწერალთაგან განსაკუთრებული სისასტიკით მსჯელობდა პაოლო იაშვილის, კონსტანტინე გამსახურდიას, მიხეილ ჯავახიშვილის, გიორგი ლეონიძის, ტიციან ტაბიძის შესახებ. შინსახკომში ნაწამები პატიმრები ცრუ და დამღუპველ ჩვენებებს იძლეოდნენ. 27 მარტს ლიდა გასვიანი (დაპატიმრებამდე - სახელგამის განყოფილების გამგის მოადგილე) ასახელებს ტროცკისტული და ფაშისტური ორგანიზაციის წევრებს (გამსახურდია, ჭიჭინაძე, ჯავახიშვილი, აბაშელი) ხოლო 3 აპრილს აცხადებს, რომ აღნიაშვილის განკარგულებით გამოიცა ტიციანის ლექსების წიგნიც, რომელშიც ჩართულია ლექსები გრ. რობაქიძეზე, ლომინაძესა და დუმბაძეზე. ეს იყო პირველი სიგნალი გრიგოლ რობაქიძე - ტიციანის მასწავლებელი და მეგობარი გერმანიაში დარჩა და ფაშისტად მიიჩნეოდა. ხოლო ლომინაძე და დუმბაძე ტროცკისტები ე.ი. ხალხის მტრები იყვნენ. მათი სიახლოვე და მათი მფარველობა პოეტს მძიმე დანაშაულად ეთვლებოდა. 21 მაისს ბუდუ მდივანი (დაპატიმრებამდე საქართველოს სახკომსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილე) მიუთითებს, რომ გასვიანმა მისი დავალებით ტერორისა და დივერსიისთვის სხვა მწერლებთან ერთად ჩაითრია ტიციანი. როგორც ვხედავთ, ტიციანი ტერორისტიც ყოფილა! 12 ივნისს დავით წერეთელი (დაპატიმრებამდე - ლიტფონდის დირექტორის მოადგილე) უჩვენებს, რომ ტიციანიც ანტისაბჭოურად არის განწყობილი, მსჯელობს აუტანელ პარტიულ რეჟიმზე, აკრიტიკებს ბერიას, ამბობს, რომ არ არის შემოქმედებისათვის საჭირო პირობები, რომ უნდა შეიცვალოს ხელისუფლება და გააგდონ ბერია. 9 ოქტომბერს პავლე საყვარელიძემ (დაპატიმრებამდე "ფედერაციის" განყოფილების გამგე) ტიციან ტაბიძე ფაშისტურ-ნაციონალისტური ჯგუფის აქტიურ წევრად დაასახელა. 48 2-ს მოსწონს
|