x
მეტი
  • 18.05.2024
  • სტატია:134740
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509081
„დავით გარეჯის" საქმეზე გაჭიანურებულმა სასამართლო პროცესმა მიმაღებინა გადაწყვეტილება, იმ დეტალების შესახებ მესაუბრა, რასაც..." - რას წერს დიმიტრი ლორთქიფანიძე
დიმიტრი ლორთქიფანიძე


ყოფილი პარლამენტარი დიმიტრი ლორთქიფანიძე „დავით გარეჯის" საქმესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„დავით გარეჯის" საქმეზე გაჭიანურებულმა სასამართლო პროცესმა მიმაღებინა გადაწყვეტილება, იმ დეტალების შესახებ მესაუბრა, რასაც სამსჯავრო გამოძიება გვერდს ვერ აუვლის და რაც გახლავთ ბრალდების მტკიცებულებათა მთავარი ღერძი ამ საუკუნის ღალატის საქმეში!", - წერს დიმიტრი ლორთქიფანიძე და „საერთო გაზეთისთვის" მიცემულ ინტერვიუს აქვეყნებს:


„სამშობლოს ღალატის ანატომია...



დადგება დრო, როდესაც მელაშვილთან და ილიჩოვასთან ერთად,
მიხეილ სააკაშვილიც განსასჯელის სკამზე აღმოჩნდება.


გვესაუბრება დამოუკიდებელი უფლებადამცველი, დიმიტრი ლორთქიფანიძე:


- ბატონო დიმიტრი, დავით გარეჯის საქმეზე გამოძიება გრძელდება. რამდენიმე დღის წინ მამა კირიონი დაკითხეს. როგორც ცნობილია, მორიგი სასამართლო პროცესი მალე გაიმართება. უამბეთ მკითხველს, როგორ მოხვდა ჩვენი ტერიტორიები სხვა სახელმწიფოს დაქვემდებარებაში?


- დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის გარშემო ვნებათაღელვა არ ცხრება. დღემდე გადაუწყვეტელია სამართლებრივი საკითხები, რაც ორ სახელმწიფოს შორის სახელმწიფო საზღვრის დემილიტაციასა და დემარკაციას უკავშირდება.
მოგეხსენებათ, 2004 წელს პრეზიდენტად სააკაშვილი აირჩიეს. 2005 წელს საქართველოდან 1938 წლის რუკები გაქრა. 1996 წლის 13 ივნისის სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების ოქმში, რომელსაც უკლება და სალამოვი აწერენ ხელს, წერია: მხარეები ათვლის წერტილად 1938 წლის რუკას გამოიყენებენო. ეს მეტყველებს შემდეგზე: იმას, რომ დავით გარეჯის ლავრა და მისი მიმდებარე მონასტრები საქართველოს კუთვნილება იყო, აზერბაიჯანის მხარე პროცესის დასაწყისშივე ეჭვქვეშ არ აყენებდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი 1938 წლის რუკით არ იხელმძღვანელებდნენ. ილჰამ ალიევის მოსვლამდე აზერბაიჯანს არ გასჩენია არავითარი პრეტენზია უდაბნოს, ბერთუბნისა და ჩიჩხიტურის მონასტრებზე და, ზოგადად, ჩიჩხიტურის თხემზე არსებულ სიმაღლეებზე. 1938 წლის რუკას საფუძვლად უდევს 1936 წლის 5 მარტისა და ივნისის დადგენილებები, რომლებსაც ხელს აწერენ ლავრენტი ბერია და ბაგიროვი და რითაც გადაწყდა, რომ აღნიშნული მონასტრები საქართველოს კუთვნილებაში დარჩებოდა. სააკაშვილი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მოურიდებლად საუბრობს იმაზე, რომ საქართველომ აზერბაიჯანის სახელმწიფო ინტერესები უნდა გაითვალისწინოსო.


- მიწათმოწყობის სახელმწიფო კვლევით საპროექტო ინსტიტუტში ხომ იყო ეს რუკები დაცული. თქვენ აღნიშნეთ, რომ ისინი გაქრა. როგორ?


- დიახ, 2005 წლიდან კვალის გასუფთავება იწყება. ამ ინსტიტუტში უნიკალური არქივები, 1938 წლის 500-ათასიანი და 200-ათასიანი მასშტაბის რუკები ინახებოდა, სადაც ზემოთ აღნიშნული ტერიტორიები საქართველოს მფლობელობაში იყო, რაც ჰეიდარ ალიევსა და შევარდნაძეს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაშიც ჩაიდო. ეს რუკები პირწმინდად განადგურდა 2006-2007 წლებში მას შემდეგ, რაც თავდაცვის სამინისტრომ ინსტიტუტში სამი ოფიცერი გაგზავნა მათი აღწერის მიზნით. მალევე მიწათმოწყობის ინსტიტუტს დიდი სამხედრო სატვირთო მანქანა მიადგა და ეს რუკები სამხედროებმა გაზიდეს. ივერი მელაშვილი 1980 წლიდან სწორედ ამ ინსტიტუტში მუშაობდა. მან საკმაოდ კარგად იცოდა, სად რა იყო, ასევე, სად ინახებოდა პლანშეტები, რაზეც დატანილი იყო საქართველო-აზერბაიჯანის არსებული საზღვრის მონაკვეთები 1938 წლის რუკის მდგომარეობით. ეს ინსტიტუტი 1961 წელს შეიქმნა და 2005 წელს მიხეილ სააკაშვილის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით მოულოდნელად გაუქმდა მაშინ, როცა იქ დაცული იყო იზოგიფსებიანი რუკები, 25, 50, 100-ათასიანი მასშტაბის რუკები, რაც სრულ და ობიექტურ მონაცემებს იძლეოდა საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვრის აღნიშნულ მონაკვეთზე, მათ შორის იყო 1938 წლის 200-ათასიანი მასშტაბის რუკაც, რომელზეც საქართველოსა და აზერბაიჯანის სსრ-ებს შორის გავლებული საზღვარი მაღალი ნდობის საზღვრად მიიჩნეოდა, რაც 1996 წელს ალიევის და შევარდნაძის შორის მოლაპარაკებების შედეგად მიღებული ოქმითაც დასტურდებოდა. ოქმს მაშინდელი ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები აწერდნენ ხელს. ოქმში პირდაპირ წერია, რომ მხარეები იხელმძღვანელებენ 1938 წლის 200-ათასიანი მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკით! საბჭოთა კავშირმა კონსტიტუცია 1936 წელს მიიღო. შესაბამისად, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვარი გაივლო, რომელმაც ჩიჩხიტურის თხემიდან აზერბაიჯანის სიღრმეში 450 მეტრში გაიარა და ეს ასახულია სწორედ 1938 წლის რუკაზე. ასე რომ, სპეკულაცია იმაზე, თითქოს ოდესმე საზღვარი ჩიჩხიტურის თხემზე გადიოდა, არ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ ფილიპე მახარაძისა და ნარიმან ნარიმანოვის მიერ 1921 წლის 15 ნოემბერს იყო მცდელობა, ყარაიაზის ველიდან დავით გარეჯის გარკვეული მონაკვეთი აზერბაიჯანს გადასცემოდა, ეს ფაქტი ვერ შედგა.
– თუკი ჰეიდარ ალიევი ამ საკითხს ეჭვქვეშ არ აყენებდა, მერე რაღა მოხდა? შევარდნაძის ხელისუფლება ე.წ. რეფორმატორებით შეიცვალა და ხელისუფლებაში სააკაშვილი მოვიდა. როგორც ჩანს, შვილი (ილჰამ ალიევი) მამის გადაწყვეტილებას არ ეთანხმებოდა. ჰეიდარ ალიევის დროს ამ თემაზე არავითარი პრეტენზია არ გაჟღერებულა. გავიდა დრო და აზერბაიჯანის ახალ ხელმძღვანელობას - ილჰამ ალიევს ამ მიწებთან დაკავშირებით პრეტენზია გაუჩნდა. მან კულუარულად სააკაშვილთან მოლაპარაკებები დაიწყო. მას სურდა კულტურული მემკვიდრეობის მითის შექმნა და ყველა სტრატეგიული სიმაღლის აზერბაიჯანისთვის გადაცემა, რომელიც არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ სომხეთისთვისაც სტრატეგიულია. ვინაიდან აქ სამი სახელმწიფოს საზღვარი იკვეთება - აზერბაიჯანის, საქართველოს და სომხეთის.
სააკაშვილთან მოლაპარაკებები გაიმართა. ამ საქმის „წარმატებით” დასასრულებლად სააკაშვილს სჭირდებოდა სანდო პირი, რომელსაც კარტოგრაფიაში, გეოდეზიაში კონკრეტული გამოცდილება ექნებოდა, რათა იმ ათვლის კოორდინატთა სისტემასთან მიმართებით, რომელიც აზერბაიჯანს უპირატესობას აძლევდა, შეცდომა არ დაეშვა. და ეს პირი გახლდათ პროფესიით გეოდეზი ვანო მერაბიშვილი, რომელიც იმ პერიოდში ფლობდა შპს „გეოს”, რომელიც თავის დროზე მონაწილეობას იღებდა თბილისის გარშემო არსებული მიწის ფართების აზომვაში, რაც „მსოფლიო ბანკის” მიერ დაფინანსებული UშAID-ის პროექტი იყო, საგრანტო პროექტების ზედამხედველად კი ივერი მელაშვილი მიიწვიეს. 2003 წელს ივერი მელაშვილი „მსოფლიო ბანკის” პროექტში გადავიდა, სავარაუდოდ, ვანო მერაბიშვილის რეკომენდაციით. 2006 წელს მელაშვილი დემილიტაცია-დემარკაციის კომისიაში ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელად დაინიშნა, მანამდე ათი წელი რიგით ექსპერტად მუშაობდა. იმავე წელს მასთან ერთად დაინიშნა ილიჩოვაც. სწორედ 2006 წელს იღებს დემილიტაციისა და დემარკაციის კომისია გადაწყვეტილებას, სადაც წერია: საზღვარი ზედ თხემზე გადის და არა თხემის ძირშიო, რაც აზერბაიჯანულ მხარეს უკვე შესაძლებლობას აძლევს, ყარაიაზის ველიდან ჩიჩხიტურის თხემზე „ამოცოცდეს”. 2007 წელს აზერბაიჯანული მხარე ასეც მოიქცა. 2005 წელს დაწყებული სპეცოპერაცია 2006 წელს მთავრდება და 2007 წელს აზერბაიჯანი ჩიჩხიტურის თხემს იკავებს.


მელაშვილის სახით მივიღეთ რიგითი მიწათმომწყობი, რომელსაც სამეცნიერო ხარისხი არასდროს ჰქონია და, შესაბამისად, არც კარტოგრაფიის სპეციალისტია. რაც შეეხება ილიჩოვას იგი მაღალი ლეგიტიმაციის სახელმწიფო კომისიაში ისე მოხვდა, რომ სახელმწიფო ენა არ იცოდა! მისი რეკომენდატორი ეკა გიგაური იყო, რომელიც იმ პერიოდში საზღვრის დაცვის დეპარტამენტის უფროსის, ბადრი ბიწაძის მოადგილე გახლდათ. აღნიშნული დეპარტამენტი მაშინ შსს-ს ექვემდებარებოდა, რომლის მინისტრიც მერაბიშვილი იყო. ანუ, ეს პროცესი უშუალოდ ვანო მერაბიშვილისა და ეკა გიგაურის ზედამხედველობის ქვეშ მიმდინარეობდა. როგორც ზემოთ ვახსენე მელაშვილი კომისიის თავმჯდომარე გახდა. კომისიაში იყვნენ ღვაწლმოსილი სპეციალისტები, მათ შორის, პროფესორი კეკელია, რომელიც მელაშვილთან დაპირისპირებას შეეწირა. კომისიის რამდენიმე წევრი მელაშვილს აუჯანყდა, ის კი ყველას აჩუმებდა: პროტესტს აზრი არ აქვს, ყველაფერი ისე იქნება, როგორც ვიტყვიო. სააკაშვილმა ეს გამოიყენა და აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს საშუალება მისცა, ჩიჩხიტურის თხემზე ამოსულიყვნენ. არსებობს ეჭვი, რომ ადგილი აქვს უზარმაზარ, პოლიტიკური ხასიათის კორუფციას, რაც ეკონომიკური მაქინაციების გზით ხორციელდებოდა.


გახსოვთ, მელაშვილის ცნობილი განცხადება: რაც ჩვენი არ არის, იმაზე როგორ უნდა ვიდავოთო. ეს შეგნებულად ითქვა. ეს იყო შეკვეთა. მისი მოღალატეობრივი პოზიცია ამ სიტყვებიდანაც ჩანს. მოღალატე სააკაშვილი, ნინო კალანდაძე (მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი) და ნიკა რურუა (მაშინდელი კულტურის მინისტრი) სამ ხმაში ამტკიცებდნენ, რომ საბჭოთა კავშირის დროს არსებული რუკების მიხედვით, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ეს ნაწილი: ბერთუბანი, ჩიჩხიტურის კოშკი და უდაბნოს მონასტერი, საქართველოს შემადგენლობაში არ შედიოდა. ამის შესახებ განცხადებები 2012 წელს გაკეთდა. იმ წელს ხელისუფლება იცვლებოდა, აზერბაიჯანულ მხარეს კი მყარი გარანტიები სჭირდებოდა, რომ დაწყებული საქმე ბოლომდე მივიდოდა. ამიტომ მათ ხმამაღლა დაიწყეს ამაზე საუბარი, რათა აზერბაიჯანულ მხარეს განგაშის საფუძველი არ ჰქონოდა, რომ ახალი ხელისუფლება სააკაშვილის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას სადავოს გახდიდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. 2012 წელს ჩვენი ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის” წევრები (მაშინ პარლამენტის წევრი ვიყავი) ჩიჩხიტურის თხემზე ავედით. დავაფიქსირეთ ფაქტი - როცა ხელისუფლება იცვლებოდა, აზერბაიჯანულმა მხარემ თხემზე ასასვლელი ბილიკები პირველად გადაკეტა და აცხადებდა: ეს ტერიტორია ჩვენია, რაზეც სააკაშვილისა და ილჰამ ალიევის ხელისუფლებები უკვე შეთანხმდნენ, ამიტომ აქ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები უნდა იდგნენო. მოგვიანებით ეს პროცესი დაკონსერვდა. 2018 წლიდან კი საკითხი ისე გამწვავდა, რომ ამაში ქართული საზოგადოებაც ჩაერთო, რასაც აზერბაიჯანის მხრიდან გააქტიურება მოჰყვა. ამ პერიოდში ახალმა ხელისუფლებამ ხმამაღლა განაცხადა, რომ დაწყებულია გამოძიება საქართველოს ტერიტორიის განზრახ უკანონო გასხვისების ფაქტთან დაკავშირებით, რასაც ორგანიზებული ხასიათი გააჩნია და მას აღმსრულებლის გარდა, დამკვეთიც ჰყავსო. მოგეხსენებათ, ამას სერიოზული რეზონანსი მოჰყვა. შვეიცარიაში მოღვაწე ქართველმა ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა საქართველოში 50-მდე უნიკალური რუკა ჩამოიტანა გერმანიიდან, შვეიცარიიდან, აშშ-იდან და რუსეთიდან. მათ შორის, 1938 წლის რუკაც. სწორედ ამ დროს დააკავა გამოძიებამ ილიჩოვა და მელაშვილი. ერთ-ერთი მტკიცებულება სწორედ 1938 წლის პლანშეტური რუკები იყო, რომლებიც მიწათმოწყობის ინსტიტუტიდან 2005 წელს გააქრეს. შეგახსენებთ, რომ კეზერაშვილმა 1938 წლის რუკები, მათ შორის, სწორედ ჩიჩხიტურისა და ბერთუბანის მონაკვეთზე გამავალი სასაზღვრო ხაზის დამადასტურებელი პლანშეტური რუკა, სააკაშვილის დავალებით ინსტიტუტიდან გაატაცებინა. ბუნებრივია, ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი გაქრა. სააკაშვილის პოლიტიკურმა სისტემამ დაინახა, რომ თუკი მათ ლიდერს საუკუნის დანაშაულში ამხელდნენ, მაშინ ეს სისტემა, როგორც ძირითადი ოპოზიციური ფლაგმანი, მთლიანად ჩამოიშლებოდა. ამ შემთხვევაში, დასავლეთს საქართველოში საყრდენი აღარ დარჩებოდა. ამიტომაც წამოიწყეს ინგა გრიგოლიას სტუდიაში გააფთრებული კამპანია „პატიოსანი” მეცნიერების შესახებ, თითქოს მათ სახელმწიფო ებრძვის. ადრე თუ გვიან, საქმის წარმოება ისტორიულ მიწებთან დაკავშირებით სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით დასრულდება. „დავით გარეჯი საქართველოა!” _ ეს ლოზუნგი ტელეკომპანია „იმედის” ეთერიდან არჩევნების პერიოდში ყოველდღიურად მოჩანდა. ვფიქრობ, ეს მხოლოდ წინასაარჩევნო სლოგანად არ უნდა დარჩენილიყო. აქ მხოლოდ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსზე როდია საუბარი, არამედ 3600 ჰექტარ მიწაზე. წარმოიდგინეთ, რამხელა ტერიტორიაა ამ კომისიის მიერ უკანონოდ დემილიტირებული. სწორედ ეს არის სამშობლოს ღალატი და ის მოუწმენდელი ლაქა, რასაც სააკაშვილი ვერასდროს ჩამოირეცხავს.


წესით, სააკაშვილი კოსტუმების კი არა, სამშობლოს ღალატის მუხლით უნდა სამართლდებოდეს. თუმცა, 2006 წელს ეს მუხლი სისხლის სამართლის კოდექსიდან ამოიღეს. დიახ, ეს მუხლი კოდექსიდან გააქრეს, რათა შემდგომ ამას გარკვეული დისკომფორტი არ შეექმნა იმ აღმსრულებლებისთვის, რომელთა რიცხვში არიან ის ექსპერტებიც, რომლებმაც 2006 წლის შუალედურ გადაწყვეტილებას ჩიჩხიტურის თხემზე გასატარებელ ხაზთან დაკავშირებით ხელი მოაწერეს.


ილიჩოვამ და მელაშვილმა ქვეყნის წინაშე უმძიმესი დანაშაული ჩაიდინეს. ეს უკანასკნელი ათას სისულელეს ლაპარაკობს, მთავარია, სასამართლოს რა ინფორმაცია აქვს მტკიცებულებების სახით. ეს სპონტანური გამოძიება არ არის. სხვათა შორის, 2013 წელს ამ საქმის მოკვლევა თავდაცის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ მოითხოვა. მას პირველს გაუჩნდა ეჭვი, რომ ჩადენილია მძიმე დანაშაული, რაზეც კონკრეტული მტკიცებულებები არსებობს.
ბოლოს, ექსკლუზიურად გეტყვით, რომ ამ საქმის დაძვრაში უდიდესი წვლილი მიუძღვით მამუკა ბახტაძესა და ირაკლი ღარიბაშვილს. 2017 წელს ირაკლი ღარიბაშვილმა განაახლა საგამოძიებო პროცესები და გარკვეული მასალების ფუნდამენტური მოკვლევა დაიწყო. მჯერა, პროკურატურა ამ საქმეში სერიოზულ სიტყვას იტყვის, რასაც სასამართლო კოლეგია გაითვალისწინებს. ამ ყველაფრის უკან ქვეყნის ღალატი ისახება. დღეს, სააკაშვილს, „ვივამედში” რომ წამოწოლილა, ურჩევნია საჯარო აღსარებისთვის მოემზადოს და ღიად ილაპარაკოს, რატომ, ვისი დაკვეთით და რა კონკრეტული მიზნებით ჩაიდინა ღალატი. დადგება დრო, როდესაც მელაშვილთან და ილიჩოვასთან ერთად, სააკაშვილიც დაჯდება განსასჯელის სკამზე.


თამარ შველიძე


დავით გარეჯი



დიმიტრი ლორთქიფანიძე სქრინ






3
332
2-ს მოსწონს
ავტორი:მარიამმ პაიჭაძე
მარიამმ პაიჭაძე
332
  
2023, 1 აპრილი, 22:33
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

საინტერესოა,სად არიან ის ადამიანები,რომელებიც კონსტიტუციის რღვევაზე და ქვეყნის ინტერესების დაზიანებაზე ქუჩაში "მოლოტოვის კოქტეილებს" ისროდა,რა ამ ქეისში უფრო დიდი დანაშაული არ არის ჩადენილი? ერთი ასეთი ნივთი არ უნდა მოხვდეს ნაცების ოფისს ან გიგაურის კანტორას? თუმცა აქედან არც გრანტი და არც თანამდებობა არ გამოიდნობა. მერე გამოვა Z თაობა და ევლოპა მინდაო,ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი მოღალატეობრივად გადაეცა სხვას,თქვენ ვერც გაიგეთ და რეაქცია 0 ქონდათ,ანალიზისთვის საინტერესო ამბავია. Z თაობა ანუ ზებრები ანუ ჭრელები ანუ "კრისების" თაობა,რომლებსაც არანაირი პრინციპები არ გააჩნიათ და არიან ზომბები ანუ მოსიარულე მკვდრები. თუ ფულს გადაუხდიან,ყველაფერს გააკეთებენ,საკუთარ დედასაც გაყიდიან და ნებისმიერ თემაზე იქნებია ვირთხები,მთავარია ფული გადაუხადონ.
ჩემი აზრით,მიწები გადასცეს აზერბაიჯანს,რათა მათგან გაზი იაფად შეესყიდათ და მერე ამით პოპულისტური კამპანია წამოეწყოთ. საუბარია 2005-07 წლებზე,სწორედ ამ პერიოდში იყო ემბარგო,გაზის შეწყვეტა და ხალხის დეპორტაცია რუსეთიდან,მერე იყო განცხადებები იმის შესახებ,რომ აზერბაიჯანი მოგვყიდდა გაზს რუსებზე იაფად და ამით ამაყობდა სააკაშვილი. შესაძლოა,იყოს სხვა მიზეზები და გარიგებები,თუმცა ამაზე ინფორმაცია გამოძიებამ უნდა გაავრცელოს. ქვეყნის ღალატი რო იკვეთება ამაზე ორი აზრი არ არის,არც ის არის ახალი და აღმოჩენა,რომ სააკაშვილი და მისი ხროვა ქვეყნის ინტერესების საწინაღმდეგოდ მოქმედებდა მთელი მართველობის პერიოდში,რაზეც უამრავი ფაქტი მეტყვლებს,მათ შორის სტრატეგიული ობიექტების გასხვისება რუს ოკუპანტებზე. რაც შეეხება თვითონ გამოძიებას,ბევრი რამე გაძნელებულია,რადგან მტკიცებულებები და დოკუმენტები გადამალული/გამქრალი იქნება,იმის ჩიტი არ იყო მიშა რო ეს შემოენახა,თუმცა სურვილის ქონის შემთხვევაში ყველაფერი შესაძლებელია.
0 1 3