საზოგადოება სახალისო ამბავი, მაგრამ დღევანდელი ქალების მწარე რეალობა ... 2023, 17 მარტი, 23:21 ახლობელი მყავს, ერთი. ზეაქტიურია. ქმარი ჰყავს, ქვეაქტიური და მთელი ცხოვრება, იმის გააქტიურებაზე მუშაობს. ხან რას მოიგონებს, ხან რას.
ამ ბოლო დროს, გადმოიწერა, ტელეფონზე აპლიკაცია, აი, ნაბიჯებს რომ ითვლის, რა.
მთელი დღე რომ დაჭენაობ, ფოსტის ცხენივით და მერე, საღამოს, ზიხარ და ამოწმებ, 2793 ნაბიჯი გაქვს გავლილი, თუ, 3608.
მეტის საქმე ხომ არ გაქვს, სამსახურიდან მისულ, "ქვეაქტიური" ქმრის პატრონს. ნიჟარაში ჩახროვილი ჭურჭელი, ქურაზე დატოვებული ამოცარიელებლი ქვაბი, რომელიც რაიმე ჯადოსნური ხერხებით, ხვალ დილით, ისევ სავსე უნდა დატოვო, ოთახებში მიყრილ-მოყრილი ბარახლო და დივნის ქვეშ მზაკვრულად დამალული, ცალ-ცალი ნასკების ძებნა და მსგავსი "წვრილმანები", რა მოსატანია, ქალი ხარ რა, მეტი რა გევალება. უცებ დაბზრიალდები ჩიკორივით, ვიდრე "გადაქანცული" ქმარი, დივანზე განისვენებს.
მოკლედ, ჩაიწერა ეს "ნაბიჯ-მთვლელი" აპლკაცია და ქმარსაც ჩაუწერა. გააქტიურებას ცდილობს-მეთქი, ხო ვთქვი.
შედეგებმა მოლოდინს გადააჭარბა.
მისმა "შაგო-მერმა" რამდენი ათასი ნაბიჯი აჩვენა, ზუსტად აღარ მახსოვს და ქმრისაზე, არც მეტი, არც ნაკლები... 23 ნაბიჯი იყო დაფიქსირებული.
ჩვენი გამოთვლით, ორჯერ წავიდ-წამოვიდა, დივნიდან ტუალეტამდე და უკან. როგორც ჩანს, მესამეჯერაც დააპირა, ორიოდ ნაბიჯიც გადადგა, მაგრამ მერე გადაიფიქრა, ეტყობა დაეზარა, ამდენი სიარული, დიდი ხნით დივანთან განშორებაც უჭირს ხოლმე და...
ჰოდა, ისა, რომ ვეკითხები, რად გინდა, ამდენი წელი, რისთვის იტან-მეთქი, მიყვარსო.
ვააჰ, კაცოოო, კაცს რომ შენზე მეტად, დივანი უყვარს, ის კაცი როგორ უნდა გიყვარდეს, ვერ ვიგებ და მომკალით.ავტორი: ქეთი კიპაროიძე 161 შეფასება არ არის
|