საზოგადოება წარმოდგენა, რომ ბავშვები პორნოს არ უყურებენ, მცდარია 2019, 23 იანვარი, 15:30 წარმოდგენა, რომ ბავშვები პორნოს არ უყურებენ, მცდარიამიუხედავად პრევენციული ღონისძიებებისა, როგორიცაა, მაგალითად, სხვადასხვა შემზღუდავი აპლიკაცია ტელეფონებისათვის, ინტერნეტთან გატარებული დროის მთვლელი, საიტებზე წვდომა და ა.შ. ბავშვები მაინც ახერხებენ საზიანო, შინაარსის ამ შემთხვევაში, პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეოების ნახვას.მაგალითად, „ნიუ-იორკ თაიმსის“ ბესტსელერმა ავტორმა, პეგი ორენშტაინმა, ამერიკელმა ჟურნალისტმა და ფემინისტმა, რომელიც არის ავტორი წიგნებისა „გოგონები და სექსი“, „კონკიამ შეჭამა ჩემი ქალიშვილი“, „ნუ დამიძახებ პრინცესას“ და რომელიც ამჟამად წერს წიგნს ბიჭებზე, მასკულინობაზე, სიყვარულზე, სექსსა და პორნოზე, გამოკვლევის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით ჩაატარა გამოკითხვა კოლეჯის ასაკის ბიჭებში და გაარკვია, რომ პორნოგრაფიული ხასიათის ვიდეოებს 11 წლის და ხანდახან უფრო პატარა ასაკის ბიჭებიც უყურებენ: „ხშირად, ეს უბრალოდ ინტერესია. ან მაგალითად, მათზე უფროსი ბიჭი დაუძახებს და ეტყვის, „შეხედე, რა განახო?“ ბიჭები ტრაბახობდნენ, 11 წლის ვიყავი „დიდი ძუძუები“ რომ ვნახე. სულ რაღაც ორი დაწკაპუნებით, ისინი ხვდებიან საიტებზე, უყურებენ ისეთ ვიდეოებსა და ფოტოებს, რომლებისთვისაც არ არიან მზად, რომ გაიგონ და გადახარშონ, თუ რა ხდება იქ“. ონლაინრისკების ჩამონათვალში, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მკვლევრები, უპირველეს რისკად სწორედ ბავშვებისათვის არასასურველი და მისი ასაკისათვის შეუფერებელი შინაარსის მასალისადმი წვდომას ასახელებენ. UNICEF-ის ანგარიშში „ბავშვები ციფრულ სამყაროში“, რომელიც 2017 წელს გამოქვეყნდა, გაანალიზებულია თუ როგორ შეცვალა ბავშვების ცხოვრება ციფრულმა სამყარომ. ანგარიშის ავტორები წერენ, ინტერნეტის როგორც დადებით, ისე უარყოფით გავლენებზე. უარყოფითი გავლენების სიაში კი ერთ-ერთ პირველ ადგილს სწორედ მოზარდთათვის არასასურველი შინაარსის, მათ შორის, პორნოგრაფიული ხასიათის მასალებისადმი წვდომა იკავებს. UNICEF-ის მონაცემებით, მსოფლიოში ინტერნეტის მომხმარებელთა მესამედს სწორედ ბავშვები შეადგენენ. ბავშვები სულ უფრო ადრეულ ასაკში იწყებენ ინტერნეტით სარგებლობას. ზოგიერთ ქვეყანაში, ინტერნეტით სარგებლობს იმდენივე 15 წლამდე მოზარდი, რამდენიც 25 წელს გადაცილებული ზრდასრული. "სმარტფონები" „საძინებლის კულტურას“ ასაზრდოებს, ეს კი ინტერნეტს უფრო და უფრო პირადულ, ინტიმურ სივრცედ აქცევს ბავშვებისთვის და, შესაბამისად, ასუსტებს უფროსების ზედამხედველობას. შინაარსობრივი რისკი - ეს არის ერთ-ერთი პირველი ონლაინრისკი, რომელსაც მოზარდები ინტერნეტში აწყდებიან. გაეროს ბავშვთა ფონდის მკვლევრების თანახმად, ის შეიძლება შეიცავდეს სექსუალური, პორნოგრაფიული ხასიათისა და ძალადობის შემცველ ვიდეო- და ფოტომასალას, არასასურველ რეკლამას, რასისტულ, დისკრიმინაციულ გამონათქვამებსა და სიძულვილის ენის შემცველ ინფორმაციას, ვებგვერდებს, რომლებიც აქეზებს არაჯანსაღ ან საშიშ ქცევას, მაგალითად, საკუთარი სხეულის დაზიანებას, თვითმკვლელობას, ანორექსიას და სხვა. UNICEF-ის მკვლევრები წერენ, რომ ინტერნეტსივრცეში მოზარდებს აქვთ წვდომა ასაკისთვის შეუფერებელი ონლაინრესურსებთან, როგორიცაა, მაგალითად, პორნოგრაფიული და აზარტული თამაშების საიტები. ამ საიტებზე ბავშვები დაუბრკოლებლად შედიან და ბევრი მათგანისთვის უარყოფითი ზეგავლენა შეიძლება დამანგრეველი აღმოჩნდეს. მათი თქმით, ამ საიტებზე წვდომით მიყენებულმა ზიანმა, „შეიძლება, სამუდამოდ დაუმახინჯოს ცხოვრება პატარას“. 62 შეფასება არ არის
|