სხვა გოგონა, რომელიც ორი წელი ხეზე ცხოვრობდა 2023, 10 მარტი, 14:10 1997 წელს, კალიფორნიაში მუსიკალური ფესტივალის დროს, რომელიც ეძღვნებოდა გარემოს დაცვას, 23 წლის ჯულია ჰილი, მეტსახელად "პეპელა"(Julia Butterfly Hill) გიგანტურ სეკვოიაზე ავიდა და მომდევნო ორი წლის განმავლობაში იქ ცხოვრობდა – მთლიანად 738 დღე . ჯულია ჰილმა 1997 წლის დეკემბრიდან 1999 წლის დეკემბრამდე იცხოვრა გიგანტურ 1500 წლის ხეზე, რომელსაც მეტსახელად ლუნა უწოდა. ჯულიამ მხოლოდ მაშინ დაასრულა პროტესტი, როდესაც Pacific Lumber Company დათანხმდა, რომ არ შეეხებოდა როგორც ლუნას, ასევე სხვა ხეებს 60 მეტრის რადიუსში. არაკომერციული ფონდი Sanctuary Forest Foundation, რომელიც დაფუძნებული იყო ჰუმბოლდტის ოლქში, კალიფორნია, აწარმოებდა მოლაპარაკებებს Pacific Lumber Company-ის და ჯულიას შორის, რომელიც 55 მეტრის სიმაღლეზე, ხის კენწეროზე ცხოვრობდა. საინტერესოა, რომ მანამდე ჯულია არასოდეს მიუღია მონაწილეობა მსგავს აქციებში და არ იყო არც ერთი "მწვანე" ორგანიზაციის წევრი და ამ შემთხვევაშიც არ მისდევდა ფართომასშტაბიან მიზნებს: უბრალოდ ვერ იჯერებდა, რომ ვინმეს შეეძლო მოეტანა ხერხი და გაენადგურებინა ბოლო სეკვოია, რომელიც დაახლოებით 1000 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იდგა. რა თქმა უნდა, ხეზე ცხოვრება ყოველთვის კომფორტული არ იყო ჯულიასთვის. იგი იტანდა სიცივეს, წვიმას, შტორმს, გაბრაზებული ტყის მჩეხავების თავდასხმებს, ჩასაფრებულ ჯარისკაცებს და პოლიციის ვეტმფრენებსაც კი. მაგრამ, იგი არ აპირებდა დანებებას.ძალიან ბევრ ადამიანს აღაფრთოვანებდა თავდადებული აქტივისტის ამტანობა. მასზე წერდნენ მთელი მსოფლიოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებები. ხის ქვეშ იკრიბებოდნენ ჟურნალისტები, ცნობილი მსახიობები ხელს ართმევდნენ ჯულიას და მხარს უჭერდნენ მის მოქმედებებს. მოგვიანებით ჯულიამ აღიარა, რომ ვერასოდეს იფიქრებდა, რომ შეეძლო ასეთი საქმის გაკეთებას, რომელიც გმირობის ტოლფასი იყო. შედეგად, ერთი გოგონას უჩვეულო საქციელმა მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო ხეების გადარჩენაზე და ხელი შეუწყო უძველესი ტყეების ჩეხვის შემცირებას. ჯულიას მამა მოხეტიალე ევანგელისტური რელიგიური მსახური იყო და მისი ოჯახი მუდამ მოგზაურობდა - ჯულია ათ წლამდე ბორბლებიან სახლში ცხოვრობდა და იშვიათად რჩებოდა ერთ ადგილზე ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში.სწორედ ამიტომ ბუნებაში თავს ისე გრძნობდა, როგორც სახლში. როდესაც ის ექვსი წლის იყო, ოჯახთან ერთად ბუნებაში ლაშქრობის დროს პეპელა თითზე დააჯდა და მთელი ლაშქრობის განმავლობაში აღარ მოშორდა, აქედან მომდინარეობს გოგონას მეტსახელი - "პეპელა". სამწუხაროდ, 2000 წელს, ჯულიას მიერ გადარჩენილ სეკვოიაზე ვანდალების თავდასხმა განხორციელდა. მათ რამდენიმე ადგილას, ბენზინის ხერხით დააზიანეს ხე. მაგრამ, იმ მომენტისთვის ამ ხეს უკვე მთელი ამერიკა იცნობდა და მოხალისეთა ერთობლივი ძალებით მოხერხდა მისი გადარჩენა.მომხდარის შემდეგ, ჯულია საკმაოდ ცნობილ პიროვნებად იქცა. 2000 წელს ბუნების დამცველმა დაწერა წიგნი სახელწოდებით “ლუნას მემკვიდრეობა” (The Legacy of Luna). ჯულია ნახსენებია პოპულარული ჯგუფის “Red Hot Chili Peppers”-ის სიმღერაში “Can’t Stop”, როგორც ჯეი ბატერფლაი (butterfly – პეპელა). 596 3-ს მოსწონს
|