საქართველო
"ვუსმენ ახლა და.. ნუთუ ეს ისაა... როგორ შეიძლება ის გარდაქმნილიყო" - ვისზე საუბრობს შალვა ნათელაშვილი
2023, 22 თებერვალი, 15:54
"ლეიბორტისტული" პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი, "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის, ხატია დეკანოიძის მიერ პარლამენტის ბოიკოტთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება და "ენმ"-ის დეპუტატის სახეცვლილებით გაოგნებული საკუთარ ემოციას ვერ მალავს:
"ვუსმენ ახლა ქალბატონ ხატია დეკანოიძეს ნაცმოძრაობის მიერ ბოიკოტის მეასეჯერ შეწყვეტისა და პარლამენტში დაბრუნების აუცილებლობაზე. ნუთუ ეს ის ხატიაა ბარიკადებზე რომ იდგა ჩემთან ქუჩაში და თანაც ის რეფორმატორია ვისაც ფაქტიურად ვაშინგტონმა თავის დროზე უკრაინის პოლიციაში ისტორიული გარდაქმნები ანდო? როგორ შეიძლება ის გარდაქმნილიყო დღეს რუსი ოლიგარქის ოცნებათა გამსხივოსნებლად."- წერს შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში.
"პარლამენტის ბოიკოტზე, მანდატების დატოვებაზე საუბარი ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეწყდეს - ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნება მათ შორის ანტიდასავლური პროექტის განხილვებში ჩართვა, რაზეც ალბათ იქნება დადებითი გადაწყვეტილება ფრაქციაში, " - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებთან, პარლამენტში ფრაქციის წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
"ჩემი პოზიცია არ შეცვლილა, ჩემი პოზიცია იყო და ეს პოზიცია დავაფიქსირე შეხვედრაზე, რომ მათ შორის, ამ ყველაზე ანტიდასავლური კანონპროექტის განხილვებს, მათ შორის, საკომიტეტოს და სასესიოს უნდა დაესწროს ფრაქცია. დღეს ფრაქციის სხდომას ბევრი ადამიანი არ ესწრებოდა, მაგრამ მე გეტყვით ჩემს მოსაზრებას - პარლამენტის ბოიკოტზე, მანდატების დატოვებაზე და ა.შ. საუბარი ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეწყდეს, რადგან ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტი ამ ეტაპზე. მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნება მათ შორის ამ განხილვებში ჩართვა, ჩემი მოსაზრებით, უფრო ალბათ იქნება დადებითი გადაწყვეტილება, ფრაქციის ყველა წევრს უნდა ეცნობოს და ყველამ გამოხატოს თავის პოზიცია", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.