x
image
მარიამმ პაიჭაძე
ნანა კაკაბაძე: „რუსეთი, ამ ეტაპზე, სრული გადაყლაპვით არ გვემუქრება, ამერიკისა და მისი დასავლელი მოკავშირეების მიერ წამოყენებული მოთხოვნები კი მუქარის ქვეტექსტებს შეიცავს"
ნანა კაკაბაძე


არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" დამფუძნებელი ნანა კაკაბაძე მსოფლიო პოლიტიკაში საქართველოს პოზიციონირებასთან და მის როლთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„როგორ მოვედით აქამდე...


საქართველოს მრავალსაუკუნოვანი არსებობის მანძილზე მუდმივად უხდებოდა დიდი იმპერიების ინტერესების გათვალისწინება.



ზოგჯერ, ჩვენი ქვეყანა, ამ სახელმწიფოთა შორის არსებული წინააღმდეგობების გამოყენებით გადიოდა ფონს.


ჩვენს წინაპრებს არც რომი ეხატებოდათ გულზე, არც სპარსეთი, არც ბიზანტია, არც არაბები, არც მონღოლები, არც თურქები და არც რუსები, მაგრამ სხვადასხვა ეპოქაში, საჭიროების მიხედვით, ჩვენი მეფეები ყველა ამ ქვეყანას ხან ჯარით ეხმარებოდნენ და ხან მათი ინტერესებისათვის სიცოცხლესაც წირავდნენ. კონკრეტულ ისტორიულ მონაკვეთში, საკუთარი სამშობლოსა და ერის გადასარჩენად სიყვარულსა და ერთგულებასაც ეფიცებოდნენ.


ასე გამოიწრთო ისტორიულად ქართველების ბრძოლისუნარიანობა და შემთხვევითი არ არის, რომ თითქმის ყველა ქვეყნის სამხედრო ნაწილებში მებრძოლი ქართველი მეომრები დიდ წარმატებებს აღწევდნენ სამხედრო კარიერაში და ბევრი მათგანი დიდი იმპერიების გმირებადაც იქცა.


დაახლოებით 80 წლის წინ, ქართველი მებრძოლები მეორე მსოფლიო ომში რუსეთის ჯარში იბრძოდნენ, რადგან სწამდათ, რომ საკუთარი სამშობლოს ინტერესებს ემსახურებოდნენ. ბევრი ქართველი მეომარი გერმანელი ფაშისტების მხარეზეც იბრძოდა, მათ უმრავლესობას გულუბრყვილოდ სჯეროდა, გერმანელები სსრკ-ს დამარცხების შემდეგ საქართველოს თავისუფლებას და დამოუკიდებლობას უზრუნველყოფდნენ.


მეორე მსოფლიო ომში მონაწილეთა შვილები და შვილიშვილები 40 წლის წინ უკვე ავღანეთში იხდიდნენ „ინტერნაციონალურ ვალს“, მაშინაც ბევრს სჯეროდა, რომ ამით საქართველოს ინტერესებს იცავდა.


ოციოდე წლის წინ ქართველმა მებრძოლებმა აშშ-ს და მათი მოკავშირეების სამხედრო მოქმედებებში დაიწყეს აქტიური მონაწილეობა, მათი რწმენითაც, ისინი ამით ჩვენი სამშობლოს ინტერესებს იცავდნენ.


შეიძლება ცოტა უცნაურად ჟღერს, მაგრამ ამასაც „ინტერნაციონალური ვალის“ მოხდას უწოდებენ, ოღონდ ამჯერად ამ „ვალს“ ისინი არა კომუნისტური იდეალების, არამედ დემოკრატიული სამყაროს ინტერესების დასაცავად იხდიან.


ქართველ მეომართა ნაწილს დღესაც ღრმად სწამს, რომ უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლით სამშობლოს ინტერესებს იცავენ. ეს ყველაფერი ფაქტებია და ამის განსჯისა და შეფასების ადგილი აქ არ არის.


ყველა დიდი იმპერია გვარწმუნებდა და დღესაც გვარწმუნებს, რომ ისინი მხოლოდ ჩვენი ინტერესებისათვის ზრუნავენ, თუმცა, ცხადია, რომ ყველა ქვეყნისთვის მთავარი პრიორიტეტი საკუთარი ინტერესებია, რაც სავსებით ბუნებრივია. მათი ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ არავინ აღგვიქვამს სრულად დამოუკიდებელ სახელმწიფოდ.


ასეთ სიტუაციაში უმთავრესია განვსაზღვროთ, საკუთარი სუვერენიტეტის დათმობის ზღვარი.


რუსეთიც კი, რომელიც აშკარა ოკუპანტია, ჩვენგან „ახალი რეალობის“, ანუ ჩვენს ტერიტორიაზე დამოუკიდებელი ქვეყნების აღიარებას არ მოითხოვს. მისი მოთხოვნაა რუსეთის საზღვართან „ნატო" არ მივიყვანოთ. ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე, ხმამაღლა სრული გადაყლაპვით არ გვემუქრება.


რაც შეეხება აშშ-ს და მის დასავლელ მოკავშირეებს, ჩვენი ქვეყნისადმი მათი მოთხოვნები (ე. წ. რეკომენდაციები) სულ უფრო მწვავე ხასიათს იძენს. პრაქტიკულად კომუნისტური ცკ-ს სტილში, მათ მიერ წამოყენებული მოთხოვნები ულტიმატუმისა და მუქარის ქვეტექსტებს შეიცავს.
ორი ათეული წელია კოლექტიური დასავლეთის მესვეურები, სააკაშვილისა და მისი ანტიდემოკრატიული რეჟიმის დაცვასა და მის უკუღმართ შეფასებას ჯიუტად ცდილობენ. რაც იქცა კიდეც მთავარ წყალგამყოფად ქართველ ხალხსა და დასავლეთს შორის.


არასწორად მოფიქრალი დასავლეთის ეს ნაწილი, ფაქტობრივად რადიკალურად უპირისპირდებიან, არა მარტო ქართველი ხალხის უმრავლესობის პოზიციას, არამედ ფუნდამენტურად არღვევენ იმ ზოგადსაკაცობრიო, დემოკრატიულ ღირებულებებს, რომლის გამოც ჩვენი ხალხი ევროპისკენ მიისწრაფვის.


დასავლური სამყაროს მესვეურები დღესაც გვეუბნებიან, რომ სააკაშვილის მმართველობის დროს დაცული იყო დემოკრატია და ადამიანის უფლებები, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართველმა ხალხმა ევროპულ ღირებულებებად უნდა აღიაროს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, პატიმართა მასობრივი წამებები, კერძო საკუთრების ხელყოფა, ხელისუფლების მხრიდან წარმოებული რეკეტი, ელიტარული კორუფცია, უკანონო მოსმენები და მოქალაქეებში ტოტალური შიშის დათესვა, უსამართლო სასამართლო და ა.შ. და არა მარტო უნდა აღიაროს, არამედ, უნდა ეცადოს, ასეთი მმართველობის რეაბილიტაცია, თუ ევროპულ ოჯახში გაწევრიანება უნდა.


ასეთ პირობებში საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება გამოდის ნამდვილი ევროპული ღირებულებების დასაცავად და ეს დაცვა მათ უხდებათ სწორედ იმ ევროპელებისგან, რომლებიც ამ ღირებულებებით მხოლოდ ჟონგლიორობენ.


ამაზე მიუთითებს ევროპულ სტრუქტურებში გამოაშკარავებული კორუფციის ფაქტები და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მიმართული არასამართლებრივი ღონისძიებები. ევროპული მართლმსაჯულებისა და მედიის დონეზე, სახეზეა აშკარა პოლიტიკური ჩარევის ნიშნები, როდესაც მისი პოზიციის დაფიქსირების მცდელობაც კი იბლოკება დასავლურ მედიაში.


ეს ქართველ ოპოზიციონერებს დიდად ახარებთ. საკუთარი შურისძიებისგან დაბრმავებულებს არ უნდათ დაინახონ, რომ სწორედ ასეთი ქმედებებია ევროპელი მესვეურების კრიზისის მაჩვენებელი.


ბიძინა ივანიშვილთან ბრძოლა ამ შემთხვევაში სწორედ საქართველოს რეალური დამოუკიდებლობისა და ევროპული მისწრაფებების წინააღმდეგ ბრძოლაა, ვინაიდან, იქნება თუ არა ეს ისტორიული ფიგურა ხელისუფლებაში, ფაქტია, რომ სწორედ მისი პიროვნება განაპირობებს დიდწილად დღევანდელ საქართველოში მშვიდობას, დემოკრატიას, ადამიანის უფლებების დაცვას, რეალური ევროპული ღირებულებების დამკვიდრებას და რაც მთავარია, ანტიდემოკრატიული რეჟიმის რეაბილიტაციისა და რეანიმაციის შეუძლებლობას.


გამოდის, რომ ამიტომაც ებრძვიან მას ასეთი თავგამოდებით საქართველოს გარე და შიდა მტრები და ემხრობა მას საქართველოს მოქალაქეთა უდიდესი ნაწილი", - წერს ნანა კაკაბაძე.


ნანა სქრინი






0
257
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მარიამმ პაიჭაძე
მარიამმ პაიჭაძე
257
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0