x
image
მარიამმ პაიჭაძე
„რუსეთთან პირდაპირი რეისები მაინცადამაინც დღეს, არა? როდესაც ამ ყველაფერს ღალატის სუნი ასდის... რას სჩადიხართ, ხალხო?" - რას წერს ზვიად კვაჭანტირაძე
ზვიად კვაჭანტირაძე



ყოფილი პარლამენტარი ზვიად კვაჭანტირაძე რუსეთთან პირდაპირი ფრენების შესაძლო აღდგენასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„ხალხო, ვ.ვ.პუტინი, „კარგი საქციელისთვის", როგორც იქნა გვიუქმებს სავიზო რეჟიმს და თანხმობას გვაძლევს პირდაპირი ავიარეისების აღდგენაზე!


100%-ით ჩვენ გვითხოვია, ასე გამოდის და აბა, ახლა თქვენ იცით, ჯიგრებო, სასწრაფოდ დაჯავშნეთ ავიაბილეთები და გაფრინდით, გაფრინდით, გაფრინდით ასე მაგრად მონატრებულ „ერთმორწმუნეში"... ოღონდ იცოდეთ, ბილეთი ისევ 35 მანეთი არ ეღირება. წავიდა ის დრო, უკანმოუბრუნებლად. ახლა, თქვენზე ახალი მაფია გააკეთებს დიდ ფულებს ბილეთებში. იმაზე მეტს, ვიდრე წარმოგიდგენიათ. (კუჭი ოხერია). თქვენ რომ გაფრინდებით, თქვენ ნაცვლად კი ერთი, კიდევ ამდენივე ასი ათასი „ერთმორწმუნე" აქეთ გამოგვიგზავნეთ. გადაეცით, რომ საცხოვრებელზე არ იფიქრონ, ზღვისპირეთი უყვართ განსაკუთრებით და აჭარიდან დაწყებული გურიის და სამეგრელოს ჩათვლით სულ რუსულ კაპიკებში იყიდით-თქო, ჩვენი წინაპრების ოფლით აშენებულ სახლ-კარ-მიდამოებს-თქო. (ფაქტები თუ გინდათ - დაგიყრით, რამდენიც გინდათ).



აქ ყველანაირი ხელშეწყობა გაქვთ-თქო, ეგეც გადაეცით. საბანკო ბარათებს ჯერ ვერ მოიხმართ (ჯერ ბოლომდე არ გავნაგლებულვართ-თქო), მაგრამ მაგის გვერდის ავლითაც არსებობს გამოსავალი-თქო.


იცით რა? საერთოდ, საზღვარი ხომ არ გაგვეხსნა კიარადა, ხომ არ მოგვეშალა თავისი საკონტროლო-გამშვები პუნქტების ჩათვლით? აი, როგორც ევროკავშირშია, სადაც, ალბათ ვეღარც შევაღწევთ, თუ ასე გაგრძელდა. აღარც აფხაზეთი, აღარც ცხინვალი აღარ იქნებოდა დასაბრუნებელი და შემოსარიგებელი. ისევ ერთი ვიქნებოდით ყველა.


რას სჩადიხართ, ხალხო?


დღეს ამის გაკეთება იქნებოდა?


ჯერ კიდევ დამრჩით მეგობრები მაქეთ და ასეთ ამბებს თვალებს როგორ უსწორებთ, ძალიან მაინტერესებს. კონფორმიზმში ჩავარდით?


გულისამაჩუყებელი ისტორიები არ მოყვეთ ახლა, რომ პირდაპირი რეისები რომ არ გვქონდა, თურმე ძალიან დაზარალებულები იყავით ამით. და კიდევ, ნუ ავრცელებთ ტყუილებს „მილიონზე მეტ ჩვენ თანამოქალაქეზე", რომელიც, თურმე რუსეთში ცხოვრობს. (მინიმუმ სამჯერ გაბერილია ეს ციფრი.) ვისაც შემოსვლა უნდოდა და უნდა, ისედაც უპრობლემოდ შემოდის და შემოდიოდა დღემდეც, ბევრი მანქანითაც შემოდიოდა და შემოდის და ეს თვითმფრინავის ბილეთებზე გაცილებით იაფი უჯდებოდათ. თქვენ პირად და ჯიბის ინტერესებს ეს, აქამდე ძვლივს მოსული სახელმწიფო საბოლოოდ როგორ უნდა გადავაყოლოთ?


ჯერ იყო და ნაცებმა გადაუფორმეს მთელი ეკონომიკა და ქვეყნის 20% „ერთმორწმუნეებს" და მეგონა, ამისთვისაც და ბევრი სხვა დანაშაულისთვის, საბოლოოდ მოვიშორეთ ხელისუფლებიდან-მეთქი, მაგრამ დღეს, ამხელა ნდობის შემდეგ, რომელსაც დღედადღე ანიავებთ, ამდენი წლის მერე, მას შემდეგ რაც ზოგიერთ მანდ შემორჩენილთან ერთად ვიბრძოდით ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე, უვიზო რეჟიმზე, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე, დღეს თქვენ რას აკეთებთ? რა გადაწყვიტეთ? ვიდრე თავად დასავლეთი არ გაგვიშვებს რუსულ სამ ასოზე, მანამდე ასე უნდა გააგრძელოთ? დასავლეთმა თავად რომ ჩაგვირაზოს კარი თავისი უვიზო რეჟიმის გაუქმებით და კანდიდატის სტატუსზე საბოლოოდ უარის თქმით, აქეთკენ მიდიხართ?


ვინც იძახის რეალობას, ნაცქოცობა ერთი სასტავი გახდაო, ისინი რომ მაინც ნაცები არიან თქვენთვის, ეგ ვიცით დიდი ხანია, მაგრამ დღეს თქვენ რას აკეთებთ? ასეთ არეულობაში და ომში „მშვიდობის შენარჩუნება", საბოლოოდ ასე ძვირი უნდა დაუჯინოთ ამ საწყალ ქვეყანას და მის მომავალს? წაგვლეკეს! მიდის საქართველოს მშვიდობიანი ოკუპაცია, გაცილებით უფრო მზაკვრული და ცბიერი მეთოდებით. არ იცით, ვერ ხედავთ თუ ადეკვატურად ვერ აფასებთ და დინებას მიყვებით?


რუსეთთან ურთიერთობის დალაგება რომ ძალიან კარგი საქმე იქნებოდა, ამას თქმა რათ უნდა, მაგრამ ამას რომ მაინცადამაინც დღეს არ უნდა ვაკეთებდეთ ასე თავგამოდებით, ყველას და ყველაფრის ჯინაზე, ზელენსკის ჯინაზე, ბრიუსელის ჯინაზე, ვაშინგტონის ჯინაზე, ასე უჭკუოდ და თან ასე უღირსად, და სწორედ დღეს, დიახ დღეს, როდესაც ამას ყველაფერს დიდი ღალატის და სიმყრალის სუნი ასდის, რატომაა ეს გაუგებარი?


ღმერთმა ქნას ვცდებოდე. მართლა ღმერთმა ქნას. ეს ის შემთხვევა იქნებოდა, რაც გამაბედნიერებდა.


ეს სტატუსი რომ რეალურად არაფერს შეცვლის ვიცი, მაგრამ იქნებ ერთხელ კიდევ დაგაფიქროთ მაინც და სინდისს, პასუხისმგებლობას და ჭკუას ერთდროულად მოუხმოთ?


და ბოლოს - ვისაც მე რომ მინახავს იმდენი არ გინახავთ და ჩემზე უკეთ არ იცით ვინ რისი გამკეთებელია, თქვენი კომენტარებით ჭკუას ნუ დამარიგებთ. ამ პოსტს ვწერ, როგორც გარკვეული გამოცდილების მქონე რიგითი მოქალაქე. არანაირი პოლიტიკური მიზანი არ გამაჩნია. მე პოლიტიკაში აღარ ვარ და ასჯერ მაინც დავწერე ამაზე. მე დაფიცებულიც მაქვს და ჩემს შვილებს სიტყვა მივეცი, რომ არასდროს არანაირ პარტიაში აღარ გავწევრიანდები, არასდროს არ მივიღებ მონაწილეობას არანაირ არჩევნებში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სადაც სათქმელი მექნება, იქ ხმას არ ამოვიღებ და ამისთვის მარტო ფეისბუქის კედლებს არ ვიკმარებ, თუ საჭირო გახდება.


ესეიგი, უვიზო შესვლა და პირდაპირი რეისები, მაინცადამაინც დღეს, არა? ჰოდა, ვინც ამ საძაგლობის გამპრავებელ და მაამებლურ კომენტარებს დამიწერთ აქ, ეგრევე წაგშლით. ბევრის აზრი წავიკითხე დღეს უკვე ამ „სასიხარულო" ნიუსზე და ჩემთვის საკმარისზე მეტია. საშინლად იმდგაცრუებული ვარ და საშინლად მტკივა გული თქვენ გამო. ვიცი, კუჭი ოხერია, მაგრამ მაინც ვერ გამართლებთ", - წერს ზვიად კვაჭანტირაძე.


შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ „საქართველოსთან პირდაპირი ფრენები მალე აღდგება". მან „ქართული ოცნება" შეაქო იმისთვისაც, რომ არ უერთდება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს.


ზვიად კვაჭანტირაძე სქრინი







4
659
2-ს მოსწონს
ავტორი:მარიამმ პაიჭაძე
მარიამმ პაიჭაძე
659
  
2023, 24 თებერვალი, 23:02
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 23 თებერვალი, 23:02
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 22 თებერვალი, 22:50
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 22 თებერვალი, 21:40
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 4