x
მეტი
  • 21.12.2024
  • სტატია:138946
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512511
როგორ მოიპოვა სოფო გელოვანმა შემოდგომის რომანსზე გრანპრი და როგორი გზა განვლო ჯეოსტარ-ამდე
image


- ბ.ნ : სოფო! პირველ რიგში მინდა მოგილოცო ის წარმატება, რომელსაც ჯეოსტარის მსვლელობისას მიახწიე. აშკარაა რომ დიდი ხანია მღერი, მოდი მოგვიყევი როგორ დაიწყო შენი მუსიკალური კარიერა?
- ს.გ : სიმღერა დავიწყე ძალიან პატარა ასაკიდან, ექვსი წლის ვიყავი როდესაც ვოკალურ-ინსრუმენტალურ ანსამბლ “ნერგებში” მივედი. შემდეგ კი უკვე ინდივიდუალურად გავაგრძელე.სოლო კარიერა, რასაც უამრავი კონკურსი მოჰყვა. იყო მოლდავეთი, სადაც პირველი ადგილი დავიკავე, შემდეგ იყო ქალაქი სანქტ-პეტერბურგი, სადაც ჩემი მეუღლის მეშვეობით მონაწილეობა მივიღე საერთაშორისო კონკურს “შემოდგომის რომანსი”-ში და გრამპრის მფლობელი გავხდი.
- ბ.ნ : აშკარაა რომ პატარაობისას კარგი პედაგოგები გყავდა, იქნებ გაიხსენო ვინ იყვნენ შენი პედაგოგები და რა როლი ითამაშეს შენი კარიერის წინსვლაში?
- ს.გ : მე დამთავრებული მაქვს საფორტეპიანო შვიდწლედი და ჩემი პირველი პედაგოგი მუსიკალურ სფეროში ელენე ჭაბაშვილი გახლდათ. რომლისგანაც ძალიან ბევრი რამ ვისწავლე და დღემდე გამომყვა მისი რჩევები, ასევე მასწავლიდა ნოდარ მდინარაძე და საერთოდაც ძალიან კარგ ხალხთან მიწვდა ურთიერთობა ბავშვობიდანვე, რამაც განაპირობა ჩემი წინსვლა.
- ბ.ნ : როგორც წესი, სიმღერისა და საერთოდ ხელოვნების ნიჭი ოდითგანვე გენეტიკურად მოგვსდევს, შენც გენეტიკურად გაქვს გადმოცემული სიმღერის ნიჭი?
- ს.გ : საერთოდ ძალიან ტრადიციული ოჯახიდან ვარ და როგორც ყველა ქართულ-ტრადიციულ ოჯახს შეეფერება, ჩემს ოჯახშიც მუდამ მხიარულებაა, განსაკუთრებით მაშინ როდესაც ერთად ვიკრიბებით მთელი ოჯახი. ჩემი ოჯახის წევრებს აქვთ ძალიან კარგი ხმა, სმენა, მაგრამ სცენასთან მხოლოდ მე მიწევს ურთიერთობა.
- ბ.ნ : საუბრისას მეუღლე ახსენე, თუ შეიძლება ორიოდე სიტყვით გვითხარი შენი ოჯახური მდგომარეობის შესახებ.
- ს.გ : მყავს მეუღლე ნოდიკო ლანდია, რომელიც პროფესიით ექიმია და სწორედ მისი ხელშეწყობით მოხდა ჩემი შემოქმედებითი კარიერის წინსვლა. მყავს წლისა და რვა თვის შვილი, დათო ლანდია რომელიც ამჟამად ჩემი მოუცლელობის გამო ბებიებთან იზრდება. ძალიან მინდა რომ ყურადღება არ მოვაკლო და მეტი დრო დავუთმო მას, მაგრამ იმდენად დატვირთული ვარ რეპეტიციებით რომ სამწუხაროდ არ გამომდის ჩემს შვილთან ერთად უფრო მეტი დროის გატარება.
- ბ.ნ : ალბათ ლოგიკური იქნება თუ ჩემი შემდეგი შეკითხვა ჯეოსტართან იქნება დაკავშირებული. საინტერესოა როგორ მოხდა შენი და ჯეოსტარის დაკავშირება?
- ს.გ : ბოლო ხუთი წელიწადი გავატარე ქ. სანქტ-პეტერბურგში სადაც ჩემი მეუღლე სწავლობდა ასპირანტურაზე. ფაქტიურად სწორედ აქ მოხდა ჩემი მუსიკალური კარიერის წინსვლა. ჩემი სანქტ-პეტერბურგში ყოფნის დროს გამოცხადდა კონკურსი “შემოდგომის რომანსი” სადაც ჩემი მეუღლის თხოვნით მივიღე მონაწილეობა გრამპრის მფლობელიც გავხდი. Aმის შემდეგ მქონდა ბევრი შემოთავაზება, მქონდა ურთიერთობა არაჩვეულებრივ მუსიკოსებთან, რამაც ჩემი მუსიკალური კარიერის განვითარებაში დიდი როლი ითამაშა, ერთ-ერთი მათგანი გახლდათ ცნობილი კონცერტმეისტერი მიხაილ აპტიეკმანი და ვფიქრობ რომ, სწორედ მისი წყალობით გადავდგი ჩემს კარიერაში ის დიდი ნაბიჯები, რომლებსაც შემდგომ ჩემი სოლო კონცერტი მოჰყვა. შემდგომ რუსეთსა და საქართველოს შორის დაძაბული ურთიერთობების გამო, მე და ჩემმა მეუღლემ თბილისში დაბრუნება გადავწყვიტეთ, რაც ჩემთვის ძალიან რთული აღმოჩნდა, რადგან შემოქმედებითად არაფერს ვაკეთებდი. სანქტ-პეტერბურგის კონცერტებისა და დატვირთული გრაფიკის შემდეგ, ძალიან გამიჭირდა უსაქმურად ყოფნა და სწორედ ამიტომაც გადავწყვიტე ჯეოსტარში მონაწილეობის მიღება, რაშიც რათქმაუნდა დიდი წვლილი ჩემს მეუღლეს მიუძღვის.
image


- ბ.ნ : როგორ მოგეწონა კონკურსი, როგორ შეეგუე ახალ კოლექტივს და როგორი ურთიერთობა გაქვს პორექტის წევრებთან?
- ს.გ : ვფიქრობ რომ ჯეოსტარი ძალიან კარგი პროექტია. ამ პროექტში რაღაც განსაკუთრებული კომფორტი ვიგრძენი. გყვავდა არაჩვეულებრივი პედაგოგები, გვქონდა რეპეტიციები, შევიძინე უამრავი მეგობარი, კონკურსანტებსაც ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან, სხვანაირად არც შეიძლება იყოს, იმდენად კარგი აურა ტრიალებს აქ. აქვე მინდა ავღნიშნო რომ ყველა ძალიან კარგად არის განწყობილი ჩემს მიმართაც, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჯეოსტარის მთლიან კოლექტივს. რაც შეეხება პროექტის სხვა წევრებს, უკვე ავღნიშნე რომ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს მთლიან კოლექტივს და არცაა გასაკვირი რომ ყველა ერთმანეთთან ვმეგობრობთ. ძალიან თბილი ურთიერთბა მაქვს ბატონ ლევან წულაძესთან, ქალბატონ მარინა ბერიძესთან, ქალბატონ ლანა ქუთათელაძესთან და მთლიანად მთელს კოლექტივთან.
- ბ.ნ : დასასრულისთვის მინდა შენს გულშემატკივრებს რაიმე უსურვო.
- ს.გ : მე მინდა თითოეულ თქვენთაგანს ვუსურვო ჯანმრთელობა, სულიერი სიმშვიდე და ყველაფერი ის, რასაც თქვეთვითონ უსურვებდით საკუთარ თავს.
- ბ.ნ : და ბოლოს, რა მოგიტანა ჯეოსტარმა და აპირებ თუ არა კარიერის გაგრძელებას?
- ს.გ : ჯეოსტარმა მომიტანა ხალხის სიყვარული, რაც ძალიან მახარებს. საერთოდ ძალიან ძნელია ქართველ ხალხს რაიმე გამოაპარო, მითუმეტეს იმ სფეროში, რომელ სფეროშიც მე ვმოღვაწეობ. მადლობელი ვარ რომ დამიფასდა შრომა და ჩემს მსმენელს თავი შევაყვარე. ძალიან სასიამოვნა როდესაც გადიხარ ქუჩაში და ხალხი გცნობს, გრძნობ რომ მათ უყვარხარ. ეს გმატებს ძალას რომ უფრო და უფრო მეტი აკეთო. ამაზე მეტს არც ერთი სხვა კონკურსიდან არ უნდა ელოდე. ხოლო რაც შეეხება ჩემს კარიერას, რათქმაუნდა გაგრძელდება, მუსიკის გარეშე მე ნამდვილად ვერ ვიცხოვრებ, მაგრამ ამჟამად იმდენად კონცენტრირებული ვარ ჯეოსტარზე რომ სამომავლო გეგმებისთვის დრო ნაკლებად მრჩება.
image


- ბ.ნ : აქვე ერთი საინტერესო ფაქტი სოფო გელოვანის საკონკურსო კულვარებიდან, რომელიც მისმა მეუღლემ, ნოდიკო ლანდიამ ჩვენთან საუბრისას გაამხილა :

როდესაც სოფო მონაწილეობას იღებდა კონკურსში “შემოდგომის რომანსი” მოხდა ერთი ძალიან საინტერესო ფაქტი. ფინალურ ეტაპზე, განსხვავებით წინა სამი ტურისაგან, ჟიუირის წევრებს შეადგენდნენ ჩამოსული სტუმრები როგორც მოსკოვიდან, ასევე უცხოეთიდან, რომლებსაც სოფოს ვოკალური შესაძლებლობები მოსმენილი არ ჰქონდათ. მოსმენის შემდეგ კი, გამოთქვეს პროტესტი იმ ფაქტთან დაკავშირებით რომ სოფოს ამ კონკურსში მონაწილეობა არ უნდა მიეღო, რადგან მას უკვე ძალიან დახვეწილი ვოკალური შესაძლებლობები ჰქონდა. სწორედ ამის გამო, ჟიურის რამოდენიმე წევრი მას შეფასებას არ აძლევდა. მაგრამ ბოლოს მოხდა ისე რომ, სოფოს არ დაუკარგეს არც განვლილი სამი ტური, არც მისი შესაძლებლობები და ფინალური ტურის გარეშე გრამპრი მიანიჭეს, ხოლო “გამარჯვებულების” დასახელება პირდაპირ მეორე ადგილსე გასული კონკურსანტით დაიწყეს. რაც რათქმაუნდა სოფოსა და ნოდიკოსთვის ძალიან გასაკვირი აღმოჩნდა, მითუმეტეს რომ სწორედ ამ პერიოდში დაიძაბა სიტუაცია რუსეთსა და საქართველოს შორის, მაგრამ ჟიურიმ ძალიან ობიექტურად შეაფასა მთლიანი კონკურსი და გრამპრიც იმ კონკურსანტს გადაეცა ვინც მათი აზრით ყველაზე მეტად იმსახურებდა.



შენიშვნა : სტატია გამოქვეყნდა ჟურნალ "RandezVous"-ის 2011 წლის საახალწლო ნომერში ავტორის მიერ! © ბექა ნაფეტვარიძე
0
51
2-ს მოსწონს
ავტორი:ბექა ნაფეტვარიძე
ბექა ნაფეტვარიძე
51
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0