კონფლიქტები რუსეთ-უკრაინის ომი მალე დამთავრდება: “პუტინის დამარცხება მაქსიმუმ დროის საკითხია!” 2023, 12 თებერვალი, 0:10 უკვე თითქმის ერთი წელიწადი გავიდა, რაც რუსეთის არმია უკრაინაში შეიჭრა. ექსპერტების დიდი ნაწილი ვარაუდობდა, რომ უკრაინა მალე დამარცხდებოდა, თუმცა მისი არმია დღემდე მედგარ წინააღმდეგობას უწევს ოკუპანტებს და მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მოსახლეობაში პუტინის მიმართ ნდობა ჯერ კიდევ ძალიან მაღალია, დასავლურ წრეებში ეჭვიც კი აღარ ეპარებათ, რომ მას ეს ომი წაგებული აქვს. ცნობილი ამერიკელი პოლიტოლოგის, ფრენსის ფუკუიამას აზრით, პუტინმა უკრაინაში შეჭრით ფატალური შეცდომა დაუშვა.
“რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე იყო უდიდესი სტრატეგიული შეცდომა, რომელსაც მე ჩემ ცხოვრებაში მოვესწარი, ” - განაცხადა სტენფორდის უნივერსიტეტის დოცენტმა. გარდა ზემოთქმულისა, ფუკუიამა ფიქრობს, რომ უკრაინის ომი მალე დამთავრდება. “უკრაინა რომ ამ ომს მოიგებს, ამაში მე ეჭვიც არ მეპარება, ” - განაცხადა ექსპერტმა t-online.de-სთან ინტერვიუში. “პუტინის დამარცხება მაქსიმუმ დროის საკითხია.” ფუკუიამას აზრით, ამ ომში გადამწყვეტი უკრაინელების მოტივაციაა, რომელიც გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე რუსი ოკუპანტების, რამაც პუტინის არმიას წინ წაწევის შესაძლებლობა მოუსპო და პუტინის გეგმები დაასამარა, რომელთა მიხედვითაც კიევი ომის დაწყების პირველსავე დღეებში უნდა დაცემულიყო. მეორე მიზეზი კი, რის გამოც რუსეთი ამ ომს წააგებს, ფუკუიამას აზრით დასავლეთის უპრეცედენტო სამხედრო და ფულადი დახმარებააა უკრაინის მიმართ. თუმცა იმისათვის, რათა უკრაინამ გამარჯვება ბოლომდე მიიყვანოს, ფუკუიამას აზრით დასავლეთის დახმარება უნდა გაგრძელდეს, რათა უკრაინამ ის მიწები დაიბრუნოს, რაც რუსეთმა ძალმომრეობით დაიკავა. “არ მიმაჩნია შეუძლებლად ზაფხულამდე უკრაინის არმიის მიერ საკუთარი ქვეყნის სულ მცირე სამხრეთი ნაწილის გათავისუფლება, ” - განაცხადა პოლიტოლოგმა. ფუკუიამას აზრით, იმისათვის, რათა ომი დასრულდეს, უკრაინამ რუსეთის არმიის ნაწილებისაგან საკუთარი ტერიტორიების გასუფთავების შემდეგ უნდა მიიღოს ძალიან მყარი გარანტიები, რომ მოძლიერებული რუსეთი რამდენიმე წელიწადში მას ისევ თავს არ დაესხმება და მის არსებობას კვლავაც კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენებს. ასეთ გარანტიებად კი უნდა იქცეს უკრაინის მიღება ნატოსა და ევროკავშირში მანამ, სანამ რუსეთი მოძლიერდება და უკრაინას ხელახლა დაარტყამს. თუ უკრაინა ომის დაარულებიდან რამდენიმე წლის შემდეგ კვლავაც არ იქნა მიღებული ნატოსა და ევროკავშირში, რუსეთი მას თავს კვლავაც დაესხმება და 24 თებერვლის აგრესიას კვლავაც გაიმეორებს. ჩვენ სწორედ საამისოდ გვჭირდება მაქსიმალურად მჭიდრო თანამშრომლობა ნატოს, ევროკავშირსა და უკრაინასთან, რათა ამ უკანასკნელთან ერთად ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და ევროკავშირში ჩვენც შევასწროთ, თორემ რუსეთი არც ჩვენ დაგვინდობს და უკრაინაში შეჭრამდე მის საბრძოლო პოლიგონად შესაძლოა ჩვენი ტერიტორიაც იქცეს. 282 1-ს მოსწონს 1-ს არა
|