საქართველო
"მოატყუე შენნაირი თავცარიელები, თუმცა ისინი უკეთ გიცნობენ" - ვის მიმართავს შალვა ნათელაშვილი
2022, 29 დეკემბერი, 14:20
ქვეყნის ნომერ პირველი ლეიბორისტი, შალვა ნათელაშვილი დედაქალაქის მერის, კახა კალაძის მიერ საკრებულოს დეპუტატის, ლილე ლიპარტელიანისთვის გაცემულ პასუხს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:
"ჩამოგქონდა იმიტომ, რომ შემდეგ მილიონჯერ მეტი მოგეპარა ხალხისთვის-- აბა მაშინ სად მიგაქვს აქედან ხალხისთვის აგლეჯილი გაზის და ენერგეტიკის მილიარდები, სად მიგაქვს ქალაქის ავტობუსების, მარშრუტკების, მილიარდიანი კაპიტალური კეთილმოწყობისა და მშენებლობიდან აფცქვნილი მილიონები? მოატყუე შენნაირი თავცარიელი ფეხბურთელები, თუმცა ისინი უკეთ გიცნობენ."- წერს "ლეიბორისტული" პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ კახა კალაძემ თბილისის საკრებულოში დედაქალაქის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტისა და მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის ანგარიშის წარდგენის შემდეგ, დეპუტატების კითხვებს უპასუხა, ოპოზიციის წარმომადგენლის, ლილე ლიპარტელიანის მიერ დასმულ კითხვას კი მოქმედმა მერმა ასე უპასუხა:
"ყოველთვის ვამბობდი და ახლაც იმავე პოზიციაზე ვარ - ყოველთვის მიხაროდა, როცა ქვეყანაში კარგი რამ კეთდებოდა. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იყო ხელისუფლებაში. თქვენგან განსხვავებით, მე ეს მიხაროდა, რადგან ჩემს ქვეყანაში და ჩემი ხალხისთვის კეთდებოდა. ამავდროულად, რა თქმა უნდა, ყოველთვის ვიმაღლებდი ხმას იმაზე, რაც არ მომწონდა.
ვიყავი და ვარ თავისუფალი ადამიანი, ყოველთვის ვიყავი ჩემი ქვეყნის გულშემატკივარი და რაც კარგი კეთდებოდა, ამაზე ღიად ვსაუბრობდი. მე ვცხოვრობდი იტალიაში. ყველანაირ საერთაშორისო პლატფორმას ვიყენებდი - ჟურნალისტებთან ურთიერთობა იქნებოდა თუ ჩემი პირადი ინვესტიციები.
თქვენი ხელისუფლების პირობებში, მაღალჩინოსნები ბიუჯეტს ძარცვავდნენ და ფული სხვა ქვეყანაში მიჰქონდათ, კახა კალაძე კი იტალიაში ფეხბურთით გამოიმუშავებდა მილიონებს და საქართველოში ჩამოჰქონდა, რომ აქ დამებანდებინა, ხალხი დამესაქმებინა და ჩემს ქვეყანაში დოვლათი შემექმნა", - განაცხადა კალაძემ.