x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
რატომ აღარ ენდობოდა ექიმებს სტალინი სიკვდილამდე სამი თვით ადრე და რატომ შეაქცია ზურგი თანამებრძოლებს
image

70 წლის წინ, 1952 წლის დეკემბერში, იოსებ სტალინის უკანასკნელი დაბადების დღე დადგა. მისი ჯანმრთელობა სწრაფად უარესდებოდა, ის ცუდად გამოიყურებოდა, რასაც თვითმხილველებიც აღნიშნავდნენ, მაგრამ მიუხედავად ამისა, იგი ექიმების დახმარებაზე უარს აცხადებდა, რომლებსაც აღარ ენდობოდა. ბოლო თვეებში სტალინში სხვადასხვა მანია გამწვავდა, მან ბევრი ძველი თანამოაზრე ჩამოიშორა და უახლოესი თანაშემწეების დაპატიმრების ნება დართო. არსებობს ვერსია, რომ "ექიმების საქმის" ფონზე, სსრკ-ს მეთაური გეგმავდა ყველა ებრაელის დეპორტაციას შორეულ აღმოსავლეთში. მომაკვდავ ბელადს სხვა წარმოუდგენელი გეგმებიც ჰქონდა, რომლებიც მთელ ქვეყანას ეხებოდა.



1953 წლის 1 მარტის დილას იოსებ სტალინს ინსულტი დაემართა კუნცევოში მდებარე აგარაკზე, დაეცა იატაკზე და მრავალი საათის განმავლობაში უგონოდ იწვა, რადგან დაცვას ოთახში შესვლის და მათი პატრონის სიმშვიდის დარღვევის ეშინოდათ. მოგვიანებით გაირკვა, რომ სტალინს ტვინში სისხლჩაქცევა ჰქონდა. ის მხოლოდ საღამოს აღმოაჩინეს. ალბათ, სტალინის გადარჩენა შესაძლებელიც იყო, მაგრამ სამედიცინო დახმარება მას ძალზე დაგვიანებით აღმოუჩინეს.


სსრკ-ს ხელმძღვანელი პარალიზებული იყო, მას მხოლოდ ერთი ხელის მაჯის მოძრაობა შეეძლო. 3 მარტის საღამოს მან უცებ უკეთ იგრძნო თავი. სტალინი გონს მოვიდა და თვალებიც გაახილა, მაგრამ მალე ისევ დაკარგა გონება. ნელ-ნელა პაციენტი აგონიაში ჩავარდა და 5 მარტს გარდაიცვალა.



”მხოლოდ ერთი ადამიანი იქცეოდა თავხედურად - ეს იყო ბერია”, - წერდა სტალინის ქალიშვილი სვეტლანა წლების შემდეგ. - უკიდურესად აღელვებული იყო, ისედაც ამაზრზენი სახე კიდევ უფროა უმახინჯდებოდა მოწოლილი ვნებებისგან. როცა ყველაფერი დასრულდა, ის იყო პირველი, ვინც კორიდორში გავარდა და სრულ სიჩუმეში, სადაც ყველა ჩუმად იდგა საწოლის გარშემო, გაისმა მისი ხმამაღალი ღრიალი, რომელიც ვერ მალავდა სიხარულს: "ხრუსტალევ! მანქანა!"


ბერიას ამ ფრაზით იწყებოდა პოსტ-სტალინისეული ეპოქა. ქვეყანაში დაიწყო სასტიკი ბრძოლა ძალაუფლებისთვის, რომლის მთავარი მოქმედი გმირები იყვნენ ბერია, გიორგი მალენკოვი და ნიკიტა ხრუშჩოვი.


მაგრამ სტალინს ჯანმრთელობა იმ დილამდე დიდი ხნით ადრე შეერყა - ომის დასრულებისთანავე.




სტალინი პირველად მძიმედ დაავადდა 1946 წლის ოქტომბერში. მკვლევარები ვარაუდობენ, რომ სტალინს შესაძლოა ინსულტი დამართოდა, მაგრამ დაზუსტებით ამის თქმა შეუძლებელია, რადგან მაღალი რანგის პაციენტის სამედიცინო ისტორია 1952 წლის ბოლოს მისივე ბრძანებით განადგურდა. ის უფრო და უფრო ხშირად ატარებდა შვებულებას სამხრეთში, რაც მას არ გაუკეთებია 1937 წლიდან. ზაფხულის არდადეგები შეიძლება გაგრძელიყო ორი თვითაც, რასაც მოჰყვა მნიშვნელოვანი ცვლილებები სამუშაო გრაფიკში. როგორც მისი ქალიშვილი სვეტლანა იხსენებს, რომელიც მამასთან ერთად ისვენებდა სოჭში 1947 წლის აგვისტოში, მამის სამუშაო განრიგი, რბილად რომ ვთქვათ, უჩვეულო იყო.


”მე უბრალოდ ვერ შევეჩვიე მის შეცვლილ რეჟიმს - მას ეძინა ნახევარი დღე, საუზმობდა შუადღის სამ საათზე, სადილობდა საღამოს ათ საათზე ამხანაგებთან ერთად გრძლად გათენებული ღამის შემდეგ”, - იხსენებს იგი.


სტალინი არ იყო ის კაცი, რომელიც საკუთარ ჯანმრთელობას უფრთხილდებოდა. ბევრს ეწეოდა, სვამდა, უყვარდა ცხიმიანი და ცხარე საკვები, ქეიფები კი ყველაზე ხშირად გვიან ღამით სრულდებოდა – ამის შესახებ შეკრების მონაწილეთა უამრავი მტკიცებულება არსებობს. ექიმების მიმართ უნდობლობა ჰქონდა, არ უყვარდა გამოკვლევების ჩატარება და მკურნალობა. გარდა ამისა, ასაკთან ერთად, ციხეებში და გადასახლებაში ახალგაზრდობაში შეძენილმა დაავადებებმაც იჩინა თავი.


მიუხედავად ამისა, სტალინი საერთოდ არ აპირებდა სიკვდილს. მისი ქალიშვილის სვეტლანას თქმით, ერთ დღეს მან იგრძნო, რომ მამის დამოკიდებულება ცხოვრებისადმი შეიცვალა. მას სურდა შეენარჩუნებინა შერყეული ჯანმრთელობა.


მის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე დაიწყო რთული პროცესები, რომლებიც, ექსპერტების აზრით, სწორედ სსრკ ლიდერის მძიმე ზოგადი მდგომარეობით იყო გამოწვეული.


„სტალინი აღარ ეწეოდა - და ძალიან ამაყობდა ამით“, განუცხადა რადიო თავისუფლებას ისტორიკოსმა რაფაელ ჰუსეინოვმა - დაახლოებით 50 წელი ეწეოდა, ბევრი მოგონება და ფოტოა შემორჩენილი - სტალინი ჩიბუხით, სადაც თამბაქოს ყრიდა სიგარეტიდან. მაშინ ექსპერტები მკაცრად აძალებდნენ, რომ მას მოწევა მიეტოვებინა და მან ეს გააკეთა."




მაგრამ მავნე ჩვევის მიტოვებამ დადებითო გავლენა ვერ მოახდინა სტალინზე, ძალიან მალე წონაში მოიმატა, მას პრობლემები შეექმნა არტერიულ წნევასთან დაკავშირებით. სვეტლანას თქმით, თუ მანამდე მამის სახის ფერი საკმაოდ ფერმკრთალი იყო კაბინეტებში ხანგრძლივი ჯდომის გამო, შემდეგ გაუწითლდა.


"მოწევის შემდეგ მას ხასიათი შეეცვალა, ის გახდა უფრო გაღიზიანებული, აჟიტირებული”, - აღნინა ჰუსეინოვმა. - ექიმები ამას ორ სერიოზულ პროცესს უკავშირებენ: ერთ-ერთი იყო - ექიმების საქმე, მზადდებოდა ასევე საქმე მეგრელების შეთქმულებაზე, რომელიც თითქოსდა სტალინის წინააღმდეგ არსებობდა. ასე გადიოდა მისი ცხოვრების ბოლო წლები."


არსებობს მოსაზრება, რომ ექიმების საქმემ დააჩქარა სტალინის სიკვდილი, რომელიც მიიჩნევდა, რომ ექიმები მონაწილეობდნენ მისი ახლო თანამოაზრის, პოლიტბიუროს წევრის ანდრეი ჟდანოვის სიკვდილში. 1952 წლის ნოემბერში ამ საქმეზე დააკავეს სტალინის პირადი ექიმი, აკადემიკოსი ვლადიმერ ვინოგრადოვი: მას ჟდანოვის მკვლელობა, შეერთებული შტატების ჯაშუშობა და სხვა მრავალი რამ ედებოდა ბრალად. დეკემბერში კი, სტალინის 73 წლის იუბილემდე რამდენიმე დღით ადრე, დააკავეს მისი დაცვის უფროსი ნიკოლაი ვლასიკი, რომელიც ბელადს 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იცავდა. საქმის მასალების მიხედვით, ის „განაგებდა მთავრობის წევრების მკურნალობას და პროფესორების სანდოობაზე პასუხისმგებელი იყო"



ნებისმიერ შემთხვევაში, ვლასიკის თანამდებობიდან გადაყენება და გადასახლება ნამდვილად მომგებიანი იყო ბერიასთვის, რომელიც 1945 წლის ბოლოს მოხსნეს НКВД-ს ხელმძღვანელის პოტიდან ზუსტად სტალინის დაცვის უფროსის რჩევით.


მალე სტალინმა ასევე დაკარგა მრავალი წლის ერთგული თანაშემწე ალექსანდრე პოსკრებიშევი, რომელიც, როგორც ახლა ითვლება, ასევე ბერიას მიერ მიერ მოწყობილ ინტრიგებს შეეწირა.


შედეგად, ბელადის გვერდით აღარ დარჩა სანდო და ერთგული ადამიანი. ლეგენდის თანახმად, დაკავებისას ვლასიკმა თქვა, რომ სტალინი მის გარეშე დიდხანს ვერ იცოცხლებდა. გენერლის სიტყვები მრავალი თვალსაზრისით წინასწარმეტყველური გამოდგა.


”ის ფიქრობდა საკუთარ სიკვდილზე? რა თქმა უნდა, - აღნიშნა სტალინის ბიოგრაფმა სვიატოსლავ რიბასმა. - მემკვიდრის საკითხი უკვე გადაწყვეტილი იყო: მალენკოვი. 1952 წლის 7 სექტემბერს პოლიტბიურომ გამოსცა დადგენილება: მოწვეულიყო პარტიის მე-19 ყრილობა, რომელზეც სტალინის ნაცვლად სწორედ მას უნდა გაეკეთებინა მორიგი მოხსენება.


თავად სტალინი იმ დროს თითქოს დაბრმავებული იყო მედპერსონალის მიმართ სიძულვილით. 1952 წლის 1 დეკემბერს სკკპ ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმის სხდომაზე, სადაც განიხილეს საკითხი „სამედიცინო სფეროში დივერსიის და სსრკ სახელმწიფო უსაფრთხოების სამინისტროში არსებული ვითარების შესახებ“, მან განაცხადა, რომ „ექიმებს შორის ბევრია ებრაელი ნაციონალისტები“ და „ნებისმიერი ებრაელი ნაციონალისტი არის ამერიკული დაზვერვის აგენტი“.



„იმ ძალაუფლებიდან გამომდინარე, რომელსაც ის ფლობდა, ასეთი ადამიანის ყოფნა დიდი "დერჟავას" სათავეში საშიში იყო როგორც მისთვის, ასევე მთელი მსოფლიოსთვის“, - განმარტა BBC-ის ექსპერტმა. "ყველაფერი შეიძლება მომხდარიყო. იგეგმებოდა რეპრესიების ახალი ტალღა უმაღლესი ხელმძღვანელობის წინააღმდეგ. ემზადებოდა ებრაელთა გადასახლება. ამაზე დარწმუნებით შეიძლება საუბარი."



სიკვდილამდე ერთი დღით ადრე სტალინი აბანოში იყო, აი როგორ იხსენებს სვეტლანა ალილუევა იმ დღეს, როდესაც მამა უკანასკნელად ნახა:



"ცხადია, მან იგრძნო მაღალი წნევა, მაგრამ ექიმები არ იყვნენ, ვინოგრადოვი დააკავეს, აღარავის ენდობოდა და ახლოსაც არ იკარებდა. თვითნებურად იღებდა რაღაც აბებს, რამდენიმე წვეთს იოდს ურევდა ჭიქა წყალში - საიდანღაც აიღო ეს ფერშალის დანიშნულება; მაგრამ მან თავად ჩაიდინა მიუღებელი რამ : ინსულტამდე ერთი დღით აბანოში იყო და იქ ორთქს იღებდა თავისი ძველი ციმბირული ჩვევის მიხედვით. ამას არცერთი ექიმი არ დაუშვებდა, მაგრამ ექიმები აღარ იყვნენ."


სვეტლანა თვლიდა, რომ სწორედ ავადმყოფობის გამო სტალინმა ბოლო თვეებში ორჯერ გამოთქვა გადადგომის სურვილი, თუმცა პარტიულმა ამხანაგებმა პატრონის სიტყვები წამიერ ახირებად ან მათი ერთგულების კიდევ ერთი გამოცდად მიიღეს.


მცველის, ალექსეი რიბინის მოგონებების თანახმად, ერთხელ სტალინს თავბრუ დაეხვა და კინაღამ დაეცა, მაგრამ ის დროულად დაიჭირეს. ზოგჯერ მას უჭირდა კრემლის კაბინეტის მეორე სართულის კიბეებზე ასვლა. მეორედ როდესაც სტალინმა დაიჩივლა, რომ თავს კარგად ვერ გრძნობდა, მცველებმა შესთავაზეს ექიმის გამოძახება. ბელადმა კატეგორიული უარი თქვა და თავის შეუძლოდ ყოფნა სიბერეს მიაწერა.


1953 წლის 13 იანვარს გაზეთმა „პრავდამ“ გამოაქვეყნა სტატია სათაურით „ვერაგი ჯაშუშები და მკვლელები ექიმი- პროფესორების საფარქვეშ“, რომელიც შესაძლოა დაწერილი (ან სულ მცირე რედაქტორებული) იყო თავად სტალინის მიერ.


საბჭოთა ხალხმა მოულოდნელად შეიტყო „ტერორისტ ექიმების“ შესახებ, როგორც „სახელმწიფო უსაფრთხოების უწყებების მიერ განეიტრალებული უცხოური სპეცსამსახურების აგენტები. ტექსტიდან ირკვევა, რომ გარკვეული ტერორისტული ჯგუფის წევრები ექიმების პოზიციის გამოყენებით და პაციენტების ნდობის ბოროტად გამოყენებით, მიზანმიმართულად, ბოროტად ლახავდნენ მათ ჯანმრთელობას, სვამდნენ არასწორ დიაგნოზს, შემდეგ კი არასათანადო მკურნალობით კლავდნენ პაციენტებს. ამ სტატიის ფონზე, იანვრის მეორე ნახევარში - თებერვლის დასაწყისში, ექიმების დაპატიმრების ახალმა ტალღამ მოიცვა მოსკოვი, პარტიის ლიდერებში შიშმა დაისადგურა, არავინ იცოდა, რა სხვა "საქმე" იქნებოდა შემდეგი.


იმავდროულად, სტალინის ჯანმრთელობა გაუარესდა 1953 წლის 17 თებერვალს, როდესაც "ბლიჟნი დაჩაზე" მიიღო ინდოეთის ელჩი კრიშნა მენონი. ეს 30 წუთიანი შეხვედრა სტალინის, როგორც სსრკ ხელმძღვანელის უკანასკნელი ოფიციალური მოხსენიებაა.


17 თებერვლის შემდეგ ლიდერი კრემლში აღარ გამოჩენილა და მისი სახელი გაზეთებში გაურკვეველი მიზეზების გამო სულ უფრო და უფრო ნაკლებად ვრცელდებოდა. დამთხვევა თუ არა, მაგრამ პრესასმ მკვლელი ექიმების შესახებ უკანასკნელად 1953 წლის 18 თებერვალს დაწერა


თებერვლის ბოლოს გენერალი პაველ სუდოპლატოვი ესტუმრა სტალინს აგარაკზე . სპეცსამსახურების ცნობილმა მოღვაწემ ეს ამბავი მემუარებში ასე აღწერა:


„ნანახმა გამაოცა. დავინახე დაღლილი მოხუცი. სტალინი ძალიან შეიცვალა. თმა ძალიან შეთხელებული ჰქონდა და მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ნელა ლაპარაკობდა, ახლა ის აშკარად სიტყვებს წარმოთქვამდა ძალდატანებით და სიტყვებს შორის პაუზები ხალგრძლივი იყო. როგორც ჩანს, ჭორები ორი ინსულტის შესახებ მართალი იყო: მან ერთი იალტის კონფერენციის შემდეგ გადაიტანა, მეორე კი სამოცდაათი წლის იუბილზე, 1949 წელს.


28 თებერვალს კუნცევოს აგარაკზე უმაღლესი თანამდებობის პირების მონაწილეობით ღრეობა გაიმართა. სტუმრები საკმაოდ დათვრნენ და დილით ადრე დაიშალნენ, სტალინი კი, რომელსაც ამჯერად არ დაულევია, დასაძინებლად წავიდა. სავარაუდოდ, ინსულტამდე მას გაეღვიძა, წყლის დასალევად ან ტუალეტში გასვლა მოუნდა, თუმცა ვეღარ მიაღწია და ოთახში იატაკზე დაეცა....


1
613
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
613
  
2022, 20 დეკემბერი, 22:46
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1