საზოგადოება ამ ადამიანზე ყველამ უნდა ვიცოდეთ, კაცზე რომლის შესახებაც ძალიან ცოტამ თუ იცის და რომლის არც ქუჩა არსებობს ჩვენს დედაქალაქში და არც ძეგლი ჩვენს სამშობლოში 2022, 15 დეკემბერი, 23:02
ვფიქრობ, ამ ადამიანზე ყველამ უნდა ვიცოდეთ, კაცზე რომლის შესახებაც ძალიან ცოტამ თუ იცის და რომლის არც ქუჩა არსებობს ჩვენს დედაქალაქში და არც ძეგლი ჩვენს სამშობლოში.
მიხეილ მურვანიშვილი - კაცი რომელმაც საქართველოს ტყეების თითქმის ნახევარი გააშენა. ეს კაცი რომ არა, სურამი როგორც კლიმატური კურორტი, დღეს არ იარსებებდა. იცოდით რომ სურამში ბაიათხევის, კვირაცხოვლის და გვერდისუბნის ფერდობები მთლიად ხელოვნური ტყითაა განაშენიანებული და ეგ უნიკალური ფიჭვი თავისით არ ამოსულა? ამ კაცმა გააშენა მთლიანად, რასაც 28 წელი მოანდომა და ეს არაა ერთადერთი სიკეთე, რაც გააკეთა თუ დაგვიტოვა. მთელი ცხოვრება აქტიურ საგანმანათლებლო სამუშაოებს ეწეოდა და ქვეყნის რომელ რეგიონშიც ნიშნავდნენ, იმის გარდა რაც ევალებოდა, (ძირითადად ტყის გაშენება თუ დაცვა), ყველგან სკოლებს და უფასო სამკითხველოებს ხსნიდა და სხვა პრობლემებსაც უგვარებდა მოსახლეობას. ქრონოლოგიურად მივყვეთ: როგორც კი სატყეო სასწავლებელი დაამთავრა, იმავე წელს დანიშნეს მარტყოფის სატყეოს უფროსის თანაშემწედ. დაინიშნა თუ არა, უფასო სამკითხველოები გახსნა მარტყოფშიც და საგარეჯოშოც, სადაც ადგილობრივი მასწავლებლები ახალგაზრდებს უკითხავდნენ წიგნებს. ამ პერიოდში რუსეთის იმპერიის მიწათმოქმედების მინისტრის ბრძანებით გამოიცა განკარგულება, რომლის მიხედვითაც ყველას ეძლეოდა ტყის გაჩეხვის უფლება. ამ კაცმა პროტესტი გამოთქვა და “ივერიაშიც” გამოაქვეყნა წერილი, რომ ეს დიდ ზიანს მიაყენებდა საქართველოს ბუნებას. მეფის მოხელეებმა ეს არ აპატიეს, მოხსნეს თანამდებობიდან და გადაიყვანეს ლორეს სატყეოში, რაც მნიშვნელოვან ჩამოქვეითებას ნიშნავდა. ამ ამბავს გამოეხმაურა ილია ჭავჭავაძე და “ივერიაში” გამოქვეყნა წერილი, სადაც წერდა რომ ამ კაცს ერთი მომდურებელიც კი არ ყავს რეგიონში და რაც იქ მუშაობდა ოთხი წლის განმავლობაში, ტყის გაჩეხვის ერთი ფაქტიც კი არ ყოფილაო. თუ გლეხებს რამე ჭირდებოდათ ტყიდან, მთავრობასთან თვითონ შუამდგომლობდაო. გარდა ამისა საგარეჯოს წიგნთსაცავის გამგეობის წევრია და სულ იმას ცდილობდა, რომ გაემდიდრებინა ეს წიგნთსაცავიო. ასევე გლეხებისთვის იყიდა ვაზის სასხურებელი მანქანა, გოგირდის შესაბერი და შეეძლოთ გლეხებს უფასოდ გამოეყენებინათო. ნეტა რა ავმა ენამ დააშორა ეს სასარგებლო კაცი და ხალხის გულშემატკივარი სოფელსო? ამის შემდეგ ყვარლის სატყეოში გადაიყვანეს და თვითონ სოფელ გავაზში დასახლდა. სოფელს მანამდე სკოლა არ ქონდა და ორი დაწყებითი სკოლა გახსნა, ერთი ბიბლიოთეკა და ააშენა შენობა, სადაც იმართებოდა წარმოდგენები. რადგან სურამიდან იყო, სურამს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა. ჯერ კიდევ საგარეჯოში ყოფნისას, სურამში გახსნა სამკითხველო და “ივერიაში” გამოაქვეყნა წერილი, სადაც ითხოვდა რომ წიგნებით დახმარებოდნენ ბიბლიოთეკას. მანამდე კი წერილი გამოაქვეყნა, სადაც ამხილა სურამის მამასახლისი, რომელიც ფულს არ უხდიდა სკოლის მასწავლებლებს. ყვარლის მერე გადაყავთ აბასთუმნის და შემდეგ ბაკურიანის სატყეოში. სოფელ თორში იწყებს ცხოვრებას, სადაც სასმელი წყალი არ არის. მისი მეთაურობით იწყება წყალსადენის გაყვანა, შენდება სკოლა და კეთდება სოფლამდე მისასვლელი საურმე გზა, 14 კილომეტრიანი - თორიდან ბორჯომამდე, რომელსაც ხალხმა მისი გზა დაარქვა. შემდეგ გადადის წაღვერის სატყეოში, სადაც ყველაზე დიდხანს - 8 წელი იმუშავა. პირველ რიგში, ააშენა ორი შენობა, ერთი სკოლისთვის და მეორე მასწავლებლების საცხოვრებელი. მერე შემოიკრიბა ახალგაზრდები, დაიწყო წარმოდგენების გამართვა და შემოსული ფულით ააშენა თეატრის შენობა. მოაწყო ბიბლიოთეკა და სპორტის მოედანი. სამი კილომეტრის მანძილიდან გამოიყვანა სასმელი წყალი, აღმოაჩინა და მოაწყო მჟავე წყლის ახალი კერები. დამსვენებლებისთვის ააშენა ტყე-პარკი. თუ დღეს წაღვერი კურორტია, ამაში დიდი წვლილი მას მიუძღვის. მისი ინიციატივით გამოყოფილი იქნა წაღვერის საუკეთესო კუთხე - კეჩხობი, სადაც გააშენა ტყე და დაგეგმა აგარაკების ასაშენებლად. წაღვერში ყოფნისას ნახანძრალ ადგილებზე 455 ჰექტარ ფართობზე გააშენა ფიჭვის ტყე. ასევე მისი ინიციატივით დაიწყო არქეოლოგიური გათხრები წაღვერში, უზნარიანის ციხის მიდამოებში, სადაც ერთი თვის განმავლობაში აღმოაჩინეს ნივთები ბრინჯაოს ხანიდან დაწყებული თამარის ეპოქით დამთავრებული. შემდეგ გადაიყვანეს ბორჯომის სატყეოში, რომელიც უამრავის მრეწველის ინტერესების სფეროს წარმოადგენდა. მოახერხა და თავდაუზოგავი შრომით სრულად გადაარჩინა ეს უნიკალური ტყის მასივი. დააარსა თესლის საშრობი ქარხანა, რომელსაც მთელ საბჭოთა კავშირში ანალოგი არ ქონდა. დაამზადა წიწვოვანთა ჯიშების თესლები, რომელიც ტონობით იგზავნებოდა არა მარტო საბჭოთა კავშირში, არამედ ევროპაშიც. მოაწყო სანერგეები აბასთუმანში, წყალტუბოში, ბახმაროში. გააშენა ტყეთა მასივი მცხეთაში და კასპში. შემდეგ გადაიყვანეს სურამის სატყეოში. სადაც ჯერ სანერგე მოაწყო და მერე 131 ჰექტარ ფართობზე გააშენა უნიკალური ჯიშის ფიჭვი (ბაიანთხევის კვირაცხოვლის და გვერდისუბნის სერებზე) გარდა ამ ყველაფრისა, აქტიურად თანამშრომლობდა პრესასთან და მუდმივად აქვეყნებდა წერილებს “ივერიაში” “ცნობის ფურცელში” თუ სხვა გაზეთებში. წერდა მოთხრობებსაც, რომელსაც დიდი გამოხმაურება ჰქონდა. პენსიაში გასვლის შემდეგ დაენიშნა პირადი პენსია და დაარსდა მისი სახელობის მედალი საუკეთესო მეტყევეებისთვის. (ეს იყო და ეს მისი ღვაწლის დაფასება) გარდაიცვალა 1959 წელს და დაკრძალეს სურამში მის მიერვე გაშენებული ბაიანთხევის ტყის დასაწყისში, მისივე მოთხოვნით. 315 შეფასება არ არის
|