"დე, ჩემში რას შეცვლიდი, რა მოგწონს ჩემს ხასიათში, როგორი გინდა ვიყო? – არაფერს არ შევცვლიდი დე, შენ ყველაზე საყვარელი გოგო ხარ. ტკბილი, მშვიდი ხასიათი მომწონს შენი, თვალები, ყველაფერი… ჯანმრთელი მინდა იყო, სკოლაში რომ კარგად ისწავლო"… - ეს ლალი მოცრაძის და მისი 5 წლის შვილის დიალოგია. 33 წლის ლალის სამი შვილი ჰყავს – 6, 5, და 14 წლის გოგოები. ლალი ემიგრანტია. ორი წელია, რაც იტალიის პროვინცია ლეჩეში ცხოვრობს. მის პატარა ქალაქში ქართველები არ არიან. მეგობრობს იტალიურ ოჯახებთან, ვისთანაც ამ ორი წლის განმავლობაში მუშაობდა.
ლალი მოცრაძე, 33 წლის, ემიგრანტი, სამი შვილის დედა...
"საშინელი სამუშაო პირობები მაქვს. ვმუშაობ მინიმალურ ხელფასზე, აქ ცხოვრება ჯოჯოხეთია. ცხოვრება ყველაფრის გარეშე. მე ვარ ადამიანი, ვისაც აქვს ყველაფერი, მაგრამ თან არაფერი: მყავს საუკეთესო ოჯახი, საუკეთესო მეუღლე, საუკეთესო შვილები, მაგრამ არ მაქვს არაფერი, ყველა შორსაა. 18 ოქტომბერს ორი წელი გახდა, რაც წამოვედი. მახსოვს, როგორ ველოდებოდი ფრენას. ვუყურებდი ქუთაისს და ვგრძნობდი, რომ ვტოვებდი ჩემს გულს, სულს, ყველაფერს.
მე აქ მხოლოდ სხეული ვარ, რობოტად ქცეული. არაფერი მახარებს, არაფერი მიხალისებს ცხოვრებას. ქართველები ამაყები ვართ, დავდივართ თავაწეულები, ამ დროს იმდენი დამცირების ატანა მიწევს… მაგრამ რას ვიზამთ, არ მაძლევს საქართველო ჩემს შვილებთან ყოფნის საშუალებას. ხშირად ამბობენ ხოლმე – „შვილებს გადაჩვეული დედები“. გულზე მხვდება. რამდენჯერ გამღვიძებია და ბალიში გალუმპული დამხვედრია. ჩემი შვილი მესიზმრება ყოველ ღამე, 3 წლისაც არ იყო, რომ დავტოვე. ვერც ვიგებ როგორ და როდის ვტირი ღამით, სიზმარში. ნუთუ სჯობდა, რომ ჩემი შვილები აღმოჩენილიყვნენ ფეისბუქპოსტებზე, როცა ღარიბი პატარებისთვის აგროვებენ სამოსს, საკვებს. ამისთვის ვარ წამოსული. მინდა ასეთი ბედი ავარიდო ბავშვებს. დღეს ემიგრანტებით სულდგმულობს საქართველო. საქართველოში დარჩენილ ოჯახებს აქ დარჩენილი შვილები, დედები, ცოლები არჩენენ. იტალიაში წამოსვლის უმთავრესი მიზეზი ჩემი სუსტი ჯანმრთელობის შვილი იყო. უკიდურეს გაჭირვებაში ვიყავით, მეუღლე ვერ მუშაობდა. ბავშვის წამლის ფული გამოგვქონდა ბანკიდან. ერთ ბანკს როცა ვერ ვიხდიდი, მეორედან გამომქონდა, მერე მესამეში გადავდიოდი და ასე… ერთის პროცენტს მეორე ბანკით ვფარავდი, ვეფლობოდი ვალების ჭაობში. არ იყო არანაირი გამოსავალი. სამი შვილი მყავს. ორი დედამთილთან და ქმართანაა, მესამე – დედაჩემთან. გადავანაწილეთ ბავშვები. სამდურავი არაფერი მაქვს, ოჯახი ძალიან მიწყობს ხელს, ბავშვებს უვლიან ძალიან კარგად ჩემი დედამთილი და დედა, მეუღლეც. ბედუკუღმართობაა, რომ არ ვარ ჩემს შვილებთან, მინდა უმცროსს დავეხმარო დილას ჩაცმაში, ბაღში წასვლაში… 33 წლის ვარ. 31-ის აქ გავხდი. შევეგუე ბედს, რომ ჩემი შვილების მომავლისთვის ასე სჯობს. უმჯობესი იქნებოდა არ დამეტოვებინა, მაგრამ არ იყო სხვა გამოსავალი. ქვეყანაში, სადაც 25 ლარი ღირს 5 ლიტრი ზეთი და ჩემი ქმარი თვეში გამოიმუშავებს 500 ლარს… ბანკი გადავიხადო, შვილები გამოვკვებო, ვასწავლო მათ ამ 500 ლარით თუ რა გავაკეთო? არ მინდოდა ჩემი მეუღლე იძულებული გამხდარიყო გაჭირვებისგან ცუდ გზას დადგომოდა. ათასი ფიქრი და შიშია".
წყარო: bbcnews.ge
პ.ს. 5 ლიტრი ზეთი 25 ლარი კი არა 30 ლარი ღირს,თქვენ რო აზრზე იყო რამის ეს არ შეგეშლებდათ,მარა შგეშალათ. აქედან დასკვნა,ადამიანების ცრემლების ჩამოფრქვევის ახალი პრაქტიკა,ჯერ ფასები მაინც გაგერკვიათ ამის დედა ვატირე