x
image
მადამ ფისუნია
ლევან სონღულაშვილის გამოფენა, სახელწოდებით Ad Infinitum
image

თბილისის კულტურის კვირეულის ფარგლებში Factory Tbilisi-ში ლევან სონღულაშვილის გამოფენა, სახელწოდებით „Ad Infinitum“ გაიმართა.


და მეც, როგორც ყველაზე ყველაზე „ხვალემენმა“ ბოლოს წინა დღეს მივუსწარი.


როგორც წესი, ბოლო დროინდელი ქართული ხელოვნებით (უფრო სწორად კი იმ ხელოვნებით, რომელსაც კარგად არეკლამებენ, ყიდიან, გამოფენის სახეს აძლევენ და ამარტივებენ ჩვენამდე, მოკვდავებამდე მოტანას, აღფრთოვანებული არ ვრჩები ხოლმე).



უფრო მეტიც, ძირითადად თვალებიდან სისხლი მომდის.


თუმცა, ეს ის შემთხვევა არ არის. ლევანის სხვა, ძველი ნამუშევრებიც მქონდა ნანახი, ამ გამოფენის ხილვაც სწორედ ამიტომ უფრო მსურდა, მაინტერესებდა რამდენად განვითარდა თავად არტისტი.


ვიტყვი, რომ სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი…


აღსანიშნავია, პირველ რიგში გარემო, რომელიც ექსპოზიციას ძალიან მოუხდა. ჩაბნელებული სივრცე, ლოკალური განათებებით.


სწორედ ეს განათებები აძლევდა დამთვალიერებელს ტილოების მთელი სიმძაფრით აღქმის საშუალებას.


მასშტაბური, უზარმაზარი ტილოები თავისი უხეში მონასმებით, ახლოდან ჩვეულებრივ აბსტრაქციას მოგაგონებდათ, თუმცა საკმარისი დისტანციიდან თავისუფლად შეგეძლოთ აღგექვათ სახის ნაკვთებიც კი, რომლებიც ახლო მანძილიდან საერთოდ არც არსებობდა.


გამოფენაზე შესასვლელ ერთადერთ კარში შორიდანვე მოსჩანდა უზარმაზარი ტილო, რომელიც საკმაოდ ემოციური და მიმზიდველი იყო თვალისათვის. მისი სპეციფიურობა გამოიხატებოდა იმაში, რომ ქალის ხელში მწოლიარე სხეულის სილუეტი თითქოს სურათიდან ამოეჭრათ! ეს ავტორმა ძალიან კარგად შეძლო ტილოს უბრალოდ დაგრუნტვით და ცარიელი სივრცის დატოვებით სხეულის სილუეტის ილუზიის მისაღწევად.


თავად ლევანის აზრით, გამოფენა გაჟღენთილი უნდა ყოფილიყო რელიგიურ-კულტურული ელემენტებით და მისით ინსპირირებული სურათებით, თუმცა, მე გამოფენაში ეს ყველაზე ნაკლებად დავინახე.


ვფიქრობ, ბევრად მეტია მასში ავტორის ბნელი ფანტაზიები, ვიდრე რელიგია…


მიუხედავად იმისა, რომ ზემოაღნიშნული პირველი, ყველაზე ეეფექტური სურათი ძალიან ჰგავს პიეტას და მეორე „ყველაზე“ პოპულარული და „ხალხისაგან მოწონებული“ სურათიც, ძალიან მომაგონებს ეგზორციზმის სცენას… ( არ ვიცი, სხვები რამ აღაფრთოვანა, ამ გამოფენის ყველაზე სუსტ ნამუშევრად მიმაჩნია მე პირადად ეს სურათი).


სასიამოვნო ფაქტი იყო, როდესაც ერთ-ერთ ტილოზე სადაც უხეშ მონასმებში ორგიები ამოვიცანი, შევანჩნიე მიმაგრებული სათამაშოს ხელი, ეს ალბათ, ავტორისეული მცდელობა იყო ტილოზე ემოციების გასამძაფრებლად ინსტალაციის ელემენტების შემოტანისა, რაც ვფიქრობ გამოუვიდა კიდეც!


ისევე, როგორც „მოკვდავებს“, ჩემი რჩეული ნამუშევარი ლევან სონღულაშვილის ამ გამოფენიდან მეც გამაჩნია, თუმცა სხვებისაგან განსხვავებული.


და ეს გახლავთ “კაენის ძაღლი”, საკმაოდ ექსპრესიული და ემოციებით გაჟღენთილი ტილო.


საგამოფენო სივრცეში მოხვედრისთანავე, მარცხენა კედელზე პირველივე სურათი განსაკუთრებული ეკიდა. ვერაფრით ვხსნი, რატომ არ უნდა ყოფილიყო ეს სურათი მთელი ექსპოზიციის ცენტრალური სახე და რატომ არ უნდა შეჰყვარებოდათ ეს სურათი სხვებსაც ჩემსავით.


უზარმაზარ ტილოზე გამოსახულია შიშველი ქალი და ძაღლი მინდორში. ემოციებს გვიმძაფრებს ის წითელი ტონები, რომლებიც მთლიან სურათს მოიცავს და ლაიტმოტივად გასდევს და სურათზე ასახული ცოცხალი არსებების, ქალისაც და ძაღლის სხეულის ძვლების დაჩრდილვა.


უხეში, მძიმე მონასმები და აბსტრაქციის შეგრძნება ამ სურათშიც მეორდება ახლო მანძილიდან. განსაკუთრებით რამაც მომხიბლა ნამუშევარში იყო სხეულის არაიდეალიზებული ფორმა, განსაკუთრებით ქალის სხეულის, რომლის ჩამოწელილი მკერდიც არ არის მანეკენური სიზუსტის, ისინი სხვადასხვა ზომისაა, როგორც უმეტესად რეალურ ადამიანებში… ისე, როგორც ბუნებრივია… ქალის სახეს ნაწილობრივ თმა ფარავს, ნაწილობრივ დღის განათება, ამავდროულად უხეში მონასმებიც თავის მხრივ „ხელს გვიშლის“ მისი გამომეტყველების აღქმაში, მაგრამ ფაქტია, რომ ის ბრაზობს. წარბები შეუკრავს და დამთვალიერებელს პირდაპირ თვალებში უმზერს და უბრაზდება…


ვფიქრობ, მის ცხოვრებაში ცხვირის ჩაყოფისთვის…


მინდორში, ფონზე, ბალახებში ერთმანეთში გადახლართულ ადამიანთა სხეულებსაც შეამჩნევთ…


ჩემთვის ეს წმინდა ორგიებია, რომლის ერთ-ერთი მონაწილეც უნდა ყოფილიყო ეს ქალი.


თავად ავტორის აზრი ამ სურათის შესახებ, არ ვიცი…


ვფიქრობ, მისი ორგიები, ამ და სხვა სურათებშიც ერთგვარი ჯორჯია ოკიფისეული „ყვავილებია“, რომლებიც რეალურად ჩემთვის არასოდეს ყოფილა მხოლოდ ყვავილები.


ჩემი აზრით, ეს სურათი ყველა სხვა დანარჩენს სჯობდა და ყველა მათგანზე მეტ ემოციასა და გრძნობას გამოხატავდა.


საერთო ჯამში კი, გამოფენას დადებითად შევაფასებდი, რომელმაც სასიამოვნოდ გამაოცა…


0
8
1-ს მოსწონს
ავტორი:მადამ ფისუნია
მადამ ფისუნია
8
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0