რატომ შეწყვიტა პოპულარობის პიკზე მყოფმა The Beatles-მა კონცერტების გამართვა?
2022, 10 ნოემბერი, 21:42
1963 წლიდან მოყოლებული ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის "The Beatles"-ის კონცერტები მუდმივად კრებდა მყვირალა გულშემატკივრების უზარმაზარ არმიას მთელი მსოფლიოდან, სწორედ აღნიშნული ფენომენის აღსაწერად გამოიგონეს კრიტიკოსებმა ტერმინი - "ბიტლომანიაც".
რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, სწორედ თაყვანისმცემლების განუწყვეტელი ყვირილი გახდა კონცერტებზე მუსიკოსების გაღიზიანების მთავარი მიზეზი, რომლებსაც ძლიერი აპარტურის მიუხედავად ხშირად საკუთარი ხმებიც კი აღარ ესმოდათ. რამდენიმე გასტროლის შემდეგ, კერძოდ, 1966 წელს ჯგუფის წევრებმა გადაწყვიტეს საკონცერტო მოღვაწეობა დროებით შეეწყვიტათ და ფოკუსირება სტუდიურ მუშაობაზე მოეხდინათ.
სწორედ ამან მისცა "ბიტლებს" მუსიკალურად უფრო რთული და არაორდინარული სიმღერების შექმნის შესაძლებლობაც, ხოლო 1967 წლის 1 ივნისს ჯგუფის მერვე სტუდიურმა კონცეპტუალურმა ალბომმა "Sgt. Pepper's Lonely Hearts Club Band"-მა კომერციულ წარმატებასთან ერთად, კრიტიკოსების მხრიდან უმაღლესი შეფასებებიც დაიმსახურა.
ალბომმა 1968 წელს ოთხი "გრემი" მოიპოვა და გახდა პირველი როკ-ფირფიტა, რომელსაც წილად აღნიშნული ჯილდო ერგო. ლეგენდარული ჯგუფის ამ ორიგინალურ ალბომს ბევრი კრიტიკოსი დღემდე საუკეთესოდ მიიჩნევს.
ჟურნალ "Times"-ის ცნობილმა მუსიკალურმა კრიტიკოსმა უილიამ მანმა ჯგუფის ალბომი - "Sgt. Pepper's Lonely Hearts Club Band"-ი პოპ-მუსიკის ისტორიაში ყველაზე მაღალ შემოქმედებით მიღწევად დაასახელა.