კინო "გრიმი კი არა, ბელას თითები მატყვიაო...თურმე, ბელა მირიანაშვილს მეტისმეტად გამეტებით გაურტყამს სილა" 2022, 7 ნოემბერი, 17:38 გასული თვის ოქტომბერში დაბადებიდან 100 წელი შეუსრულდა ცნობილ ქართველ თეატრის და კინოს მსახიობს გივი თოხაძეს(დაიბადა 20 ოქტომბერს, 1922, ფოთი — გარდაიცვალა . 25 ნოემბერს, 2010) ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ სამი წელი იმუშავა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში (ასრულებდა ეპიზოდურ როლებს ისეთი კორიფეების გვერდით, როგორებიც იყვნენ ა. ვასაძე, ა. ხორავა და სხვ.). 1956 წლიდან ხანგრძლივად და ნაყოფიერად მოღვაწეობდა კინოში. მის მიერ განსახიერებული როლებიდან აღსანიშნავია უშანგი(შ. მანაგაძის "საბუდარელი ჭაბუკი", 1957) მეფოლადე ("დღე უკანასკნელი, დღე პირველი"-რეჟ. ს. დოლიძე, 1959), ლეინტენატი (ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი“ რეჟ. ყარამან (გუგული) მგელაძე-1965) მაიორი(კუკარაჩა — 1982. რეჟ.— სიკო და ქეთი დოლიძეები.)და სხვა.ამის გარდა მიწვეული იყო არაერთ კინოსტუდიის მიერ ( "აზერბაიჯანფილმი", "ლენფილმი", "ოდესის კინოსტუდია და ა.შ.) თამაშობდა უამრავ საკავშირო ფილმში, განსაკუთრებით შთამბეჭდავი როლი შეასრულა სვერდლოვსკის კინოსტუდიის 1968 წლის მინი-სერიალში "უგრიუმ მდინარე"(იბრაჰიმი)მსახიობს ჰქონდა ჰქონდა გამორჩეული გარეგნობა, გმირის ხასიათის გათავისების არაჩვეულებრივი უნარი, შთამბეჭდავი ხმა.ამის გარდა გახმოვანებული აქვს მრავალი კინოფილმი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.
120 როლის შემსრულებელი და 1000 გმირის გამხმოვანებელი მსახიობის "შეცდომა"
"ისეთი კარგი იყო, ქალები მოსვენებას არ აძლევდნენ"
რამდენიმე წლის წინ, შინ რომ ვეწვიე, დანანებით მითხრა: "ჩემს ყველაზე დიდ შეცდომად თეატრიდან წამოსვლა მიმაჩნია. აკაკი ხორავამ ხალხიც კი გამომიგზავნა, - გაიგეთ, გივის რამე ხომ არ უჭირს, რატომ არ მოდის თეატრშიო? - მაგრამ მე მაინც კინო ვამჯობინე..."
საქართველოს სახალხო არტისტი, გივი თოხაძე გარდაცვალებამდე ბოლო პერიოდში საზოგადოებაში დიდად არც ჩნდებოდა, შესაბამისად, XXI საუკუნის თაობა, ფაქტობრივად, ხეირიანად არც იცნობს მას. თუმცა, სწორედ "იმ შეცდომამ" - კინომ შემოგვინახა ამ საოცრად ნიჭიერი მსახიობის ხსოვნა, მისი შესანიშნავი გარეგნობა და ხმის ტემბრი, რომელიც ქართული კინოს ნებისმიერი ასაკის გულშემატკივარ-მოყვარულებმა იციან.
16-17 წლის ყოფილა, დიდი სამამულო ომი რომ დაიწყო. მისი ძმა ლენინგრადში (დღევანდელ სანქტ-პეტერბურგში) დაღუპულა, მამა, თურმე, კავკასიის მთებს იცავდა, ექიმი დედა კი ჰოსპიტალში დაჭრილებს მკურნალობდა.
თავად ბატონი გივის მონათხრობით ვიცი:
"ყველა ჩემი ახლობელი, რომ წაიყვანეს ომში, მე კი არ მიძახებდნენ, კომისარიატში მივედი და ვიკითხე, 1922 წელს ვარ დაბადებული და რატომ არ მიგყავართ-მეთქი? ამის შემდეგ წამიყვანეს, ოღონდ ჯერ, რატომღაც, ბაქოს სამხედრო სასწავლებელში. მხოლოდ 3 თვის შემდეგ აღმოვჩნდი ფრონტის ხაზზე.
დედამ წერილი მომწერა:
- რომ იცოდე, რა დამიჯდა ჯარიდან შენი გათავისუფლებაო! - თურმე, მისი ძალისხმევით გამიშვეს სასწავლებელში, მაგრამ მაინც მოვხვდი ფრონტზე".
გივი თოხაძის 13 წლით უმცროსი მეუღლე, პიანისტი, წლების განმავლობაში ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მეორე ხელოვნების სკოლის დირექტორი, ქალბატონი ლაურა იაშვილი მიამბობდა:
- ომიდან დაბრუნებულს, სამედიცინო ინსტიტუტში უნდა ჩაებარებინა, მაგრამ ბავშვობის მეგობარმა, დოდო აბაშიძემ გადაიბირა და საბუთები ერთად შეიტანეს თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე. აკაკი ხორავა მოხიბლულა გივის ხმით...
"ხორავამ რომ შემათვალიერა და მომისმინა, გადაჭრით თქვა: ვოტ, ხოჩუ ტაკიხ ვკურსეო! ისედაც, ომის გამო, ინსტიტუტში მამაკაცების სიმცირე იგრძნობოდა და ჩემი მონაცემების ბიჭს ნამდვილად არ გაუშვებდა ხელიდან. ისე მოვწონდი, ჩემს ყველა გამოცდას საგანგებოდ ესწრებოდა. მაგარი ჯგუფი გვყავდა - "ნაფრონტალები", "ნახიშტრები" ვიყავით: მე, გივი ძნელაძე, დოდო აბაშიძე, კარლო საკანდელიძე.
საბოლოოდ, ყველანი რუსთაველის თეატრში გაგვანაწილეს. მალე თეატრის შენობა დაიწვა და სპექტაკლებს სხვა დარბაზში ვთამაშობდით. მერე მე წამოვედი თეატრიდან და 1952 წელს, უცხო ენების ინსტიტუტში, ინგლისური ენის ფაკულტეტზე ჩავაბარე. ვმუშაობდი საზღვარგარეთთან ურთიერთობის სახელმწიფო სამსახურში. სულ უცხოელებთან მიწევდა ურთიერთობა", - იხსენებდა ბატონი გივი.
ლაურა იაშვილი:
- ბრწყინვალედ ლაპარაკობდა ინგლისურად. მერე მეც დამიყოლია ცოლობაზე და წლების განმავლობაში, ნელ-ნელა შემაყვარა თავი. 1954 წელს, უკვე კონსერვატორიის მეორე კურსის სტუდენტი, ცოლად გავყევი. შეუღლებულები ვიყავით, კინოსტუდიიდან რომ გამოიძახეს "ბაში-აჩუკის" სინჯებზე.
თავდაპირველად ბაში-აჩუკის როლისთვის მოუსინჯავთ, მაგრამ შემდეგ ოთარ კობერიძე დაამტკიცეს. თუმცა, ბოლომდე ვერ შეელივნენ და შალვა ერისთავის ეპიზოდურ როლზე აიყვანეს. ეს მისი პირველი კინოროლი გახლდათ.
ლაურა იაშვილი:
- იცით, გივი როგორი ადამიანი იყო? თუ გაიგებდა, მის რომელიმე მეგობარს როლზე სინჯავდნენ, რომც დაებარებინათ, არ წავიდოდა... "ბაში-აჩუკს" რეჟისორ შოთა მანაგაძის "საბუდარელი ჭაბუკი" მოჰყვა. უშანგი გაბადაძის როლი უკვე სერიოზული ნამუშევარი იყო. ამ ფილმმა ბევრი სასიამოვნო მოგონება დაუტოვა. ფილმს ქუთაისში იღებდნენ.
ერთხელ, მახსოვს, გადაღებიდან შინ ლოყააწითლებული დაბრუნდა. - რა გჭირს, გრიმი გისვია-მეთქი? - გაოცებულმა ვკითხე. - გრიმი კი არა, ბელას თითები მატყვიაო, - გაბრაზებულმა მიპასუხა. თურმე, ბელა მირიანაშვილს მეტისმეტად გამეტებით გაურტყამს სილა.
უარყოფითი პერსონაჟის განსახიერება მთლად სასიამოვნო არ უნდა იყოს, არადა, ამ როლმა ბატონ გივის დიდი პოპულარობა მოუტანა. როდესაც მას უშანგის როლზე ვესაუბრებოდი, მისი ხელოვნებით აღფრთოვანება ვერ დავფარე: რა ოსტატურად იქეცით "ცუდ ტიპად" - რეალური გივი თოხაძის ანტიპოდად-მეთქი!
მერე მიამბო:
"სხვათა შორის, ბევრი მეკითხებოდა, შენ როგორ მოგცეს ეგ როლიო? მეც ვპასუხობდი: ყველაზე იოლი სათამაშო სწორედ ეგ იყო-მეთქი. "საბუდარელი ჭაბუკის" შემდეგ, სამსახურიდან წამოვედი და კინოსტუდიაში შტატიან თანამშრომლად მიმიღეს. მას შემდეგ გადამიღეს ფილმებში: "დღე უკანასკნელი, დღე პირველი", "ჭიაკოკონა", "ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი", "ჩარი-რამა", "კუკარაჩა", "ყვარყვარე", "ხაფანგი" და ა.შ.
საერთოდ, კინოსტუდიაში არსებობდა კარტოთეკა, რის მიხედვითაც, საბჭოთა კავშირის სხვადასხვა კინოსტუდიიდანაც ბევრ მოწვევას ვიღებდი. გადამიღეს სომხურ, აზერბაიჯანულ, უკრაინულ, რუსულ, ტაჯიკურ ფილმებში. ასე დავაგროვე 120 კინოროლი. გარდა ამისა, 1000 გმირი გავახმოვანე, რადგან ყველას ძალიან მოსწონდა ჩემი ხმის ტემბრი..."
ლაურა იაშვილი:
- კინოსტუდიაში გივიმ მსახიობების დასაოსტატებლად ჩამოაყალიბა პატარა სტუდია, რამაც საფუძველი ჩაუყარა კინომსახიობთა ჯგუფს. მიხეილ თუმანიშვილისა და ეროსი მანჯგალაძის გარდაცვალების შემდეგ, გივი კინომსახიობთა თეატრის დირექტორიც გახლდათ... არაჩვეულებრივი მეხსიერება ჰქონდა. ერთხელ ბათუმში მატარებლით გავემგზავრეთ გადაღებაზე და მთელი ღამე გაუჩერებლად კითხულობდა გალაკტიონის, ლადო ასათიანის, მუხრან მაჭავარიანის ლექსებს. "ვეფხისტყაოსანი" ზეპირად იცოდა.
- თქვენ ხშირად დაჰყვებოდით გადაღებაზე?
- უჩემოდ დიდხანს ვერ ძლებდა. ორი კვირის შემდეგ აუცილებლად გამომიძახებდა ხოლმე. საერთოდ, ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად, ერთმანეთის კარგად გვესმოდა - მეც ხომ ხელოვანი ვარ! გივის სამი ვაჟი გავუჩინე, სამსახურშიც დავდიოდი, მაგრამ მასაც ძალიან ვუწყობდი ხელს. კომიკური ვითარება შეიქმნა "დღე უკანასკნელი, დღე პირველის" გადაღებისას - ფილმში მისი გმირი შვილს ელოდება, სინამდვილეში კი, მეც დღე-დღეზე ველოდებოდი პატარას დაბადებას. ვაჟის დაბადების კადრების გადაღებიდან ორ დღეში, მეც ვაჟი გავაჩინე, ამიტომ გივის საგანგებო რეჟიმში უწევდა მუშაობა.
- ბატონმა გივიმ ძალიან საინტერესო სახე შექმნა რუსულ ფილმში - "უგრიუმ მდინარე". იბრაგიმის როლისთვის მას პრიზიც მისცეს, არა?
- ეს არაჩვეულებრივი ფილმია. გივი მაშინ წარმოსადეგი, დაკუნთული მამაკაცი იყო. როდესაც რეჟისორმა ლაპშინმა ნახა, უთხრა, - შენნაირი ინტელიგენტური გარეგნობის მსახიობი ბანდიტის როლისთვის არ გამომადგებაო, მაგრამ როგორც კი გრიმსა და კოსტიუმში დაიწყო სასინჯი გადაღება, სახე ეცვალა - ულაპარაკოდ დაამტკიცა როლზე. ფილმს იღებდნენ ციმბირში, ჩვენ სვერდლოვსკში ვცხოვრობდით, გადაღებაზე კი ავტობუსით დავყავდით კაუროვკაში, სადაც უგრიუმ მდინარე ჩამოედინება. თვალწინ მიდგას, გივი როგორ იღებდა ნაპირიდან უზარმაზარ ლოდებს და მდინარეში ყრიდა. იქვე არაჩვეულებრივი ტყე იყო. მამაკაცები თავისუფალ დროს იქ სოკოს საკრეფად დადიოდნენ, მერე ცეცხლს ანთებდნენ, წვავდნენ და ასე ვილხენდით. ერთი საინტერესო ეპიზოდის გადაღებას ვერ დავესწარი, მაგრამ გივიმ მიამბო: იბრაგიმი, შიმშილით რომ არ დაიხოცონ, ტყეში უზარმაზარ ცხენირემს კლავს. გადაღებისას მართლა გაისროლა, თურმე. გამწარებული ცხენირემი მისკენ გამოქცეულა და გადამღები ჯგუფის წევრებს, იარაღი რომ არ ჰქონოდათ, გივი სერიოზულად დაშავდებოდა.
- ამ ფილმშიც ულამაზესი პარტნიორი ქალი ჰყავდა - მსახიობი ლიუდმილა ჩურსინა. ისედაც, ბევრი ქალი მოინდომებდა მისი გულის მონადირებას. არ გეშინოდათ მისი დაკარგვის?
- ისეთი კარგი იყო, მოსვენებას მართლაც არ აძლევდნენ, მაგრამ გივი პატიოსანი მეუღლე იყო. ნახევარ საუკუნეზე მეტხანს ვიცხოვრეთ ერთად და ოჯახში ურთიერთობის პრობლემა არასდროს შეგვქმნია.
ირმა ხარშილაძე
1371 3-ს მოსწონს
|