ისტორია დაუჯერებელი ისტორია იაპონელი ოფიცრისა, რომელიც მეორე მსოფლიო ომში 1974 წლამდე იბრძოდა 2022, 27 ოქტომბერი, 22:06 მეორე მსოფლიო ომმა კაცობრიობას უზარმაზარი ტანჯვა მოუტანა. საზარელი გლობალური კონფლიქტის დროს 70 მილიონი ადამიანი დაიღუპა, გაცილებით მეტი კი - სამუდამოდ დახეიბრდა. ომმა შეიწირა 45 ტრილიონ დოლარზე მეტი მატერიალური დოვლათი, დაინგრა უძვირფასესი კულტურული ძეგლები და ეკლესიები. ქალაქები დაიცალა და სოფლები გაუკაცრიელდა. აუარება ადამიანი ლტოლვილად იქცა. მეორე მსოფლიო ომი 7 წლის მანძილზე გრძელდებოდა და 1945 წელს დამთავრდა, თუმცა ონოდა ჰიროსთვის, რომლის დაუჯერებელ ისტორიასაც აქ გიამბობთ, ეს ომი 1974 წლამდე გაგრძელდა. როცა ონოდა ჰირომ ჯარში სამსახური დაიწყო, ის 18 წლის გახლდათ. მისი სამხედრო კარიერა ტოკიოში დაიწყო. სავარჯიშო ცენტრში, სადაც საიდუმლო სამსახურის ოფიცრები გადიოდნენ მომზადებას, ჰირომ ბრძოლის ყველა ხერხი სწრაფად აითვისა. იქ მან ისწავლა ყველაფერი, რასაც იაპონიის საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებს მაშინ ასწავლიდნენ, პარტიზანული ბრძოლის ტაქტიკიდან დაწყებული, შპიონაჟით და საბოტაჟით დამთავრებული. ჰირომ მეორე მსოფლიო ომის მთელი პერიოდი სასტიკ ბრძოლაში გალია. 1945 წელს ის ფილიპინების კუნძულ ლუბანგზე იმყოფებოდა, როცა ამერიკელებმა იქ ჯარების დესანტირება მოახდინეს. იაპონიის საიმპერატორო არმიის ჯარისკაცების უდიდესი ნაწილი დაიღუპა ან ტყვედ ჩავარდა. ონოდა და ჯარისკაცები იუიჩი აკაცუ, სიოჩი შიმადა და კინშიჩი კოძუკა კი ჯუნგლებში გაიხიზნენ და იქ დაიმალნენ. პირველი პროკლამაცია, რომელიც ომის დამთავრებას იუწყებოდა, ჯგუფის წევრებს ჯერ კიდევ 1945 წლის ოქტომბერში ჩაუვარდათ ხელთ. “ომი 15 აგვისტოს დასრულდა. ჩამოდი ბარში!” ეწერა ქაღალდზე. მაგრამ არც ონოდამ და არც მისმა ჯარისკაცებმა პროკლამაციას არ დაუჯერეს. მათ იფიქრეს, რომ ეს ამერიკის მხრიდან განხორციელებული მიზანმიმართული დეზინფორმაცია იყო. 1945 წლის ბოლოს ჯგუფმა კიდევ ერთხელ მოიპოვა პროკლამაციები, სადაც იაპონელი გენერალი ტომოიუკი იამასიტა თანამემამულე მებრძოლებს იარაღის დაყრისა და წინააღმდეგობის დასრულებისკენ მოუწოდებდა, მაგრამ ონოდა ჰირომ და მისმა თანამებრძოლებმა არც ამ პროკლამაციას დაუჯერეს. ამაო გამოდგა ასევე 1952 წელს, ჰიროს ერთ-ერთი გაქცეული თანამებრძოლის მიერ ჯგუფის დარჩენილი წევრებისთვის იაპონიის მთავრობის ჩარევით წერილების და ოჯახური ფოტოების გაგზავნაც. ჯგუფი არც ამ შეტყობინებას ენდო. ტყეში დარჩენილი სამი ჯარისკაცი დანებებას არ აპირებდა. ჰიროს ერთ-ერთი თანამებრძოლი, შიმადა 1954 წლის 7 მაისს იმ ჯგუფთან შეტაკებისას დაიღუპა, რომელსაც ლუბანგის ჯუნგლებში იაპონური რაზმის პოვნა ჰქონდა განზრახული. ონოდამ და კოძუკამ კი 1972 წლის 19 ოქტომბერს ადგილობრივ ბრინჯის ყანას ცეცხლი წაუკიდეს და გადაბუგეს, რის შედეგადაც კოძუკა ადგილობრივ პოლიციასთან შეტაკების დროს სასიკვდილოდ დაიჭრა. სწორედ აღნიშნული შეტაკების შემდეგ გაუჩნდა ეჭვი პოლიციას, რომ საკუთრივ ონოდაც, რომელიც 1959 წელს გარდაცვლილად გამოაცხადეს, ცოცხალი უნდა ყოფილიყო. სასწრაფოდ ჩამოყალიბდა რაზმი, რომელმაც ჯუნგლები თავიდან ბოლომდე გადაჩხრიკა, თუმცა უშედეგოდ. ცნობამ იმის შესახებ, რომ ონოდა ჰირო ცოცხალი იყო, იაპონიამდე მიაღწია. აქ სტუდენტმა სუძუკი ნორიომ სწავლა შეწყვიტა და მიზნად დაისახა “ლეიტენანტი ონოდას და თოვლის კაცის პოვნა” და გაემგზავრა იმ რეგიონში, სადაც სავარაუდოდ მეორე მსოფლიო ომის დროს გახიზნული თანამემამულე პარტიზანი უნდა ყოფილიყო. მან მართლაც იპოვა ონოდა 1974 წლის 20 თებერვალს. ისინი მალევე დამეგობრდნენ. ყოფილი სტუდენტი ონოდას არწმუნებდა, იარაღი ჩააბარე და შენც ჩაბარდი ფილიპინების ხელისუფლებას, მეორე მსოფლიო ომი ჯერ კიდევ 29 წლის წინ დამთავრდაო, თუმცა ონოდა დანებებაზე ჯერ კიდევ უარს აცხადებდა და გაიძახოდა, ჩემი უშუალო ზემდგომის ბრძანების გარეშე იარაღს არ დავყრიო. სუძუკი იაპონიაში დაბრუნდა ფოტოთი, რომელზეც ის და ონოდა ერთად იყვნენ გამოსახულები. ამის შემდეგ საქმეში იაპონის ხელისუფლება ჩაერთო. სახელმწიფო მოხელეებმა იპოვეს ონოდას ყოფილი ზემდგომი, მაიორი ტანიგუჩი, რომელიც დიდი ხანია, წიგნებით მოვაჭრე გამხდარიყო და სასწრაფო წესით გაგზავნეს კუნძულ ლუბანგზე, სადაც ის 9 მარტს ონოდას შეხვდა და იაპონიის კაპიტულაციის შესახებ აუწყა. წიგნებით მოვაჭრემ “უბრძანა” ყოფილ ხელქვეითს, იარაღი დაეყარა, რის შემდეგაც ონოდამ ბრძოლა შეწყვიტა. იარაღის დაყრის დროს მას ჩამოერთვა ხმალი, 500 ვაზნა, შაშხანა და რამდენიმე ხელყუმბარა. დაუჯერებელია, მაგრამ მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 29 წლის მანძილზე ჰირომ 30 ადამიანი გამოასალმა წუთისოფელს, 100 კი - დაჭრა. მას ასევე რამდენჯერმე მოუხდა პოლიციასთან შეტაკება. მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად ფილიპინების პრეზიდენტმა ფერდინანდ მარკოსმა ის პირადად შეიწყალა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ონოდა სუპერვარსკვლავად იქცა. მასზე დღედაღამ წერდნენ გაზეთები. უკან მუდმივად თაყვანისმცემლების არმია დაჰყვებოდა. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ მას შესთავაზეს, პარლამენტში კენჭი იყარეო, რაზეც ყოფილმა პარტიზანმა უარი განაცხადა. სამაგიეროდ დაწერა ავტობიოგრაფიული წიგნი სახელწოდებით “არასოდეს დანებდე: ჩემი 30-წლიანი ომი, ” რომელიც ბესტსელერად იქცა და რომელმაც ავტორი მილიონერად აქცია. მოგვიანებით ონოდა ჰირო საკუთარი უფროსი ძმის, ტადაოს მსგავსად ბრაზილიაში გაემგზავრა და იქ ცხოველების ფერმა გაიჩინა. ბრაზილიაშივე 1976 წელს ცოლიც მოიყვანა და ადგილობრივი იაპონური თემის ლიდერი გახდა, თუმცა 1984 წელს, შეიტყო რა, რომ ერთ-ერთმა იაპონელმა ახალგაზრდამ მშობლები ამოხოცა, თქვა, ჩემი ქვეყანა დაცემისგან უნდა ვიხსნა და ახალ თაობაში იაპონური სული ხელახლა უნდა გავაღვიძოო და სამშობლოში დაბრუნდა. აქ მან დააფუძნა საკუთარი სკოლა, რათა ახალგაზრდა იაპონელები დეგრადაციისგან ეხსნა. აღნიშნულ სკოლას დღეს უამრავი ფილიალი აქვს მთელი იაპონიის მასშტაბით. 1996 წელს ონოდა კუნძულ ლუბანგზე დაბრუნდა და ადგილობრივ სკოლას 10 ათასი დოლარი შეწირა. ონოდა 2014 წლის 16 იანვარს გარდაიცვალა ტოკიოს ერთ-ერთ საავადმყოფოში. ამ დროისთვის ის 92 წლის იყო. 1055 შეფასება არ არის
|